აშშ-ის "დელფინების სპეცრაზმში" ორი "ოფიცერი" გამოირჩეოდა... - როგორ იყენებენ დელფინებს სადაზვერვო-დივერსიული მიზნით? - კვირის პალიტრა

აშშ-ის "დელფინების სპეცრაზმში" ორი "ოფიცერი" გამოირჩეოდა... - როგორ იყენებენ დელფინებს სადაზვერვო-დივერსიული მიზნით?

2016 წლის გაზაფხულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღია ტენდერი გამოაცხადა... ხუთი დელფინის შესაძენად. შეიძლება გაგიკვირდეთ - სად დელფინები და სად სამხედრო უწყება?

წყალქვეშა ნაღმების აღმოსაჩენად და მოწინააღმდეგის საბრძოლო გემების და წყალქვეშა ნავების ასაფეთქებლად დელფინების გამოყენებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. დელფინის ბუნებრივი მონაცემები: სმენა, ხედვა და, განსაკუთრებით, ბუნებრივი აკუსტიკური ლოკატორი, ნებისმიერ სკანერზე უკეთესად აფიქსირებს საგნებს დიდ მანძილზე.

გავრცელებული ვერსიით, ჯერ კიდევ ნაპოლეონს სურდა დელფინების გამოყენება ლა-მანშის სრუტის ფორსირების დროს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელების წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად ამერიკელმა ფიზიკოსმა რობერტ ვუდმა აშშ-ის სამხედრო უწყებას დელფინებისა და ვეშაპების გამოყენება შესთავაზა. თუმცა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელებმა  დივერსიული და სადაზვერვო მიზნით დელფინების გაწვრთნა მხოლოდ 1930-იანი წლების ბოლოს დაიწყეს.

ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა დელფინები და ზღვის ლომები ვიეტნამელ პარტიზანებზე "დაგეშეს". მანამდე კი, ვიეტნამელი მყვინთავები შეუმჩნევლად ეპარებოდნენ ამერიკის სამხედრო გემებს, მაგნიტურ ნაღმებს ამაგრებდნენ და აფეთქებდნენ. თავდაპირველად დივერსანტების წინააღმდეგ ამერიკელები სპეციალური ბადისა და სხვა ხაფანგების გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ - უშედეგოდ. გამწარებულებმა, მხოლოდ ამის შემდეგ გაწვრთნეს და საბრძოლო მორიგეობაზე გაიყვანეს 6 დელფინი და 4 ზღვის ლომი. დელფინები, რომლებიც ზღვის ლომებზე გაცილებით მშვიდობისმოყვარეები არიან, ადამიანს თავს კი არ ესხმოდნენ, არამედ - ეთამაშებოდნენ. ისინი ისე იყვნენ გაწვრთნილები, რომ 300-400 მეტრის რადიუსში აღმოაჩენდნენ რა ვიეტნამელ მყვინთავ-დივერსანტებს, "თამაშ-თამაშით" სასუნთქ აპარატს უზიანებდნენ, ზღვის ზედაპირზე აგდებდნენ ან ცხვირზე დამაგრებული სპეციალური, გრძელი, ბასრი დანით უსერავდნენ.

ზღვის ლომები გაცილებით აგრესიულები არიან, მათ ამდენი "ცერემონიალი" არ უყვართ - ისინი პირდაპირ გლეჯდნენ საცოდავ ვიტნამელ დივერსანტებს. საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ამ საბრძოლო მეთოდებით ამერიკელებმა 50-ზე მეტი მყვინთავის განადგურება მოახერხეს, რის შემდეგაც ვიეტნამელთა დივერსიები სრულიად შეწყდა. არსებობს ინფორმაცია, რომ დაღუპულებში ორი საბჭოთა მყვინთავ-დივერსანტიც იყო.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) სპეციალისტები ზღვის ცხოველების საბრძოლო-დივერსიულ და სადაზვერვო მომზადებას ორ - ჰავაის კუნძულებზე და ფლორიდის სანაპიროებზე განლაგებულ საიდუმლო საწვრთნელ ბაზებზე ახორციელებდნენ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც ადამიანებზე მონადირე, ასევე - "კამიკაძე" ზღვის ცხოველების მომზადებას, რომლებსაც პირდაპირი დაჯახებით უნდა აეფეთქებინათ მოწინააღმდეგის მცურავი საშუალება.

1984 წელს ნიკარაგუას პორტებში რამდენიმე ათეული გემი აფეთქდა, აქედან 14 სავაჭრო ტანკერი იყო. მხოლოდ ამ სკანდალური ფაქტების გამჟღავნების შემდეგ აღიარა აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომ ნაღმები ამერიკული წარმოების იყო, ხოლო დელფინების გამოყენება კატეგორიულად იუარა და ყველაფერი ნიკარაგუელ პარტიზანებს ("კონტრას") გადააბრალა.

1987-1988 წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, "ამერიკელი დელფინები" იცავდნენ აშშ-ის სამხედრო გემებს, წყალქვეშა ნავებს და სავაჭრო-სატრანსპორტო ტანკერებს.

1991 წელს, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს ამერიკელებს დიდი სამსახური გაუწია სპეციალურად გაწვრთნილი ზღვის ლომების რაზმმა. ქუვეითის სანაპიროები ერაყელებმა წინდაწინ გულმოდგინედ დანაღმეს, ამერიკელ გამნაღმველებს კი ერაყელი მყვინთავები ცეცხლს უხსნიდნენ და განაღმვითი სამუშაობის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამერიკელებმა რამდენიმე მებრძოლი ზღვის ლომი ჩამოიყვანეს და ერაყელებს მიუსიეს, დელფინების საშუალებით კი ნაღმების ადგილმდებარეობას ადგენდნენ და შემდეგ უკვე ამერიკელი გამნაღმველები მოქმედებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 1998 წელს, ნატოს წვრთნების დროს, ბალტიის ზღვაში, კლაიპედის სანაპიროებთან ამერიკელების მიერ სპეციალურად ჩამოყვანილი ხუთი მებრძოლი დელფინიც მონაწილეობდა, რომელთა ამოცანა ასაფეთქებელი მოწყობილებების აღმოჩენა იყო.

2003 წელს, ერაყში ომის დაწყების დროს, 9 "ამერიკელი" დელფინი სპარსეთის ყურის განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობდა და მათი დახმარებით 100-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი. დადგენილია, რომ 2007 წლის ბოლოს ამერიკელებს 7 სპეციალურ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე 250-მდე მებრძოლი დელფინი ჰყავდათ. აშშ-ის "დელფინების სპეცრაზმში" ორი "ოფიცერი": "თაკომა" და "მაკაი" გამოირჩეოდნენ, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელი ერთგულად ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას. ამჟამად აშშ-ში 90-100 "სამხედრო-დივერსანტი" დელფინია.

რუსეთის ისტორიულ წყაროებში გავრცელებულია ვერსია, რომ ზღვის ძუძუმწოვრების სადაზვერვო-დივერსიული მიზნით გაწვრთნა მსოფლიოში პირველად მათ ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყეს. მათი მტკიცებით, ცნობილი ცხოველების მწვრთნელი - ვლადიმერ დუროვი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გენშტაბში გამოცხადებულა და წყალქვეშა ნაღმების აღმოჩენისთვის სელაპების გაწვრთნა შეუთავაზებია. რამდენიმე თვეში 20 სელაპი უკვე საცდელ დავალებებს ასრულებდა. თუმცა საბრძოლო ვითარებაში მათი გამოყენება ვერ მოხერხებულა, რადგანაც ერთ ღამეს ყველა ცხოველი მოწამულა და მომკვდარა. რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვას ეჭვი გერმანიის აგენტურაზე ჰქონდა, მაგრამ სულ მალე მომხდარი რევოლუციის გამო, სელაპების სიკვდილის მიზეზის გამოძიება შეჩერებულა. რამდენად სანდოა ეს ვერსია, ძნელი სათქმელია, რადგანაც ცნობილია, თუ როგორ უყვართ რუსეთში ყველა სამეცნიერო აღმოჩენის პირველობის დაბრალება.

ჩემი აზრით, ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს მეორე ვერსიაა - ამერიკელების მიერ ზღვის ცხოველების სადაზვერვო-დივერსიული მიზნებით გამოყენების შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-აგენტურული გზებით 1960-იანი წლების დასაწყისში შეიტყვეს და ადეკვატური ზომების მისაღებად შესაბამისი მოხსენება საბჭოთა პოლიტბიუროში წარადგინეს. ამ მიზნებით პირველი საბჭოთა ოკეანერიუმი სევასტოპოლთან ახლოს აშენდა და მას "სამხედრო ნაწილი 13132"-ის საიდუმლო გრიფი მისცეს. ამ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის მხედართმთავარი, ადმირალი სერგეი გორშკოვი. პარალელურად, ზღვის ძუძუმწოვრების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებების წვრთნის პროცესში გამოყენების საკითხებზე 50-მდე საბჭოთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მუშაობდა.

ამის შემდეგ საბრძოლო დელფინების მოსამზადებელი ბაზები შეიქმნა კოლის ნახევარკუნძულზე და შორეულ აღმოსავლეთში. საინტერესოა, რომ ამ მიზნით იყენებდნენ "სამოქალაქო" დელფინარიუმებსაც, მათ შორის - ჩვენთან, ბათუმში მოქმედ დელფინარიუმს. საბრძოლო დელფინების მომზადების ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მინსკში მდებარეობდა. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა (გე-ერ-უ) ცდილობდა დელფინები გამოეყენებინა, როგორც საზღვაო პორტებისა და სანაოსნო საშუალებების დასაცავად და ნაღმების აღმოსაჩენად, ასევე - მოწინააღმდეგის სამხედრო-სადაზვერვო გემებზე იერიშის მისატანად. დელფინებს, აგრეთვე, ასწავლიდნენ სპეციალური წყალქვეშა პისტოლეტიდან სროლასაც. გე-ერ-უს ერთ-ერთმა დანაყოფმა 1975 წელს შავ ზღვაში საინტერესო ექსპერიმენტი განახორციელა - დელფინი ვერტმფრენიდან პარაშუტით ზღვაში ჩამოაგდო, შემდეგ, გეგმაში ჰქონდათ "მებრძოლი დელფინის" თვითმფრინავიდან დესანტირება, თუმცა რატომღაც ეს ოპერაცია ჩაიშალა. ისე კი, საიდუმლოდ დარჩა, ამით რისი მიღწევა უნდოდა საბჭოთა სამხედრო დაზვერვას.

იმავე წელს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის დასაცავად საბრძოლო დელფინების სპეცრაზმმა დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა.

დელფინებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მოწინააღმდეგის მყვინთავ-დივერსანტების აღმოჩენასა და განეიტრალებაში. ამ წვრთნებში მათი შედეგი 80-90%-ს აღწევდა, რაც ბევრად აღემატებოდა სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების შედეგებს. 1992 წელს ეს საიდუმლო საწვრთნელი ბაზა უკრაინას გადაეცა. ამჟამად იგი ორმაგ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაშია. ამ ბაზის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ისინი არ წვრთნიან დივერსანტ დელფინებს და სადაზვერვო-დივერსიული მიზნებით მათ არ ამზადებენ. 2000 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, უკრაინამ 4 საბრძოლო დელფინი ირანს მიჰყიდა. უკრაინის სამხედრო უწყების მტკიცება, რომ დელფინების გამოყენებას ირანი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აპირებდა, ძნელი დასაჯერებელია. 2012 წლიდან უკრაინამ განაახლა სადაზვერვო-დივერსიული მიზნით დელფინების მომზადება. არსებული ინფორმაციით, ამჟამად საბრძოლო დელფინების მომზადებას დაჩქარებულ რეჟიმში ინდოეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს