აბა, სამშობლოზე ფიქრი დილიდან იწყებაო?! - კვირის პალიტრა

აბა, სამშობლოზე ფიქრი დილიდან იწყებაო?!

დაბურული შუშების გაღიავების შემდეგ, კანონმდებლები ახალ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც ავტომანქანიდან ნებისმიერი ნივთის გადაგდება დასჯადი გახდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მანქანიდან ნაგვის გადაყრა იკრძალება.

ეს ძალიან კარგი და გადასარევი, რადგან წინ მიმავალი ავტომობილიდან ისეთი უცნაური საგნები გადმოუყრიათ ხოლმე, გაოცებისგან პირი დამიღია და თუ ეს დასჯადი იქნება, ამას რა სჯობს, თუმცა...

რამდენიმე დღის წინ რუსთავში გახლდით და 84-პროცენტიანი ნდობის მქონე საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთმა ავტომობილმა მიიქცია ჩემი ყურადღება. სამშობლოზე ფიქრს დილიდან რომ იწყებენ, ორი ისეთი კაცი იჯდა პოლიციის ავტოშIი და მშვიდად საუბრობდა (ან კი რა უნდა ჰქონდეთ სანერვიულო, როცა მოსახლეობის 84% ენდობა, რაღა მაინცდამაინც იმ დარჩენილი 16%-დან გამოივლის ვინმე). ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ისვენებენ ჩვენი სანაქებო პოლიციელები და ალალიც არის - დილიდან რომ ფიქრობენ სამშობლოზე, შუადღეს ცოტა თუ არ დაისვენეს, საღამომდე დაიღლებიან და ისე გაქრება ეს ნდობა, ვერ გაიგებენ.

ერთ-ერთი პოლიციელი სიგარეტს ეწეოდა და სწორედ ამიტომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. სამწუხაროდ, მეც ვეწევი და მათ გვერდით ასევე მშვიდად ვაბოლებდი (ვითომ, ჟურნალისტებს 84-პროცენტიანი ნდობა არ გვექნება?) და როცა მოვწიე და შხამის მორიგი დოზა მივიღე, ნამწვი კანონმორჩილ მოქალაქესავით (სწორედაც რომ მოქალაქესავით, რადგან ნაგვის ურნა ახლოს რომ არ მდგარიყო, ძებნას აშკარად არ დავუწყებდი) მწვანე ურნაში ჩავაგდე. აი, პოლიციელმა კიდევ თავისი ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა...

ჯერ წინიდან ნელა შემოვუარე ავტომობილს, ცოტა რომ დაფიქრებულიყვნენ და მაშინვე აგრესიაზე არ გადმოსულიყვნენ, მერე კი თავაზიანი ღიმილით მივმართე: ბატონო პოლიციელო, წესითა და რიგით, თქვენ მაგალითი უნდა მომცეთ იმისა, როგორ არ უნდა დავანაგვიანო ქუჩა და ამ დროს ავტომობილის ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვს ისვრით-მეთქი. ახლა ვიღაც მეტყვის, რას ერჩოდიო, მაგრამ მე რომ ქუჩაზე უადგილო ადგილას გადავიდე, დამსახურებულად ხომ დამაჯარიმებენ, ჰოდა, მაგათაც ხომ უნდა მოსთხოვოს ვინმემ პასუხი.

სამშობლოზე დილიდან მოფიქრალებმა ჯერ გაოცებულებმა შემომხედეს, მერე ერთმანეთს შეხედეს ისეთი სახით, ისიც კი გავიფიქრე, მგონი, ერთმანეთს არ იცნობენ-მეთქი და ერთ ხმაში მკითხეს: - რააა?

მე ისევ თავაზიანად და ისევ მორიდებით გავუმეორე ზემოთ თქმული და რადგან გამომეტყველება არ შეეცვალათ, მივხვდი, წინ მორიგი "რააა?" მელოდა და ამიტომ მესამედაც გავიმეორე. აზრზე სწრაფად მოვიდნენ, ქუდები მოირგეს და მაშინვე ოფიციალური ტონით მითხრეს: - საბუთები! პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მივაწოდე. ხელშიI იმდენ ხანს ატრიალეს, ვიფიქრე, პირველად ხედავენ-მეთქი და მერე მკითხეს, საქმე არაფერი გაქვსო?

გამოგიტყდებით და, ბიძაშვილს ველოდებოდი და ის იგვიანებდა, ანუ საქმე მართლა არაფერი მქონდა, მაგრამ როგორ გავბედავდი, მეთქვა. მთელი ქვეყანა დასაქმებულია და შენ რატომ უსაქმურობო, რომ ეთქვათ, ხომ იქნებოდნენ მართლები?! ამიტომ ომახიანად მივუგე", საქმე როგორ არა მაქვს, ახლაც მაგვიანდება, მაგრამ რაც დავინახე, იმით დავინტერესდი და პასუხს თუ გამცემთ, კარგი იქნება-მეთქი. შენს საქმეს მიხედე, ეს არ გეხებაო, მითხრეს, მსუბუქად ხელიც მიბიძგეს, ანუ საუბარს მოვრჩით და შეაყოლეო და მანქანისკენ გაემართნენ.

კვირაში ერთხელ პოლიციის გამჭვირვალე შენობები რომ იხსნება და შესაბამისად, დასამალიც არაფერი აქვთ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმეა, რატომ ისვრის პოლიციელი მანქანიდან "ბიჩოკს", როცა არ უნდა ისროდეს. პატრულს ისევ თავაზიანად ავედევნე და ისევ ვკითხე, ჩემი საქმე რატომ არ არის, კითხვას გისვამთ და მიპასუხეთ-მეთქი. არაფერი უთქვამთ, მანქანაში ჩასხდნენ, დაქოქეს და წავიდნენ.