გაგარინის "თხა" - კვირის პალიტრა

გაგარინის "თხა"

ადამიანი კოსმოსში პირველად ზუსტად 50 წლის წინ - 1961 წლის აპრილში გაფრინდა... და რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან კოსმონავტიკას და ავტოგვერდს? საქმე ის არის, რომ სწორედ ახლახან გახდა ცნობილი "კოსმოსის პიონერის" - იური გაგარინის ავტოცხოვრების ზოგიერთი დეტალი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ავტომობილებთან მისი ურთიერთობა სწორედ ისტორიული გაფრენის შემდეგ დაიწყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მანამდე მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა!

კოსმოსში გატარებული 108 წუთისთვის 27 წლის იური გაგარინს პრემიის სახით 15 ათასი მანეთი და სანატორიუმის საგზური გამოუწერეს და პერსონალური ავტომანქანაც გადასცეს. ეს იყო იმდროინდელი "ჯიპი" - "ГАЗ-69", რომელიც უგზოობისას ისე "დახტოდა" ზევით-ქვევით, რომ ხალხმა "თხა" შეარქვა. თავიდან აღნიშნულ "თხას" მძღოლიც მოაყოლეს, რადგან გაგარინს მართვის მოწმობა არ ჰქონდა. თუმცა კოსმონავტმა მალე იზრუნა ამ საქმის მოსაგვარებლად და გამოცდა იმავე 1961 წელს ჩააბარა შჩოლკოვის რაიონის "გოსავტოინსპექციაში". თვითმხილველთა თქმით, 27 წლის კოსმონავტმა გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღო და ბ კატეგორიის მართვის მოწმობა დაიმსახურა.

მალევე საბჭოთა ხელისუფლებამ გაგარინს ახალი ავტომანქანა -"ГАЗ-21" აჩუქა. შავი ფერის "ვოლგას" ცისფერი სალონი ჰქონდა იმის აღსანიშნავად, რომ ცა პირველმა სწორედ ამ ავტომანქანის პატრონმა დაიპყრო. ძარა და ინტერიერი განსაკუთრებული, ქრომირებული დეტალებით იყო შემკული, რომლებსაც მხოლოდ საექსპორტო ავტომანქანებზე ამონტაჟებდნენ.

სამწუხაროდ, საკუთარი "ვოლგის" მართვა იური გაგარინმა შვიდ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში შეძლო. მისი ტრაგიკული დაღუპვიდან სამი წლის შემდეგ კი კოსმონავტის ქვრივმა "ГАЗ-21" გაგარინის სახლ-მუზეუმს გადასცა, სადაც დღემდე ინახება.