"ფორდის" პრეზიდენტმა ხელფასი ბოლო ოთხ წელიწადში პირველად აიღო - კვირის პალიტრა

"ფორდის" პრეზიდენტმა ხელფასი ბოლო ოთხ წელიწადში პირველად აიღო

ამერიკული "ფორდის" პრეზიდენტმა ბილ ფორდმა, რომელიც ლეგენდარული ჰენრი ფორდის შვილთაშვილია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელფასი პირველად

აიღო. ოთხი წლის წინ მისტერ ბილმა განაცხადა, რომ ხელფასს მანამ არ აიღებდა, სანამ კომპანია წაგებაზე იმუშავებდა. ფინანსური კრიზისის მიუხედავად, 2010 წელი "ფორდისთვის" მომგებიანი გამოდგა - კომპანიის საერთო ბრუნვამ 2.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ფორდმაც თავს ხელფასის აღდგენის უფლება მისცა. მისი წლიური ჯამაგირი 4 მილიონი დოლარი იქნება.

"ძალიან მიხარია, რომ ხელფასი აღმიდგინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია მოგებაზე გადავიდა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება", - განაცხადა ფორდმა, რომელსაც სამშობლოში უამრავი კრიტიკოსი ჰყავს - მიზეზი მისი ავტომობილია.

მართალია, მისტერ ბილი ხელფასს არ იღებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს იკლებდა და რაც მთავარია, თავის ავტომობილს შვილივით უვლიდა. თავად განსაჯეთ, 4 წლის განმავლობაში მან ავტო ოთხჯერ გამოიცვალა, ოთხივეჯერ სპეცშეკვეთით დაამზადებინა და, რაც მთავარია, თითოეულის დამზადება მილიონზე ნაკლები არ დაჯდა.

"ეს არ არის ავტომობილი, ეს მოსიარულე ოფისია. მანქანის სალონში არის საძინებელი, კომპიუტერი, ფაქსი, ტელეფონი, ბარი, ტელევიზორი და სტუმრების მისაღებიც კი. და ამის შემდეგ ბილ ფორდი ამბობს, რომ ხელფასს არ იღებდა და ჩვეულებრივი მოკვდავივით ცხოვრობდა?" - ამბობენ კრიტიკოსები.

დაინტერესებულ პირებს კი ვეტყვით, რომ მისტერ ბილი თავისი აქციების ნაწილის გაყიდვას აპირებს, რათა ვალი გაისტუმროს. ლაპარაკია 28 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებზე. ამერიკელები ეჭვობენ, რომ მათი მფლობელი რომელიმე რუსი ოლიგარქი გახდება.

არმაზ ხარძიანი