ამას სიკვდილი, ამას გადარჩენა - ვინ შეეწირა პუტინის შურისძიებას? - კვირის პალიტრა

ამას სიკვდილი, ამას გადარჩენა - ვინ შეეწირა პუტინის შურისძიებას?

რამდენიმე დღის წინ მასმედიასთან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისთვის ჩვეული ორაზროვნებით განაცხადა, - "ბერლინელი პაციენტის" მოკვლა რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდითო. რუსეთის ხელისუფლება კორუფციასთან მებრძოლი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გვარს, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ახსენებს და დამცინავად ნათლავს - "ბერლინელ პაციენტად", "რუს ბლოგერად", "ამ ფიგურანტად", "ერთ-ერთ მოქალაქედ" და ა.შ. აი, აქ კი ნამდვილად არ ტყუის რუსეთის მმართველი! უკვე ორი ათწლეულია, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ოპონენტების და მისთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილების ყველა ხერხი მისაღებია, რასაც "წარმატებით" ასრულებენ.

მოდი, ერთად გავიხსენოთ ისინი, ვისი ლიკვიდაციის საქმეც ბოლომდე მიიყვანა რუსეთის ხელისუფლებამ. ცოტა შორიდან დავიწყებ. პოლიტიკური მკვლელობისა და ტერაქტების ორგანიზების მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის ლიდერები იყვნენ და "ნოვატორული" იდეებით გამოირჩეოდნენ. რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და "წითელი ტერორის" დამაარსებლის - ფელიქს ძერჟინსკის აჩრდილზე ლოცულობს, "წარმატებით" აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იანი წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა. მაშინ დახურულ რეჟიმში იღებდნენ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტის და გაქცეული კა-გე-ბეს ან გე-ერ-უს თანამშრომლის ლიკვიდაციის საიდუმლო გადაწყვეტილებას. ასეთი იყო: კონოვალეცის, ტროცკის, კრივიცკის, მიხოელსის, ბანდერას, რებეტის, მარკოვის და სხვა გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები.

ეს, რაც ცნობილია, ხოლო რამდენი ლიკვიდაცია "უბედური შემთხვევით" ან "თვითმკვლელობითაა" შენიღბული, ამას რა მოთვლის! ოცდაათი-ორმოცი წლის წინ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი სასიკვდილო განაჩენი (მაგ. საზღვარგარეთ გაქცეული საბჭოთა მზვერავების: რეზუნ-სუვოროვის და გორდიევსკის მიმართ) ახლაც შეუსრულებელია და რუსეთის ხელისუფლებისთვის დღესაც ძალაშია. არაა გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურები მზად არიან და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან. მანამდე კი "შინაური მტრები" ჰყავთ მისახედი.

ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მკვლელობები რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კი, "პოლიტიკურმა გენოციდმა" განსაკუთრებით დაუნდობელი სახე მიიღო და თითო-ოროლა, შემორჩენილი საღად მოაზროვნე, ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც თავის შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის საშიში ტენდენცია, რაც 2000 წლიდან რუსეთში შეიმჩნევა. კერძოდ კი, პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" და პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ან ყველაზე რეალური კონკურენტები, საიდუმლო და ძალზე უცნაურ ვითარებში იღუპებიან.

"პოლიტიკური გენოციდის" მცირე ქრონიკა

2000 წლის 9 მარტს ავიაკატასროფაში დაიღუპა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, გაზეთ "სოვერშენო სეკრეტნოს" მთავარი რედაქტორი არტიომ ბოროვიკი. ერთ-ერთი ვერსიით იგი იკვლევდა ახლად "დანიშნულ-არჩეული" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის დეტალებს, კერძოდ კი, მისი ბავშვობის ისტორიას; თვითმფრინავ "იაკ-40"-მა მოსკოვში, აეროდრომ "შერემეტიევო-1"-დან აფრენისას განიცადა კატასტროფა და ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა; ა. ბოროვიკი კიევში მიფრინავდა, სადაც, სავარაუდოდ, მისთვის საქართველოში გადაღებული პუტინის ბავშვობის ფოტოები უნდა გადაეცათ; 2000 წლის 16 ოქტომბერს თბილისთან ახლოს, გომბორის გზის პირას, მოკლული იპოვეს იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ აგროვებდა მასალებს; 2002 წლის 28 აპრილს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი, გენერალი ალექსანდრე ლებედი. იგი რუსეთში სარეზიდენტო არჩევნებში პუტინის ყველაზე რეალური კონკურენტი იყო; 2002 წლის 21 აგვისტოს დილის ცხრა საათზე, საკუთარი სახლის წინ მაყუჩიანი "ტტ"-თი მოკლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია "ლიბერალური რუსეთის" თანათავმჯდომარე ვლადიმერ გოლოვლიოვი; 2003 წლის 17 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოს წინ მაყუჩიანი "მაკაროვით" მოკლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პარტია "ლიბერალური რუსეთის" დამაარსებელი, საბჭოთა არმიის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი იუშჩენკოვი; სამი თვის შემდეგ, 2003 წლის 3 ივლისს, მოსკოვში ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა კიდევ ერთი საღად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი. მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად ინსულტი დასახელდა. იგი იყო რუსეთის იმპერიული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და უშიშარი კრიტიკოსი, რომელიც პუტინის პრეზიდენტობის პერიოდშიც აგრძელებდა სადეპუტატო და ჟურნალისტურ გამოძიებებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2003 წლის 19 ივლისს იური შჩეკოჩიხინი ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან შესახვედრად, რომელთაც მისთვის საიდუმლო დოკუმენტები უნდა გადაეცათ. რუსი ლიბერალი პოლიტიკოსის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად რადიოაქტიური ნივთიერება დიოქსინით ან მძიმე ლითონებით (ტალიით) მოწამვლა დასახელდა. 2003 წლის 23 ივნისს ის მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შჩეკოჩიხინს თანდათან გაუჩერდა ფილტვები, გაეთიშა თირკმელები და ათ დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმპტომები ძალზე წააგავდა რამდენიმე წლით ადრე ბანკირ ივანე კიველიდის "ნოვიჩოკით" მოწამვლის სიმპტომებს;

2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტში მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც პუტინის კრიტიკით ყოველთვის გამოირჩეოდა. ამ მკვლელობის ორგანიზებისა და შესრულების ბრალდებით რამდენიმე ჩეჩენი ეროვნების პირი გრძელვადიან სასჯელს იხდის. საინტერესოა, რომ 7 ოქტომბერი პუტინის დაბადების დღეა. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ორგანიზებული იყო და დაუღალავი ოპონენტის თავიდან მოცილებით მან ერთგვარი "საჩუქარი" მიუძღვნა "საყვარელ პრეზიდენტს";

2009 წლის 15 ივლისს გროზნოში მოიტაცეს და მოკლეს ცნობილი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა; 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. მის მკვლელობაში მსჯავრდებულებიც ჩეჩენი ეროვნების ყოფილი "ბოევიკები" არიან, რომლებიც წლების განმავლობაში რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფება "სევერში" ირიცხებოდნენ. ეს რომ უბრალო დამთხვევა არაა, მგონი, ყველასთვის ცხადია. რამზან კადიროვი პუტინის ყველა სურვილის "გამომცნობი" და შემსრულებელია. ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტმა იგი "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.

ბორის ნემცოვის მკვლელობის შემკვეთები და ორგანიზატორები რუსეთის სპეცსამსახურებს არც უძებნიათ და მხოლოდ სავარაუდო შემსრულებლები დააკავეს. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ეს მკვლელობა "აღიაროს" კიდეც, შემდეგ კი იგი ციხეში გარდაცვლილი იპოვონ. ეს რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა. პუტინმა არ დაივიწყა ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილიც, შემდეგ რუსეთის სათათბიროს დეპუტატად მოვლენილი (?!), ანდრეი ლუგოვოიც, რომელმაც "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" მეორე ხარისხის ორდენი მიიღო. პირდაპირი მინიშნებაა: ორი "მოღალატის" მოცილება და ორი ორდენი! რუსეთის პრეზიდენტი ცინიკური მინიშნებებით ამას არც მალავს!

ვინ იქნება "პოლიტიკური გენოციდის" შემდეგი სამიზნე? - ეს კითხვა რუსულ მასმედიაში ძალზე აქტუალურია. ვის სიკვდილი და ვის - გადარჩენა? საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, ერთი კაცი იღებს.

პ.ს. რუსეთის ხელისუფლების მიერ "არასასურველი პირების" საზღვარგარეთ ლიკვიდაციის მრავალი ფაქტი კი ცალკე საუბრის თემაა, რომელსაც შემდეგ დავუბრუნდებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს