დიდი სპეცსამსახურების დიდი შეცდომები: კატასტროფა, რომელიც "მოსადს" მეგრული აჯიკასავით მწარედ ახსოვს
დიდი სპეცსამსახურების დიდი შეცდომები: კატასტროფა, რომელიც "მოსადს" მეგრული აჯიკასავით მწარედ ახსოვს
ფოტო:ჰალედ მაშალი
საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ შეუმცდარი არავინაა და ხშირად ის ცდება, ვინც მეტს მოქმედებს. სპეცსამსახურებს ის თავისებურება აქვთ, რომ მათი წარმატებები ძნელი დასანახია და თანაც - საგულდაგულოდ მალავენ, ხოლო ჩავარდნები საყოველთაო განსჯის საგანი ხდება. ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურის - ისრაელის "მოსადის" შეცდომებზე მოგითხრობთ.

1997 წლის 30 ივლისს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო იერუსალიმის ბაზარში. ძალზე ცხელოდა, მაგრამ მყიდველი არ აკლდა დახლებს. მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, დიდი და პატარა ერთმანეთში ირეოდა. ორი,
ჩადრში გახვეული ქალი სხვადასხვა შესასვლელებიდან შევიდა ბაზარში და ცენტრალური ნაწილისკენ გაემართა. ისინი კარგად დაპროგრამებული რობოტებივით, სინქრონულად მოქმედებდნენ. უცბად ორივე შედგა, რაღაც ჩაილაპარაკეს, აღგზნებული თვალები ვაჭრობით გართულ ხალხს მიმოავლეს და ჩადრის შიგნით, ტანზე მიმაგრებული ჩამრთველი გადაატრიალეს. გამაყრუებელი, ორი აფეთქების ხმა ერთდროულად გაისმა.

პალესტინის ერთ
-ერთი ტერორისტული დაჯგუფების - "ჰამასის" წევრებმა თავი "შაჰიდის ქამრით" აიფეთქეს. მათ გარდა კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები შეკრიბა. თათბირი დიდხანს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც თავადაც ბევრ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, ტერაქტის ორგანიზატორების სასწრაფო ლიკვიდაცია მოითხოვა.

ტერორისტებზე შურისძიება ისრაელში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი, ამიტომაც პრემიერ-მინისტრმა ძალზე მკაცრი ბრძანება გასცა - "ჰამასის" რომელიმე ლიდერმა საკუთარი სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი ამ ტერაქტზე, რაც სხვებისთვის გაკვეთილი უნდა იყოსო. თან დაამატა - "ოპერაცია უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად უხმაუროდ, აფეთქებებისა და სროლების გარეშე. სიკვდილი იმდენად ბუნებრივი უნდა იყოს, რომ არავინ იეჭვოს ჩვენი მონაწილეობა".
მეორე დღეს "მოსადის" ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრს "ჰამასის" ოთხი ლიდერის სია წარუდგინა. განხილვის შემდეგ "ლიკვიდაციის ობიექტად" შეარჩიეს ამ ორგანიზაციის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ჰალედ მაშალი. ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება დაევალა "მოსადის" ერთ-ერთი სპეცჯგუფის - "კიდონის" უფროსს მიხეილ ბენ-დავიდს. მას ჯგუფში ბევრი გამოცდილი სნაიპერი და ამფეთქებელი ჰყავდა, მაგრამ რადგანაც ნაბრძანები იყო მაშალის ლიკვიდაცია "არატრადიციული მეთოდებით", ბენ-დავიდს თავსატეხი გაუჩნდა.

დახმარებისთვის მან "მოსადის" ბიოქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლებს მიმართა და არ შემცდარა. "სიკვდილის ჯადოქრებმა" გაუმხილეს, რომ ლაბორატორიას შეუძლია დაამზადოს განსაკუთრებული შხამი, რომლის ერთი წვეთის კანზე მოხვედრაც საკმარისია, რომ ადამიანმა გონება დაკარგოს, კომაში ჩავარდეს და მოკვდეს. თანაც ცოტა ხანშივე ამ საწამლავის კვალიც არ რჩება მსხვერპლის სისხლში.

ლიკვიდაციის სპეცოპერაცია შემდეგ სცენარს ითვალისწინებდა: იორდანიის დედაქალაქ ამანში, სადაც იმ პერიოდში ჰალედ მაშალი ცხოვრობდა, უნდა ჩასულიყო "მოსადის" ორი ლიკვიდატორი, კანადელი ტურისტების პასპორტებით. ქუჩაში ისინი მიუახლოვდებოდნენ ჰალედს და ერთი მათგანი, "კოკა-კოლას" ქილის გახსნისას, ვითომ შემთხვევით გაწუწავდა პალესტინელს. ამ დროს მეორე აგენტს შხამის რამდენიმე წვეთი უნდა მიესხურებინა ჰალედისთვის კისერზე. ამის შემდეგ ისინი ბოდიშს მოუხდიდნენ "მსუბუქად დაზარალებულს" და ქუჩის მეორე მხარეს მდგარი მანქანით სასწრაფოდ დატოვებდნენ შემთხვევის ადგილს. შხამი შესაძლოა თავად აგენტებსაც მისხურებოდათ, ამიტომ "მოსადის" ბიოქიმიქოსებმა თავის დაზღვევის მიზნით აგენტებს სპეციალური ანტიდოტი მისცეს, რომელიც მომენტალურად ანეიტრალებდა შხამის მოქმედებას.
ჰალედ მაშალი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
1997 წლის 21 სექტემბერს "კიდონის" ექვსი წევრი ამანში ჩავიდა. უკვე ოთხი დღის შემდეგ ოპერაცია განხორციელდა. 25 სექტემბერს, დილით, როდესაც "მოსადის" ორი აგენტი ოფისში მიმავალ ჰალედ მაშალს "შემთხვევით" უკან აედევნა, ეს "ჰამასის" ლიდერის მძღოლმა შეამჩნია და თავის შეფს დაუძახა, მოტრიალებულ ჰალედს ერთმა სახეში "კოკა-კოლა" შეასხა, ხოლო მეორემ ყურში რაღაც სითხე შეასხურა. ჰალედის ყვირილზე დაცვის ერთმა წევრმა მოირბინა და ორ გაქცეულს უკან დაედევნა. ხელჩართულმა ჩხუბმა გამვლელების ყურადღება მიიპყრო - აბა, როგორი ამბავია, ამანში ორი, ევროპულად ჩაცმული "ვერზილა" ერთ არაბს სცემს და დახრჩობას უპირებს? ამიტომაც პოლიციის მისვლამდე "მოსადის" აგენტებმა მიმალვა ვეღარ მოასწრეს. თუმცა პოლიციის განყოფილებაში კანადური პასპორტები ამაყად და უშიშრად წარადგინეს. დოკუმენტების სიყალბის დადგენის მათ არ ეშინოდათ, რადგანაც "მოსადს" ხომ უმაღლესი დონის გამყალბებლები ჰყავს შტატში!

ასეც მოხდა. პასპორტების ისე ირწმუნეს იორდანელმა პოლიციელებმა, რომ მაშინვე კანადის კონსული გამოიძახეს. აი, მაშინ კი დაიწყო "მოსადის" შერცხვენა. "კანადელებმა" არ იცოდნენ, რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ, რომელი სკოლა დაამთავრეს და სხვა უმარტივეს კითხვებზეც ვერ გასცეს პასუხი. ამ დროს ჰალედ მაშალზე თავდასხმის დეტალებიც გაირკვა და იორდანელებისთვის უკვე ბევრი რამ გახდა ნათელი.

იორდანიის მეფე ჰუსეინისთვის "ჰამასის" ერთ-ერთ ლიდერზე დღისით-მზისით, მისი სამეფოს დედაქალაქში მოწყობილი თავდასხმა უდიდესი პიროვნული შეურაცხყოფა და საერთაშორისო სკანდალი იყო. ამანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჰალედ მაშალი უკვე სიკვდილს ებრძოდა, გონდაკარგული, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, ხოლო იორდანიელი ექიმები ავადმყოფობის მიზეზს ვერ ადგენდნენ. მაშალის სიკვდილის შემთხვევაში "მოსადის" ორივე აგენტს სიკვდილით დასჯა გარანტირებული ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი ისრაელ-იორდანიის ოდნავ დამთბარი ურთიერთობების საბოლოო გაცივება მოჰყვებოდა.
იორდანიაში სასწრაფოდ ჩაფრინდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნათანიაჰუ, ინფრასტრუქტურის მინისტრი და მეფე ჰუსეინის ძველი პარტნიორი არიელ შარონი და "მოსადის" მომავალი დირექტორი ეფრაიმ ჰალევი.
სერგეი ლავროვი და ჰალედ მაშალი
"აღლუმი" მეფე ჰუსეინს მიჰყავდა. ებრაელები ჩუმად ისხდნენ. ჰუსეინის მოთხოვნით, ორი აგენტის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან ათეულობით პალესტინელი "ბოევიკი", მათ შორის - შეიხი აჰმედ იასინი, გაათავისუფლეს. ხოლო ჰალედ მაშალის გადასარჩენად საავადმყოფოში ანტიდოტი თავად მიხეილ ბენ-დავიდმა მიარბენინა. მეორე დილას მაშალი გონს მოვიდა და სასიცოცხლო ფუნქციები აღუდგა. ჰალედ მაშალი დღესაც ცოცხალია და ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერია, ხშირადაა მოსკოვში და "რუს მეგობრებს" - ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს სტუმრობს.
ასე სამარცხვინოდ დასრულდა "მოსადის" ეს სპეცოპერაცია. მრავალი წელი გავიდა, თუმცა ეს კატასტროფა "მოსადს" მეგრული აჯიკასავით დღესაც მწარედ ახსოვს.

ამ დროს დაშვებული მრავალი შეცდომის უმთავარი მიზეზი გაუმართლებელი სიჩქარე იყო. ამგვარი სპეცოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებას, როგორც წესი, სულ მცირე, ცხრა-ათი თვე მაინც სჭირდება, რათა დაიგეგმოს ყველა დეტალი და გამოირიცხოს ნებისმიერი შემთხვევითობა. უნდა ვებრძოლოთ თუ არა ტერორისტებს მათივე მეთოდებით და რა საბოლოო შედეგებამდე მიგვიყვანს ეს გზა, ძალზე საკამათო საკითხია და ამჯერად მასზე არ შევჩერდები. დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის სპეცსამსახურების ყველაზე დიდ შეცდომებზე შემდეგაც იქნება ლაპარაკი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ჯეინ
23 იანვარი 2021 11:04
უფალო იესო დაიფარე საქართველო და ქართველი ხალხი....
ტერორისტებს კი ჯოჯოხეთი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები