მერობის სავარაუდო კანდიდატები და მათი შანსები - კვირის პალიტრა

მერობის სავარაუდო კანდიდატები და მათი შანსები

თბილისის მერის არჩევნები რამდენიმე თვეშია, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ყველა კანდიდატის ვინაობა, თუმცა, რამდენიმე პირის შესახებ საზოგადოება მაინც მსჯელობს. ამის ფონზე, საინტერესო იქნება დადასტურებული და შესაძლო კანდიდატების უპირატესობებსა და სისუსტეებზე ვიმსჯელოთ, მათ შორის შანსებზე ან მათ პოლიტიკურ დანიშნულებაზე.

ელენე ხოშტარია

ელენე საინტერესო კანდიდატია, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად პარტიულ ჩარჩოში ექცევა, ზოგჯერ კი ზედმეტად ნერვულია. გამოცდილი მაქვს მასთან დებატი რამდენჯერმე, კვალიფიციურია, მაგრამ დემაგოგიას იმაზე ხშირად მიმართავს, ვიდრე სჭირდება (არ სჭირდება, რადგან კვალიფიციურიცაა და კარგი ორატორიც, ამიტომ არ სჭირდება დემაგოგიის "დახმარება"). მერის არჩევნებზე წარმატების შანსი პრაქტიკულად არ აქვს, ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის გამოყენება მაქსიმუმ, შეუძლია ლიდერად ჩამოყალიბების პროცესისა და იმიჯმეიკინგისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მაღალჩინოსანი იყო, მისი მართვითი უნარების შესახებ ინფორმაცია მწირია. რამდენადაც თბილისის მერი პოლიტიკური პირიცაა, შესაძლოა ეს დადებითი ასპექტი იყოს ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში. ხოშტარიას მერობა "ევროპული საქართველოსათვის" იქნება "ნაციონალური მოძრაობის" იარლიყებისგან განწმენდის შანსი, ანუ შანსი იმისა, რომ მოხდეს ამჟამინდელი პარტიის იმიჯმეიკინგის განახლება და  პარტიამ შეზლოს სამომავლოდ დადებითი მოლოდინების შექმნას....

ეს საკმაო საფუძველია საიმისოდ, რომ ხოშტარია მოტივირებული იყოს მერის როლი ეფექტურად, სანდომიანად და კვალიფიციურად შეასრულოს.

ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი ასევე საკმაოდ საინტერესო კანდიდატია. შესაძლო საიმიჯო პარამეტრების გათვალისწინებით, მან წესით არა იმდენად ზომიერი, არამედ მიმწოლი და აგრესიული მარკეტინგის მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს და საკმაოდ აგრესიული კამპანია ჩაატაროს. ის უნდა იყოს ერთგვარი "აკადემიური მელია" აგრესიით, ბრძოლისუნარიანობით, თუმცა ამავდროულად აკადემიურობითა და იმ შტრიხებით, რომელიც ნიკოლოზ მელიას არ გააჩნდა.

უდუმაშვილის შანსებიც დაბალი მეჩვენება, თუმცა ის "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატისათვის უნდა იყოს ასევე სახე-სიმბოლო თანადროულად "განახლებისაც" და "შენარჩუნებისაც". დირექტორის მოადგილე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა, რომელიც სააკაშვილის განსაკუთრებულ საყრდენად აღიქმებოდა, შესაძლოა საინტერესო შენაძენიც იყოს ყოფილი მმართველი პარტიისათვის.

რამდენადაც ზაალ უდუმაშვილის რამდენიმე პოლიტიკური გამოსვლა მაქვს მოსმენილი, ის უფრო სუსტ ორატორულ უნარ-ჩვევებს ამჟღავნებს, რაც მისი სუსტი წერტილიც შეიძლება იყოს.

თავად ზაალ უდუმაშვილის ფაქტორი, მგონია, რომ პარტიაში ადამიანური რესურსების სერიოზულ კრიზისზე მიანიშნებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მან შეიძლება გარკვეული დადებითი როლიც შეასრულოს პარტიის იმიჯმეიკინგში.

ალეკო ელისაშვილი (?)

ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი იშვიათი პირია, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ისე გაიმარჯვა. ის ძირითადად, ასოცირებული იყო ხელისუფლებების მიმართ ოპოზიციურ დამოკიდებულებაში, ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდა ინდივიდი დადებით შთაბეჭდილებებს ტოვებდა არაერთში, რომლებიც თვლიდნენ, რომ პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო პატიოსანი, მებრძოლი და შევიწროებული იმიჯის.

ბოლო წლებში ელისაშვილმა თითქოს დაკარგა ხილვადობა - არა აქტივობა, არამედ პოლიტიკური ხილვადობა. ლავირება ყოფილ თუ ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის რთული ამოცანაა. მან არაერთი ბუნდოვანება ან ნეგატიური საიმიჯო შტრიხი შემოიტანა საკუთარ აქტივობებში. ერთი მხრივ, მისი აღქმა გართულდა, რადგანაც ბალანსი პოლიტიკურ პოზიციებში რთული მისაღწევია ხოლმე და თუ მიაღწევ, უინტერესო ხდები ამომრჩევლისათვის; ბალანსის გარეშე კი პოლიტიკური პირი ხან ერთი ძალის იარლიყებს ირტყამს, ხან მეორე ძალისას, რაც მის ინდივიდუალობასაც და პოზიტიურ აღქმასაც უშლის ხელს, ხოლო "მარტო ბრძოლის" იმიჯიც, ასევე საერთო ჯამში უინტერესი ხდება ამომრჩევლისათვის, როგორც პოტენციურად უშედეგო პირი.

მარტოხელა პოლიტიკოსი შეიძლება მასობრივი საზოგადოებისათვის იყოს საინტერესო როგორც უფრო შემფასებელი, ვიდრე მოქმედი პირი, რადგანაც მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, ხოლო ნეგატივების შეცვლის პერსპექტივა არსებითად მცირეა.

გიორგი ვაშაძე (?)

ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მის საწინააღმდეგოდ შესაძლოა მოქმედებდეს მისი "ნაციონალური" წარსული, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების წევრობა, მეორე მხრივ კი, მისი ზოგჯერ ზედმეტად ანგაჟირებული პოლიტიკური განცხადებები. სამაგიეროდ მის სასარგებლოდ მეტყველებს მისი ნოვაციური მიდგომები რეესტრის ხელმძღვანელობისას, განახლებული სამუშაო ფორმა თუ უწყების თანამედროვე შინაარსსა და ფორმატზე გადაყვანა. ასევე მის მხარესაა ენერგიულობა, მოტივირებულობა, საინტერესო, ფართო და ხარისხიანი საერთაშორისო კონტაქტები.

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ამომრჩევლური ინტერესი დასახელებულ კანდიდატებში ვაშაძის მიმართ ყველაზე მეტია, რამდენადაც ის მიმაჩნია კარგ ადმინისტრატორად, თუმცა, რამდენადაც თბილისის მერი პოლიტიკური პირიცაა, ვაშაძის პოლიტიკურ უნარებს მაღალ შეფასებას არ მივცემდი.

რამდენადაც დიდია ჩემი პოზიტიური მოლოდინი ვაშაძის მერობისა, როგორც მოტივირებული, უნარიანი და კვალიფიციური ადმინისტრატორისა, ამდენად მიშლის ხელს მისი პოლიტიკური მოტივები, რომლის მიხედვითაც ვაშაძის ინტერესი მერობის პოსტზე პოლიტიკური პროპაგანდით შეიძლება იყოს სავსე მომავალი პოლიტიკური პერსპექტივებისთვის. სავარაუდოდ, ვაშაძე თბილისის მერობას ეფექტურ სტარტად უფრო უნდა განიხილავდეს, ვიდრე ერთ-ერთ საკვანძო წარმატებად, ეს კი მის მერობის საერთო მოლოდინს უფრო აბაცებს, ვიდრე ხიბლს მატებს.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატობის შემთხვევაში (ჯერ არ დასტურდება) მისი შანსები ასევე უმცირესია, ის ჩემთვის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ კანდიდატად მოჩანს, რომლის სასარგებლოდაც ხმის მიცემას მინიმუმ დაფიქრების თემად მაინც ვთვლი.

კახი კალაძე (?)

ნახევარი იუმორით შეიძლება ითქვას, რომ კახი კალაძის კანდიდატობა მერობის პოსტზე, პრაქტიკულად უღიმღამოს გახდის მერის არჩევნების წინარე კამპანიასაც და არჩევნებსაც. დიდი ალბათობაა იმისა, რომ კალაძე პირველივე ტურში ეფექტიანი მაჩვენებლით გაიმარჯვებს. ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში იუმორითაც შევნიშნე, რომ კალაძე თუ თავის კანდიდატურას დააყენებს, შეგვიძლია არჩევნები დასრულებულადაც ჩავთვალოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, კალაძის მერობის კანდიდატობა, რამდენადაც დამაჯერებელი გამარჯვების პროგნოზს ქმნის, ამდენად მმართველი ძალის ადამიანური რესურსების სერიოზულ კრიზისს მიანიშნებს, რაკიღა ასეთი რანგის კოზირი შეიძლება წამოსწიონ.

კალაძის შესაძლებლობები მრავალმხრივია, დაწყებული მისი ფინანსებიდან, გაგრძელებული პოზიციით, კონტაქტებით (რომელსაც მეტისმეტად მრავალფეროვანიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ), ასევე მისი დინამიური პროგრესით, რომელიც ბოლო წლებში მან, როგორც პოლიტიკოსმა განიცადა.

კალაძეს უკავშირდება ხმაური ენერგოკომპანიებთან, ჰესებთან, მაღალი ძაბვის გადამცემებთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად კახი კალაძე იყო გამხმოვანებელი ხშირად ხელისუფლების ყველაზე გონივრული ნაწილისა; მაგალითად, მაშინ, როდესაც ხელისუფლების წევრებმა "ქამრის შემოჭერა" პირველ რიგში თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებით დააანონსეს, კალაძემ ამ თემას აუარა და თავისი შეხედულებით დაუპირისპირდა კოლეგებს და სხვა ალტერნატივებზე ალაპარაკდა. ასევე კალაძის ანგარიშზეა არაერთი ისეთი განცხადება, რომელსაც მასობრივი საზოგადოების კმაყოფილების მოტანა შეეძლო.

კალაძე რთული და საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, მისდამი ჭორის ზონა მაღალია, მათ შორის დამაჯერებელი ჭორის ზონაც, თუმცა, მისი "გამოჭერა" საკმაოდ რთულია, ის საზოგადოებასთანაც და პოლიტიკურ ფლანგზეც მუშაობს ფრთხილად და აკურატულად.

რამდენად სასურველია ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისათვის, კალაძის მერობა, რთული სათქმელია, მის მხარეს და მის წინააღმდეგ არაერთი არგუმენტისა, თუმცა, როგორც ჩემი პროფესიის პატრონი, ინტერესითა და დაკვირვებით ვადევნებ თვალს მის პოლიტიკურ კარიერას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს