"ორმაგი" ავარია, საბედისწერო ტრიუკი და ზოოპარკის გალიას გადარჩენილი "06" - კვირის პალიტრა

"ორმაგი" ავარია, საბედისწერო ტრიუკი და ზოოპარკის გალიას გადარჩენილი "06"

თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა "აღნიშნოთ" ავტომანქანის რემონტის დასრულება, რატომ არ უნდა გადმოხტეთ გაქანებული მანქანიდან, რა სარგებლობა მოჰქონდა გაი-ს და რისთვის სჭირდება ავტომობილს ხელის მუხრუჭი, მაშინ "ქვემორე" ისტორიები ბოლომდე ჩაიკითხეთ. რესპონდენტებს ავტომანქანასთან დაკავშირებული მხიარული ამბების გახსენება ვთხოვეთ.

ნიკა არაბიძე ("კომედიშოუს" მსახიობი):

- მე განსაკუთრებული არაფერი გადამხდენია, მაგრამ ჩემი მეგობრის "გმირობის" ამბავს მოგიყვებით. ავტოავარია მოუვიდა, მანქანა დაამტვრია და ორი თვის განმავლობაში აკეთებინებდა - კარგად უნდა გავაკეთოო. რომ დაამთავრა, ახალგარემონტებული ავტომობილით ხელოსნები თავის სოფელში წაიყვანა ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად. კარგად იქეიფეს და ხელოსნები ისევ უკან, ქუთაისში წააბრძანა. იმ ადგილს რომ მიუახლოვდნენ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საჭესთან მჯდომი ჩემი მეგობარი ხელოსნებს უყვება, რა დაემართა იმ დღეს - შემხვედრმა მანქანამ არასწორი მანევრი განახორციელა, რომ არ დამჯახებოდა, საჭე მარჯვნივ ავიღე, აი, ასე და ბოძს დავეჯახეო. თან აჩვენებს, როგორ აიღო საჭე და... მისი მანქანა ისევ ორი თვით გაემგზავრა "პროფილაქტიკაში"... თუმცა, ძალიანაც არ უნერვიულია - ხელოსნები აღარ ჰყავდა საძებნი (იცინის)...

KvirisPalitra.Geგივი სიხარულიძე (მსახიობი):

- გოგონებისთვის თავის მოსაწონებლად ახალგაზრდობაში ათასგვარ ტრიუკს ვაკეთებდი. ხშირად, ავტომანქანის მართვის დროს, მოძრავი მანქანიდან ჩამოვხტებოდი, დავეწეოდი და ისევ საჭესთან დავიკავებდი ადგილს. ერთხელაც, 20 წლის ვიყავი მაშინ, კოჯრიდან მოვდიოდით, ჩამოვხტი გაქანებული მანქანიდან და... ვეღარ ავხტი!

არადა, მძღოლის გვერდით სავარძელზე ჩემი მეგობარი გოგონა იჯდა. მოკლედ, ვეღარ დავეწიე მანქანას, რომელიც პირდაპირ უზარმაზარი ხრამისკენ მიგორავდა. უფლის წყალობით, ჩემი ავტომობილი დიფერით კუნძს გამოედო და ზედ გზის პირას გაჩერდა. არ ვიცი, დღეს სასაცილოა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ მაშინ საშინელი წამები გადავიტანე. იმ გოგონას რომ რამე მოსვლოდა, თავს არ ვიცოცხლებდი.

KvirisPalitra.Geგიო ხუციშვილი (მომღერალი):

- გაი-ს პერიოდი იყო. "ჟიგული" მყავდა და ერთ-ერთი რეიდის დროს ვარაზისხევში, აღმართზე გამაჩერეს. ნასვამი ვიყავი და რომ გადმოვდიოდი, მანქანა "ხალასტოიში" დავტოვე და არც ხელის მუხრუჭი ამომიწევია...

თავადაც მიხვდებით, რაც მოხდებოდა - ჩემი "06" დაგორდა და რეიდი სრული შემადგენლობით მანქანას გამოუდგა. კიდევ კარგი, ბორდიურს წამოედო, თორემ ზოოპარკში აღმოჩნდებოდა, რომელიმე გალიაში...