"ტრიანონის" კვალი საქართველოში - როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია ცნობილი მზვერავის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ტრიანონის" კვალი საქართველოში - როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია ცნობილი მზვერავის წინააღმდეგ

ჩვენს ქვეყანაში უხსოვარ დროს, ხომ, დინოზავრები (შესაძლოა, ტირანოზავრებიც) დასეირნობდნენ, ყველას კარგად მოეხსენება. 1977 წლის მაისში კი, საქართველოს "ტრიანონიც" ეწვია. თბილისი, ბათუმი, ბიჭვინთა და ახალი ათონი - ასეთი იყო მისი მარშრუტი. ამ უკანასკნელს თან ძალზე მომხიბლავი ქალბატონი - ოლგა ფომინაც ახლდა, რომელსაც, როგორც საცოლეს, ისე წარუდგენდა ხოლმე ეშხში შესულ ქართველ მასპინძლებს. ქართული სტუმართმოყვარეობა საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ ამ სტუმრებს განსაკუთრებული ყურადღებით ხვდებოდნენ: იმ დროის საუკეთესო სასტუმრო "ივერიის" ლუქსნომერი, საუკეთესო რესტორნები, შავი "ვოლგა" და ა.შ. ასეთი ყურადღება გასაკვირი არ იყო, რადგანაც "ტრიანონს" საქართველოს კომპარტიის ცკ მასპინძლობდა. მოსკოვიდან პოლიტბიუროს წევრის, საბჭოთა კავშირის ცეკას მდივნის, კ. რუსაკოვის (რომლის ოჯახთანაც "ტრიანონი" საკმაოდ დაახლოებული იყო) სამდივნოდან ერთი დარეკვა საკმარისი გახდა, რომ საქართველოს ცკ "ყურებზე დამდგარიყო". სტუმრების უმაღლეს დონეზე გამასპინძლება შავი ზღვის სანაპიროზეც გაგრძელდა. ახალგაზრდა წყვილს შეიარაღებული სამთავრობო დაცვა (კა-გე-ბეს მე-9 განყოფილების თანამშრომლები) თან დაჰყვებოდა. "ტრიანონი" ფარული სიამაყით მიანიშნებდა, რომ დასასვენებლად ჩამოსული საბჭოთა მზვერავი იყო, რაც სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა. ის მართლა მზვერავი იყო, თუმცა...

"ტრიანონი" (აშშ-ის დაზვერვის მიერ მინიჭებული ოპერატიული ფსევდონიმი, ასევე ცნობილია, როგორც "ტრიგონი"), იგივე "აგრონომი" (კა-გე-ბეს მიერ ოპერატიული დამუშავების საქმის დროს მინიჭებული ფსევდონიმი) - ასეთი იყო ამ სტუმრის, საბჭოთა დიპლომატისა და, იმავდროულად, 1974 წლიდან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს-ს) აგენტის ალექსანდრე ოგოროდნიკის ფსევდონიმები. საშუალოზე მაღალი, სპორტული აღნაგობის დიპლომატი დიდი წარმატებით სარგებლობდა მანდილოსნებში და თავადაც არც ერთ შანსს არ უშვებდა ხელიდან. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მუშაობისას სულ "მუსრი გაავლო" საბჭოთა საელჩოს თანამშრომლების ცოლებს. აშშ-ის დაზვერვას მისი "დონჟუანობა" არ გამოჰპარვია და მომხიბვლელი კოლუმბიელი ქალბატონი - პილარ სანჩესი მიუგზავნა. შემდეგ იყო მაკომპრომეტირებელი ფოტოების ჩვენება და საბჭოთა დიპლომატის გადაბირების კლასიკური ოპერაცია. მოსკოვში დაბრუნებისას "ტრიანონი" საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო - დაგეგმვისა და პროგნოზირების სამმართველოში დანიშნეს. ამერიკის დაზვერვისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი პოზიცია იყო. საბჭოთა კავშირის სრულიად საიდუმლო საგარეო-პოლიტიკურ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ხშირად საბჭოთა კოლეგა ანდრეი გრომიკოზე ადრე ეცნობოდა. ამ პერიოდისთვის "ტრიანონი" უკვე საბჭოთა სუკ-ის მეორე მთავარი სამმართველოს (კონტრდაზვერვის) მე-7 განყოფილების (რომელიც 1975 წელს შეიქმნა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა ქვეყნების აგენტურის გამოსავლენად) ოპერატიულ დამუშავებაში იყო და გარე თვალთვალის ბრიგადები ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ უყურადღებოდ. საქართველოში გამომგზავრებამდე რამე აშკარა ხელჩასაჭიდი და ჯაშუშობაში მამხილებელი საბუთი კა-გე-ბეს არ ჰქონდა, თორემ შავ ზღვაზე კი არ გამოუშვებდნენ, არამედ - ციმბირსაც მოანატრებდნენ. "ტრიანონის" სამხრეთში ვიზიტის ორი ვერსია არსებობდა: ის ან აშშ-ის დაზვერვის რეზიდენტს (ან მეკავშირეს) უნდა შეხვედროდა, ან თურქეთში აპირებდა გაქცევას. ორივე შემთხვევაში, ოგოროდნიკი სრული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა, რომ იგი ადრევე, საბჭოთა ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტში მუშაობის პერიოდში თანამშრომლობდა კა-გე-ბესთან და საზღვარგარეთ მივლინებებში ყოფნისას, ხშირად მის დავალებებსაც ასრულებდა. ამიტომ ოგოროდნიკმა, ასე თუ ისე, კა-გე-ბეს მუშაობის მეთოდები იცოდა და საკმაოდ ფრთხილად იქცეოდა - საიდუმლო ბლოკნოტი მუდამ თან დაჰქონდა, ხოლო შავ ჩანაწერებს უმალვე ანადგურებდა, ასევე, ხშირად ამოწმებდა, უთვალთვალებდნენ თუ არა. ქართველი პარტიული ჩინოვნიკების თავგამოდებაზე ზემოთ უკვე გიამბეთ, ახლა კი ქართველი "ჩეკისტების" სულ სხვა სახის პრობლემებზე მოგითხრობთ.

საქართველოს სუკ-ის თავმჯდომარემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსი ინაურმა მოსკოვიდან სრულიად საიდუმლო, დაშიფრული დეპეშით შემდეგი დავალება მიიღო: ოპერატიულ დამუშავებაში აეყვანათ საქართველოში დასასვენებლად მყოფი ოგოროდნიკი, გამოევლინათ მისი კონტაქტები და ფარულად გასცნობოდნენ მის ჩანაწერებს. ალ. ინაური ორცეცხლშუა იყო - ერთი მხრივ, მოსკოველ სტუმარს ქართველი პარტიული "ბოსები" არ სცილდებოდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მეორე მხრივ კი, საკავშირო სუკ-ის ხელძღვანელობის დავალება "ხუთიანზე" უნდა შეესრულებინა. სამოცდაათ წელს მიტანებულმა ყოფილმა კავალერისტმა ჩვეული ეშმაკობა იხმარა - ამ ოპერატიული საქმისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნა და ხელძღვანელადაც უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი, კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი (მომავალში მისი მოადგილე, რომელსაც მოსკოვში ბევრი ინაურის შემცვლელადაც ასახელებდა), პოლკოვნიკი გივი ჯორბენაძე დანიშნა. გათვლა მარტივი იყო - ოპერაციის წარმატებით დასრულება მისი დამსახურება იქნებოდა, ხოლო წარუმატებლობა ჯორბენაძეს დაბრალდებოდა და ამ უკანასკნელის კარიერულ წინსვლას ხაზი გადაესმებოდა. ალექსი ინაური და ლეონიდ ბრეჟნევი

ამერიკის დაზვერვის აგენტი თბილისში ძველ მეგობრებსაც შეხვდა, რომლებიც უკვე დაწინაურებულიყვნენ და კომკავშირიდან პარტიის ცკ-ში გადასულიყვნენ. მათთან საუბარში, განსაკუთრებით ქართული მოლხენის დროს, ოგოროდნიკმა ბევრი საინტერესო პოლიტიკური ინფორმაცია გაიგო და სასტუმროში დაბრუნებულმა ბლოკნოტში სპეციალური შიფრით ჩაინიშნა.

"ტრიანონის" გამოვლენაში მთავარი სიტყვა უშიშროების "შავ მუშებს" - გარე თვალთვალის ჯგუფებს და "ოტოს" (ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილების) "ოპერატივნიკებს" უნდა ეთქვათ. დიდი მცდელობისდა მიუხედავად, მათ მხოლოდ ბათუმში შეძლეს ოგოროდნიკის ბლოკნოტში ჩანაწერების ფარულად გადაღება. ხოლო ერთ შემთხვევაში "ტრიანონმა", ფაქტობრივად, გაშიფრა "ნარუჟკა". ეს კი ასე მოხდა: თბილისი-ბათუმის მატარებელში ოგოროდნიკს მიმაგრებულ ერთ-ერთ ქართველ "ოპერს" "ტრიანონის" კუპე შეეშალა და გამცილებელს დაუწყო გამოკითხვა. წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდა შუახანს გადაცილებული, ბევრის მნახველი რუსი "პრავადნიცა", როცა მის მგზავრს, რომელიც თბილისიდან დიდი პატივით გამოაცილეს, ვიღაც წვერგაუპარსავი და სახეზე ღრმაშრამიანი "ბასიაკი" კითხულობდა? გამოიცანით - პირდაპირ ოგოროდნიკთან გავარდა და ყველაფერი წვრილად ჩაუკაკლა. ეს იყო საქართველოს კონტრდაზვერვის სერიოზული შეცდომა.

"ტრიანონი" ძალზე შეშფოთდა, ბათუმიდან სასწრაფოდ თბილისში დარეკა და მასპინძლები საყვედურებით აავსო. თუმცა სუკ-ის მიერ "შეგდებულმა" ოფიციალურმა ვერსიამ - "მატარებლები ქურდბაცაცებითა და ხულიგნებით გაივსო და რა ვქნათო", ოდნავ დაამშვიდა. ბათუმიდან ბიჭვინთაში გაემგზავრნენ და ოგოროდნიკს, მისდა საუბედუროდ, ეს შემთხვევა გადაავიწყდა.

საკავშირო "კა-გე-ბეში" საქართველოში მოპოვებული დოკუმენტები გაშიფრეს თუ არა, უკვე ეჭვს აღარ იწვევდა მისი ჯაშუშობა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ "ტრიანონზე" ოპერატიული კონტროლი უფრო გაძლიერდა, 1977 წლის ნოემბერში უკვე საკმაო მტკიცებულება იყო თავმოყრილი და ოგოროდნიკი დააკავეს. დაკითხვასას მან აღიარა ჯაშუშობა, თან შესთავაზა ნათქვამის ქაღალდზე გადატანა. ითხოვა - თუ შეიძლება ჩემი ოქროს "პარკერის" კალმით დავწერო. მიაწოდეს თუ არა ძვირფასი კალამი, ოგოროდნიკმა კალმის თავი უსწრაფესად გაკვნიტა და მომენტალურად გრძნობა დაკარგა. როგორც შემდგომ გაირკვა ამერიკის დაზვერვამ ძლიერმოქმედი შხამით სავსე მინიატურული კაფსულა, რომელიც "პარკერში" იყო ჩამონტაჟებული, "ტრიანონს" მისივე დაჟინებული თხოვნის შემდეგ გაუგზავნა. ეს, ა. ოგოროდნიკის სიკვდილის ერთ-ერთი და ოფიციალური ვერსიაა, მეორე ვერსიით მისი ლიკვიდაცია თავად კა-გე-ბემ მოახდინა, რათა თავიდან აეცილებინა ამ საქმის გახმაურება და დიდი საერთაშორისო სკანდალი. ბუბა კიკაბიძე

1979 წელს კა-გე-ბესთან ძალზე დაახლოებულმა საბჭოთა მწერალმა იულიან სემიონოვმა "ჩეკისტების" დაკვეთით დაწერა და მათივე ხელშეწყობით გამოსცა რომანი "საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს" ("ТАСС уполномо́чен заяви́ть…"), სადაც ა. ოგოროდნიკის გარდაცვალების სწორედ ის ფინალია აღწერილი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას აძლევდა ხელს. ამ რომანის საფუძველზე კი, 1984 წელს, მრავალსერიანი მხატვრული ფილმი გადაიღეს, სადაც მრავალი ცნობილი მსახიობი (მათ შორის ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც ცსს-ს თანამშრომლის როლს ასრულებს) მონაწილეობს. ამ, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი წიგნისა და ფილმის დაბალ მხატვრულ ღირებულებაზე არ შევჩერდები, ერთი კი უნდა ითქვას: საბჭოთა ხელისუფლებამ ი. სემიონოვის რომანიც და მხატვრული ფილმიც აშშ-ის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებით შექმნა და გამოიყენა. სრული სიმართლე ამერიკის აგენტ "ტრიანონის" შესახებ ჯერ კიდევ დასადგენია.

პ.ს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს სსრ სუკ-ის იმ თანამშრომლებიდან, რომლებიც "ტრიანონის" ოპერატიულ დამუშავებაში მონაწილეობდნენ, ბევრი კვლავ ჩვენს გვერდითაა და ძალზე საინტერესო იქნებოდა ამ და სხვა სპეცოპერაციების შესახებ მათი მოგონებების გაცნობა. გვინდა თუ არ გვინდა, ესეც ხომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რატომ უნდა დაიკარგოს?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს