უარი სექსუალურ გოგონებს! - კვირის პალიტრა

უარი სექსუალურ გოგონებს!

ფრანკფურტის ავტოსალონი სექტემბერში აიღებს სტარტს, მისი ორგანიზატორები კი უკვე აცხადებენ, რომ ავტომწარმოებლებს აიძულებენ, უარი თქვან...

სექსუალურ გოგონებზე! გერმანული ავტოსალონის წარმომადგენელთა თქმით, ნახევრად შიშველი ტოპმოდელები, რომლებიც ავტოშოუს დროს ამა თუ იმ ავტომანქანასთან დგანან, დამთვალიერებელთა ყურადღებას იპყრობენ და ხელს უშლიან კომპანიის წარმომადგენლებს სტუმრებისთვის ახალი მოდელის ტექნიკური თავისებურებების გაცნობაში. გარდა ამისა, უკანასკნელ წლებში ავტოსალონების ორგანიზატორებს სულ უფრო ხშირად უჩივიან ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. მომჩივანთა თქმით, ნახევრად შიშველი ლამაზმანების სექსუალური იმიჯით ავტომწარმოებლები სუსტი სქესის დისკრიმინაციას ახდენენ.

პარიზის შარშანდელი ავტოსალონისას ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ავტოშოუს დროს ამა თუ იმ საავტომობილო მარკის სტენდთან მდგომთა 96%-ს სწორედ ქალები შეადგენდნენ, 3,5%-ს მამაკაცები, დარჩენილი 0,5%-ს კი... ტრანსვესტიტები. იმისათვის, რომ სარჩელებს სამომავლოდ მაინც აარიდონ თავი, ფრანკფურტის ავტოშოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ავტომწარმოებლები აიძულონ, რათა მათ "გენდერული თანასწორობა" დაიცვან.

ამა თუ იმ მარკის სტენდთან ქალებთან ერთად მამაკაცებიც იდგებიან. გარდა ამისა, გოგონებს "მკაცრი" სტილის სამოსს მოსთხოვენ, რომელიც "სექსუალურობის თემის ექსპლუატაციას არ მოახდენს". ცნობილია ისიც, რომ ავტოსალონის წარმომადგენლებმა რეკომენდაცია მისცეს საავტომობილო ფირმებს, თავი შეიკავონ დიდმკერდიანი ქალბატონების მოწვევისგან, სტენდთან მდგომი გოგონების ქვედაბოლოს სიგრძე კი მუხლის ზემოთ არ უნდა იყოს...