ირანელი ფიზიკოსის მკვლელობის დეტალები: "ვარსკვლავური ომების" სცენარის ავტორი "მოსადია?" - კვირის პალიტრა

ირანელი ფიზიკოსის მკვლელობის დეტალები: "ვარსკვლავური ომების" სცენარის ავტორი "მოსადია?"

ირანელი მეცნიერი და ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე 27 ნოემბერს, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს. რა ვიცით მის შესახებ? მოჰსენ ფაჰრიზადე 1958 წელს დაიბადა, კითხულობდა ფიზიკის კურსს იმამ ჰომეინის სახელობის თეირანის უნივერსიტეტში; პარალელურად, იყო ირანის ფიზიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და დაკავებული იყო ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების შექმნით; ამავე დროს, იყო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი ოფიცერი.

საინტერესოა, რომ თავდასხმის შემდეგ ირანში და მის ფარგლებს გარეთ მოჰსენ ფაჰრიზადეზე თავდასხმის სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ამტკიცებდნენ, რომ თავდასხმა განახორციელა თორმეტმა შეიარაღებულმა დივერსანტმა, რომლებმაც კვალის არევის და მოჰსენ ფაჰრიზადეს პირადი დაცვის ყურადღების გადატანის "გვერდითი ოპერაცია" ჩაატარეს. თანაც, ირანის ოფიციალური პირები აღშფოთებას არ მალავდნენ და აცხადებდნენ: როგორ შეძლეს თავდამსხმელებმა შეუმჩნევლად და უდანაკარგოდ დანაშაულის ადგილის დატოვებაო.

რამდენიმე დღის შემდეგ კი ვერსია რადიკალურად შეიცვალა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს: "მკვლელობა დისტანციურად, სატელიტური კონტროლის, ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემის საშუალებით განხორციელდა" , თან ისიც დაამატეს: თავდამსხმელები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ავტომობილ "ნისანზე" დამონტაჟებული თავდასხმის იარაღის მართვა სატელიტის საშუალებით განხორციელდაო. საკმაოდ ბუნდოვანი სურათია, რის გამოც კითხვები საკმაოდ მრავალია: რას უნდა უკავშირდებოდეს ირანის ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები? ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი? როგორ დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმა? როგორ გაუჩინარდნენ თავდამსხმელები ისე, რომ მინიმალური კვალიც არ დატოვეს?

როგორც ვხედავთ, ბანალური, "ჩვეულებრივი" თავდასხმის ვერსია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციას განეხორციელებინა, სწრაფად შეიცვალა "ვარსკვლავური ომების" სცენარით. ტერაქტის განხორციელების მეთოდი სრულიად ახალია. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, მოვლენების სავარაუდო რეკონსტრუირება ამგვარად გამოიყურება: 2020 წლის 27 ნოემბერს პირადი დაცვის ავტომობილების თანხლებით მოჰსენ ფაჰრიზადე მეუღლესთან, დაცვის უფროსთან და მძღოლთან ერთად კორტეჟის შუა მოძრავ დაჯავშნილ ავტომობილში იმყოფებოდა. როდესაც კორტეჟი გზის მოპირდაპირედ, დაახლოებით, 150 მეტრში, გაჩერებულ "ნისანის" მარკის პიკაპს გაუსწორდა, ამ ავტომობილის ძარაზე დამონტაჟებული დისტანციურმა ტყვიამფრქვევმა პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა მხოლოდ მოჰსენ ფაჰრიზადეს ავტომობილს (ირანელი კონტრადმირალ ფადავის სიტყვებით, სულ 13 ტყვია იქნა გასროლილი), რის შედეგადაც ირანელი ფიზიკოსი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავტომობილის სხვა მგზავრები, ასევე, დაცვის წევრები (სულ 12 ადამიანი) არ დაშავებულან (ერთი ინფორმაციით, ასევე გარდაიცვალა მოჰსენ ფაჰრიზადეს დაცვის უფროსი). ტერაქტის შემდეგ "ნისანის" ავტომობილში თვითაფეთქების ბრძანება ავტომატურად (შესაძლოა დისტანციურადაც) ამოქმედდა და ყველა ნივთმტკიცება განადგურდა. ტერაქტის პერიმეტრზე თავდასხმის შემსრულებლები არ დაფიქსირებულან. გავრცელებული ინფორმაციით (ანონიმური წყარო შესაძლოა თავად "მოსადიც" იყოს), თავდასხმის იარაღი მცირე მაკომპლექტებელ ნაწილებად იყო შეტანილი ირანში, სადაც მოხდა მისი აწყობა. ტერაქტის ორგანიზებაში 20 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა (ირანისა და ისრაელის მოქალაქეები), ირანელ ფიზიკოსს რვა თვე უთვალთვალებდნენ, ხოლო უშუალოდ თავდასხმა დისტანციურად, სატელიტური თანამგზავრის დახმარებით განხორციელდა. თავდამსხმელებმა უვნებლად დატოვეს ირანი. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, თავდასხმა განხორციელდა დისტანციური მართვის კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით Light Remote-Controlled Weapon Station, შემოკლებით SMASH HOPPER, რომელსაც ისრაელი აწარმოებს.

ირანის ხელისუფლებამ  პირველივე წუთებიდან მკვლელობაში, რაღა თქმა უნდა, ისრაელი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პირდაპირ დაადო ხელი ისრაელს: "კიდევ ერთხელ დაისვარა ბოროტი ხელები სიონისტური რეჟიმის სისხლით. მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა აჩვენებს მტრის სასოწარკვეთასა და განუზომელ სიძულვილს. მიუხედავად ყველაფრისა, ირანის მიღწევები არ შენელდება". თავდასხმის ზემოთ დასახელებული მეთოდი მართლაც რომ უჩვეულოა XXI საუკუნისთვისაც კი. თავდასხმის ორგანიზატორებს, გარდა უმაღლესი ტექნიკური მომზადებისა, მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტიც უნდა სცოდნოდათ, რაც მხოლოდ აგენტურული გზით შეიძლება დაედგინათ.

ვის ძალუძს დღისით-მზისით ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ უმკაცრესად კონტროლირებად ქვეყანაში დისტანციურად, სატელიტური თანამგზავრის, ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემების საშუალებით ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია? თანაც ყველა კვალის წაშლა? ვის შეიძლება ჰქონდეს უახლესი ტექნოლოგიები და ჰყავდეს უმძლავრესი აგენტურული აპარატი ირანში? უპირველესად - ისრაელის სპეცსამსახურებს. ჩემი აზრით, მათ მართლაც შეუძლიათ ამ ურთულესი სახის სპეცოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ისრაელის სპეცსამსახურები რამდენიმე ნიშნით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისაგან. ისინი არიან: ყველაზე მცირერიცხოვანნი; განსაკუთრებით ფანატიკურები, განსაკუთრებით დაუნდობლები და აქვთ ფაქტობრივად შეუზღუდავი დაფინანსება. თუ 50 წლის წინ ისრაელი თავად იყო მდევრის როლში და ყველაფერს აკეთებდა, რათა მსოფლიოში მეექვსე ატომური სახელმწიფო გამხდარიყო (რასაც 1970-იანი წლების დასაწყისში, სავარაუდოდ, მიაღწია კიდეც), ამჟამად ის ყოველნაირად ცდილობს, აღკვეთოს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა სხვა ქვეყნებში. ერაყის ატომური პროექტის - "თამუზის" ჩაშლა ისრაელის სპეცსამსახურებმა წარმატებით განახორციელეს.

"მოსადის" და "ამანის" (ისრაელის სამხედრო დაზვერვა) მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით, 1981 წლის 4 ივნისს ისრაელის კუთვნილმა "ფF-15" და "ფF-16"-ებმა დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ერაყის ატომური რეაქტორი ბაღდადთან ახლოს. შემდგომ წლებშიც ისრაელის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდებოდა ერაყისა და ირანის ატომური პროგრამების განხორციელებას. დასამალი არაა, რომ ისრაელის სპეცსამსახურების, უპირველესად - "მოსადის", გლობალური ამოცანა ირანის "ატომური პროექტის" ჩაშლა იყო და არის. ირანელი მეცნიერისა და ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელის - მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა ძალზე წააგავს "მოსადის" ხელწერას.

ჩემი აზრით კი, თუ მოჰსენ ფაჰრიზადე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოკლეს, მაშინ ამ ოპერაციის უკან, უპირველესად, "მოსადი" უნდა მოვიაზროთ. ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ერთადერთი მას ჰქონდა შესაბამისი მოტივაცია და მასვე შეეძლო ირანში ამგვარი ფარული სპეცოპერაციის განხორციელება და კვალის დაფარვა. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათენიაჰუმ ერთ-ერთ გამოსვლაში თვითკმაყოფილებით აღნიშნა: ბოლო დღეებში ბევრი წარმატება გვაქვს, თუმცა ხმამაღლა ვერ ვიტყვიო. ისრაელის ხელისუფლების ამგვარი ორაზროვანი მინიშნებებიც მრავლისმთქმელია!

როგორ უპასუხებს ირანის ხელისუფლება მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობას? რამდენად ხელმისაწვდომი იქნება "ვარსკვლავური ომების" ამგვარი იარაღი (თანაც უპილოტო საფრენ აპარატებთან კომბინაციაში) საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის? რამდენად რეალურია ამგვარი, უახლესი ტიპის "ჭკვიანი", კომპლექსური მოქმედების საბრძოლო იარაღის გამოყენება ქალაქის პირობებში? აი კითხვები, რომლებიც სერიოზულ საფიქრალს აჩენს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს