ორად გახლეჩილი ამერიკა: აქვს თუ არა პუტინს კომპრომატები ტრამპზე? - კვირის პალიტრა

ორად გახლეჩილი ამერიკა: აქვს თუ არა პუტინს კომპრომატები ტრამპზე?

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი ისტორიაში დარჩება, როგორც პოპულიზმის არნახული ზეიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პრესტიჟის არნახული დაცემის წლები. ამერიკის მტრები სიხარულს ვერ ფარავენ, მეგობრები კი - წუხან. როგორ მივიდა ერთ დროს მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე? ამერიკის უკვე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ "თეთრ სახლში" შესული არ იყო, რომ რამდენიმე სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სექსკომპრომატების სკანდალი იყო, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა მთელი აშშ და ამ კომპრომატების შედეგს დღეს იმკის. მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 2017 წლის 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობდნენ. 2017 წლის 9 იანვარს კი ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, სავარაუდოდ, კომპრომატები მოეპოვებოდა. ამაზე ლაპარაკია დოსიეში, რომელიც ერთვის რუსულ ჰაკერულ თავდასხმებზე აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ანგარიშის საიდუმლო ნაწილს. აშშ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა დოსიე მხოლოდ იმხანად ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს - ბარაკ ობამას, არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპსა და რვა კონგრესმენს გააცნეს.

ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) სამსახურის ყოფილი თანამშრომელი კრისტოფერ სტილი 1990-იან წლებში რუსეთში სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ დააარსა კერძო კომპანია, რომელიც პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს, უმთავრესად - რუსეთის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტოფერ სტილს თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპის კონკურენტები აფინანსებდნენ, ხოლო მოგვიანებით, როცა ტრამპი პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი გახდა - პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები.

კრისტოფერ სტილმა აშშ-ის სპეცსამსახურებს აცნობა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2013 წელს, მოსკოვში დონალდ ტრამპის ხუთდღიანი ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, კომპრომატი მოიპოვა - ამ უკანასკნელის დასაშანტაჟებლად გადაიღეს სექსვიდეოები ტრამპისა და ორი რუსი ქალბატონის მონაწილეობით.  სკანდალურ ინფორმაციას (რომელსაც ამერიკაში ირონიით "ოქროს წვიმა" შეარქვეს) დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა "სიცრუე" ერთდროულად უწოდეს. "კრემლს არც დონალდ ტრამპზე და არც ჰილარი კლინტონზე კომპრომატები არ აქვს... კრემლი არავისზე აგროვებს კომპრომატებს,"-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

საინტერესოა, მართლაც ასეა? 1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში "სოციალისტური სისტემის" დამკვიდრებას ცდილობდა და მოსკოვის სამხედრო-საფინანსო დახმარების იმედი ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაც თავს ევლებოდა და ცივ ნიავს არ აკარებდა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს. თუმცა თან ეჭვობდა, ფარულად ამერიკელებისკენ არ იმზირებოდესო. ამიტომ საბჭოთა სუკ-მა, ხელისუფლების უმაღლესი პირების თანხმობით, "მეგობარი პრეზიდენტის"კომპრომეტირების ოპერაცია დაგეგმა. სუკ-ში კარგად უწყოდნენ, რომ სამოცდაათს მიტანებული პრეზიდენტი გულგრილი არ იყო ლამაზი ქალბატონების მიმართ და ამიტომ საპრეზიდენტო ნომერში ორი ულამაზესი, ქერათმიანი და აშოლტილი "მერცხალი" შეუგზავნეს. ფარული ვიდეო და ფოტოგადაღება ზემოთა ნომრიდან მიმდინარეობდა. სუკ-ის გენერლები ძალზე კმაყოფილები იყვნენ: მასალა კარგი ხარისხის გამოვიდა, რჩებოდა მხოლოდ "მცირე" ტექნიკური საკითხი: სტუმრისთვის ეჩვენებინათ მისი ღამის თავგადასავლების ამსახველი ფოტოები და თან - "ენუგეშებინათ", - თუ ჩვენს მეგობრად დარჩები, შენს სიცელქეს ვერავინ გაიგებსო. სამშობლოში გამგზავრების დღეს პრეზიდენტს საელჩოში მოწიწებით ეწვია, ვითომდა, სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის მოხელე (სინამდვილეში კი, სუკ-ის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე) და "სიცელქის ფოტოები" პასეანსივით გაუშალა სტუმარს, თან "ნუგეშის" სიტყვებიც არ დაიშურა. ისიც დაამატა: - სხვა შემთხვევაში, ამ კომპრომატს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა დაუყოვნებლივ ნახავსო. პრეზიდენტმა დიდი ინტერესით დაათვალიერა ფოტოები და ბოლოს სუკ-ის გენერალს უთხრა: - თუ შეგიძლიათ, ეს ფოტოები და ვიდეოფირები მომეცით და მე თვითონ გავავრცელებ ჩემს ქვეყანაში. სამ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია და ასეთი რეკლამით მოგება განაღდებული მექნება, ხალხი იტყვის, რა მაგარი პრეზიდენტი გვყოლიაო. ასე ჩაიშალა დაშანტაჟების მცდელობა. სუკ-მა ვერ გაითვალისწინა, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში ამგვარი სექსუალური ხასიათის კომპრომატებს საპირისპირო შედეგი მოაქვს.

2016 წელს კი რუსეთის პროსახელისუფლებო ტელეკომპანია НТВ-მ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ კასიანოვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუშვა - “დემოკრატიული კოალიციის“ ლიდერი კასიანოვი და მისივე თანაპარტიელი ნატალია პელევინა საძინებელ ოთახში არიან გადაღებული. ამ კომპრომატმა მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის იმიჯის დაცემაზე. ზემოთ მოყვანილი ორი რეალური ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სექსკომპრომატების მოპოვება და დაშანტაჟებისთვის გამოყენება, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე - დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის კარგად აპრობირებული ხერხია. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ პუტინმა მიზანს მიაღწია: მან, ფაქტობრივად, ტრამპის ხელით გახლიჩა ამერიკა ორ, ურთიერთსიძულვილით აღსავსე, დაპირისპირებულ საზოგადოებად, რომელიც როდის გამთლიანდება, არავინ იცის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს