თავად ქრისტემ დააფუძნა იგი, რათა ადამიანებს მისცემოდათ საშუალება, იარაღი, რათა ისინი გადარჩენილიყვნენ - კვირის პალიტრა

თავად ქრისტემ დააფუძნა იგი, რათა ადამიანებს მისცემოდათ საშუალება, იარაღი, რათა ისინი გადარჩენილიყვნენ

თქვენ მოგინდომებიათ კოსმოსში გაფრენა კოსმოსური ხომალდის გარეშე! ნუთუ თქვენ ბრმა ნაწლავის ოპერაციას საავადმყოფოში ექიმის გარეშე გაიკეთებთ? ასევე თქვენ ქრისტიანი ვერ იქნებით ქრისტეს ეკლესიის გარეშე, რომელიც მისტიკურად ქრისტეს სხეულია, ხოლო თავი თავად ქრისტეა.

- თუ პატარა ბავშვი არ იღებს წმინდა ზიარებას და პირი მოკუმული აქვს, შეიძლება თუ არა მისი ძალად ზიარება?

- სულ პატარას შეგვიძლია მივაღებინოთ ერთი წვეთი ქრისტეს სისხლისა, უფრო მოზრდილებს კი არ უნდა დავაძალოთ არავითარ შემთხვევაში.

- მინდა დავქორწინდე მამაკაცზე, რომელსაც ჯვარი სხვა ქალზე აქვს დაწერილი. ის უცხოეთში სხვა კაცთან ერთად ცხოვრობს. შეიძლება თუ არა მას ჯვარი აეხსნას?

- მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის ახსნასა და მეორედ ჯვრისწერას უშვებს, მაგრამ ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით განიხილავს. ჯვრის ახსნა ისეთ შემთხვევაში ხდება, როცა ქორწინების ჯვარი ცოლ-ქმარს ამძიმებს და მომავალში მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. საჭიროა ორივეს თანხმობა, განქორწინების საკითხის მოგვარებისთვის საპატრიარქოში საგანგებო განყოფილება არსებობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. ჯვრის ახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე მასთან გასაუბრება აუცილებელია.

- შეიძლება თუ არა ვიყოთ ქრისტიანი ეკლესიაში სიარულის გარეშე?

- თქვენ მოგინდომებიათ კოსმოსში გაფრენა კოსმოსური ხომალდის გარეშე! ნუთუ თქვენ ბრმა ნაწლავის ოპერაციას საავადმყოფოში ექიმის გარეშე გაიკეთებთ? ასევე თქვენ ქრისტიანი ვერ იქნებით ქრისტეს ეკლესიის გარეშე, რომელიც მისტიკურად ქრისტეს სხეულია, ხოლო თავი თავად ქრისტეა. თქვენ არ იცნობთ ეკლესიას, ეს დიდი ნაკლია, თავად ქრისტემ დააფუძნა იგი, რათა ადამიანებს მისცემოდათ საშუალება, იარაღი, რათა ისინი გადარჩენილიყვნენ.

- რატომ არის გარდაცვლილის ოჯახში ჭიშკარი ღია, ეს ქრისტიანული ტრადიციაა?

- ეს ქრისტიანული ტრადიცია არ არის, სამაგიეროდ, მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რადგან ამ დროს ადამიანები ოჯახის თანაგრძნობისთვის და მწუხარების გასაზიარებლად მიდიან და მათ კარი ღია უნდა დახვდეთ.

- რატომ არ ასაფლავებენ ქრისტიანები მიცვალებულს ორშაბათობით, ოთხშაბათობით ან პარასკევს?

- ამ დღეებში არდაკრძალვა, მხოლოდ საერო ტრადიციაა, ხოლო ქრისტიანული წესით ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. წესითა და რიგით, ქრისტიანი უნდა იკრძალებოდეს გარდაცვალებიდან მესამე დღეს, მიუხედავად იმისა, ორშაბათია, ოთხშაბათი თუ პარასკევი.

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით მკითხველთა შეკითხვებზე უპასუხებს მღვდელი ლევან მათეშვილი.

თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვაწოდეთ "კვირის პალიტრის" ყუთების საშუალებით.