როდის დასრულდება პარტიების "პოლიტიკური კრუნჩხვები"? - კვირის პალიტრა

როდის დასრულდება პარტიების "პოლიტიკური კრუნჩხვები"?

ახალი წელი დაიწყო, თუმცა პრობლემები კვლავ ძველია - უკვე მესამე თვეა, რაც საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. საზოგადოება "მეხუთე რაუნდის" მოლოდინშია. თავიდანვე არასწორი იყო ამ შეხვედრა-კონსულტაციების "რაუნდებად" მონათლვა: რაუნდი ხომ ორთაბრძოლას გულისხმობს, სადაც ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება! ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციების შემდეგ დამარცხებული არავინ უნდა დარჩეს: ორივე მხარის ინტერესში უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის დაბრუნება. თუმცა, რაც დრო გადის, მათი პოზიციები უფრო შორდება. ჩემი მოსაზრებები დღევანდელ ხელისუფლებასაც ეხება და ოპოზიციასაც: გარკვეული დროის შემდეგ ისინი ხომ ადგილებს გაცვლიან! - ესაა ნამდვილი დემოკრატია.

წლები გადის ქართულ პოლიტიკაში კი, ძირითადად, ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ. რომ გითხრათ,  გაიზარდნენ და ასაკთან ერთად დაღვინდნენ-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა უფრო ცუდია ის, რომ მთლიანად ჩვენი "პოლიტიკური ელიტაა" მძიმედ დაავადებული. დიაგნოზი: პოლიტიკური მაზოხიზმი. ჯერ დაუფიქრებლად, მოუზომავ-აჩქარებულები იტყვიან რაღაცას, ერთმანეთს "ერთგულებას შეჰფიცავენ", თან ძველბიჭურ-ქუჩურად დათქვავენ-დაიქადნიან (კულისებში, ალბათ, "დაიგინებენ" კიდეც), "ვინც პარლამენტში შევიდესო" და მერე ამაოდ ცდილობენ იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, რომელიც თავად შეიქმნეს. ახლაც ასეა: უნდათ პარლამენტში შესვლა (ობიქტურად ქვეყნის სტაბილურობისთვისაა საჭირო) და თან თავისივე ნათქვამი უღობავთ გზას.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთგვარი "ნოუჰაუა" ძველბიჭურ-ქუჩური "შარმი", რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოდის. ეროვნულ მოძრაობაში გარედან შემოტანილი და ჩანერგილი შეურიგებლობა და ურთიერთსიძულვილი, სამწუხაროდ, ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. იქიდან მოყოლებული, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაამკვიდრა პროვინციალური რადიკალიზმი: "დღესვე გადადგეს!", "ერთ საათს ვაძლევთ დროს! , "თუ არა და, კარვებს გავშლით", "ქუჩაში ხალხს გამოვიყვანთ" - და ბევრი სხვა ამისთანა "მარგალიტი". ეს კი პირდაპირი გზაა "რევოლუციური სცენარისკენ", რაც მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეს აძლევს ხელს. ოპოზიციაში მყოფი პარტია ქვეყნის მართვას, უპირველესად, სხვადასხვა დონის საკანონმდებლო ორგანოში უნდა სწავლობდეს და არა - ქუჩაში. ის დრო უკვე დიდი ხანია, წავიდა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და თუ გაუაზრებელი მოთხოვნებით წინდაწინ ჩიხში აყენებ ოპონენტს და თავადაც "მაზოხისტობ", ვერაფერს მიაღწევ, ქვეყანაში სიტუაციის არევის გარდა. თუმცა იქნებ ზოგიერთ პარტიასა და პოლიტიკოსს ზუსტად ეს სურს? რატომ? იმიტომ, რომ ქართული ხასიათის მთავარი სისუსტეები: ამპარტავნობა, ამბიციები და სიზარმაცე ჩვენმა მტერმა იცის და კარგადაც იყენებს.

ათწლეულებია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ღიად და ფარულად აქტიურად მუშაობენ, როგორც კეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები), ასევე - არაკეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ მოწინააღმდეგე ქვეყნების სპეცსამსახურები). ორივე ჯგუფი ახორციელებს ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს და აგროვებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, რელიგიურ, სოციალურ, ეკოლოგიურ და ა.შ. ინფორმაციას, აანალიზებს მას და საკუთარ ხელმძღვანელობას აწვდის მოვლენათა შესაძლო განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზს. ამ ჯგუფებს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველნი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედებენ, ხოლო მეორენი - საწინააღმდეგოდ. რა დასამალია: ჩვენს თავს დატეხილ ბევრ უბედურებას სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმაც მძლავრად წაახმარეს ხელი. მათ კარგად შეისწავლეს ჩვენი ეროვნული გენის სიღრმეში მიმალული უმნიშვნელო სისუსტეებიც და ძველ-ახალი ცოდვა-შეცდომებიც. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ, ალბათ, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა (თუმცა ამ ბოლო დროს, მგონი, უკრაინა გვეწევა), რომლის წინააღმდეგ სადაზვერვო და ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა ისე იოლი იყოს, როგორიც საქართველოა. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, უსუსტესი კონტრდაზვერვითი რეჟიმის გამო, უცხო სპეცსამსახურების ნორჩი კადრების პრაქტიკის გასავლელ პოლიგონადაა ქცეული. როგორც დანა ჭრის კარაქის ბრიკეტს, ისე თამაშ-თამაშით მოქმედებდნენ და მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე ქვეყნების სპეცსამსახურები. შედეგადაც მათ სამხრეებზე ვადამდელი "ვარსკვლავთცვენა" და ჯილდოები არ აყოვნებს (ეჰ, რა სასიამოვნო და სასარგებლოა, როცა უსუსტესი მოწინააღმდეგე გყავს!).

ჩვენი მთავარი მტერ-მოწინააღმდეგე ოკუპანტი რუსეთია, რომლის უმთავრესი მიზანი არის და იქნება საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვა, მსოფლიოს ყურადღების გადატანა სეპარატისტული რეგიონებიდან მთლიანად "არასტაბილური" საქართველოსკენ. რუსეთის სპეცსამსახურები სამი ათეული წელია, ცდილობენ საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის არევას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდაპირისპირების იმ დონემდე გამწვავებას, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ, შესაძლებელი გახდეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა და "მართვადი ქაოსის" პროცესის დაწყება. მათ ხომ ამის დიდი გამოცდილება აქვთ!

ცნობილია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში (ისინი რამდენიმე ათეულია და აქ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ) მოწინააღმდეგე ქვეყნების ტრადიციებისა და მენტალური თავისებურებების შესწავლას დიდ დროს უთმობენ. შემდეგ დისერტაციებსაც კი იცავენ. ერთ-ერთი ასეთი სადისერტაციო თემის დასახელება შესაძლოა ასე "მიმზიდველად" ჟღერდეს: "ქართველი ერის ტრადიციები, ეროვნული ნიშან-თვისებები და ხასიათის თავისებურებანი და მათი გამოყენება ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობაში". ამ ცოდნას რუსეთის სპეცსამსახურები "მშვენივრად" იყენებენ.

რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს პოლიტპარტიებში ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას ოთხი ტრადიციული გზით ახორციელებს:

1. ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებას და ფარულად აკონტროლებს მას;

2. უკვე მოქმედ პარტიაში "ნერგავს" აგენტურას, ან უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად კომპრომატების, მატერიალური დაინტერესებისა და კარიერული წინსვლის გამოყენებით ახდენს ახალგაზრდა თუ "სტაჟიანი" პოლიტიკოსების გადაბირებას;

3. ქმნის ახალ პარტიას, რომელიც სხვა პარტიებთან გაერთიანების ან საარჩევნო კოალიციების შექმნის შემდეგ გამოიყენება ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებისთვის;

4. საფარად იყენებს ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ თავის აგენტურას, რომელიც, თავის მხრივ, ნერგავს აგენტურას პარტიებში და "შინაურის" ხელით აღწევს საქართველოში არასტაბილურობას. ეს შესაძლო შემთხვევა საკმაოდ რეალურია და თუ მართლაც ხდება, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

პოლიტპარტიებსა და სახელისუფლებო ელიტაში მყოფი აგენტურა, ადრე თუ გვიან, იშიფრება - ჩვენი სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილი - სწრაფად (მცირე ბიუჯეტის შემყურე აგენტი დიდხანს ვერ უძლებს ორმაგი თამაშის ნერვულ დაძაბულობას), უფრო დიდხანს კი ძლებენ სხვა ქვეყნების მიერ გულუხვად დაფინანსებული აგენტები. მათი გაშიფვრა ისევ მათი მოქმედებების ანალიზით და არა - "პატრიოტული" მოწოდებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. წლები გადის, თუმცა მათი გამოვლენა არ ხდება. რატომ? – და ისევ ჩაკეტილ წრეში დავბრუნდით. ჩვენი სპეცსამსახურების შემყურეს, ისღა დაგვრჩენია, რომ იმ ბედნიერ დღეს დავუცადოთ, როდის გაშიფრავს მოწინააღმდეგის აგენტურა საკუთარ თავს. ლოდინი კი, ალბათ, დიდხანს მოგვიწევს.

პ.ს. ხშირად ისმის კითხვა: რატომ არ მოდიან ახალგაზრდები პოლიტიკაში? უკვე სამი ათეული წელია, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე, ძალზე ბევრი ახალგაზრდის აზრი ვიცი. ისინი ძალზე სკეპტიკურად არიან განწყობილები და ამგვარ კითხვას სვამენ: "შეიძლება კი პოლიტიკის "სუფთა ხელებით" კეთება?" და "რამდენად მორალურია პოლიტიკა?". მე პასუხის გაცემა მიჭირს, თქვენ რას უპასუხებდით?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს