საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი - როგორ დასრულდა ამერიკის საიდუმლო აგენტის კრემლში "მოღვაწეობა" - კვირის პალიტრა

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი - როგორ დასრულდა ამერიკის საიდუმლო აგენტის კრემლში "მოღვაწეობა"

დღეს სრულდება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის, მორის ჩაილდსის, მართლაც რომ უნიკალური სადაზვერვო ისტორია. (იხილეთ პირველი ნაწილი)

საბჭოთა კავშირის ფარულად, ჩინელმა კომუნისტებმაც დაიწყეს აშშ-ის კომპარტიის დაფინანსება. ორი ატომური ზესახელმწიფო, სსრკ და ჩინეთი, აშშ-ის კომპარტიის გადასაბირებლად წლების მანძილზე თანხებს არ იშურებდა.

ამ უნიკალურ აგენტურულ ოპერაციას გფბ-მ "სოლო" უწოდა, რადგანაც რეალურად მთელი ოპერაცია ერთი კაცის (მორისის, იგივე აგენტ "58"-ის) ოპერატიულ შესაძლებლობებზე იყო აგებული და, მართლაც, მისი "სოლო პარტია" იყო.

მორისის, როგორც ორმაგი აგენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, როცა მან მეორედ დაოჯახება გადაწყვიტა, მისი საცოლის (ევა ლიბის) ბიოგრაფიას სამი სპეცსამსახური (კა-გე-ბე, გფბ და აშშ-ის კომპარტიის შიდა უსაფრთხოების სამსახური) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე თვე სწავლობდა.

1962 წელს მორისი და ევა დაქორწინდნენ და ამის შემდეგ, 15 წლის მანძილზე ისინი ერთად სწევდნენ ორმაგი აგენტის "უღელს". მოსკოვში ვიზიტისას მათ საჩუქრად ყოველთვის მიჰქონდათ შოკოლადი, შოტლანდიური ვისკი, ამერიკული სიგარეტი "კენტი", სუნამოები და მედიკამენტები. ამიტომ მორისის და ევას ჩასვლას მოუთმენლად ელოდნენ საბჭოთა პოლიტბიუროს წევრები და მათი ფაშფაშა ცოლები.

1957-1977 წლებში მორისი 52-ჯერ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში. უკვე საკმაოდ ხანშიშესული წყვილი საღამოობით მოსკოვის სასტუმროს ნომერში ჩაკეტილნი, საბნის ქვეშ. . . .…, ფანრის შუქზე. . . . , გამალებით. . . . იწერდნენ პოლიტბიუროს წევრებთან კონფიდენციალური საუბრების და საიდუმლო დოკუმენტების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს.

მორისს და ევას ყოველთვის დიდი პატივით იღებდნენ სოციალისტურ ქვეყნებშიც, თუმცა მორისს მაინც განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყვეს 1977 წელს მოსკოვში. სასტუმროდან გამოსულ მორისს შავ ლიმუზინთან პირადად კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი ელოდებოდა. ის თავად გაუძღვა "ამხანაგ მორისს" (მეტი საოცრება რაღა უნდა იყოს, საბჭოთა უშიშროების შეფი გფბ-ს აგენტს მიაცილებს საბჭოთა კავშირის პირველ პირთან!!!) კრემლში, სადაც მორისის 75 წლისთავის აღსანიშნავად ლეონიდ ბრეჟნევმა, თავად ჩინ-მედლებისა და ქეიფის დიდმა მოტრფიალემ, იუბილარს წითელი დროშის ორდენი საზეიმო ვითარებაში გადასცა, სამჯერ, ჩვეულებისამებრ, "კაცურად" ჩაკოცნა და კრემლში დიდი ბანკეტი გაუმართა. თანაც სამახსოვრო სურათი გადაიღო "ნამდვილ ბოლშევიკ, ამხანაგ მორისთან". მაშინ ბრეჟნევს ის რომ სცოდნოდა, "ისტორიულ ფოტოსურათში" ამერიკის აგენტთან ერთად, რომ იწონებდა თავს, ალბათ, ხუთი წლით ადრე "დაგვტოვებდა" და თვითონაც დაისვენებდა და ჩვენც დავისვენებდით.

გფბ-მ, რისკის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა ჩაილდსების "თამაშიდან გაყვანა" და 1977 წლის შემდეგ, სიბერის და ავადმყოფობის მოტივით, ისინი აშშ-ის საზღვრებს უკვე აღარ ტოვებდნენ. ოთხი წლის მანძილზე კა-გე-ბეს ოპერატიული თანამშრომლები აშშ-ის კონტრდაზვერვისგან "ფარულად" ხვდებოდნენ ჩაილდსებს ან წინასწარ მოწყობილი სამალავების საშუალებით გადასცემდნენ ფულს და ინსტრუქციებს, თან მორისისგან იღებდნენ ოპერატიულ ცნობებს ამერიკის კომპარტიის შიდა "სამზარეულოს" შესახებ. ლეონიდ ბრეჟნევი და იური ანდროპოვი

ოპერაცია "სოლო" იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ 18 წლის მანძილზე აშშ-ის არც ერთმა სტრუქტურამ (თვით პრეზიდენტმა, ცსს-მ, და სხვ.) არ იცოდა საიდუმლო ინფორმაციის წყაროს ნამდვილი ვინაობა. გფბ-ს დირექტორმა…კლარენს კელიმ მხოლოდ 1975 წელს გაუმხილა აშშ-ის პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს და სახელმწიფო მინისტრ ჰენრი კისინჯერს აგენტის ნამდვილი ვინაობა. ორივე გაოგნებული დარჩა. ხოლო, როცა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა შეიტყო, თუ რა საიდუმლო წყაროებიდან მოდიოდა სუპერმნიშვნელოვანი ინფორმაცია საბჭოთა კავშირის შესახებ, აღფრთოვანება ვერ დამალა და წამოიძახა: "ეს ოპერაცია მსოფლიოში ყველაზე მაგარი რამაა . . . ნაყინის შემდეგ".

იმ პერიოდში ამერიკის არც ერთ სპეცსამსახურს მორისის ოპერატიული შესაძლებლობების აგენტი არ ჰყავდა. ცსს-ს მხოლოდ ოცნება შეეძლო ისეთ აგენტზე, რომელსაც საბჭოთა ლიდერები პირად მეგობრად სთვლიდნენ და სრულიად საიდუმლო ინფორმაციას უზიარებდნენ. ცსს იმდენად იყო შოკირებული კოლეგა-კონკურენტების წარმატებით, რომ ამ ოპერაციაში თუნდაც მინიმალური მონაწილეობის მისაღებად გფბ-ს ხელმძღვანელობას ოპერაციის თანადაფინანსებისთვის ნებისმიერ თანხას სთავაზობდა.

ოპერაცია "სოლოს" მრავალწლიანი წარმატება განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ გფბ-ს ხელმძღვანელობამ ისე წინდახედულად დაშიფრა ეს ოპერაცია, რომ მიღებული ოპერატიული ცნობების ანალიზისას ყველას ამ ინფორმაციის წყარო აგენტი კი არა, არამედ - ფარული მიყურადების "ხოჭო" ან სეიფიდან მოპარული დოკუმენტი ეგონა.

საბჭოთა კავშირისთვის მორის ჩაილდსი აშშ-ის კომპარტიის მეორე, და ისეთი სანდო პირი იყო, რომ საბჭოთა ფულის ამერიკელი კომუნისტებისათვის გადაცემას მხოლოდ მას ანდობდნენ. სულ ამერიკის კომპარტიას საბჭოთა კავშირმა იმ პერიოდში, დაახლოებით, 28 მლნ დოლარი გამოუყო (მიზანი ერთი იყო - აშშ-ში დესტაბილიზაციის დაფინანსება, რასაც დღესაც ცდილობენ რუსეთის სპეცსამსახურები), რომლის გადაცემის და ხარჯვის პროცესის დეტალები გფბ-ს მიერ სათანადოდ იყო გაკონტროლებული. როგორც ირკვევა, ამ თანხის უდიდესი ნაწილი აშშ-ის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა გესს ჰოლმა პირად საჭიროებებზე დახარჯა. ჩაილდსი გეს ჰოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი იყო, რომელიც საბჭოთა ფინანსებით უზრუნველყოფდა მას.

1981 წლის აგვისტოდან ჩაილდსები გარეშე პირთათვის "გაუჩინარდნენ", რადგანაც ამ პერიოდიდან უკვე აშშ-ის ადმინისტრაციის "მოწმის დაცვის" პროგრამაში იყვნენ ჩართული.

გფბ-ს ხუთი უმაღლესი ჩინოსნის გარდა, არავინ იცოდა მათი ახალი გვარი და საცხოვრებელი ადგილი. ამგვარი სიფრთხილე აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ამერიკელ აგენტებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე საბჭოთა სპეცსამსახურების მხრიდან სამაგიეროს გადახდის ეშინოდათ.

"პენსიაზე გასული" მორისი ხანდახან ლექციებს კითხულობდა გფბ-ს კუანტიკოს აკადემიაში. დანარჩენ დროს მოხუცი მეუღლეები სახლში ატარებდნენ და წარსულს იხსენებდნენ. ისინი სიცოცხლის ბოლომდე პენსიას იღებდნენ სახელმწიფოსგან. 1987 წელს მორისი და მისი ძმა ჯეკი (სიკვდილის შემდეგ) პრეზიდენტ რეიგანის გადაწყვეტილებით, "თავისუფლების" მედლით დააჯილდოვეს.

მორის ჩაილდსი 1991 წლის 2 ივნისს გარდაიცვალა. მას რვა დღე დააკლდა 89 წლის შესრულებამდე. მისი, თითქმის 25 წლიანი, აგენტურული მოღვაწეობის ძირითადი შედეგები, მართლაც რომ შთამბეჭდავია: 1. მან ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს მიაწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას უტყუარი ინფორმაცია საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მოსალოდნელ გაუარესებაზე. ამან კი საშუალება მისცა ამერიკის საგარეო უწყებას და ადმინისტრაციას, მათთვის სასურველი კუთხით გამოეყენებინათ ეს დაპირისპირება;

2. 1963 წლის ნოემბერში დაარწმუნა აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ "რუსები" არ იყვნენ გარეულნი პრეზიდენტ კენედის მკვლელობაში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდა ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი, ძალზე სერიოზული გართულებების თავიდან აცილება;

3. აშშ-ის ადმინისტრაციას სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა ხელმძღვანელების და პოლიტბიუროს წევრების შესაძლებლობებისა და სისუსტეების, ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, პოლიტბიუროს შიგნით ძალთა გადანაწილების, ახალი კადრების დაწინაურების და ა.შ. შესახებ;

4. ამასთან ერთად, სისტემატურად აწვდიდა კრემლს დეზინფორმაციას აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ.

მხოლოდ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გახდა შესაძლებელი ამ ისტორიის დღის სინათლეზე გამოტანა, თუმცა საბჭოთა კა-გე-ბეს მემკვიდრეები - რუსეთის სპეცსამსახურები ოპერაცია "სოლოს" შესახებ დღესაც დუმილს ამჯობინებენ. მარცხის აღიარება არავის უყვარს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს