"ტაოტში დასვრილი ქალის არ მწამს"... - კვირის პალიტრა

"ტაოტში დასვრილი ქალის არ მწამს"...

თბილისის კოლორიტს, მსახიობსა და მწერალ გივი სიხარულიძეს ავტომანქანის მართვის 50-წლიანი სტაჟი აქვს და ამ ხნის განმავლობაში სამ ათეულზე მეტი ავტომანქანაც გამოუცვლია. "ახალი" მძღოლები არ მოსწონს, საჭესთან მჯდომ მანდილოსანს კი ქალად აღარ მიიჩნევს...

"ადრე ზრდილობიანი მძღოლები იყვნენ, კაცური კაცები"

- ავტომანქანა პირველად როდის "შემოიჭრა" თქვენს ცხოვრებაში?

- ჩემს ბავშვობაში იყო ავტომანქანები, რომლებსაც "პალტარატონკებს" ეძახდნენ. ერთ-ერთ ჩემს მეზობელსაც ჰყავდა ასეთი მანქანა. როცა საბურავს ცვლიდა ან ძრავას ჩაჰკირკიტებდა, გვერდიდან არ ვშორდებოდი და რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მაშინ ათიოდე  წლის თუ ვიქნებოდი. მოგვიანებით, მართვაც იმ "პალტარატონკაზე" ვისწავლე...

ავტომობილები ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და კინაღამ სიცოცხლეც მანქანაში დავასრულე. ორიოდ წლის წინ ისეთ საშინელ ავტოავარიაში მოვყევი, ცოცხალი როგორ დავრჩი, დღემდე ვერ გამიგია...

- ავტომანქანის შეძენისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას რას ანიჭებთ?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ "მიჰყვება" ავტომანქანა საჭეს! რაც უფრო მაღალია მოხვევის მაჩვენებელი, ანუ, რაც უფრო მცირე ფართობზე შეიძლება მანქანის მობრუნება, მით უკეთესი.

- ვიზუალურ მხარეს არ აქცევთ ყურადღებას?

- საერთოდ, ძველი არაფერი მიყვარს, უპირატესობას ახალს ვანიჭებ ხოლმე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ანტიკვარული მანქანებიც ძალიან მომწონს...

- პირველად რა მარკის ავტომობილი გყავდათ?

- 14-15 წლის ვიქნებოდი, საკუთარი ავტომანქანით რომ დავდიოდი. თუ არ ვცდები, 1959 წელი იყო და მაშინ ყველაზე გავრცელებული ავტომანქანით - "პობედით" ვმოძრაობდი...

- ამჟამად რა მარკის ავტომანქანა გყავთ?

- "ტოიოტა" და "მერსედესი". ხან ერთი ავტომობილით დავდივარ, ხან - მეორით...

- გამოდის, "პობედიდან" "მერსედესამდე" ყველა "ეტაპი" გაგივლიათ... ყველაზე გემრიელად რომელი ავტომანქანა "გაცვითეთ"?

- ის, რომელმაც სიცოცხლე შემინარჩუნა... საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მივედი ჩემი ავტომანქანის ნარჩენებთან, ვაკოცე და მადლობა ვუთხარი...

- ავტომანქანის მართვის ორმოცდაათწლიანი სტაჟი გქონიათ. ალბათ, კარგი მძღოლი ხართ...

- რა გითხრათ, გამოცდილი მძღოლი ნამდვილად ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძალიან "ცუდად" დავდიოდი... ის ავტოავარიაც სწორედ სწრაფი სიარულის ბრალი იყო, ავტომანქანა სველ გზაზე მოცურდა და...

- ე.ი. სწრაფად სიარული გიყვართ?

- მიყვარდა... წინათ, მოძრაობის წესებსაც ხშირად ვარღვევდი, თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იმდენად დიდ პატივს ვცემ, არც ჩემს თავს და არც მათ ვაკადრებ, წესები დავარღვიო.

- თუმცა, ალბათ, პატრულთან დაკავშირებული ერთი ამბავი მაინც გექნებათ...

- საკმაოდ დიდი სისწრაფით ვმოძრაობდი. თანაც, მანქანის მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე მქონდა აწეული და გარე სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი. თურმე, საპატრულო პოლიციის სამი ავტომანქანა კარგა ხნის განმავლობაში მომდევდა  - "გადააყენე, გადააყენეს" ძახილით, მაგრამ არაფერი მესმოდა, სანამ "წელში არ შემივარდნენ". ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, გადავედი და მიცნეს, სახეები შეეცვალათ...

ვუთხარი, რაშიც იყო საქმე. გადამეხვივნენ, გადამკოცნეს და სწორედ მაშინ შევპირდი - დიდ პატივს გცემთ და საგზაო მოძრაობის წესებს აღარასდროს დავარღვევ-მეთქი...

- ცნობილი თამადა და ქეიფის მოყვარული გივი სიხარულიძე ნასვამი თუ მისჯდომია ავტომანქანის საჭეს?

- არასოდეს დავმჯდარვარ საჭესთან ნასვამი და არც მომავალში ვაპირებ. პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ ამას...

- იყო დრო, დედაქალაქის ქუჩებში ძალიან ცოტა ავტომობილი მოძრაობდა, დღეს კი საშინელი საცობებია. ავტომანქანების რაოდენობის გარდა, რა შეიცვალა?

- ადრე ზრდილობიანი მძღოლები იყვნენ, კაცური კაცები. დღეს კი, არა მხოლოდ მანქანით მოსიარულეები, საერთოდ ადამიანები გაცივდნენ ერთმანეთის მიმართ. "ახალი" მძღოლები ისეთ რაღაცებს კადრულობენ, თმა ყალყზე დაგიდგება კაცს.

- მანდილოსნებისადმი თქვენი დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ქალს საჭესთან ხედავთ?

- ქალი საჭესთან პირადად ჩემთვის მიუღებელია. ასეთი მანდილოსანი ჩემთვის ქალი აღარ არის... ქალი და ავტომანქანა? - რა თქმა უნდა, მაგრამ საჭესთან კი არა, უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს ლამაზად და მძღოლი ემსახურებოდეს. ტაოტში დასვრილი ქალის არ მწამს...