"სიყვარული" ალბანურად - კვირის პალიტრა

"სიყვარული" ალბანურად

ალბანეთი დღემდე რჩება მოპარული ავტომანქანების გასაღების ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად. "რიგით" ავტომობილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ ცნობილი ადამიანებისთვის მოპარულ ძვირად ღირებულ მანქანებსაც ხშირად პოულობენ.

ცოტა ხნის წინ სწორედ ტირანაში აღმოაჩინეს ლონდონის "ჩელსის" კაპიტნის - ჯონ ტერისთვის ჯერ კიდევ 2008 წელს მოპარული ღანგე ღოვერ-ი. ალბანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი კვარტალის მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მათი სახლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში უპატრონოდ იდგა ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც გადამოწმების შემდეგ, სწორედ ლონდონში მოპარული ღანგე ღოვერ-ი აღმოჩნდა.

ჯონ ტერი "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მისი ხელფასი კვირაში 175 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს და, ბუნებრივია, ახალი ავტომობილის შეძენა სამიოდე დღის ჯამაგირითაც შეუძლია, თუმცა, თავად ფაქტია საინტერესო - მოპარული მანქანა ლონდონიდან ტირანაში იმისთვის ჩაიყვანეს, რომ უპატრონოდ მიეგდოთ?! როგორც ჩანს, ქურდებმა მისი გაყიდვა ვერ მოახერხეს და "სახიფათო საქონელი" მარტივი გზით თავიდან მოიშორეს.

სხვათა შორის, 2006 წელს სწორედ ალბანეთში აღმოაჩინეს "მილანელი" ჯენარო გატუზოს კუთვნილი ღანგე ღოვერ-ი, ერთი წლით ადრე კი ალბანეთ-მაკედონიის საზღვართან დევიდ ბექჰემის ავტომანქანა იპოვეს. ჩანს, ალბანელებს მხოლოდ ფეხბურთი კი არა, ფეხბურთელების ავტომანქანებიც ძალიან უყვართ.