"საჩუქარი" თუ სტატისტიკის გაახალგაზრდავების საფრთხე? - კვირის პალიტრა

"საჩუქარი" თუ სტატისტიკის გაახალგაზრდავების საფრთხე?

მართვის მოწმობა 17 წლის მოზარდებისთვის

ცოტა ხნის წინ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი ინიციატივა შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ახალი სავალდებულო "საგანი" დაინერგება - "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება". კანონპროექტში ნათქვამია ისიც, რომ მართვის მოწმობის აღება მოზარდებს 18-ის ნაცვლად, 17 წლის ასაკში შეეძლებათ. მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ ჩათვლას მიიღებენ, მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე უფასოდ (მხოლოდ პირველ ჯერზე - ავტ.) გასვლას შეძლებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, 17 წლის ახალგაზრდები A და B კატეგორიის მართვის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ და როგორც კი 18 წელი შეუსრულდებათ, მათი მოწმობა უგამოცდოდ შეიცვლება საერთაშორისოდ აღიარებული მართვის მოწმობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სკოლის პედაგოგებს პოლიციის აკადემიაში მოამზადებენ სპეციალური სახელმძღვანელოებით, დამხმარე ლიტერატურა კი ზაფხულში დაიბეჭდება. აღსანიშნავია, რომ 17 წლის მოზარდი მართვის მოწმობას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როცა მშობელი წერილობით დაუდასტურებს ნდობას. რაც შეეხება აკრძალვებს, მოსწავლეებს მძღოლად მუშაობის უფლება არ ექნებათ, ერთი და იმავე ჯარიმის განმეორების შემთხვევაში, მართვის მოწმობა - ერთი წლით, სიმთვრალის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი წელიწად-ნახევრით ჩამოერთმევათ.

სიახლესთან დაკავშირებით აზრი არასამთავრობო ორგანიზაცია  "მძღოლი, გზა, სამართლის" პრეზიდენტ რობერტ იანტბელიძეს ვკითხეთ.

- 2001 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი "საგზაო მოძრაობის წესების სწავლება V-VI კლასებში", რომელსაც განათლების სამინისტრომაც მიანიჭა გრიფი და კლასგარეშე სახელმძღვანელოდ დაამტკიცა. ჩვენ ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვამტკიცებდით, რომ სკოლებში საგზაო მოძრაობის წესების სწავლების შემდეგ, მოსწავლეები გაცილებით უკეთეს ქვეითად მოსიარულეებად და მძღოლებად ჩამოყალიბდებიან. ჩვენ საგრძნობლად ჩამოვრჩებით როგორც ევროპის წამყვან სახელმწიფოებს, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესების პირვანდელ ჩვევებს საბავშვო ბაღებშიც კი ასწავლიან. ამიტომაც ეს ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა, მეორე საკითხია, როგორ განხორციელდება და ყველას მოეწონება თუ არა.

- კანონპროექტის ავტორების განცხადებით, სკოლების პედაგოგებს პოლიციის აკადემიაში გადაამზადებენ.

- შესაძლოა პოლიციის აკადემიაში კარგი კრიმინალისტები ან გამომძიებლები არიან, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის წესებიც ისეთ დონეზე იციან, სხვების გადამზადება შეძლონ? ვიმეორებ - ინიციატივა კარგია, მაგრამ ბარემ მარილიც მოაყარონ - ამ საქმის მცოდნე სპეციალისტები მოიწვიონ, მათთან ერთად მაღალი დონის სახელმძღვანელოები შექმნან და პედაგოგებიც მათ გადაამზადებინონ.

- საგზაო მოძრაობის წესების ადრეული ასაკიდან სწავლება მართლაც მისასალმებელი ინიციატივაა, მაგრამ გაუგებარია, რა აუცილებლობით არის გამოწვეული 17 წლის მოზარდებისთვის მართვის მოწმობის აღების უფლების მინიჭება. ამით ხომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება?

- აი, ამ სიახლეს კი ნამდვილად არ ვუჭერ მხარს. 17 წლის ყმაწვილებისთვის მართვის მოწმობის გადაცემა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ამ ასაკის ყმაწვილების უმრავლესობა ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ არის მზად მძღოლობისთვის. მოზარდებს კი არა, საპატრულო პოლიციას ზრდასრული ადამიანების გაკონტროლება უჭირს. იმ პირობებში, როცა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების პროფილაქტიკისთვის არაფერი კეთდება, 17 წლის ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვა გაცილებით რთული იქნება. ამბობენ, ამ ასაკის მოზარდებისთვის გამოცდაზე პირველი გასვლაც და მართვის დროებითი მოწმობაც უფასო იქნებაო, მაგრამ არავინ იცის, მართლაც ასე იქნება თუ არა. თანაც, ამ ასაკში პირველივე ჯერზე ცოტა ვინმე თუ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას. ასე რომ, ესეც "ფულის მახე" მგონია.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბევრგან, განსაკუთრებით კი შუა აზიის ქვეყნებსა და კავკასიაში, ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 40% 18-23 წლის ახალგაზრდების შეცდომების გამო ხდება, ჩვენ კი ამ სტატისტიკის კიდევ უფრო გაახალგაზრდავებას ვაპირებთ.

თეორიასთან ერთად, სკოლებში მართვის პრაქტიკული მეცადინეობებიც რომ ინერგებოდეს, მართვის მოწმობის გაცემა კიდევ მისაღები იქნებოდა. რეალურად კი რა იქნება? - ბავშვი სკოლაში პოლიციის აკადემიაში "გადამზადებული" პედაგოგისაგან თეორიას ისწავლის, ავტოსკოლაში პრაქტიკის რამდენიმე გაკვეთილს გაივლის და გამოცდა რომც ჩააბაროს, თბილისის ქუჩებში ავტომობილის სამართავად მზად იქნება?!

P.S. "ეს არის სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდებისთვის გაკეთებული საჩუქარი. იმედი მაქვს, ეს ექსპერიმენტი გაამართლებს და სკოლის მოსწავლეებში მოძრაობის წესების ცოდნას წაახალისებს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გაუგებარია, რისთვის "ასაჩუქრებს" შსს ქართველ ახალგაზრდებს, ან რა იქნება მაშინ, თუ მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ექსპერიმენტი არ გაამართლებს? ასეთ შემთხვევაში ხომ ჩვენს ისედაც საგანგაშო სტატისტიკას კიდევ უფრო საშინელს და გაცილებით "ახალგაზრდას" გავხდით?!

www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით რამდენად მიზანშეწონილია 17 წლის მოზარდისთვის მართვის მოწმობის გაცემა?