"აგერ ფული, ბაბა! ბევრი ფული ბაბა..." - კვირის პალიტრა

"აგერ ფული, ბაბა! ბევრი ფული ბაბა..."

ქართული ლიტერატურის კლასიკიდან მოხმობილი ეს ცნობილი ფრაზა, როგორც ვიცით, კიკუს ეკუთვნის. დღეს საქართველოში "პოლიტიკური კიკუები" მომრავლდნენ - ისინი, ვინაც არ დაგიდევთ, ფული საიდან მოდის, მთავარია, რომ იყოს.

საქართველოს პოლიტიკური სისტემის მეორე დიდი საიდუმლო, რომელიც ცხრაკლიტულშია ჩაკეტილი და "ცხრათავიანი დევი" სდარაჯობს, სწორედ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხია. ვიცით კი, ვინ აფინანსებს მათ?

სამწუხაროდ, დღემდე ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სინამდვილეში ვისი ფულით და რა მოცულობის თანხებით ფინანსდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, იმიტომ, რომ "ქეში" ფული ტრიალებს ყველგან. უნდა ვაღიაროთ, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლიტიკური მოღვაწეობის და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ხელოვნურად "დაბინდული" და სპეციალურად გაუმჭვირვალე პროცესი დამახასიათებელია, როგორც სახელისუფლებო, ასევე - ოპოზიციური პარტიებისთვის.

ფულს სუნი არა აქვს, განსაკუთრებით - პოლიტიკაში, მით უფრო არჩევნებისწინა პერიოდში. სავსებით შესაძლებელია, საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამის ამგვარი პერიფრაზირება მოვახდინოთ - "მითხარი ვინ გაფინანსებს და გეტყვი ვის ინტერესებს ემსახურები".

პოლიტიკური პარტიებისა და მიტინგების თუ სხვა საპროტესტო აქციების დაფინანსების საკითხები საპარლამენტო არჩევნების დღეებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. ზოგი ევროპისკენ იყურება, ზოგი ამერიკისკენ, ზოგიც ფარულად რუსეთისკენ იმზირება. ეს თემა ყოველთვის დაფარული იყო და ამიტომაც დიდ ინტერესს იწვევდა. ვინ ვის აფინანსებს?

ერთი კია,  თავი არავინ მოიტყუოს - ამ დროს ნებისმიერი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე წუხს. ანდაზა - "ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო" ყველაზე კარგად გვიჩვენებს რეალურ სურათს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამ პროცესს სპეცსამსახურები კურირებენ.

საქართველოში ესკიმოსების ეროვნული ინტერესები და მათი სპეცსამსახურების ფარული მოქმედებები ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ორი ძირითადი მოთამაშეა - აშშ და რუსეთი. მათი ინტერესებიც კარგადაა ცნობილი. ისინი ცდილობენ იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭირონ მხარი, რომელიც მათი ინტერესების რეალიზაციას შეუწყობს ხელს. რუსეთის უგუნურ-უსუსური პოლიტიკის შედეგია, რომ ის საქართველოში ყველასთვის "ბუაა", რომლითაც ბავშვებს აშინებენ. შესაძლოა, ძალზე საკამათო რამეს ვწერ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რუსეთს შორსმჭვრეტელი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა ან ამჟამად ჰყავდეს, ერეკლე II-ის "საგარეო ალტერნატივებში" ევროპასთან ერთად რუსეთი დღესაც დარჩებოდა. ანუ პროამერიკულ და პროევროპულ პოლიტიკურ კურსთან ერთად სავსებით ლოგიკური იქნებოდა პრორუსული კურსის არსებობაც.

ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის კანცლერი ალექსანდრე გორჩაკოვი აღიარებდა, - რუსეთისთვის ტერიტორიების გაფართოება მისი სისუსტის გაფართოების ტოლფასიაო. თუმცა ამას არანაირად არ შეუცვლია რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელიგენციის თუ - უბრალო "მუშა-მუჟიკი", ყველა მიიჩნევს, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობის (მათი აზრით, "ნებაყოფლობითი შემოერთების") შედეგად მათ "მისიონერული გმირობა" ჩაიდინეს: ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინეს და "კულტურა შეიტანეს" აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ხალხებში, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერებში. ამგვარი მიდგომის მთელი ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ერებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი კულტურული, რელიგიური და, საერთოდ, სახელმწიფოებრივი ისტორია ჰქონდათ, ვიდრე - შედარებით ახალგაზრდა რუს ერს.

რუსეთის "დემოკრატის" - ბორის ელცინის ხელისუფლებამ უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა 1992 წლის სექტემბერში დაუშვა, როდესაც რუსი გენერლების ზეგავლენით საქართველოში სეპარატისტული რეჟიმების შექმნა და გაძლიერება დაიწყო. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებას არასდროს უცდია, ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი ეროვნული ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენთვისაც ყურადღებით მოესმინა. რუსეთში ნამდვილი დემოკრატები თითქმის არ არსებობენ, ან თუ არსებობენ, ძალზე უმნიშვნელო გავლენას ახდენენ მოვლენებზე. თუ რუსი "პატრიოტები" საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის აღდგენაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ე.წ. "დემოკრატები" იმავე აზრს გულში ინახავენ.

თუ ჟირინოვსკი და მისნაირი მარგინალი პოლიტიკოსები კრემლის ყველაზე იმპერიალისტურ მისწრაფებებს ახმოვანებენ და სამხედრო ძალით ემუქრებიან საქართველოს, ჩუბაისი და "ძმანი მისნი" (მათ შორის, ალექსეი ნავალნიც) უფრო ფარულად მოქმედებენ და ცდილობენ, "ჰიბრიდული ომის" მეთოდებით - "რბილი ძალის" გამოყენებითა და "ეკონომიკური ექსპანსიით" (უპირველესად კი, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებითა და გაკონტროლებით) მიაღწიონ იმავე მიზანს. რუსი "ველიკოდერჟავნიკები" არასდროს მალავდნენ ანტიქართულ განწყობილებას, ხოლო რუსეთის ინტელეგენციის ის ნაწილი, რომელიც ვითომდა კეთილგანწყობილია ქართველების მიმართ, მხოლოდ სასმელის გარკვეული დოზის მიღების შემდეგ ამჟღავნებენ თავის დაფარულ აზრებს და უკვე გულგახსნილნი, ხმისჩახლეჩვამდე უმტკიცებენ "ძმადნაფიც" მიამიტ ქართველებს გონებაში ღრმად ჩაბეჭდილს - "ჩვენ რომ არა, თქვენ არ იარსებებდით!".

ასე რომ, სადღეისოდ არავითარი "ორი რუსეთი" - კეთილი და ბოროტი, არ არსებობს და დროა, ჩვენმა პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ თავისა და ხალხის მოტყუებას.

უახლოესი წლების განმავლობაში რუსეთისგან არ უნდა მოველოდეთ საქართველოს მიმართ აშკარა თუ ფარული ძალისმიერი პოლიტიკის შეცვლას, რამეთუ რუსეთში ამჟამად არ ჩანან პოლიტიკური ძალები, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში უარს იტყოდა იმპერიულ პოლიტიკაზე.

რუსეთის ხელისუფლება დღესაც ცდილობს, საწადელს ფარული გზებითა და "ბიზანტიური" პოლიტიკით მიაღწიოს. ამიტომაც უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი "პოლიტიკური კამიკაძე" უნდა იყოს,  "პრორუსული" კურსის მხარდაჭერა ღიად რომ განაცხადოს. ამიტომაც არ ჰყავს ამ ქვეყანას საქართველოში, ყოფილ "სოციალისტურ ბანაკში" და თვით სლავურ სამყაროშიც ლეგალური პოლიტიკური დასაყრდენი და კვლავ აგენტურული გზებით მოქმედებს. რუსეთის სპეცსამსახურები ცდას არ აკლებენ, რომ საქართველოს პოლიტპარტიებსა და სახელისუფლებო ელიტაში მყარი პოზიციები ჰქონდეთ. . .  დანარჩენზე შემდეგ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს