1-ელი დეკემბრიდან მოწევა უფრო საზიანო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის - კვირის პალიტრა

1-ელი დეკემბრიდან მოწევა უფრო საზიანო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის თქმით, მოსახლეობის ნდობა პოლიციისადმი 82%-მდე გაიზარდა, რაც აქამდე არნახული მაჩვენებელია.

არნახულსა და პირველად მომხდარს უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ პოლიციასაც გაეზრდება მოსახლეობისადმი ნდობა. ათამდე საპატრულო ეკიპაჟს მაინც ვთხოვე კომენტარი და ათივემ ერთი და იგივე მიპასუხა: ჯერ პრესცენტრთან შეათანხმეო.

არადა, კითხვები იმდენად მარტივი იყო, პრესცენტრთან შეთანხმება რომ არ სჭირდებოდა, მაგრამ პოლიცია ჟურნალისტებს რატომღაც გაურბის და ვერ უნდა იყოს ეს 82-პროცენტიანი ნდობის დროს მოსაწონი ამბავი.

ჩემი კითხვა მარტივი იყო: როდიდან დაიწყება ავტომობილიდან ქუჩაში ნაგვის გადამყრელთა დასჯა. სანამ კონკრეტულად გეტყოდეთ, მძღოლებს შევახსენებ, რომ სიგარეტის ნამწვიც ნაგავია.

ალბათ, არაერთხელ გინახავთ, რომ თქვენ წინ მიმავალი ავტომობილის ფანჯრიდან ათასი რამ ცვივა, ყველაზე ხშირად - სიგარეტის ნამწვი. მეორე ადგილზე ერთჯერადი ხელსახოცებია, თუმცა ერთხელ სვანეთში მიმავალმა ისიც დავინახე, ფანჯრიდან პამპერსი რომ გადმოაგდეს. ძალიან დიდი ალბათობით ამ ქმედების დასჯადობას პარლამენტი პირველი დეკემბრიდან დაადგენს, ანუ იმ დღიდან, როცა საქართველოში უღვედოდ სიარულის აკრძალვა ოფიციალურად დაკანონდება.

ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა 50 ლარით დაჯარიმდება, მაგრამ ისინი, ვინც ამ კანონპროექტზე მუშაობდნენ, ცდილობდნენ, ჯარიმა 200-ლარიანი ყოფილიყო, რადგან ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა თურმე ისე გვაქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ მხოლოდ 50 ლარით ჩვენი დაფიქრება და მორჯულება ძნელი იქნებოდა. თუმცა ამ კანონს ერთი დიდი მინუსიც აქვს და რა, ახლავე მოგახსენებთ.

მაგალითად, მივდივარ მანქანით და მაჩერებს 82-პროცენტიანი ნდობით აღჭურვილი პოლიციელი და მეუბნება, რომ მე ფანჯრიდან გადავაგდე სიგარეტის ნამწვი. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, გადავაგდე თუ არა, მე ხომ ქართველი მძღოლი ვარ და ვამბობ, რომ არ გადამიგდია. პატრულიც ხომ ჩემი თანამემამულეა და მიმტკიცებს, რომ დაინახა, როგორ გადავაგდე.

ნამწვის მოსაძებნად არ წავალთ და თუ წავალთ და ვიპოვით, რა პრობლემაა, ვიტყვი, რომ ჩემი არ არის და მეეჭვება, ექსპერტიზა ჩაუტარონ. რადგან პატრულს 82-პროცენტიანი ნდობა აქვს, გამოდის, მე მტყუანი ვიქნები და მაინც დამაჯარიმებს, ანუ მთავარი იქნება, მხოლოდ დამინახონ, რომ ვეწევი და მერე უკვე დაჯარიმება ტექნიკის საქმეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1-ელი დეკემბრიდან მოწევა არა მარტო ჯანმრთელობისთვის იქნება საზიანო, არამედ ჩვენი ბიუჯეტისთვისაც.