მექანიკა - ნამდვილი მამაკაცებისთვის - კვირის პალიტრა

მექანიკა - ნამდვილი მამაკაცებისთვის

იმ დროს, როცა მსოფლიოს ყველა წამყვანი ავტომწარმოებელი ახალ მოდელებზე უახლეს ტრანსმისიას ამონტაჟებს, ზოგიერთი მძღოლი ჯიუტად ირჩევს სიჩქარის გადაცემათა მექანიკურ კოლოფს. ამას თავისი მიზეზები აქვს.

შევეცდებით, ყველა ის მიზეზი ჩამოვთვალოთ, რის გამოც მამაკაცები უპირატესობას "მექანიკას" ანიჭებენ.

სიჩქარის გადაცემათა მექანიკური კოლოფი შესაძლებლობას გიქმნით, ავტომანქანა აკონტროლოთ. ეს კი მძღოლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. "მექანიკა" შესაძლებლობას იძლევა, თავი სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნოთ - უფრო კონკრეტულად კი, საჭირო მომენტში საჭირო სიჩქარეზე გადართოთ და აიძულოთ ავტომანქანა სატერფულზე ფეხის დაჭერისთანავე "გამოგყვეთ".

მამაკაცი, რომელიც მექანიკურკოლოფიან ავტომანქანას მართავს, ქალთა შორის გაცილებით მეტ სიმპათიას იწვევს. მართლაც, საჭესთან მჯდომი, რომელიც სიჩქარის გადამრთველ ბერკეტს მუდმივად სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავებს, გაცილებით მამაკაცურად გამოიყურება.

მექანიკურ კოლოფს სხვაგვარად MANუალ-საც უწოდებენ. ამ სიტყვას კი ისე ვერ წარმოთქვამ, "მამაკაცი" თუ არ ახსენე. ამგვარად, გამოდის, რომ "მექანიკა" საგანგებოდ მამაკაცებისთვის არის შექმნილი.

სიჩქარის გადაცემათა ავტომატური კოლოფის მქონე ავტომანქანით "დრიფტინგი" ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, "ავტომატით" ვერანაირად ვერ "დააბზრიალებთ" თქვენს რკინის მეგობარს მთელი სიმძლავრით.

მექანიკური კოლოფი გაცილებით ეკონომიურია. ავტომატურკოლოფიანი მანქანა ბევრად მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე იმავე სიმძლავრის, ოღონდ მექანიკური ტრანსმისიის მქონე მოდელი.

დაუშვებელია ისეთი ავტომანქანის ბუქსირით წაყვანა, რომელსაც სიჩქარის გადაცემათა ავტომატური კოლოფი აქვს. არადა, ზოგჯერ, ეს აუცილებელი ხდება.

მექანიკური ტრანსმისიის მქონე მანქანები უფრო სწრაფია. "მექანიკა" შესაძლებლობას იძლევა, ძრავა ბრუნის მაქსიმალურ მომენტამდე მიიყვანოთ და მისგან ბოლომდე "გამოწუროთ" ენერგია. "ავტომატი" კი არ გეკითხებათ, ბრუნვის როგორი მომენტი გამოიყენოს...