თბილისის შუქნიშნები ახლებურად მუშაობს
უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს. სიახლე ის არის, რომ მოძრაობის მომწესრიგებელ ხელსაწყოებზე წითლის შემდეგ პირდაპირ მწვანე ინთება და არა - შუალედური, გამაფრთხილებელი ყვითელი ნათურა.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც წითელი შუქი ქრებოდა, მძღოლები მწვანე შუქის ანთებას აღარ ელოდებოდნენ და მოძრაობას ყვითელი ფერის აციმციმებისთანავე იწყებდნენ, რაც გზაჯვარედინებზე საავარიო სიტუაციებს ქმნიდა. თუმცა, როცა მწვანე ნათურა ანთია, წითელი ფერის ანთებამდე, ისევ გამაფრთხილებელი ყვითელი აციმციმდება.

სიახლე ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ქართველი რისი ქართველია, ავტომანქანა იმ დროს არ "მოწყვიტოს" ადგილიდან,
როცა შუქნიშანზე არათუ მწვანე, ხეირიანად ყვითელი ფერიც კი არ აციმციმებულა. ამას დედაქალაქის შუქნიშნებზე დამონტაჟებული წამმზომიც უწყობს ხელს, რომელიც ამა თუ იმ ფერის ნათურის ანთებამდე დარჩენილ დროს აჩვენებს. თუმცა, ამიერიდან თბილისელ მძღოლებს ახალი რეჟიმით მოუწევთ მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით დედაქალაქის ყველა შუქნიშანი დამოუკიდებლად, "თავისთვის" მუშაობს და ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ; სამომავლოდ კი შუქნიშნების ერთიან სისტემაში მოქცევა იგეგმება, რაც გზაჯვარედინების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატებს, რაც ავტომატური რეჟიმით მომუშავე შუქნიშნები შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ტიპის შუქნიშანი არა გარკვეული დროის შემდეგ, არამედ იმის შესაბამისად ცვლის
ფერებს, ავტომანქანების რა რაოდენობაა გზაჯვარედინის ამა თუ იმ მონაკვეთზე.


პირველი შუქნიშანი

შუქნიშანი ავტომანქანის შექმნამდე გამოიგონეს. შუქნიშნის ტიპის პირველი მოწყობილობა ჯონ პიკ ნაითმა გამოიგონა და ის ლონდონში,  ბრიტანეთის პარლამენტის მახლობლად დაამონტაჟეს 1686 წლის 10 დეკემბერს. ნაითი სარკინიგზო სემაფორების სპეციალისტი გახლდათ; მის მიერ შექმნილ შუქნიშანს სემაფორის ორი ფრთა ჰქონდა და ხელით იმართებოდა. პირველი ელექტრული შუქნიშანი კი ამერიკელმა ლესტერ ვაირმა შექმნა. 1914 წლის 5 აგვისტოს კი, აშშ-ის ქალაქ კლივლენდში, 105-ე ქუჩისა და ევკლიდეს ავენიუს გადაკვეთაზე, ჯეიმს ჰოგის მიერ შემუშავებული 4 ელექტრული შუქნიშანი დაამონტაჟეს. შუქნიშანს ორი - მწვანე და წითელი ფერის ნათურები ჰქონდა. მას გზაჯვარედინზე დადგმულ შუშის ჯიხურში მყოფი პოლიციელი მართავდა.

1920 წლიდან შუქნიშანს მესამე - ყვითელი ფერიც დაემატა. ორი წლის შემდეგ კი ასეთი შუქნიშნები ევროპაშიც გავრცელდა. მას შემდეგ საგზაო მოძრაობის მომწესრიგებელი ეს ხელსაწყო შესამჩნევად დაიხვეწა და ახლა იგი მთლიანად ავტომატიზებულია.


www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით, ავიცილებთ თუ არა საავარიო სიტუაცებს  შუქნიშნების ახალ რეჟიმში ამოქმედების პირობებში?
zviad samadashvili
22 აპრილი 2012 16:09
თუ ქართველებმა (მძღოლებმაც და ქვეითებმაც) გზებზე მოძრაობის კულტურა არ ვისწავლეთ არანაირი ცვლილება არ გვიშველის
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები