რატომ "დასაჯეს" ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი?
რატომ "დასაჯეს" ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი?
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით მის წინამორბედს და ახლა ამერიკის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ, საიდუმლო ინფორმაციის შემცველ ბიულეტენებს არ გაუგზავნიან. ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ირონიულად ახსნა: არ ვფიქრობ, რომ მისთვის სადაზვერვო ბრიფინგებზე წვდომა საჭირო იყოს. რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის? შეიძლება სადმე წამოცდესო. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს საიდუმლო ბიულეტენებზე წვდომა არ ექნება. ჩემი აზრით, ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე -
ობიექტური მიზეზებიც.

აშშ-ის სპეცსამსახურებს ახლადარჩეული პრეზიდენტის - ჯო ბაიდენისთვის ყოველდღიური საიდუმლო ცნობის მომზადება უკვე გასული წლის დეკემბერში უნდა დაეწყოთ, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც მარცხს არ აღიარებდა, მათ ეს აუკრძალა. მაშინ ჯო ბაიდენი ჩიოდა: "ვერ ვიღებთ იმ ინფორმაციას, რაც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინა
ადმინისტრაციისგან გვჭირდება. ეს, ჩემი აზრით, დიდი უპასუხისმგებლობაა". აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ძველმა ადმინისტრაციამ ახლადარჩეული პრეზიდენტის გუნდი საქმის კურსში ადრევე უნდა ჩააყენოს. ამ მოთხოვნების ერთ-ერთი ნაწილი ახალი ადმინისტრაციისთვის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის გაცნობა და ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაა. ეს საიდუმლო ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტს ყოველდღიურად წარედგინება და, ძირითადად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და მსოფლიოს მთავარი "რადიოელექტრონული ჯაშუშის" – აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე მზადდება. ასე რომ, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, გასაგებია: ბაიდენმა წყენა გულში ჩაიდო და ახლა უნდა ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუწყვიტოს. თუმცა არსებობს სხვა, უფრო ობიექტური მიზეზებიც. ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ, ახლა კი ვნახოთ, თუ როგორ ეცნობიან სადაზვერვო ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტები.

"კარგი სადაზვერვო ინფორმაცია ფუფუნება კი არა, არამედ - აუცილებლობაა" - ეს სიტყვები აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაქ ობამას ეკუთვნის. ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტების სამუშაო დილა ფინჯანი ყავითა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცნობით იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოხდა და პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, მას წერილობითა და ზეპირი მოხსენების სახით წარედგინება. ყოფილ პრეზიდენტებსაც ეგზავნებათ გარკვეული სახის სადაზვერვო ინფორმაცია. თუმცა აშშ-ის ბევრი პრეზიდენტი წერილობით სადაზვერვო მოხსენებებს არ ეცნობოდა და მოსმენა უფრო ერჩია. მაგალითად, რონალდ რეიგანი ტექსტს არ კითხულობდა, თუ ის ორ გვერდზე მეტი იყო. მისი დამოკიდებულება სპეცსამსახურებთან საკმაოდ ზედაპირული იყო, თვით ყველაზე საიდუმლო მოხსენებების დროსაც კი, ის ჰოლივუდის მსახიობად რჩებოდა.

1983 წლის 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან გაიმართა სრულიად საიდუმლო შეხვედრა. რომელსაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის 14 ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა ესწრებოდა. მთავარი მოხსენება: "როგორი უნდა იყოს ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობები?" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა გააკეთა. მან ყურადღებით გადახედა დამსწრეებს და ძალზე მკაცრად გააფრთხილა: რასაც ახლა ვიტყვი, ძალზე დელიკატური და საიდუმლოა, ამიტომ ამ ინფორმაციის გაჟონვა დიდ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანასო. ჩამოვარდა სიჩუმე, ბევრი დამსწრე უხერხულად შეიშმუშნა. მდგომარეობა პრეზიდენტმა რეიგანმა განმუხტა: მან მაგიდის ქვეშ შეიხედა და ვითომ საბჭოთა ლიდერს - იური ანდროპოვს მიმართავდა, "მკაცრად" თქვა: "არ მოგვისმინო იურა, ეს შენც გეხება!" ისე კი, რეიგანს უფრო მეტად ფილმების ყურება უყვარდა, ვიდრე ყოველდღიური რუტინული, სადაზვერვო ინფორმაციის მოსმენა. ამიტომ ცსს სპეციალურად პრეზიდენტისთვის ამზადებდა მსოფლიოს ლიდერების (კადაფის, ასადის, ანდროპოვის, ბეგინის, გორბაჩოვის და სხვ.) პოლიტიკური კარიერისა და ფსიქოლოგიური პორტრეტის ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც რეიგანი დიდი ყურადღებით ეცნობოდა.

უახლესი ინფორმაციის მოპოვებისთვის აშშ-ის სპეცსამსახურები ამერიკულ მასმედიასთან შეჯიბრში იყვნენ და არიან ჩართულნი და ხშირად მარცხდებიან კიდეც. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უფროსმა 1989 წლის 9 ნოემბერს "ბერლინის კედლის" დანგრევის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია სი-ენ-ენის რეპორტაჟიდან შეიტყო. ბერლინში ცსს-ის რეზიდენტ დევიდ როლფს კი ამ დროს სახლში ტკბილად ეძინა. ანალოგიური კურიოზი განმეორდა საბჭოთა კავშირში 1991 წლის 19 აგვისტოს, ე.წ. პუტჩის დროს, როდესაც ჯორჯ ბუშმა-უფროსმა კვლავ ტელეკომპანია სი-ენ-ენის გადაცემებიდან შეიტყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის იზოლირებისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ბედის ირონიით, იმ დროს ცსს-ის რეზიდენტი მოსკოვში კვლავ დევიდ როლფი იყო, რომელიც დააწინაურეს და ბერლინიდან მოსკოვში ცსს-ში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე დანიშნეს. აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი ბილ ქლინთონიც ხშირად საყვედურობდა სპეცსამსახურებს: უახლეს ინფორმაციას ხშირად თქვენზე ადრე, სხვა წყაროებიდან ვიგებო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ ყველამ, მათ შორის - პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმაც ტელევიზიებიდან შეიტყო. ამერიკის სპეცსამსახურების "ჩაფლავება" სახეზე იყო: ცსს-მ და გფბ-მ ტერაქტის მზადების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გაცვლა და მოქმედების კოორდინაცია ვერ მოახერხეს!
2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ საერთაშორისო კონვენციებით ეხელმძღვანელათ და მათთვის უმთავრესი - დემოკრატიული ფასეულობები და იდეალები ყოფილიყო.

ამგვარად წარმოედგინა ობამას აშშ-ის სპეცსამსახურების მოქმედების მთავარი პრინციპი. დიდებულია. მაგრამ იმავე "დემოკრატიული იდეალებით" რუსეთი, ირანი, ჩრდილოკორეა, "ისლამური სახელმწიფო", "თალიბანი" ან "ალ-ქაიდა" რომ არ მოქმედებდნენ? რუსეთთან ობამას "გადატვირთვის პოლიტიკა" სრული კრახით დასრულდა: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსიაც მოახდინა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა ობამა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა რა: "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო".

2016 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო მოხსენებიდან, რომლის თანახმად, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. მაშინ გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" წერდა, რომ ცსს-მ დაადგინა იმ პირების ვინაობა, ვინც რუსეთის ხელისუფლების დავალებით აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები გატეხა და "ვიკილიქსს" ათასობით ელექტრონული შეტყობინება მიაწოდა. ამერიკელი მზვერვების მტკიცებით ეს ფაქტი ფართომასშტაბიანი რუსული ოპერაციის ნაწილი იყო, რათა ტრამპის გამარჯვებისათვის ხელი შეეწყოთ და კლინტონის პრეზიდენტობის შანსები შეემცირებინათ. პრეზიდენტი ტრამპი ყოველნაირად ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების პროცესზე. ის ახლაც უარყოფს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მტკიცებას რუსეთის მხრიდან დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვაზე. აშშ-ის არჩევნებთან რაიმე კავშირს უარყოფს რუსეთიც და მათი პოზიციები მარტო ამ საკითხში როდი ემთხვეოდა ურთიერთს. თავის მხრივ ცსს უკმაყოფილო იყო არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებით, რომელიც მან რუსი ჰაკერების მიერ შესაძლო დახმარებასთან დაკავშირებით გააკეთა. "შეშფოთებას იწვევს ის, რომ სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ამერიკის არჩევნებს ეხება, აღიქმება ტყუილად და პოლიტიზირებულად" - განაცხადა მაშინ ცსს-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. 2018 წელს ჰელსინკში ტრამპსა და პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი, როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე კითხვა დაისვა, ტრამპმა რუსეთის მხარე დაიჭირა და არა - თავისი ქვეყნის დაზვერვის.

ალბათ გახსოვთ, რომ ტრამპი ქვეყანას "ტვიტერის" მეშვეობით მართავდა და ყველაფერს წერდა, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება. ის განსაკუთრებით აქტიურობდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით. ბოლოს ერთ-ერთმა "დაზარალებულმა", აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ვეღარ მოითმინა და საქვეყნოდ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის "ტვიტები" მუშაობაში ხელს უშლის და უნდა შეწყდეს იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების შესახებ "ტვიტების" გამოქვეყნება. თუმცა ექსპრეზიდენტ ტრამპს უფრო სერიოზული ბრალიც წაუყენეს.

2017 წლის 15 მაისს ამერიკის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან და აშშ-ში რუსეთის ელჩ კისლიაკთან შეხვედრაზე მათ მესამე ქვეყნის (სავარაუდოდ ახალი ზელანდიის) მიერ მიწოდებული საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაცია გააცნო. ეს დოკუმენტები კლასიფიცირებული გრიფით "სრულიად საიდუმლო" და მასზე წვდომა თავად აშშ-ის ადმინისტრაციაშიც კი, მინიმუმამდე იყო შეზღუდული. სწორედ ამ სკანდალურ შემთხვევას გულისხმობდა ჯო ბაიდენი, როდესაც შიშობდა საიდუმლო ინფორმაცია ტრამპს სადმე წამოსცდებაო.

თუ დონალდ ტრამპი, მართლაც "დასაჯეს" და სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერეს, ეს გადაწყვეტილება სერიოზულად იმოქმედებს მის ინფორმირებულობაზე, უპირველესად, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაში ძალზე შეუშლის ხელს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
რესტ
23 თებერვალი 2021 20:14
რუსები და რუსეთუმეები რომ იხოკავდნენ ტრამპისთვის სახეს, იმიტომ გაუჩნდათ ამერიეკელებს მის მიმართ უნდობლობა, და არ აირჩიეს. იგივე ჯგუფებმა მოაწაყეს იგივე ქსელებში მერე ისტერიკა გაუყალბესო :დ. ჰოო და
რატი
22 თებერვალი 2021 13:22
ქალბატონ ლიას ვეთანხმები და აქვე დავამატებ, რომ ტრამპს ფაქტიურად გადატრიალება მოუწყვეს და აშშ-ს უშიშროებამ ამაზე თვალი დახუჭა, რაც მის მიმართ ნდობას ასუსტებს და მიკერძოებულად წარმოაჩენს. შეცდომების მიუხედავად, ტრამპი ამ მარგინალი ფსევდო-დემოკრატების ბრბოს მანიც ჯობია.
ლია
21 თებერვალი 2021 14:23
ანუ, ცსს -ს ხშირად მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენენის დროს "მხართეძოზე ეძინა", და ტრამპის არჩევნების დროს გამოფხიზლდა მაინცდამაინც?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები