წაკითხვა არ გაბედოთ! - კვირის პალიტრა

წაკითხვა არ გაბედოთ!

ამას წინათ აგარაკზე ძველი ჟურნალებისა და გაზეთების შეკვრას წავაწყდი და ხელში ჟურნალ "ამერიკის" უკვე გაყვითლებული ნომერი შემრჩა. ეს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ჟურნალი საბჭოთა კავშირში რუსულ ენაზე იბეჭდებოდა და ამერიკის ცხოვრებაზე მოუთხრობდა "საბჭოელებს". საქართველოში მისი ხელში ჩაგდება და წაკითხვა არც ისე მარტივი იყო და ნაცნობობით ხელიდან ხელში გადადიოდა. არც კი მახსოვს, ეს ნომერი როგორ აღმოჩნდა ჩემთან.

დღევანდელი გადასახედიდან, არაფერი განსაკუთრებული არ ეწერა: ამერიკელები მთვარეზე, გაღიმებული კოვბოები, საოცნებო "ფორდ მუსტანგის" ახალი მოდელის ფოტო, ამერიკული ფეხბურთი და მრავალი ამგვარი, "საბჭოელი ბავშვისთვის" სრულიად უცნობი სამყარო. თუმცა ამ სამყაროში თავისუფლების სურნელი იგრძნობოდა... სწორედ ამის ეშინოდა საბჭოთა რეჟიმს და ყოველ ღონეს ხმარობდა, ჩაეკლა ეს "საშიში ვირუსი". მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, თუ როგორ უფრთხოდა საბჭოთა ხელისუფლება ჟურნალ "ამერიკას" და თავისუფლებას.

მსოფლიოში ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი და საბჭოთა დისიდენტი ვ. ბუკოვსკი (1942-2019) მართლაც რომ გამორჩეული იყო საბჭოთა კავშირისა და თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. მას საბჭოთა სისტემასთან, უპირველესად კი - კა-გე-ბესთან ბრძოლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეუწყვეტია. ბუკოვსკი დაუღალავად იბრძოდა რუსეთში პუტინისეული ნეობოლშევიზმისა და ნეოიმპერიალიზმის აღდგენის გეგმების წინააღმდეგ. მას დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და კა-გე-ბეს არქივების სრულიად საიდუმლო დოკუმენტების შეკრების და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში. ვლადიმერ ბუკოვსკი

"ბუკოვსკის არქივად" სახელდებულ საიდუმლო მასალებში ძალზე ბევრი საინტერესო ფურცელია სკკპ ცკ-ის და უშიშროების სახელმწიფო კომიეტეტის სრულიად საიდუმლო არქივებიდან. ამ ფაქტებზე ვერაფერს შევიტყობდით, რომ არა ვლადიმერ ბუკოვსკის მიერ 1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის არქივიდან, სხვადასხვა ეშმაკობით, იაპონურ პორტატულ კომპიუტერ-სკანერზე გადაღებული და ფარულად გამოტანილი სრულიად საიდუმლო დოკუმენტები. ასე შეიქმნა ე.წ. ბუკოვსკის არქივი. სწორედ აქ წავაწყდი ძალზე საინტერესო საიდუმლო დოკუმენტს ჟურნალ "ამერიკის" შესახებ. შორეულ, 1956 წლის 30 ივლისს საბჭოთა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - ფ. კონსტანტინოვი #27409 "სრულიად საიდუმლო" დირექტიულ წერილს უგზავნის კომუნისტური პარტიის მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრალურ კომიტეტებს, ასევე, სამხარეო და საოლქო კომიტეტებს. საკითხი ეხება ჟურნალ "ამერიკის" გავრცელებას საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

ვიდრე უშუალოდ ამ საიდუმლო დოკუმენტის შინაარსს გავეცნობით, მინდა, მკითხველს ძალზე მოკლედ გავახსენო, თუ რა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები უძღოდა წინ ამ დოკუმენტს. 1956 წლის თებერვალში ჩატარდა საყოველთაოდ ცნობილი სკკპ XX ყრილობა, სადაც მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა იოსებ სტალინის "პიროვნების კულტის" შესახებ სენსაციური მოხსენება გააკეთა, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურია და ლამის 1917 წლიდან დაწყებული, საბჭოთა კავშირში განხორციელებულ ყველა ტერორში, რეპრესიასა და ადამიანთა განადგურებაში ორი ქართველი - სტალინი და ლავრენტი ბერია გამოიყვანა დამნაშავედ. ამჟამად არ ვაპირებ ამ ორი პიროვნების ჩადენილისა და ნამოქმედარის განსჯა-შეფასებას. ამის გაკეთება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთის საიდუმლო არქივებში არსებული მრავალი დოკუმენტი დღის სინათლეს ნახავს.

დავუბრუნდეთ 1956 წელს და XX ყრილობას, რომელმაც, ჩემი აზრით, საძირკველი შეურყია არა მარტო საბჭოთა იმპერიას, არამედ - სერიოზული განხეთქილება გამოიწვია მთელ ე.წ. სოციალიტურ ბანაკშიც: 1956 წლის შემოდგომაზე მოხდა ცნობილი უნგრეთის ტრაგედია, როდესაც საბჭოთა არმიამ უნგრელი ხალხის თავისუფლების სურვილი სისხლში ჩაახშო; გარდა ამისა, სწორედ XX ყრილობის შემდეგ დაიწყო სერიოზული პოლიტიკური განხეთქილება საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, რომელიც შემდეგ, 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა და რამდენჯერმე შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ექსცენტრიკული ლიდერის - ნიკიტა ხრუშჩოვის ყრილობაზე გამოსვლა დასავლეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირში დიდი რეფორმების დასაწყისად მიიჩნიეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც გამოთქვეს. თავის მხრივ, ნიკიტაც ცდილობდა მოჩვენებითი "დემოკრატიულობით" მოეხიბლა დასავლეთი და უამრავ პოპულისტურ გადაწყვეტილებას იღებდა. მან დასავლეთთან პოლიტიკური თამაში დაიწყო, რათა საბჭოთა იმპერია "დემოკრატიულ ქვეყნად" წარმოეჩინა. ამგვარი იყო პოლიტიკური მდგომარეობა 1956 წლის ზაფხულისთვის, როდესაც ფ. კონსტანტინოვის "სრულიად საიდუმლო" წერილი მოსკოვიდან პერიფერიებში დაიგზავნა. ქვემოთ შემგთავაზებთ ყველაზე საინტერესო ამონარიდების თარგმანს ამ "სრულიად "საიდუმლო" გრიფით დამშვენებული დოკუმენტიდან: ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ში სპექტაკლის შემდეგ

"საბჭოთა კავშირში ჟურნალ "ამერიკის" გავრცელების შესახებ"

"...სულ მალე საბჭოთა კავშირის ქალაქებში უნდა დაიწყოს ჟურნალ "ამერიკის" გავრცელება. იმავდროულად, აშშ-ში დაიწყება საბჭოთა ინგლისურენოვანი ჟურნალის - "სსრკ"-ის გავრცელება. ჟურნალების გაცვლის შესახებ წინადადება ამერიკის მთავრობის მხრიდან მოდიოდა... ეს გადაწყვეტილება დიპლომატიური ხასიათისაა და საერთაშორისო დაძაბულობის შემცირებისკენაა მიმართული... საბჭოთა ყოველთვიური ილუსტრირებული ჟურნალის 50-ათასიანი ტირაჟით გავრცელება აშშ-ში (იმავე რაოდენობით უნდა გავრცელდეს ჟურნალი "ამერიკა" სსრკ-შიც) საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს დამატებითი საშუალება, რათა გავაცნოთ აშშ-ის მოსახლეობას საბჭოთა საზოგადოებრივი წყობა, სსრკ-ის ეკონომიკური და კულტურული მიღწევები... ამაში მდგომარეობს ჟურნალების გაცვლის დადებითი მნიშვნელობა". ამ ციტატიდან კარგად ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლების მთავარი მიზანი აშშ-ში კომუნისტური პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო. დავუბრუნდეთ საიდუმლო დოკუმენტს: "...მაგრამ აქ არის, ასევე, სხვა უარყოფითი მხარეც. მხედველობაში უნდა გქონდეთ, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რათა გამოიყენოს ჟურნალი "ამერიკა" ე.წ. ამერიკული ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის... ისინი ყოველნაირად ეცდებიან აჩვენონ, რომ აშშ-ის მოსახლეობა, მათ შორის - მშრომელებიც, უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე საბჭოთა ხალხი". საბჭოთა მოქალაქეებს არ უნდა შეედარებინათ ორ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრების კატასტროფულად განსხვავებული დონე და ამიტომაც არ უნდა წაეკითხათ ჟურნალი "ამერიკა". შემდეგ "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტში უკვე საბოლოოდ იხსნება საბჭოთა სისტემის მთელი ფარისევლობა.

"სკკპ ცკ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჟურნალ "ამერიკის" გავრცელება სრულიად არ ნიშნავს, რომ მის შინაარსს ვეთანხმებით. ეს მხოლოდ დიპლომატიური აქტია... ამიტომ ჟურნალის გავრცელება ყოველნაირად უნდა შეიზღუდოს. ჟურნალი არ უნდა მოხვდეს პოლიტიკურად უმწიფარი ხალხის ხელში... მისი მასალები არ უნდა იქნეს გამოყენებული პროპაგანდისტულ და სააგიტაციო მუშაობაში, ასევე - რადიოსა და ბეჭდვით ორგანოებში. ამერიკის მხარესთან ურთიერთშეთანხმებით ჟურნალ "ამერიკის" 5 ათასი ეგზემპლარი უნდა გავრცელდეს ხელმოწერით, ხოლო დანარჩენი 45 ათასი - ჩვენი ქვეყნის 80 ქალაქის "სოიუზპეჩატის" ჯიხურებში. სკკპ ცკ გთავაზობთ, დაეხმაროთ კავშირგაბმულობის ორგანოებს (იმ პერიოდში პრესის გავრცელება საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტროს პრეროგატივა იყო - ბ.ა.) ნიკიტა ხრუშჩოვი ჰოლივუდში

საჭიროა, ხელმოწერა ისე განხორციელდეს, რომ ხელმომწერები იყვნენ პოლიტიკურად განათლებული, იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული ადამიანები. რეკომენდაციას გაძლევთ, რომ ხელმოწერა საფოსტო განყოფილებებში კი არა, არამედ - საწარმოებსა და დაწესებულებებში განხორციელდეს. ამ ჟურნალის საცალო გაყიდვის ორგანიზების დროს აუცილებელია, რომ იგი არ გაიყიდოს იმ კიოსკებში, რომელიც ხალხის დიდი თავშეყრის ადგილებშია (ბაზრები, პარკები, რკინიგზის სადგურები), არამედ - მიეწოდოს კიოსკებს, რომელიც საწარმო-დაწესებულებებსა და თეატრებშია, ისიც - შეზღუდული ოდენობით. არანაირი საჭიროება არ არის, რომ ყველა ნომრის რეალიზაციას ვეცადოთ. ამერიკის მხარესთან შეთანხმებით, საბჭოთა ორგანოებს უფლება აქვთ უკან დაუბრუნონ გაუყიდავი ჟურნალები... პარტიულმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ, რომ ჟურნალ "ამერიკის" გავრცელებასთან დაკავშირებით არ შეიქმნას არაჯანსაღი აჟიოტაჟი".

ეს საიდუმლო დოკუმენტი უკვე მუქარისა და მკაცრი გაფრთხილების ტონით სრულდება: "სკკპ ცკ გაფრთხილებთ, რომ ჟურნალ "ამერიკის" გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებები უნდა ჩაატაროთ მარჯვედ, მოფიქრებულად... ამ მხრივ, ყოველგვარი გაუფრთხილებლობა დაუშვებელია, რადგანაც ამერიკის მხარეს ანტისაბჭოთა პროპაგანდის და ჟურნალ "სსრკ"-ის გავრცელების შეზღუდვის საშუალებას მისცემს". დღეს ეს ისტორია შესაძლოა დაუჯერებლადაც კი ჩანდეს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის, თუმცა - მწარე სიმართლეა. ყველა შედარება, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა რუსეთში მასმედიის სრულ კონტროლსა და საბჭოთა ცენზურას შორის ბევრი თანხვედრა შეიძლება დავინახოთ. ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს  სიკვდილივით ეშინია მასმედიის თავისუფლების, რადგანაც ეს მისი დამარცხების ტოლფასია. თავისუფლებას გაფრთხილება უნდა, არც ეს უნდა დაგვავიწყდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს