საქართველოს პოლიტიკური სისტემის ორი საიდუმლო
საქართველოს პოლიტიკური სისტემის ორი საიდუმლო
ახალი ბლოგის დაწყება რთულია, მით უფრო - სპეცსამსახურების შესახებ წერა. აქ სირთულე სათქმელის სიმრავლეშია და არა - სიმცირეში. მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან რომელი ერთი გამოვყო: საქართველოს სპეცსამსახურების პრობლემები, ლუსტრაციის საკითხი, ირანელი ფიზიკოსის ლიკვიდაცია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ა.შ. თუმცა საქართველოში მიმდინარე "მართვადი ქაოსის" პროცესების შემხედვარე, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემა მაინც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მგონია.

ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა სერიოზულადაა ავად. ამაზე თუნდაც ორ
ასეულზე მეტი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის და ორ ათეულამდე პრეზიდენტობის ამბიციის მქონე პოლიტიკური ლიდერის არსებობა მეტყველებს. ერთი ბეწო ქვეყნისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა!
თუნდაც იმიტომ, რომ რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, სპეცსამსახურისთვის (უპირველესად, უცხო ქვეყნის) უფრო იოლია იქ შეღწევა
და აგენტურული ქსელის შექმნა.

პოლიტიკური პარტიების სიმრავლესა და სიჭრელეს კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა ერთი დასაფიქრებელი გარემოება: რეალურად ვინ დგას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის უკან?
საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში მრავლადაა აგენტურა. საუბედუროდ, არც პოლიტელიტა და აღმასრულებელი ხელისუფლებაა "უცხო თვალისგან" თავისუფალი.

ვისი აგენტურა მოქმედებს დღეს ყველაზე აქტიურად საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში? – სწორედ ესაა პირველი დიდი საიდუმლო, რომლის გარკვევის გარეშე ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.
ხშირად თვით პოლიტელიტამაც არ იცის, საკუთარი მოქმედება-უმოქმედობით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ე.წ. სასარგებლო იდიოტებს ნამდვილად არ უჩივის ჩვენი ქვეყანა და შედეგიც სახეზეა: სამი ათეული წელია, ქვეყანა "მართვადი ქაოსის" რეჟიმში ცხოვრობს.

საქართველოს პოლიტიკური პარტიები შეგზავნილი აგენტურითაა გაძეძგილი. არც პოლიტელიტა და აღმასრულებელი ხელისუფლება განიცდის აგენტურის ნაკლებობას. მოკლედ, ძალზე "მხიარული" ცხოვრებაა.

როცა ქვეყანაში შემოდგომა ძალაში შედის და სოფლად უკვე მოსავლის აღების დროა, პარტიებში მოქმედი აგენტურაც იღებს თავის "მოსავალს". ეს მოსავალი წინასაარჩევნო პერიოდით და არჩევნების შედეგებით ფასდება. თუ კარგად იმუშავეს, სპეცსამსახურების რეზიდენტები, აგენტები და ღრმა დაშიფვრის ოფიცრები სამთავრობო ჯილდოებსა და ვარსკვლავებს მიიღებენ, ხოლო კონფიდენტები, სანდო პირები და ოპერატიული კონტაქტები -  ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს უნდა დასჯერდნენ. მთავარია, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს და რომელიმე "საეტაპო" მნიშვნელობის არჩევნები სპეცსამსახურებმა "ღირსეულად" ჩაატარონ.

ვისი აგენტურა მოქმედებს დღეს საქართველოს პოლიტპარტიებში?
ბევრისთვის გასაკვირად უნდა ვთქვა, რომ პოლიტპარტიებში აგენტურის შეგზავნით დაინტერესებული ბევრი არაა, ესენია:
ა. კონკურენტი პოლიტპარტიები;
ბ. ადგილობრივი სპეცსამსახურები;
გ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.

საქართველოს სინამდვილეში, ლოკალურ დონეზე პოლიტიკური შპიონაჟით კონკურენტი პოლიტპარტიები "ერთობიან". მათ აგენტურას მიზნებიც და შესაძლებლობებიც ლოკალური აქვთ და ბევრიც რომ ეცადონ, ჩვენი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარების გარეშე, ქვეყნის სტრატეგიულ კურსს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან.
მათი ინტერესთა სფეროა: სხვა პარტიების დაფინანსების მოცულობა და წყაროები (განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში); ფარული კავშირი ხელისუფლებასთან და სხვა პარტიებთან; წინასაარჩევნო "პიარის" სტრატეგია და ტაქტიკა; ლიდერების პარტიული და არაფორმალური ურთიერთობები; კომპრომატების შეგროვება პარტიის ლიდერებზე და ა.შ.
გაცილებით სახიფათოა სპეცსამსახურების "აგენტურული თამაშები" პოლიტპარტიებში. საქართველოში დღეს ბევრი ოპერატიული მიზნით შექმნილი პარტიაა. მათგან უმრავლესობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მემკვიდრეობით ერგო დღევანდელ სპეცსამსახურებს. ამ პარტიების მოქმედების დეტალური სცენარები სპეცსამსახურებში რომ იწერება, დღესავით ნათელია, მაგრამ საკითხავია - რომელი ქვეყნის? დღეს საკმაოდ რთულია იმის გარკვევა, თუ ვისი კონტროლით მოქმედებენ ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის მიერ შექმნილი ან, თუნდაც, ახლად წამოჩიტული "ნორჩი" პარტიები. ეს საქართველოს სპეცსამსახურების პირდაპირი მოვალეობაა და სულაც არ ვაპირებ, მათ უმაღლეს ხელისუფლებასთან თავის გამოჩენის საშუალება წავართვა.

პარტიებში აგენტურის შეგზავნის მიზნები, ორგანიზაცია, მეთოდები, ოპერატიული მუშაობის ხერხები, კავშირის საშუალებები და ა.შ. ყველა სპეცსამსახურისთვის, ძირითადად, საერთოა. განსხვავებულია მხოლოდ ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის რეალიზაციის მიმართულებები.
საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურებს კანონით ეკრძალებათ ქვეყნის შიდაპარტიულ ორომტრიალში მონაწილეობა. ასევე, ეკრძალებათ აგენტურის მეშვეობით ოპოზიცის მარტივ მამრავლებად დაშლა და ერთმანეთზე "ლამაზად" წაკიდება, რადგანაც "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით აკრძალულია ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში.

ეს რაც ეკრძალებათ. მათი მოვალეობა კი ისაა, რომ გამოავლინონ და აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული შეღწევა პარტიებსა და პოლიტელიტაში; საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში; აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის აგენტურულ-ოპერატიული მუშაობა გაცილებით იოლია, რადგანაც მათ არც კანონი აწუხებთ და ჯერჯერობით არც ქართული სპეცსამსახურების კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისა ეშინიათ.
დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ამბროსი
14 დეკემბერი 2020 22:00
ბესო, გილოცავ ბლოგის გახნას! ერთგულ მიითხველად მიგულე
გოგია ვარ,მეთუთუნე
05 დეკემბერი 2020 18:22
ბესიკი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები