700%-იანი გაძვირება ყაზახურად - კვირის პალიტრა

700%-იანი გაძვირება ყაზახურად

ქართული ავტობაზარი ძირითად კლიენტებს დაკარგავს

ბოლო დროს ქართულ საავტომობილო ბაზარზე ყველაზე მსხვილი "მოთამაშეები" ყაზახი ავტოდილერები იყვნენ. სწორედ ისინი ყიდულობდნენ რუსთავის ავტობაზრობაზე ძვირად ღირებულ ავტომანქანებს. რამდენიმე კვირაა აზიელი ავტომოვაჭრეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და შეიძლება ითქვას, მოწონებულ ავტომანქანას სასწრაფოდ, ზედმეტი ვაჭრობის გარეშე გაუყენებდნენ ხოლმე ყაზახეთის გზას. აზიელი დილერების სიჩქარეს ლოგიკური ახსნა ჰქონდა - 1-ლი ივლისიდან მათ ქვეყანაში ერთიანი საბაჟო ტარიფი (ETT) შევიდა ძალაში, რაც ავტომანქანის განბაჟებას აქამდე არსებულ ტარიფთან შედარებით 730%-ით (?!) აძვირებს. თუ აქამდე ყაზახეთში ავტომანქანის იმპორტიორი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0,35-დან 0,6 ევრომდე იხდიდა, ივლისიდან მანქანის ხანდაზმულობის შესაბამისად ეს თანხა 1კუბსმ-ზე 4-დან 5,8 ევრომდე (!) გაიზარდა.

ხუთ წელზე მეტი ხანდაზმულობის ავტომობილის განბაჟებისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 1800-3000 კუბსმ-მდეა, განმბაჟებელს კუბურ სანტიმეტრზე 4 ევროს გადახდა მოუწევს, 3000 კუბსმ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანის მყიდველს კი 5,8 ევროსი. მაგალითად, 3000 კუბსმ ძრავის მქონე ავტომანქანის განბაჟების მსურველს 12.000 ევროს (პლუს 12%-იანი დღგ. - ავტ.) გადახდა მოუწევს, რაც შესაძლოა ავტომანქანის თვითღირებულებაზე მეტიც კი იყოს! ამიტომაც არის, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე "წვრილთვალებიანი" მყიდველები უკვე სანთლით არის საძებნელი.

ყაზახეთის გარდა, "ერთიან საბაჟო ტარიფში" რუსეთი და ბულორუსიც არიან გაერთიანებული. ახლა, ალბათ, გასაგებია, ვის ინტერესშია საზღვარგარეთიდან შემოტანილი ავტომანქანების განბაჟების კატასტროფულად გაძვირება. ახალი კანონით, რუსეთი საკუთარ ავტომობილებს გაასაღებს, რომლებსაც ყაზახეთსა და ბელორუსში განბაჟება არ დასჭირდება. "თუ ტარიფი არ შეიცვალა ან ვადამ არ გადაიწია, ახალი კანონი ქართულ ბაზარს დიდ ზარალს მიაყენებს", - დარწმუნებული არიან ქართველი ავტოდილერები.

გიორგი (ავტოდილერი): - ახალი ტარიფი ყველა იმ ქვეყანაში შედის ძალაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსეთთან ერთიან საბაჟო კავშირზე შეთანხმებას. რადგან ქართულ საავტომობილო ბაზარზე აქტიურობით ყაზახები გამოირჩეოდნენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, როგორ მოიქცევიან ისინი ამიერიდან.

- ახალი ტარიფების მიხედვით, ყაზახეთში ავტომანქანის განბაჟება 700%-ით(?!) იზრდება, რაც მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

- რა თქმა უნდა. ყაზახები იმიტომ ყიდულობდნენ ავტომანქანებს საქართველოში, რომ თავიანთ ქვეყანაში უფრო ძვირად გაეყიდათ. ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდგომ კი ყაზახეთში ავტოიმპორტი აზრს დაკარგავს. სამაგიეროდ,M იხეირებს რუსეთი, რომლის, როგორც ერთიანი საბაჟო კავშირის ქვეყნის, ტერიტორიაზე შეძენილი ავტომანქანები ყაზახეთში განბაჟებას არ ექვემდებარება. რუსები ამით ორ კურდღელს იჭერენ: გაასაღებენ რუსული წარმოების ახალ ავტომობილებს და თავიდან მოიშორებენ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მოძველებულ, იმპორტირებულ ავტომანქანებსაც.

- შეიძლება ითქვას, რომ ყაზახეთის მთავრობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევანის შესაძლებლობას უზღუდავს და იძულებულს ხდის, რუსული წარმოების ავტომანქანები შეიძინონ?

- ყაზახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მდიდარია. უმეტესობას ნამდვილად არა აქვს სურვილი "ჟიგულის" მარკის ავტომანქანებით იაროს. მაგრამ ახალი საბაჟო ტარიფის ამოქმედების შემდეგ, დიდი არჩევანი მართლაც არ ექნებათ - ან რუსული წარმოების ახალი ავტომანქანები უნდა შეიძინონ, ან პარტნიორ ქვეყანაში მოძველებული უცხოური მანქანები, რადგან საზღვარგარეთული ახალი ავტომობილები რუსეთშიც ძვირი ღირს.

- განბაჟებაში ავტომანქანის თვითღირებულებაზე მეტი თანხის გადახდას, ყაზახები, ალბათ, მაინც რუსულ ბაზარზე ამჯობინებენ მეორადი ავტომობილის შეძენას.

- შეიძლება, მაგრამ იმ ავტომანქანების უმრავლესობას, რომლებსაც რამდენიმე წელიწადი აქვს გატარებული რუსეთში, დიდი ე. წ. გარბენის გარდა, ძარაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აქვს. ყინვაში რუსეთის გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან, რაც ძარის კოროზიას იწვევს. ამიტომაც ზოგიერთმა ყაზახმა, რომელსაც ფულის გარდა პრინციპებიც აქვს, შეიძლება განბაჟებაში გადაიხადოს იმდენივე თანხა, რამდენიც ავტომანქანის ყიდვა დაუჯდება და მაინც საზღვარგარეთ, თუნდაც საქართველოში იყიდოს სასურველი ავტომობილი.

- ასეთები თითზე ჩამოსათვლელი იქნებიან. ფაქტია, რამდენიმე დღეა, ქართულ საავტომობილო ბაზარზე აქტიური "მოთამაშეები" - ყაზახი ავტომოვაჭრეები თითქმის აღარ არიან..

- მას შემდეგ, რაც მოსალოდნელი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი, შუააზიელები უფრო გააქტიურდნენ და თავქუდმოგლეჯილი ყიდულობდნენ ავტომანქანებს, რათა ყაზახეთში ჩატანა ივლისამდე მოესწროთ. არ არის მართალი, თითქოს მხოლოდ "მერსედესებისა" და "ჯიპების" შეძენა უნდოდეთ, ყველანაირ ავტომანქანას ყიდულობდნენ, მთავარია, 2001 წლის შემოდგომაზე ადრე არ ყოფილიყო გამოშვებული.

- თუ ყაზახეთში განბაჟების ახალი ტარიფის შემოღების ვადამ არ გადაიწია, ალბათ, ქართულ ბაზარზე ავტომანქანები გაიაფდება.

- ჩვენი ინფორმაციით, ახალი კანონი იქ უკვე ამოქმედდა. რაც შეეხება გაიაფებას, იმ ძვირად ღირებული ავტომანქანების ფასი, რომელთაც ყაზახები ქართულ ბაზარზე ყიდულობდნენ, მართლაც დაიკლებს. ძვირად ღირებული მოდელების ძირითადი მყიდველები სწორედ აზიელები იყვნენ. ასეა თუ ისე, ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასს, ყაზახებს კი შეიძლება სხვა რომელიმე ქვეყნის მცხოვრებლები, თუნდაც უზბეკები ჩაენაცვლონ.