ვინ გაიმარჯვებს კოვიდვაქცინების ფარულ ომში? - კვირის პალიტრა

ვინ გაიმარჯვებს კოვიდვაქცინების ფარულ ომში?

10 დეკემბერს ევროპის წამლების რეგულატორ ორგანიზაციაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა ამერიკული კომპანია Pfizer Inc-ისა და მისი გერმანელი პარტნიორი BioNtech SE-ის მიერ ევროპაში სარეგისტრაციოდ წარდგენილი "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოკუმენტები მოიპოვეს. ეს იყო სრულიად კონფიდენციალური მონაცემები ვაქცინის მოქმედების მექანიზმის, მისი ეფექტიანობის და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ბუნებრივია ამ კიბერთავდასხმის უკან კონკრეტული სახელმწიფოების სპეცსამსახურები დგანან, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე პერსპექტიული კოვიდვაქცინის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.

საინტერესოა, რომელი ქვეყანა "ცუღლუტობს"? კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სტრატეგიული რესურსი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ყველა ქვეყანა ცდილობდა, იცვლებოდა. ერთხანს ეს იყო აბრეშუმი, მერე - დენთი. ორივეს "საავტორო უფლებები" ჩინეთს ჰქონდა და ყველანაირად იცავდა, რომ არ გასულიყო ქვეყნიდან. ლეგენდაც კი არსებობს, თუ როგორ გამოიტანეს ბრიტანელებმა ჩინეთიდან აბრეშუმის ჭია ხელჯოხით. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: მსოფლიოში სამოცდაათ მილიონამდე კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი, ხოლო ორ მილიონამდე - გარდაცვლილია. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი სიკვდილიანობა სხვა არც ერთ დაავადებას არ გამოუწვევია. ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში "კოვიდ-19"-ის პანდემიის პირობებში ყველაზე ფასეული რესურსი გახდა და, ალბათ, მომავალშიც იქნება, "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მედიკამენტი.

დღეს მსოფლიოში დიდი ღია და ფარული დაპირისპირებაა. ფაქტია, რომ ის ქვეყანა, რომელიც შეძლებს მაღალეფექტიანი კოვიდვაქცინისა და მედიკამენტის შექმნას და სერიულ წარმოებას, არა მარტო მატერიალურ მოგებას მიიღებს, არამედ - მიაღწევს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წარმატებასაც. შევხედოთ ნიუ-იორკის, ტოკიოს ან ლონდონის საფონდო ბირჟების ინდექსებს, რომელი კომპანიების აქციები იწევს მაღლა? ესაა, უპირველესად, ფარმაცევტული, კერძოდ კი, იმ კომპანიების აქციები, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მიაღწია წარმატებებს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში. ბუნებრივია, ვაქცინის და მედიკამენტის შექმნას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება: ინტელექტუალური, ტექნოლოგიური და ფინანსური. ამიტომაც ის ქვეყნები ლიდერობენ, რომელსაც ფარმაცევტული ბიზნესის ტრადიცია და იქ მაღალ დონეზე განვითარებული სამეცნიერო კვლევები აქვს.

ამ მხრივ, ლიდერები არიან შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. ჩინეთი ბოლო დრომდე რატომღაც დუმდა. გამორიცხული არ არის, უფრთხოდა კიდეც, რომ, თუ ვაქცინის შექმნის შესახებ სწრაფ განცხადებას გააკეთებდა, შესაძლოა, ვირუსის საგანგებოდ შექმნის ვერსიაში დაედოთ ბრალი (ხშირად ხომ ჯერ ვირუსი იქმნება, რათა შემდეგ ანტივირუსი გასაღდეს, თუნდაც "კასპერსკი" გავიხსენოთ, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა). ოთხი თვის წინ, აგვისტოში მსოფლიოს სენსაციის ავტორი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა მსოფლიოში პირველმა შექმნა და დაარეგისტრირა "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა "Спутник V" , რომლის ეფქტიანობა 90-95 %-ით განისაზღვრებაო. ამ განცხადებამ ქართული ანდაზა: "კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო", - გამახსენა.

რუსეთსაც უნდა, რომ მარაქაში გაერიოს და თავი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე განვითარებულმა სახელმწიფომ წარმოაჩინოს. საინტერესოა, სად და როგორ შეიქმნა "Спутник V" და რამდენად საიმედოა ის? ოფიციალური რუსული ვერსიით, ამ ვაქცინის ერთ-ერთი (თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი) ავტორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს #48 ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ანუ "სამხედრო ნაწილი 44026"-ია, რომელიც მდებარეობს რუსეთის ე.წ. "დახურულ ქალაქ" სერგიევ-პასად-6-ში. რა ვიცით ამ საიდუმლო ინსტიტუტის შესახებ? ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში, როდესაც "კოვიდ 19"-ის ხსენებაც არ იყო (ეჰ, რა დრო ყოფილა და არ ვიცოდით, წინ რა გველოდა!), აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს "ინსტიტუტი", როგორც ათწლეულების მანძილზე ბიოლოგიური იარაღის შექმნის საკითხებზე მომუშავე დაწესებულება, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. რუსული ვაქცინის ისტორიაში "პირველი ვიოლინო" თავდაცვის სამინისტრო, და, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო დაზვერვაა. 11 დეკემბერს ეს სამინისტრო უკვე ღიად ჩაერთო პროცესებში, როდესაც ამ უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომის საშუალებით ცდილობს "Спутник V"-ის დისკრედიტირებას. სინამდვილეში კი, როგორაა საქმე?

დამოუკიდებელ უცხოელ მეცნიერებსა და ექსპერტებს "Спутник V"-ის ეფქტიანობაში ეჭვი იმის გამო შეაქვთ, რომ ამ ვაქცინამ კლინიკური გამოკვლევების სულ ორი ფაზა გაიარა და რეგისტრაციამდე მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანზე ჩატარდა დაკვირვება. ამის გამოა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაც სკეპტიკურად უყურებს რუსული ვაქცინის ხარისხს და ჯერჯერობით რეკომენდაციას არ აძლევს. მიუხედავად სერიოზული პრეტენზიებისა, რუსეთი უკვე ცდილობს, გეოპოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს თავისი "პირველობა" და სხვადასხვა (ძირითადად აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის) ქვეყნებს "Спутник V" მილონობით დოზას სთავაზობს. სთავაზობს, თუმცა ვაქცინის არც დიდი რაოდენობით წარმოების სიმძლავრეები აქვთ, არც ფინანსები და არც მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები. ამჟამად ვაქცინების "ომში" ამგვარი მდგომარეობაა: აშკარა ლიდერია ამერიკული კომპანია Pfizer Inc და მისი გერმანელი პარტნიორი BioNtech SE (ეფექტიანობა 95% ზე მეტი), შემდეგ რუსული "Спутник V" მოდის (დაახლოებით 90-95 %), მასთან ახლოსაა ჩინური სახელმწიფო კომპანია "სინოფარმი" (დაახლოებით 90 %), ბრიტანული Astrazeneca-ს შედეგი დაახლოებით 70 %-ია.

ბუნებრივია, გარდა ამ ჩამონათვალისა, სხვა კომპანიებიც მუშაობენ ვაქცინისა და პრეპარატის შექმნაზე. ბოლო დღეებში ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელებმა რუსეთთან გადაწვიტეს ერთობლივი კლინიკური კვლევების წარმოება, რათა საკუთარი ვაქცინისა და "Спутник V"-ის კომბინაციით გაზარდონ თავისი ვაქცინის ეფექტიანობა. მე კი მგონია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მათ აქეთ დასცინცლავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას. შევეცდები ავხსნა.

თუ ქვეყანას საკმარისი ტექნოლოგიური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები არ გააჩნია, იგი ცდილობს, სპეცსამსახურების საშუალებით მოიპოვოს სრული ინფორმაცია ამ ვაქცინისა და მედიკამენტის შესახებ. ტოტალიტარული ქვეყნები აქცენტს ყოველთვის ტექნოლოგიებისა და საცდელი ნიმუშების მოპარვაზე აკეთებენ. იაპონიისგან განსხვავებით, რომელიც ყიდულობდა პატენტებს, სრულყოფდა მათ და ახალ პროდუქციას უშვებდა, ჩინეთი და რუსეთი, ძირითადად, ტექნოლოგიებს იპარავდნენ და დღესაც წარმატებით აგრძელებენ სამეცნიერო-ტექნიკურ ჯაშუშობას. ჩინეთის "ეკონომიკური სასწაულის" ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ეკონომიკური შპიონაჟი ამ ქვეყანაში თითქმის ხელოვნების დონეზეა აყვანილი. არსებული ინფორმაციით, ჩინეთში გახსნილია სპეციალური კოლეჯი, სადაც მომავალ "სამრეწველო ჯაშუშებს" ამზადებენ. შემდეგ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით, მათ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იაპონიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აგზავნიან "პრაქტიკის გასავლელად" და არც ისინი ირცხვენენ თავს.

საყოველთაოდ ცნობილი გახდა ფაქტი, როცა ერთ-ერთ ფრანგულ ფოტოფირების მწარმოებელ ფირმაში ექსკურსიისას, ჩინელი სტუდენტები ჰალსტუხის წვერს ქიმიურ რეაქტივებში, ვითომდა, შემთხვევით ასველებდნენ, რათა შემდეგ მისი ქიმიური შემადგენლობა დაედგინათ. დღის განმავლობაში ჰალსტუხების ცვლამ ბოლოს დააეჭვა ფრანგი მასპინძლები და ყველაფერი ნათელი გახდა. შესაძლოა, სწორედ ეს მაგალითი გაიხსენეს აშშ-ში, როდესაც სამი თვის წინ ათასზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს, რომლებიც ამერიკაში სწავლობდნენ, ვიზები გაუუქმეს. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინელ სტუდენტებს და ასპირანტებს ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი. ასევეა მეორე შემთხვევაც: როდესაც საბჭოთა კავშირის მეხოტბეები მის მიღწევებზე ლაპარაკობენ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ იმ ქვეყანას, ავტომობილით დაწყებული და ატომური ბომბით დამთავრებული, თავისი შექმნილი თითქმის არაფერი ჰქონდა. ყველაფერი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო მოპარული სხვა ქვეყნებიდან. რუსეთი რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა, ამას მტკიცება სჭირდება? ისიც წარმატებით აგრძელებს ტრადიციებს. ნუთუ, ბრიტანულ კომპანიას იმედი აქვს, რომ რუსები თავის კონკურენტს დაეხმარებიან და საიდუმლოს გაუმხელენ? სწორედ ამაზე იტყვიან, "ნეტარ არიან მორწმუნენიო".

ასე რომ, კოვიდვაქცინების ფრონტზე ბრძოლები გრძელდება! ამ ვითარებაში ძალზე ბუნდოვანია პატარა ქვეყნებში ვაქცინის შეტანის პერსპექტივები. თავი არ უნდა მოვიტყუოთ: ვაქცინის წარმოების სიმძლავრეების დეფიციტის პირობებში, ყველა კომპანია ჯერ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე იზრუნებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს