"მემარჯვენეებთან" ბრძოლა იწყება?!
"მემარჯვენეებთან" ბრძოლა იწყება?!
უკანასკნელი წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემოყვანილი ყოველი მეორე ავტომანქანა მარჯვენასაჭიანია. ამის მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვის ან ასეთი ავტომობილის ფლობისთვის გადასახადის დაწესების თაობაზე.რამდენიმე თვის წინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მოძრაობას აფერხებენ, ბევრ ქვეყანაში ასეთ ავტომანქანებზე უარს ამბობენ და მათი აკრძალვის თაობაზე ჩვენთანაც უნდა გაიმართოს კონსულტაციები.

რას ფიქრობენ ექსპერტები? მართლაც არის თუ არა კავშირი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის გაზრდასა და თბილისში გახშირებულ საცობებს­
შორის?

შალვა ბუაჩიძე, "Auto Bild Georgia"-ს მთავარი რედაქტორი:

- თბილისურ საცობებს თანაბარი "წარმატებით" ქმნიან როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე "ჩვეულებრივი" ავტომანქანები. თუმცა მიმაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტზე რეგულაციების დაწესება მაინც საჭიროა. გასაგებია, რომ ეს ტენდენცია სოციალური ფონითაც არის განპირობებული, რადგან იაპონური ავტომანქანები შედარებით იაფი და ხარისხიანია, მაგრამ
თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ავტომანქანების უმეტესობა მარჯვენასაჭიანი იქნება, რაც ნამდვილად არ არის ნორმალური მოვლენა. არ არის ლაპარაკი ქვეყანაში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე, მაგრამ ვიმეორებ - მათ იმპორტზე შეზღუდვა საჭიროა. მაგალითად, მარჯვენასაჭიანის განბაჟება შედარებით ძვირი ღირდეს და ა.შ. რაც შეეხება საჭის გადატანას, საქართველოში ამის გაკეთებას ნამდვილად სჯობს მარჯვენა საჭით სიარული! საცობების განტვირთვის მხრივ კი "ევრო-4"-ის შემოღებას, ანუ, 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომანქანების იმპორტის აკრძალვას უფრო ვემხრობი. ეკოლოგიისა და საცობებთან ბრძო­ლის თვალსაზრისით, ეს უფრო გამართლებული და საჩქაროა, ვიდრე მარჯვენასაჭიანების აკრძალვა.

რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი:


- თბილისის მერი ან ვერ ერკვევა ამ საკითხში, ანდა მას ან მის გარემოცვას შორს გათვლილი მიზნები აქვთ. საქართველოში 250 ათასზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანაა, ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება და როგორც ჩანს, ვიღაცებს სურთ, საჭის გადატანის ბიზნესით დიდი ფული იშოვონ! თორემ, თუ კრძალავ, ხომ უნდა დაასაბუთო, რატომ?! უნდა დაიდოს სტატისტიკა, რომ მაგალითად, 100 ავტოსაგზაო შემთხვევიდან ამდენი პროცენტი მოდის მარჯვენასაჭიანების ბრალეულობაზე. თუმცა არავითარი სტატისტიკა არ არსებობს. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, შესაძლოა, თავად მის მძღოლს უქმნიდეს პრობლემას, თორემ საპირისპირო ზოლში ან მის გვერდით მიმავალ ავტომანქანას როგორ უნდა შეუშალოს ხელი?! რა შუაშია ერთმანეთთან საჭის მდებარეობა და საცობი?!

- მაგრამ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ხომ მარცხენა მოძრაობაზეა გათვლილი?

- საგზაო მოძრაობის წესი გეუბნება, რომ გზა უნდა დაუთმო შენგან მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას - რა მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს აქვს მას საჭე? ასეთი ლოგიკით, ველოსიპედი და მოტოციკლიც ავკრძალოთ! რა, იაპონიაში ან ინგლისში აკრძალულია მარცხენასაჭიანი ავტომანქანების მოძრაობა? საცობს საჭის მდებარეობა კი არა, მოძრაობის ორგანიზებასთან თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უთავბოლო დამოკიდებულება ქმნის. არასწორად დაყენებული შუქნიშნები, უსარგებლო მოედნები, ცალმხრივი გზები და ა.შ. სწორედ საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზებაა სასწრაფოდ მისახედი და არა მარჯვენასაჭიანების აკრძალვა. თბილისში, რვაასზე მეტი საგზაო ნიშანი არასწორად არის დამონტაჟებული. რატომ? რაც მეტ ნიშანს დაამონტაჟებ, მით მეტ ფულს შოულობ. როცა შუქნიშანი არასწორად არის დაყენებული, ხომ აფერხებს მოძრაობას? აი, საცობების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზიც... რაც შეეხება საჭის გადატანას, საქართველოში ეს ძალიან კუსტარულად ხდება. არავინ ამოწმებს, თორემ რომ შეამოწმონ, საჭეგადატანილი ავტომანქანების უმეტესობას მოძრაობას აუკრძალავენ! ასეთი ავტომანქანებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი გაცილებით მეტია, ვიდრე მარჯვენასაჭიანებისთვის. ანდა, რას ერჩოდნენ ტაიმერიან შუქნიშნებს, რატომ გააუქმეს? გამორთავდი ძრავას, საწვავის ხარჯიც ნაკლები იყო და გარემოს დაბინძურებაც. დაფიქრებულხართ, რამხელა შეღავათია, ხუთასმა მანქანამ თითო წუთით რომ გამორთოს ძრავა?!
მკითხველის კომენტარი (15)
imereli
16 ოქტომბერი 2015 16:31
მოხსენით საბაჟო გადასახადი მარცცხენა საჭიან ავტო მობილებზე და არავინ აღარ იყის იაპონურს,ასევე იყიდიან შედარებით ახალს და არც ამდენი მოძველებული ავტო პარკი გვეყოლებააა.
gela
15 ოქტომბერი 2015 11:15
ფაქტია რომ მარჯვენა საჭიანი მანქანა პრობლემაა თვითონ მძღოლისთვის და ზოგადად მოძრაობისთვისაც, მაგრამ მათი ჩამოყვანა კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. მე პირადად 90% შემთხვევაში მოძრაობაზე ვხვდები რომ ჩემს წინ მარჯვენა საჭიანი მანქანა მიდის. წინ რომ კარგად დაინახოს გამყოფ ზოლზე მიდის და ბევრჯერ ხელს უშლის გასწრებას.
Tamazi
15 ოქტომბერი 2015 10:39
რა უნდა დავწერო ქვემოთ მოყვანილი ექვსი პუნკტის მეტი წაიკითხეთ თქვე უმეცრებო და სხვისგან მაინც ისწავლეთ რა უნდა გააკეთოთ ვისაც ეს გეხებათ, ერთს დავამატებ შემხვედრ ზოლში რომ გადადიან და მთლიანად რომ იკავებენ შემხვედრის გზას ამაზე რას იტყვით,გინდათ გითხრათ არაფრის აზრზე არ ხართ რა უნდა გააკეთოთ და ამიტომაა ამ ყველაფრის დაწერას რომ კადრულობთ, თქვენ მარტო ის იცით ფული როგორ უნდა აკეთოთ---- მომბეზრდა ამდენის წერას მაინც აზრი არ აქვს
dima
13 ოქტომბერი 2015 18:15
მარჯვენა საჭიანი მანქანების ბლომად შემოსვლით ვიღაცა მანქანებს ვეღარ ყიდის აი მიზეზი
gavazeli
12 ოქტომბერი 2015 12:58
ამთ ხომ გაახურეს საქმე, ნახეს რა განტევების ვაცი მარჯვენასაჭიანი მანქანა. არ გვინდა საცობები? საჭიროა შემდეგი:

1) აიკრძალის დღის საათებში გადატვირთულ ქუჩებში ნაგვის და დისტრიბუციის მანქანებისა მოძრაობა;
2) აიკრძალოს გამოუძინებელი ტაქსისტების უთავბოლო და უმიზნო ბოდიალი, გადმოვიღოთ ევროპისაგან, ტაქსი იყოს გამოძახებით, ან იდგნენ სპეციალურ გაჩერებებზე;
3) გადატვირთულ ქუჩებზე (მაგალითად პეკინი) აიკრძალოს გაჩერება და გაუქმდეს სიტი პარკის "სტაიანკები"
4) ნუ დაარგებენ "პრავებს" მხოლოდ "ზადნით" დაპარკინგების და გაზეპირებული ბილეტების ჩაბარებისთვის;
5) ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ნუ ვეტენებით, სადაც გასაძვრომი არაა;
6) შემოვიღოთ ტექდათვალიერება და გაპარტახებულ მანქანებს აეკრძალოს მოძრაობა. სხვათა შორის, არასოდეს მინახავს შუა გზაზე ჯორივით დამდგარი იაპონური მანქანა.

რამოდენიმე პუნქტის დამატება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ესენი უფრო იოლი მოსაგვარებელია და დიდი ფინანსური ხარჯებიც არ ჭირდება (ტექდათვალიერების გარდა).

ეს ყველაფერი გაკეთდეს და ნახავთ, რომ ჩემი მარჯვენასაჭიანი ტოიოტა არაფერში გიშლით ხელს.

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?