ჩინური "ძვირად ღირებული ცხენი" მსოფლიო ბაზარს იპყრობს - კვირის პალიტრა

ჩინური "ძვირად ღირებული ცხენი" მსოფლიო ბაზარს იპყრობს

"ჯენერალ მოტორსმა" და ჩინურმა კომპანია SAIC-მა საზოგადოებას პირველი ერთობლივი ნამუშევარი, მსუბუქი ავტომობილი Baojon-ი წარუდგინეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინელებს ავტომობილი ძალიან მოეწონათ და არა იმიტომ, რომBaojon-ი მათი ქვეყნის ნაწარმია, არამედ იმიტომ, რომ როგორც ყველაფერი ჩინური, ახალი ავტომობილიც ძალიან იაფი ღირს.

- ველოდით, რომ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა, მაგრამ თუ ერთ კვირაში თითქმის მეოთხედი მილიონი კაცი შეგვიკვეთდა, ნამდვილად არ გვეგონა. Baojon-ი, რაც "ძვირად ღირებულ ცხენს" ნიშნავს, არაფრით ჩამოუვარდება ამავე შესაძლებლობების ამერიკულ მოდელს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ უფრო გრძელვადიან გარანტიას ვიძლევით, - განაცხადა "ჯენერალ მოტორსის" წარმომადგენელმა.

ის, რომ ჩინური კომპანია არა მარტო მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებას აპირებს, არავინ მალავს. რუსულმა სააგენტოებმა უკვე დაადასტურეს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს რუსეთში ჩინური სატვირთო მანქანების ექსპორტი 73%-ით გაიზარდა, რაც ძალიან დიდი ციფრია და თურმე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები Baojon-ის მოდელითაც დაინტერესდნენ.

ამის პარალელურად, ჩინური ავტომწარმოებელი სკანდალში გაეხვია. ამერიკულმა "ფორდმა" ყოფილ თანამშრომელზე, ჩინელ სიან დონგ იუზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, არცთუ ტყუილად.

თურმე სიან დონგ იუ მთელი რვა წლის განმავლობაში "ფორდის" კონსტრუქტორებს საიდუმლო მასალებს ჰპარავდა. მან ასი მილიონის ღირებულების დოკუმენტაცია გადასცა ჩინელებს და სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათასი დოლარი აიღო. ახლა მას ჯარიმა და შვიდწლიანი პატიმრობა ელის, "ფორდი" კი ჩინურ კომპანიას კომპენსაციად 50 მილიონს სთხოვს. სხვათა შორის, Baojon-ი "ფორდის" მოდელს აშკარად ჩამოჰგავს.