საქართველოში ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? - კვირის პალიტრა

საქართველოში ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

ამერიკის გზებზე უსაფრთხო მოძრაობის დეპარტამენტმა გასულ კვირას საგანგებო განცხადება გააკეთა. დეპარტამენტში 22 საჩივარი შევიდა და, ძირითადად, Honda Accord-ისა და Honda Civic-ის მფლობელები ჩიოდნენ.

მათი აზრით, ამ მოდელებს სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი აქვს, რაც უსაფრთხო გადაადგილებაში ხელს უშლის და რამდენჯერმე ავარიასაც გადაურჩნენ. არადა, ამ მარკის 25 ათასი ავტომობილია შტატებში გაყიდული და ერთი ამდენი კიდევ რიგში დგას. "შემთხვევით შერჩეულ 50 ავტომობილზე ექსპერტიზას ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ და თუ აღმოჩნდება, რომ მანქანებს სამუხრუჭე სისტემაში პრობლემები აქვთ, "ჰონდას" არა მარტო ყველა ავტომობილის უკან გაწვევა მოუწევს, არამედ თითოეულ მფლობელს იმ თანხას გადაუხდის, რაც ავტომობილის შეძენაში გადაიხადა და არ ექნება მნიშვნელობა, მანქანა რამდენ ხანს ჰყავდა მფლობელობაში.

უსაფრთხო მოძრაობა მთავარია და როცა ბაზრის დაპყრობაზე გაქვს პრეტენზია, კეთილი უნდა ინებო და უპრობლემო ავტომობილი შესთავაზო მომხმარებელს", - ასეთი კატეგორიული განცხადება გააკეთა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

Honda Accord-ისა და Honda Civic-ის მანქანები საქართველოშიც მრავლად არის, თუმცა ძალიან გვეეჭვება, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს და იაპონურ კონცერნს შეუთვალოს, გაფუჭებული ავტოები უკან გაიტანე და ჩვენს მოქალაქეებს კომპენსაცია გადაუხადეო. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ქართველი მძღოლები ფანტაზიისა და პროფილაქტორიუმის მუშაკთა მარჯვე ხელების იმედად რჩებიან ხოლმე.