"ტოიოტა მოტორ კორპორაციის" საქართველოში ოფიციალური დილერის "ტოიოტა ცენტრი თბილისის" - კვირის პალიტრა

"ტოიოტა მოტორ კორპორაციის" საქართველოში ოფიციალური დილერის "ტოიოტა ცენტრი თბილისის"

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ადასტურებს აქსელერატორის სატერფულის (ე.წ. "გაზის პედალის") შესაძლო გაუმართაობით განპირობებული გამოწვევის კამპანიის დაწყებას საქართველოში. გამოწვევა ეხება ტოიოტას მარკის 2 მოდელს, კერძოდ COROLLA-ს და Rav4-ს.

ინტენსიური ტესტირების შედეგად ინჟინრებმა შეიმუშავეს სატერფულის გაუმჯობესებული მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ჭარბი ხახუნით გამოწვეული სატერფულის გაჭედვის საშიშროებას. მომავალი კვირიდან, მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, დაიწყება გაუმჯობესებული ნაწილების მიღება. პარალელურად მოხდება დაკავშირება იმ მომხმარებლებთან, რომელთა ავტომობილებიც ექვემდებარება გამოწვევას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა პროცესზე, რომელიც გამორიცხავს მსგავსი პრობლემის მქონე ავტომობილების გამოშვებას მომავალში.

როგორც "ტოიოტა მოტორ ევროპის" პრეზიდენტი, ბ-ნი ტაშიმა არაშიმა აცხადებს "ტოიოტას უმთავრესი პრინციპია კლიენტის კმაყოფილება ყველა ვითარებაში".

"ჩვენ გვესმის, რომ არსებულმა სიტუაციამ შექმნა ღელვის საბაბი ჩვენს მომხმარებლებში და გვსურს გამოვხატოთ სინანული ამის გამო. გვინდა დავარწმუნოთ ტოიოტას მფლობელები, რომ სატერფულის მწყობრიდან გამოსვლა მოსალოდნელია ძალიან იშვიათ შემთხვევებში. გამოცხადებული კამპანია მიზნად ისახავს პრევენციული ზომების მიღებას და უსაფრთხოების ზომების უმაღლესი სტანდარტის გარანტირებას". არაშიმა ასევე აღნიშნავს, რომ ტოიოტას უმთავრესი პრიორიტეტია ზრუნვა მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. "ჩვენ გვესმის პრობლემის არსი და ვიცით მისი მოგვარების გზაც. ამჟამად,  ორიენტირებულები ვართ ამ საკითხის რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარებაზე. ასევე, ჩატარდება ყველა აუცილებელი შემოწმება მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად".

იმ შემთხვევაში, როდესაც დროსელის ნაწილობრივ ღია პოზიციაში გრძნობთ აქსელერატორის სატერფულის შენელებულ რეაქციას ან სატერფული ნელა უბრუნდება უქმე სვლის პოზიციას, ავტომობილის დამორჩილება შესაძლებელია მუხრუჭის სატერფულზე მყარი და თანმიმდევრული ზემოქმედებით. მუხრუჭის სატერფულზე არ უნდა მოხდეს წყვეტილი, მრავლადჯერადი ზეწოლა, რადგან ეს გამოიწვევს ვაკუუმური გამაძლიერებლის დახმარების შემცირებას. შესაბამისად, მოითხოვება მუხრუჭის სატერფულზე ხანგრძლივი და სტაბილური ზეწოლა. მსგავსი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი დროულად გააჩერეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილზე, გამორთეთ ძრავა და დაუკავშირდით "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ადგილობრივ დილერს შემდგომი დახმარებისათვის.

კ ი თ ხ ვ ა რ ი

- რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

- არსებობს ალბათობა იმისა, რომ აქსელერატორის სატერფულის მექანიზმი (ე.წ. "გაზის პედალი"), ძალიან იშვიათ შემთხვევაში, იჭედება ნაწილობრივი ზეწოლის დროს ან ნელა ბრუნდება უქმე სვლის პოზიციაში.

- რა არის გამომწვევი მიზეზი?

- ზოგიერთი აქსელერატორის სატერფულის მექანიზმი შეიძლება გაიცვითოს. ამ ცვეთის, გარემო პირობებისა და მართვის გარკვეული პირობების შედეგად, ხახუნის დონე მკვეთრად იზრდება და პერიოდულად იწვევს აქსელერატორის სატერფულზე ზეწოლის წინაღობის გაზრდას, ნელა ბრუნდება საწყის პოზიციაში, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში, იჭედება და ტოვებს დროსელის ფარს ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში.

- არსებობს თუ არა რაიმე წინასწარი ნიშანი, რომლითაც ვლინდება ეს დაზიანება?

- რიგ შემთხვევებში, მძღოლმა შეიძლება იგრძნოს, რომ აქსელერატორის სატერფულზე ზეწოლა ძნელდება ან სატერფული ნელა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში.

ასევე შესაძლოა, მძღოლმა იგრძნოს მკვეთრი ვიბრაცია სატერფულზე ზეწოლისას ან სატერფულიდან ფეხის აშვებისას.

- რამდენად რეალურია იმის ალბათობა, რომ ჩემი ავტომობილიც აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში?

- ალბათობა არის მცირე და არ ვლინდება მოულოდნელად. ეს სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როდესაც აქსელერატორის სატერფულის მექანიზმი ცვდება, სატერფულზე ზეწოლა ხდება გაძნელებული, ნელა ბრუნდება საწყის პოზიციაში ან ყველაზე უარეს შემთხვევაში, იჭედება და დროსელის ფარს ტოვებს ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში.

- რომელი ავტომობილები ექვემდებარება გამოწვევას ჩვენს ბაზარზე?

- რამდენიმე ათეული შემდეგი მოდელებიდან:

COROLLA (ოქტომბერი 2006-დეკემბერი 2009)

Rav4  (ნოემბერი 2005-ნოემბერი 2009).

- ეხება თუ არა გამოწვევა ლექსუსის ან ტოიოტას სხვა მოდელებს?

- ჩვენს ბაზარზე, გამოწვევას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული ზემოაღნიშნულ პერიოდებში გამოშვებული COROLLA-ს და Rav4.

- რამდენი ასეთი შემთხვევის შეტყობინება მიიღო ტოიოტამ ევროპის მასშტაბით?

- ევროპაში მიღებულ იქნა 26 ასეთი შეტყობინება.

- დაფიქსირებულა თუ არა საგზაო შემთხვევა გამოწვეული აქსელერატორის სატერფულის გაუმართაობით?

- ევროპასა და დსთ-ის ტერიტორიაზე არა (მხოლოდ აშშ-ში).

- აღმოჩენისთანავე დაიწყო თუ არა აქსელერატორის სატერფულის დეფექტის აღმოფხვრა ქარხნული წარმოების დონეზე?

- დიახ. გაუმჯობესებული სატერფულის დამონტაჟება დაიწყო 2009 წლის აგვისტოდან.

- აშშ-ში მოხდა წარმოების გაჩერება იმ ქარხნებში, სადაც აწარმოებდნენ ქარხნული წუნის მქონე აქსელერატორის სატერფულს. განხორციელდა თუ არა იგივე ევროპაში?

- 2009 წლის აგვისტოდან მოხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა ქარხნულ დონეზე მოდელების მიხედვით. ამჟამინდელი წარმოება ხდება მხოლოდ გაუმჯობესებული ნაწილებით. ამასთან, "ტოიოტა ცენტრ თბილისს" საქართველოს ბაზარზე შემოჰყავს მხოლოდ იაპონიის ქარხნებში გამოშვებული ავტომანქანები.

- ავტომობილი ვიყიდე არაოფიციალურ დილერთან. ამ შემთხვევაში, როგორ გავიგო, ექვემდებარება თუ არა ჩემი მანქანა გამოწვევას?

- გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ავტომობილის შასის ნომერი. "ტოიოტა მოტორ კორპორაციის" ერთიან მონაცემთა ბაზაში გადამოწმების შემდეგ ჩვენ შეგატყობინებთ, ექვემდებარება თუ არა თქვენი ავტომობილი გამოწვევას.

- შეაჩერებთ თუ არა ავტომობილების მიწოდებას ევროპის ბაზარზე?

- ჩვენ ჩავატარებთ ყველა საჭირო შემოწმებას, რათა კლიენტებმა არ მიიღონ მსგავსი პრობლემის მქონე ავტომობილები მომავალში.

- როგორ უნდა გავიგო, ჩემი ავტომობილი ექვემდებარება თუ არა გამოწვევას?

- ასეთი შემთხვევა არის უაღრესად იშვიათი, მაგრამ თუ თქვენი  ავტომობილი მაინც მოხვდება გამოსაწვევ ავტომობილთა სიაში, თქვენ თავად დაგიკავშირდებათ ტოიოტას ოფიციალური დილერის წარმომადგენელი და მოგიწვევთ სერვისცენტრში.

- როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ავტომობილის აქსელერატორის სატერფული მექანიკურად იჭედება ნაწილობრივი ზეწოლის დროს ან ნელა ბრუნდება უქმე სვლის პოზიციაში?

- გთხოვთ მიმართოთ ტოიოტა ცენტრ თბილისს დახმარებისთვის ტელეფონზე 522022 ან 531963.

- როგორ მოვიქცეთ, თუ აქსელერატორის სატერფული მოულოდნელად გაიჭედება ავტომობილის მართვისას?

- ავტომობილის დამორჩილება შესაძლებელია მუხრუჭის სატერფულზე მყარი და თანამიმდევრული ზემოქმედებით. მუხრუჭის სატერფულზე არ უნდა მოხდეს წყვეტილი, მრავლადჯერადი ზეწოლა, რადგან ეს გამოიწვევს ვაკუუმური გამაძლიერებლის დახმარების შემცირებას. შესაბამისად, მოითხოვება მუხრუჭის სატერფულზე ხანგრძლივი და სტაბილური ზეწოლა. მსგავსი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი დროულად გააჩერეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილზე, გამორთეთ ძრავა და დაუკავშირდით ტოიოტა ცენტრ თბილისს შემდგომი დახმარებისათვის.

- ვინ გაწვდით როგორც დაზიანებულ, ასევე გაუმჯობესებულ აქსელერატორის სატერფულს? არის თუ არა ეს პრობლემა მომწოდებლის მიზეზით განპირობებული?

- ტოიოტა საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ წარმოებული ავტომობილების ხარისხზე.

- რა დრო სჭირდება სატერფულის დეფექტის აღმოფხვრას?

- არა უმეტეს ნახევარი საათისა.

- ვინ აანაზღაურებს შესაცვლელი დეტალისა და მისი გამოცვლის ხარჯებს?

- ყველა ხარჯს აანაზღაურებს "ტოიოტა მოტორ კორპორაცია". R