ჯეიმს ბონდის "ასტონ მარტინი" 4.6 მილიონად გაიყიდა - კვირის პალიტრა

ჯეიმს ბონდის "ასტონ მარტინი" 4.6 მილიონად გაიყიდა

ლეგენდარული ჯეიმს ბონდის არანაკლებ ლეგენდარული "ასტონ მარტინი", რომელიც შონ კონერის მონაწილეობით "ბონდიანას" ორ სერიაშია გამოყენებული,

ლონდონის აუქციონზე 4.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. არადა, აუქციონის ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ მინიმუმ 6 მილიონს აიღებდნენ, მაგრამ ფინანსური კრიზისის ფონზე, მეტის გადახდა არავინ ისურვა.

"ასტონ მარტინის" მფლობელი მედიამაგნატი ჯერი ლი გახლდათ. მან ეს ავტო მწარმოებლებისგან რამდენიმე წლის წინ იყიდა და ახლა გაყიდვა საქველმოქმედო მიზნით გადაწყვიტა. ახალი მფლობელი კი ბიზნესმენი ჰარი იაგი გახდა. მას ავტომობილების დიდი კოლექცია აქვს და ახლანდელი შენაძენი მისი ცისფერი ოცნება იყო.

"ამ "ასტონ მარტინით" მხოლოდ ერთხელ გავისეირნებ, მერე კი ჩემი მანქანების მუზეუმში დავაყენებ და მისი ნახვით ყოველდღიურად დავტკბები. რაც მთავარია, მანქანა მწყობრშია, ყველაფერი მუშაობს: კატაპულტირებისა და ნომრების შეცვლის სისტემები, ცეცხლსასროლი იარაღების მოძრაობის სისტემა, თუმცა მანქანაზე ნამდვილი იარაღი არ არის დაყენებული და ისინი მულაჟებია", - განაცხადა იაგმა.

არმაზ ხარძიანი