სამი დალიე - შეგერგება: როგორ სწავლობდნენ ებრაელი მზვერავები სმას და როგორი იყო ბანკეტის გამართვის "საიდუმლო პროცედურები" კა-გე-ბეში
სამი დალიე - შეგერგება: როგორ სწავლობდნენ ებრაელი მზვერავები სმას  და როგორი იყო ბანკეტის გამართვის "საიდუმლო პროცედურები" კა-გე-ბეში
საახალწლო დღეები მოდის, კოვიდპანდემიის გამო, ალბათ, განწყობა ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო, თუმცა მრავალ ოჯახში გაიშლება მოკრძალებული სუფრა. ამიტომ დღეს შედარებით "მსუბუქი", მაგრამ ძალზე "აქტუალური" თემა მინდა, ჩვენს მკითხველს შევთავაზო.

სპეცსამსახურების თანამშრომლები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არაა. სპეცსამსახურის ოპერატიული მუშაობა მთლიანად საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაზეა აგებული და ამ დროს, როგორც ამბობენ: "მიზანი ამართლებს საშუალებას". ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დიპლომატიური მიღება ან "მეგობრული"
სუფრაა. ამიტომ ოპერატიული თანამშრომლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ალკოჰოლის სმის შემდეგ ფხიზელი გონება შეინარჩუნოს, ინფორმაცია მიიღოს და - არ გასცეს. გარდა ამისა, მეორე დილას შეხვედრის შესახებ ცნობაა სასწრაფოდ დასაწერი, არ გინდა ამის გაკეთება ნაბახუსევზე, როდესაც თავი გისკდება?

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის მთავარია, რომ სხვა დაათროს, თვითონ კი ფხიზელი
დარჩეს. მაგრამ აქ ტრივიალური ფანდები - სასმელის ჭიქაში დატოვება ან "ბორჯომით" გაზავება არ გამოდგება. ამიტომაც "ჯეიმს ბონდები" და "შტირლიცები" იძულებულები არიან, არ დააეჭვონ ოპერატიული დამუშავების ობიექტი და თავადაც არ ჩამორჩნენ სმაში. ამ დროს კი ფხიზელი მდგომარეობის და ნათელი გონების შენარჩუნება ყოველთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით - სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დიპლომატიური მიღებების დროს, სადაც "დიპლომატის" საფარქვეშ მოქმედი მზვერავები "სანადიროდ გადიან".

როგორ უნდა გაანეიტრალო ალკოჰოლის მოქმედება ისე, რომ დალიო, მაგრამ არ დათვრე ან მეორე დილას, ნაბახუსევზე "სიცოცხლისუნარიანობა" შეინარჩუნო? გამოსავლის ძიება ამგვარი "ჭრელო პეპელას" მდგომარეობიდან, ალბათ, იმ დროიდან დაიწყო, რა დროიდანაც შპიონაჟის ისტორია იწყება. ეს რომ ყოველთვის დიდი პრობლემა იყო, რეალური ფაქტების გაცნობით დავრწმუნდებით.

გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში (მაშინ ახლად შექმნილი, მომავალში კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახური) ისრაელის საგარეო დაზვერვა ("მოსადი") საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უცხოეთში არალეგალურად გაგზავნილმა ებრაელმა მზვერავებმა არ იცოდნენ... ალკოჰოლის სმა. ისინი სწრაფად თვრებოდნენ და პირველსავე შემხვედრს გულს უხსნიდნენ ან საიდუმლო დოკუმენტებს კარგავდნენ. ისრაელის დაზვერვის სუსტი წერტილი მალევე შეიტყო მტერ-მოყვარემ და იყო ერთი შეჯიბრი საბჭოთა და ამერიკის მზვერავებს შორის - პირველი ვინ დაათრობდა "დავითის შთამომავლებს".

"მოსადის" ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის გადაწყვეტის საინტერესო გზას მიაგნო. მათ 18-თვიანი მოსამზადებელი კურსები გახსნეს, სადაც ახალგაზრდა მზვერავებს ასწავლიდნენ სასმელის დეგუსტაციას და სასმელის შესაბამისი ისეთი კერძის შერჩევას, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედებას გაანეიტრალებდა. სასწავლო კურსების დამთავრების შემდეგ სპეციალური ბანკეტი-გამოცდა ეწყობოდა, სადაც ახალგაზრდა მზვერავების სმისა და ზარხოშის პროცესს ხელმძღვანელობა დიდი გულისყურით აკვირდებოდა. ალკოჰოლის ზომაზე მეტად მიღების გამო არა ერთხელ გაებნენ სკანდალში აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2015 წლის 4 მარტს მოხდა, როდესაც ამ ქვეყნის ყველაზე ძველი სპეცსამსახურის - "აშშ-ის საიდუმლო სამსახურის" (რომელსაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების: პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტის, ასევე - ყოფილი პრეზიდენტებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვა ევალებათ) ორი, ზომაზე მეტად ნასვამი თანამშრომელი პრეზიდენტ ობამას პირადი დაცვიდან, სამსახურებრივი ავტომობილით... "თეთრი სახლის" ღობეს შეეჯახა და პოლიციამ დააკავა.

ბანკეტის გამართვის "საიდუმლო პროცედურები" კა-გე-ბეში
საბჭოთა იმპერიის საიდუმლო პოლიცია - კა-გე-ბე ისეთივე ფარისევლური და "საბჭოთა ზნეობის დამცველი" ორგანიზაცია იყო, როგორიც მთელი "კომუნისტური სისტემა". საქართველოში ლეგენდები დადიოდა ალექსი ინაურის სიმკაცრეზე, მის "კომუნისტურ თავმდაბლობასა" და "მოუსყიდველობაზე". მას მართლაც ბევრი თანამშრომელი გაუთავისუფლებია რესტორანში ქეიფის, "კომუნისტისთვის აუცილებელი ქცევის ნორმების დარღვევის", "ქალებისკენ გახედვის" და სხვა ამგვარი რეალური თუ მოგონილი მიზეზების გამო. თუმცა ყველა ამ "ამაღლებული კომუნისტური" თვალთმაქცობის მიღმა სულ სხვა ინტერესები იდო: იგი ყველგან კონკურენტებს ეძებდა. ალექსი ინაურის ხელქვეითებთან (ზოგი წლების განმავლობაში მისი მოადგილე იყო) პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ ის დესპოტური სტილის ხელმძღვანელი იყო და სხვა აზრს, მით უფრო - ოდნავ შეკამათებას, ვერ იტანდა. განსაკუთრებით უყვარდა ჭორების მოსმენა და საოცრად მალე იჯერებდა დასმენებს. სწორედ ამის შემდეგ იწყებოდა კომპრომატების ძებნა ამ თანამშრომელზე და მისი ბედი გადაწყვეტილი იყო - უკეთეს შემთხვევაში - "ოდეერობა", ცუდ ვარიანტში კი - ავღანეთში მივლინება, ხოლო კიდევ უფრო ცუდ ვარიანტში - პენსია. ალექსი ინაურის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტებს შემდეგ გაგაცნობთ.

კა-გე-ბეს თანაშრომლებისთვის ფაქტობრივად იკრძალებოდა არასამსახურებრივი კონტაქტები: ჩვეულებრივი მეგობრობა, ადამიანური გრძნობებისა და ურთიერთობების გამომჟღავნება უფროსობის დაეჭვებას იწვევდა. არსად არასდროს არავის ბოლომდე არ ენდო - ასე მოძღვრავდნენ მომავალ თანამშრომლებს. უნდობლობის ჩანერგვა ყველასადმი - აი, რა იყო მათი მიზანი.

ხშირად, როცა რამე მოვლენის აღნიშვნისა და ბანკეტის მოწყობის მიზეზი არსებობდა: სამხედრო წოდების მინიჭება (მით უმეტეს - ვადამდელი), მთავრობის ჯილდო, დაწინაურება, საზღვარგარეთ მივლინებაში გამგზავრება ან დაბრუნება და ა.შ. საკავშირო თუ რესპუბლიკური უშიშროების კომიტეტის ყველა დონის უფროსობა ამგვარი აღნიშვნების სასტიკად "წინააღმდეგი" იყო - ფორმალურად, თუმცა, იმავე დროს, ვინც ქვეშიდან გამოძვრებოდა და ბანკეტს არ იკისრებდა, წუწურაქის და "ჟმოტის" სახელი უკვე გამოწერილი ჰქონდა. თანაც უფროსობის გარეშე გაფაფხურებაც "დასჯადი" ქცევა იყო. ამიტომ საწყალი პეპელას მსგავსად, არც კა-გე-ბეს ოფიცერმა იცოდა, "გაფრენილიყო თუ მოფრენილიყო". უმრავლეს შემთხვევაში, დიდი ფიქრის შემდეგ, ბანკეტის გამართვის გადაწყვეტილება მიღებული იყო. მოწვეულთა სია ბევრჯერ იცხრილებოდა: ეს კაცი ფავორში აღარ არის და ეშმაკებთანაც წასულაო, იმას კი ამ დილას, თათბირზე, უფროსმა ცუდად შეხედა და ისიც შორს ჩვენგანო და ა.შ. ნამდვილი მეგობრობა ამ სისტემაში ყველაზე დიდ დოყლაპიობად იყო მიჩნეული (დღესაც, სამწუხაროდ ასეა).

რესტორნის შერჩევაც დიდი რისკი იყო. ის პრესტიჟულიც უნდა ყოფილიყო და - შეუმჩნეველიც. რაც მთავარია, "პლუსიანი" (ანუ უცხოელებისთვის განკუთვნილი ფარული მოსმენისა და ვიდეოგადაღების აპარატურით აღჭურვილი) მაგიდები და კუპეები არ უნდა ყოფილიყო ახლომახლო. თანაც - რესტორანი არც ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყო (ვინმეს რომ არ დაეფიქსირებინა ნასვამი "უშიშროება"), არც ძალიან შორს. მოკლედ, თავის სამტვრევი ბევრი იყო. შემდეგ, "პარტიზანულად" და შეუმჩნევლად სათითაოდ მისვლისთვის, იწყებოდა "სატრანსპორტო მარშრუტების" დამუშავება. ასევე, ფარულად და შეუმჩნევლად უნდა დაშლილიყვნენ.

იმ პერიოდში იური ანდროპოვის (კა-გე-ბეს თავმჯდომარე) და ნიკოლაი შჩოლოკოვის (საბჭოთა კავშირის შს მინისტრი) დაპირისპირება იმდენად იყო გამწვავებული, რომ მილიცია არ ერიდებოდა ქუჩაში ფეხით(!), ოდნავ არეულად მიმავალი ნასვამი უშიშროების ოფიცრის დაკავებას, განყოფილებაში წაყვანას, კა-გე-ბეს მორიგე ოფიცრის გამოძახებას და მისთვის ოფიციალურად, "საზეიმო" ვითარებაში უკვე გამოფხიზლებული "კაგებეშნიკის" გადაცემას. თანაც, თავისი უფროსობისთვის პატაკის სასწრაფოდ წარდგენასაც ასწრებდა. ამ დაკავების შესახებ ინფორმაცია მომენტალურად გადაეცემოდა ქვემოდან - ზემოთ და სულ რაღაც ნახევარ საათში "ოპერატიული ცნობა" ნ. შჩოლოკოვის მაგიდაზე იდო და კიდევ ერთი პატარა ქვა ანდროპოვის "ბოსტანში" გადასაგდებად მზად იყო.

დაზვერვის რეზიდენტი მაგიდის ქვეშ
საბჭოთა სპეცსამსახურებში არსებული წესის თანახმად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის - რეზიდენტად, მხოლოდ სლავი ეროვნების პირები ინიშნებოდნენ. მათი დამოკიდებულება ალკოჰოლთან კი საყოველთაოდაა ცნობილი. ამ "პატარა ეროვნულ თავისებურებას" ბევრჯერ ჩაუყენებია უხერხულ მდგომარეობაში საბჭოთა დაზვერვა.

1960-იანი წლების ბოლოს პაკისტანში საბჭოთა რეზიდენტი, შუახნის გენერალი დილიდან იწყებდა ტონუსის ასაწევად სათანადო "ზომების" მიღებას. მალე თვრებოდა, მერე კი საელჩოში უთავბოლოდ დარბოდა და გინებით იკლებდა იქაურობას. ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზეც მალე "გაითიშა", მაგიდის ქვეშ შეძვრა და დაიძინა. სტუმრების გაცილების შემდეგ, ელჩის მეთაურობით, რეზიდენტს მთელი საბჭოთა დიპლომატიური კორპუსი ეძებდა, განგაში გამოაცხადეს და უკვე ათასნაირ ვერსიაზე ფიქრობდნენ (პირველ რიგში, "ამერიკის დაზვერვის პროვოკაციაზე"), როცა დამლაგებლებმა მაგიდის ქვეშ მძინარი გენერალი აღმოაჩინეს. ამ შემთხვევის შემდეგ ელჩმა მოსკოვში სასწრაფო შიფრ-დეპეშა გააგზავნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი გრომიკოს სახელზე. ბედოვლათი რეზიდენტი სამშობლოში დააბრუნეს და... დაზვერვის ცენტრალურ აპარატში დააწინაურეს. ამ თემას შემდეგ დავუბრუნდები და გაგაცნობთ ლეგენდას საბჭოთა საიდუმლო ლაბორატორიებში დამზადებულ ჯადოსნურ პრეპარატზე, ე.წ. კა-გე-ბეს ტაბლეტებზე, რომელთაც ბახუსის "ძლევა" შეეძლო.

დამდეგ შობა-ახალწლებს გილოცავთ! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
კახი ცალუღელაშვილი
04 იანვარი 2021 09:09
პირადად მე მიმაჩნია,რომ ყველაზე ღირსეული ის ადამიანები არიან ისინი ვინც ღირსეულად მოიხადა სამხედრო ვალდებულება და ამავედროს ბოლმდის უერთგულა კომუნისტურ პარტიას,ამის მიღწევაში კი უშიშროების სამსახურის კეთილი გავლენა მე არაერთხელ ვიგრძენი.
გიო
31 დეკემბერი 2020 19:32
სტატია მომეწონა. ჩემი აზრით, ნამდვილად აქვს პოტენციალი უფრო განივრცოს და ავტორის მორიგ წიგნად იქცეს.
გიორგი
29 დეკემბერი 2020 12:39
საინტერესოა ძალიან. წიგნად შეიძლება გამოცემა ამ ისტორიების.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები