დიდი მსტოვრობა - კვირის პალიტრა

დიდი მსტოვრობა

-"მსტოვარი - ესე არს აეშაგი მომხილველი ქვეყანასა, გინა მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად. აეშაგი ესე არს, რა კაცი ვინმე გაგზავნო ქვეყანათა გასასინჯველად, ანუ მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად". . .

- "მზირი – ყაზახი, გინა მსტოვარი. .. გინა ჯაშუში"

- "ჯაშუში სხვათა ენაა, ქართულად მსტოვარი და აეშაგი ჰქვიან", – ასე ბრძანებდა სულხან-საბა ორბელიანი.

ჯაშუშობა ადამიანთა მოდგმის ისეთივე უძველესი ხელობაა, როგორიც -  პროსტიტუცია, პოლიტიკა და ვაჭრობა. მათ მარტო ისტორიული სიძველე როდი აკავშირებთ. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხისა და მეთოდის ამოქმედება, ადამიანური სისუსტეების - შიშის, სიხარბის, პატივმოყვარეობის, შურის და ა.შ. გამოყენება და ტყუილის, როგორც საქმიანობის, ძირითად იარაღად მომარჯვება -  ამ ოთხ უძველეს პროფესიას ეს ყველაფერი ოდითგანვე საერთო აქვს. ჯაშუშობასა და ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათა მთელ კომპლექსს კი სპეციალური სამსახურები ახორციელებენ.

სპეცსამსახურების შექმნა სახელმწიფოს - ადამიანთა თანაცხოვრების ორგანიზაციული ფორმის წარმოქმნის პირველივე დღიდანვე გახდა გარდაუვალი. მმართველი რეჟიმისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა რეალური მდგომარეობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის საზღვრებს მიღმაც. უფრო მეტიც - სწორედ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის წინმსწრები ფლობა და დროული რეაგირება იყო და არის ამა თუ იმ მმართველი რეჟიმის გადარჩენის საწინდარი. ასევე, განუზომელია შპიონაჟის მნიშვნელობა ომების დროს.

საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, კულტურა და სპორტი, რელიგია და ეკოლოგია, ბიზნესი და პროფკავშირები, განათლების სფერო და მასმედია... დაუსრულებლად შეიძლება ჩვენი ცხოვრების იმ სფეროების ჩამოთვლა, რომლებიც საიდუმლო სამსახურების დაინტერესების ობიექტები არიან. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს - XXI საუკუნეში, მსოფლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელობის არნახული გაძლიერების ხანაში, ჩვენთან ამ საკითხების შესწავლა კვლავ თვითდინებაზეა მიშვებული.

იქნებ ესეცაა მიზეზი ჩვენი ქვეყნის საერთო-სახელმწიფოებრივი სისუსტისა?

წლების მანძილზე საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი, ტექნიკური აღჭურვა და დაფინანსება ძალზე ჩამორჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დონეს, რომ არაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. არაა გამორიცხული, რომ ეს გარე ძალების მიერ მართვადი, კარგად გათვლილი და ორგანიზებული პროცესი იყო, რადგანაც უმარტივესი ფორმულაა: "სუსტი სპეცსამსახურები=სუსტ სახელმწიფოს".

საქართველოს უახლეს ისტორიაში სპეცსამსახურების თემა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილია, რომ არაფერი ვთქვათ მის სიღრმისეულ ანალიზზე, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობასა და შესაბამისი დასკვნების გამოტანაზე. თუ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ეს თემა, გასაგები მიზეზების გამო,  საზოგადოებისათვის დახურული იყო, დღეს არანაირი გამართლება არ აქვს ქვიშაში თავჩარგული სირაქლემის პოზაში ყოფნას.

უკვე დროა, საზოგადობამ იცოდეს, ვინ ვინ არის!

ჩვენს საზოგადოებას სპეცსამსახურების თემასთან ერთი, მეტად საინტერესო დამოკიდებულება აქვს - ის მაშინ ახსენდება, როცა ჯონ ლე კარეს მშვენიერ ნაწარმოებებს კითხულობს ან ჯეიმს ბონდზე შექმნილ გასართობ ფილმებს უყურებს.

სპეცსამსახურების თემა უფრო ხშირად მაშინ ხდება აქტუალური, როცა სხვადასხვა პარტიების ლიდერები არჩევნების წინ ერთმანეთს "კრემლის" და "ამერიკის" აგენტობას აბრალებენ.

იქნებ ზოგიერთები არიან კიდეც?

იქნებიან და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს - ბევრი ქვეყანა ცდილობს, საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ისევე, როგორც ბიზნესელიტაში, მასმედიაში, სამეცნიერო წრეებში და ა. შ. საკუთარი დასაყრდენი ჰყავდეს.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა რუდუნებით ზრდიდნენ პიონერული და კომკავშირული ასაკიდან მომავალ "გავლენის აგენტებს", ოპერთანამშრომლებს და რეზიდენტებს, რამდენი დრო, ენერგია და ფულია დახარჯული მათზე, მათ პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერაზე, ბიზნესწარმატებებზე - მათაც ხომ უნდა გაამართლონ იმედები!

საინტერესოა, უმართლებენ თუ არა ისინი იმედებს თავის პატრონებს? საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ  არ შეიძლება, სპეცსამსახური პოპულარული იყოს და საზოგადოებას უყვარდეს, მაგრამ მისი ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ - იმედი უნდა ჰქონდეს და პატივს სცემდეს. ეს ურთიერთდამოკიდებულება კი ათწლეულების განმავლობაში ყალიბდება.

ურთიერთობა საზოგადოებასა და სპეცსამსახურებს შორის დამოკიდებულია მრავალ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებზე: ინგლისელები - სიამაყის, ამერიკელები - პატრიოტული და მერკანტელური, ებრაელები - ქვეყნის უდიდესი სიყვარულის გრძნობის გამო თანამშრომლობენ მშობლიურ სპეცსამსახურებთან.

ქართველები? ერთადერთი გამონაკლისი საბჭოთა კავშირის (ბუნებრივია, მათ შორის, საქართველოს სსრ) სპეცსამსახურები იყო, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კომპრომატების გამოყენებითა და დაშინებით აიძულებდნენ თანამშრომლობას.

რამდენად შეიცვალა ამჟამად მდგომარეობა ქართულ სპეცსამსახურებში?

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელს კნინობითად -"შპიონად" და "აგენტად" მოიხსენიებდნენ, ხოლო "კა-გე-ბეშნიკები" ყოველთვის "მზვერავები" ანუ დადებითი გმირები იყვნენ.

ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ სპეცსამსახურებთან ლოიალური დამოკიდებულების გარეშე გამორიცხული იყო პიროვნების დაწინაურება, უცხოეთში გამგზავრება და ა.შ. ასე იქმნებოდა საზოგადოებაში შიში და ავტორიტეტი საბჭოთა სპეცსამსახურების მიმართ. საბჭოთა სპეცსამსახურების სამართალმემკვიდრე დღეს რუსეთის საიდუმლო სამსახურები არიან.

საინტერესოა, როგორ შეიცვალა მათი სტრუქტურა, მუშაობის ფორმები და მეთოდები?

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ სპეცსამსახურების თემა მივიწყებულია ჩვენში. ამ დროს კი, ბოლო 20-30 წელია, საქართველოში მოხდა ისეთი მოტივაციის 20-ზე მეტი გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა და თვითმკვლელობა(?), სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტის რამდენიმე აშკარა თუ ფარული მცდელობა, სადაც სპეცსამსახურების ხელწერა აშკარაა. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელ, ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაშიც დიდი "დახმარება" გაგვიწიეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებმა - ფარული "აქტიური ღონისძიებების" და სპეცოპერაციების შედეგად.

რას აკეთებენ საქართველოს სპეცსამსახურები ამის აღსაკვეთად? საქართველოს სახელმწიფოებრივ და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები "არ ახალია, ძველია". ჩვენი ქვეყნის (ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების) იდეოლოგიური, ტერიტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური დაქუცმაცების კონკრეტული გზები ათწლეულების წინ დამუშავდა საბჭოთა (შემდეგ კი რუსეთის) სპეცსამსახურების მიერ. ამიტომაც არის, რომ 1980-იანი წლების ბოლოდან, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში მოვლენების განვითარება ადრე შემუშავებული და შემდგომ კორექტირებული სცენარებით ვითარდება.

რა ღონისძიებებს ატარებენ ამის საპასუხოდ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები?

"არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები - არსებობენ მხოლოდ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები" - ცხოვრება ადასტურებს ამ აზრის ჭეშმარიტებას.

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს "ჭადრაკის დაფაზე" ელვის უსწრაფესად იზრდება. ამიტომაც ბუნებრივია სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურობა ამ რეგიონში.

შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის თბილისი "ჯაშუშთა ქალაქია", სადაც მრავალი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა მათი სპეცსამსახურების ინტენსიური საქმიანობით გამოიხატება, რაც ხშირად საზოგადოებისთვის ფარულად, მძიმე და დაუნდობელ ოპერატიულ დაპირისპირებაში მიმდინარეობს (გავიხსენოთ თუნდაც აშშ-ის ცსს თანამშრომლის - ფრედ ვუდროფის, იტალიელი ჟურნალისტის - ანტონიო როსის და სხვა საიდუმლოებით მოცული მკვლელობა).

დიდი მსტოვრობა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდანვე დაიწყო - იხსნებოდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, საკონსულოები, ფირმების სავაჭრო წარმომადგენლობები ანუ ლეგალური შპიონაჟის ე.წ. სახურავები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, ევროპის წამყვანი ქვეყნების, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საუდის არაბეთის და ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. მათი დაინტერესების ობიექტებია, როგორც საქართველოს, ასევე - ერთმანეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ა.შ. საკითხები.

ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული მუშაობის რა თანამედროვე მეთოდებს იყენებენ უცხოეთის სპეცსამსახურები და რას უპირისპირებენ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები უცხოელ კოლეგებს? როგორაა დაცული მტერ-მოყვარისგან საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებები?

სპეცსამსახურების შესახებ წერა ძალზე რთული საქმეა. ამ სფეროში ძალზე ხშირია დეზინფორმაციის (ანუ კარგად გათვლილი სიცრუის) შეგნებული გავრცელება, რასაც ხშირად მიმართავენ ერთმანეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები.

როგორ გავარჩიოთ სიმართლე "დეზასგან"?

ძვირფასო მკითხველო, ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ბევრი კითხვა დაისვა? დამეთანხმეთ, დროა, რომ ამ და სხვა მრავალ კითხვაზე, რაც სპეცსამსახურებს შეეხება და რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ვნებს, საქართველოს საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღოს. ამ ბლოგის ავტორის მოკრძალებული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ობიექტური ანალიზის საშუალებით ოდნავ მაინც ახადოს საიდუმლოების საბურველი იმ შორეულ ისტორიულ ფაქტებს თუ დღევანდელ მოვლენებს, რომელიც უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

ასე რომ, გაბედულად გავწიოთ სპეცსამსახურების ცხრაკლიტულების დასალაშქრად.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს