დარღვევა, რომელიც ერთი წელი უნდა გახსოვდეს - კვირის პალიტრა

დარღვევა, რომელიც ერთი წელი უნდა გახსოვდეს

გასულ კვირას პეკინის ქუჩა, რბილად რომ ვთქვათ, იმ ადგილზე გადავჭერი, სადაც არც შუქნიშანი იყო და არც გადასასვლელი. უბრალოდ, ძალიან მეჩქარებოდა, ამიტომ როგორც კი დავინახე, რომ ჩემგან დაახლოებით 30 მეტრში წითელი აინთო და ავტომობილები გაჩერდნენ, მშვიდად გადავედი და...

საქართველოზე ფიქრი, მგონი, მართლა დილიდან იწყება - გზის მეორე მხარეს ორი ქვეითი პატრული მშვიდად მელოდა. სავარაუდოდ, მათ გონივრული ეჭვი არ გასჩენიათ, რომ შეიძლებოდა რაიმე აკრძალული ნივთი მქონოდა, ამიტომ ჩემი გაჩხრეკა და კედელთან მიყენება არ მოინდომეს, უბრალოდ, მშვიდად ამიხსნეს, რომ წესი დავარღვიე და უნდა დამაჯარიმონ.

სხვა რა გზა მქონდა, მათ მოთხოვნასა თუ სურვილს უნდა დავმორჩილებოდი, რადგან წესი აშკარად დავარღვიე და მეც ღიმილით ვუთხარი, გამომიწერეთ ჯარიმა-მეთქი. ჯარიმა სულ რაღაც სამლარიანია და ალალად გეტყვით, არ არის ის თანხა, ხვალ და ზეგ უადგილო ადგილას გზის გადაჭრა გადამაფიქრებინოს, მაგრამ უფრო საინტერესო თურმე წინ მელოდა.

ჯარიმის გადახდა ნებისმიერ ბანკში შეიძლება და ამ მხრივ საქმე ასარჩევად მქონდა. მეც უახლოესი ავირჩიე და მივადექი "საქართველოს ბანკს", სადაც მომხიბვლელმა გოგონამ ღიმილით მითხრა, რომ ამ 3 ლარს მომსახურების 1 ლარი ემატებოდა და მაშინ კიდევ ერთხელ გავივლე გულში, მადლობა პატრულს-მეთქი. ქვითარი გამომიწერა, 4 ლარი გადავიხადე და...

- ეს ქვითარი ერთი წლის განმავლობაში უნდა შეინახოთ. ამ ინფორმაციას ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუგზავნით და მერე გაჭირდება იმის მტკიცება, მართლა გადაიხადეთ თუ არა, ანუ ჩვენ ინფორმაციის გაცემის უფლება აღარ გვექნება და თუ ქვითარს არ წარმოადგენთ და მოგედავებიან, საურავის გადახდა მოგიწევთ, - ისე სხაპასხუპით მომაყარა ბანკის თანამშრომელმა, ეჭვი მაქვს, ამას დღეში რამდენჯერმე იმეორებს.

უკეთ რომ აგიხსნათ, ეს ადმინისტრაციული სასჯელია და შესაბამისად, ინფორმაცია შსს-ში მართლაც მიდის. აი, მერე უკვე ვინ რითია დასჯილი, გასაიდუმლოებულია და თუ ქვითარი არ გაქვს, ვერც ბანკში გაარკვევ, გადაიხადე თუ არა, არც პოლიციის მონაცემთა ბაზაში შეგაყოფინებს ვინმე ცხვირს; საურავი კი უკვე ისეთია, დაფიქრებად რომ ღირს - 150 ლარი. ამიტომ პეკინზე უადგილო ადგილზე გადასვლა მინიმუმ ერთი წელი უნდა მახსოვდეს და რაც მთავარია, ქვითარს უნდა გავუფრთხილდე, მერე 150 ლარით რომ არ მასიამოვნონ და კიდევ ერთხელ არ მაფიქრებინონ ჯადოსნური სიტყვები - მადლობა პატრულს!

არმაზ ხარძიანი