იაპონიაში რვა წლის განმავლობაში ზორგეს 52 სხვადასხვა ეროვნების მანდილოსნისთვის "გაუკრავს კბილი" - საბჭოთა აგენტის სკანდალური ცხოვრება
იაპონიაში რვა წლის განმავლობაში ზორგეს 52 სხვადასხვა ეროვნების მანდილოსნისთვის "გაუკრავს კბილი" - საბჭოთა აგენტის სკანდალური ცხოვრება
საბჭოთა იმპერია მითებით, სიმბოლოებით, კერპებითა და ბელადებით ატყუებდა და იტყუებდა თავს. ეს ყველა ტოტალიტარული რეჟიმის აუცილებელი მოთხოვნა კი არის, მაგრამ საბჭოთა იმპერიაში ტყუილი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში იყო აყვანილი. დღეს ერთ-ერთ "საბჭოთა კერპზე", რიჰარდ ზორგეზე მოგითხრობთ.
მეორე მსოფლიო ომის წინ აზიასა და ევროპაში საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ  იაპონიისა და გერმანიის წინააღმდეგ მოქმედი რამდენიმე აგენტურული ჯგუფი შექმნა. მათგან ყველაზე შედეგიანი ჯერ ჩინეთში, ხოლო შემდეგ - იაპონიაში მოქმედი "რამზაის" ანუ რიჰარდ ზორგეს აგენტურული ჯგუფი
იყო.

1920-იანი წლების ბოლოს "კომინტერნის" (მოსკოვში მოქმედი სხვადასხვა ეროვნების კომუნისტების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, ე.წ. კომუნისტური ინტერნაციონალი) სადაზვერვო განყოფილების მიერ გადაბირებული ახალგაზრდა გერმანელი კომუნისტის, მეცნიერისა და ნიჭიერი ჟურნალისტის - რიჰარდ ზორგეს სახელი წლების შემდეგ მითური გახ
და. მას მიაწერდნენ დაუჯერებელ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, მისგან სათაყვანებელი კერპი შექმნეს და მისი სახელი მთლიანად საბჭოთა დაზვერვის ძლიერების სიმბოლოდ აქციეს. რეალურად კი "რამზაის" სადაზვერვო საქმიანობა ძალზე "შუქჩრდილიანი" იყო.

რიჰარდ ზორგე 1895 წელს დაიბადა ბაქოში. მას მამა გერმანელი, დედა კი - რუსი ჰყავდა. ბავშვობაში "იკას" ეძახდნენ და ეს სახელი შემდეგ წლებშიც შემორჩა. XX სუკუნის დასაწყისში ოჯახი გერმანიაში დაბრუნდა. ზორგე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა ფეხში, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა. 1925 წელს გაემგზავრა საბჭოთა კავშირში და "კომინტერნის" სისტემაში დაიწყო მოღვაწეობა. 1929 წელს საბჭოთა სამხედრო დაზვერვის შეფმა იან ბერზინმა მასთან მუშაობა შესთავაზა.

1930 წლიდან ზორგე ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი - ჩინეთსა და მანჯურიაში მიავლინეს. 1933 წლის 6 სექტემბერს გერმანული გაზეთის - "ფრანკფურტენ ცაიტუნგის" საკუთარი კორესპონდენტი რიჰარდ ზორგე უკვე ტოკიოში გამოჩნდა. ორ წელში მან ინტერნაციონალური სადაზვერვო ჯგუფი შექმნა.
ზორგეს ჯგუფის უდავო წარმატებად იაპონიაში ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობა უნდა მივიჩნიოთ. თავად "რამზაი" ტოკიოში გერმანიის საელჩოს ხშირი და სასურველი სტუმარი იყო. ერთი პერიოდი საელჩოს პრესატაშეს პოსტიც ეკავა და იაპონიის შესახებ საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდა... გერმანიის დაზვერვას. მეგობრობდა იაპონიაში გერმანიის ელჩთან - ეიგენ ოტთან, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა კი მის მეუღლესთან - ჰელგასთან ჰქონდა. საერთოდ, ზორგე რეგულარულად უთავსებდა ერთმანეთს ამურულ თავგადასავლებს, უგონოდ სმას, მოტოციკლით "ჯირითს" და აგენტურულ საქმიანობას. განუწყვეტელი ლოთობის გამო ზორგეს იმდენად მძიმე ავარიები მოუხდა, რომ ექიმებმა რამდენჯერმე ხელახლა "ააწყვეს".

საინტერესოა, რომ იაპონიის კონტრდაზვერვამ სულ სათითაოდ გადათვალა "რამზაის" მიჯნურები და პედანტურად დააფიქსირა: იაპონიაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში ზორგეს 52 სხვადასხვა ეროვნების მანდილოსნისთვის "გაუკრავს კბილი".

საბოლოო ჯამში, სწორედ ავანტურიზმი, უდისციპლინობა და კონსპირაციის ელემენტარული წესების უგულვებელყოფა გახდა 1941 წლის შემოდგომაზე მისი სადაზვერვო ჯგუფის ჩავარდნის მიზეზი.
ზორგეს ჯგუფმა საბჭოთა ხელისუფლებას ორი უმნიშვნელოვანესი ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა, რომელთაგან ერთმა დიდი გავლენა მოახდინა მოსკოვთან მიმდინარე ბრძოლების შედეგზე.

1941 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, "რამზაი" სისტემატურად აცნობებდა ცენტრს გერმანიის საომარი მზადების შესახებ და უთითებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის სავარაუდო თარიღებს. სხვადასხვა მიზეზების გამო, "დიდი ბელადი" - სტალინი ზორგეს და სხვა მზვერავების ამგვარ შეტყობინებებს... ინგლისის პროვოკაციად მიიჩნევდა და არ ითვალისწინებდა. ამას გარკვეული საფუძველი მართლაც ჰქონდა: ზორგეს ცნობები ომის დაწყების ძალზე მიახლოებითი და ხშირად - ურთიერთგამომრიცხავი იყო. აი, თუნდაც 1941 წლის 17 ივნისის (ანუ გერმანიის თავდასხმამდე ხუთი დღით ადრე) აგენტურული ცნობა: "წითელი არმიის გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსს! გერმანიის კურიერმა სამხედრო ატაშეს აცნობა, რომ მისი ღრმა რწმენით, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი დაყოვნდება, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე. სამხედრო ატაშემ არ იცის, იქნება თუ არა ომი. რამზაი". ზორგეს მეორე შეტყობინება ომში გერმანიის მოკავშირის - იაპონიის ჩართვას ეხებოდა. ზორგეს იაპონელმა აგენტებმა შეძლეს უტყუარი ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, რომ 1941 წელს იაპონია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმოდა. ამან საშუალება მისცა სტალინს, რომ შორეულ აღმოსავლეთში დისლოცირებული დივიზიები დასავლეთის ფრონტზე, მოსკოვის გასამაგრებლად გადაესროლა.
რიჰარდ ზორგე 1941 წლის 18 ოქტომბერს, დილით დააკავეს, როცა გერმანიის ელჩის მეუღლის ვილიდან დარდიმანდულად გამოდიოდა. სახლში უამრავი საიდუმლო დოკუმენტი აღმოუჩინეს, რომელიც მოსკოვისთვის უნდა გადაეცა. იაპონელი გამომძიებლები საკმაოდ კორექტულად ეპყრობოდნენ ზორგეს. არ ყოფილა ცემის ან წამების შემთხვევები. ამის მიუხედავად, ერთ "მშვენიერ" დღეს "რამზაიმ" საბეჭდი მანქანა მოითხოვა და... ყველაფერი ჩამოარაკრაკა.
ზორგეს ქანდაკება მოსკოვში
იაპონელები გაოცებული კითხულობდნენ ზორგეს ჩვენებებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში მისი ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის სრულიად საიდუმლო ფაქტებს. როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, "რამზაიმ"  იაპონიის კონტრდაზვერვას პირადი ინიციატივით გადასცა: საბჭოთა კავშირში პოლიტიკური და სადაზვერვო გადაწყვეტილებების მიღების სქემა ანუ "შიდა სამზარეულო"; "კომინტერნის" სადაზვერვო საქმიანობის საიდუმლო დეტალები; იაპონიასა და ჩინეთში საბჭოთა აგენტურის ზუსტი მონაცემები; მოსკოვთან კავშირის შიფრ-კოდები და ა.შ.

ასე რომ, საბჭოთა დაზვერვის კერპმა მოლაყბე "დიაცივით გუდა მოხსნა" და მტერს ყველაფერი ჩაუკაკლა. ზორგეს ეს "გმირობა" სტალინისთვის მალევე გახდა ცნობილი და ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ საბჭოთა დიქტატორს თითი არ გაუნძრევია "რამზაის" დასახსნელად. სამი წელი ელოდნენ იაპონელები საბჭოთა კავშირის წინადადებას, მერე კი, 1944 წლის 7 ნოემბერს, რიჰარდ ზორგე ჩამოახრჩეს. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში კა-გე-ბეს ხელმძღვანელობამ განიზრახა რიჰარდ ზორგეს "კერპად" ქცევა და მათი ინიციატივით, 1964 წელს (გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ!) საბჭოთა ხელისუფლებამ, ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით (რომელსაც "რამზაის" შესახებ გადაღებული ფილმი აჩვენეს), ზორგეს "საბჭოთა კავშირის გმირის" წოდება მიანიჭა. ეს არ ჩათვალეს საკმარისად და ზორგეს სახელი მიანიჭეს: სკოლებს, ქუჩებს, გემებს; დაუდგეს ძეგლები, გადაიღეს ფილმები, დაბეჭდეს წიგნები - მოკლედ ჩვეულებრივი აგენტი რიჰარდ ზორგე კერპად აქციეს. რუსეთის ხელისუფლება დღესაც "წარმატებით" განაგრძობს რეალური ფაქტების დამახინჯებას და "რამზაი"-ზორგეს მითოლოგიზებას. მომავალში საბჭოთა სპეცსამსახურების სხვა კერპების (ძერჟინსკი, ფილბი, აბელი, ანდროპოვი და ა.შ.) რეალურ ბიოგრაფიებსაც გავეცნობით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დ.ხ
03 თებერვალი 2021 18:39
მეტი რა უნდა გაეკეთებია აგენტს, იაპონიის თავდაუსხმელობა დაუზუსტა და აღმოსავლეთში განთავსებული დასვენებული ჯარების მოხსნა და მოსკოვთან გადმოყვანა მოახერხებინა სტალინს. მაინცდამაინც კონტრდაზვერვის თანამშრომლებს უნდა დარეოდა, თუმცა 52 შორის ბევრი მაღალჩინოსანთან იქნებოდა დაახლოებული
M M
03 თებერვალი 2021 08:01
იმდენად დარწმუნებული იყო თავის თავში კონსპირაციის ელემენტარულ წესებს არღვევდა, მასზე რამდენია დაწერილი და გვერდს ამ ფაქტს ვერავინ უვლის. აი ქარიზმა კი ქონდა და ზემოქმედება შეეძლო. იყო განათლებული, სიმპატიური, ბიჭური სილაღით, გალანტური და მეტი რა უნდა ზოგიერთ ჩერჩეტ ქალს. ტყუვდებოდნენ. სიყვარულით კი არც არავინ უყვარდა. ის ყოველთვის ზღვარზე დადიოდა და დამოკიდებულება ქონდა რისკზე. დაავადებაა ერთგვარი. ამიტომაც ამდენს რისკავდა. ფსიქოლოგიური სურათი აშკარად ადრენალინ დამოკიდებულისაა. ძალიან მალე ჩავარდა.
ss_ ს
03 თებერვალი 2021 02:34
გეთანხმებით. თავის დროზე მასზე საკმაოდ ბევრი მაქვს წაკითხული. ორმაგი აგენტის ტიპური ეკზემპლარი იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები