მკითხველის წერილები - კვირის პალიტრა

მკითხველის წერილები

"კვირის პალიტრაში" მკითხველთა მრავალი წერილი მოდის. მათ შორის ავტომოყვარულებიც არიან, რომელთა შეკითხვებს უპასუხებს ყოფილი ავტომრბოლელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ავტორბოლაში მამუკა ჯანელიძე:

როგორ უნდა ვიმოძრაოთ მოყინულ გზაზე ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ავტომანქანის მოცურება?

გიორგი ლოლაძე, თბილისი

- მნიშვნელოვანია, როგორ გზაზე და როგორი ავტომანქანით მოძრაობს მძღოლი, თუმცა, პირველი, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, ის არის, რომ მოლიპულ გზაზე რაც შეიძლება დაბალი სიჩქარით უნდა იმოძრაოთ და არავითარ შემთხვევაში მკვეთრად არ დაამუხრუჭოთ. ბევრი ფიქრობს, რომ მოლიპულ გზაზე მოცურებისგან  ე.წ. ზამთრის საბურავი დაიცავს, რაც არასწორია. ასეთი საბურავი დათოვლილ გზაზე მართლაც ეფექტურია, მაგრამ ყინულზე მოცურებისგან მხოლოდ სპეციალური, ლითონის "შიპებიანი" საბურავი თუ დაგიცავთ.

თუ ავტომანქანა მაინც მოცურდა, მუხრუჭის გამოყენება აზრს კარგავს. პირიქით, ბორბლები კი არ უნდა დავბლოკოთ, გაზის სატერფულს ოდნავ უნდა დავაწვეთ კიდეც, რათა ბორბალს გადატრიალების საშუალება მივცეთ. თანაც, საჭე იმავე მიმართულებით უნდა დავატრიალოთ, საითაც ძარის უკანა ნაწილი მოძრაობს. მაგალითად, თუ ავტომობილის კუდი მარჯვენა მხარეს გადაიხარა, საჭეც მარჯვნივ უნდა დავატრიალოთ, რათა შევეცადოთ, ე.წ. "ზანოსი" ოდნავ მაინც შევარბილოთ.

მაინტერესებს, რამდენად პროფესიულად გადააქვთ საქართველოში  მარჯვენამხრიანი საჭე მარცხენაზე და უსაფრთხოა თუ არა ასეთი ავტომობილით მოძრაობა?

ზაზა გამხიტაშვილი

- ბოლო დროს, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებიც მომრავლდა და ის ხალხიც, ვისაც საჭის მექანიზმი უკუღმიდან წაღმა გადააქვს.  გადატანილსაჭიანი ავტომანქანით მოძრაობა სახიფათო ნამდვილად არ არის, გააჩნია, რა დონის პროფესიონალმა გადაიტანა საჭე და რა ნაწილები გამოიყენა. Bბევრი ცნობილი საავტომობილო მარკა სხვადასხვა მოდელის დამზადებისას იმასაც ითვალისწინებს, რომ შესაძლოა, მანქანის მომავალმა მფლობელმა საჭის მარცხნივ გადატანა მოისურვოს და ავტომობილს ისე აწყობს, რომ ეს პროცედურა რაც შეიძლება მარტივი იყოს. ჩვენთან ბევრი პროფესიონალი ავტოშემკეთებელია. ასე რომ, შეგიძლიათ, საჭეგადატანილი ავტომანქანებით მშვიდად იმგზავროთ.