პატრიოტიზმისა და მოხერხებულობის იაპონური გაკვეთილები: რატომ პარავდნენ იაპონელები საბჭოთა კავშირს "შავ ქვიშას" - კვირის პალიტრა

პატრიოტიზმისა და მოხერხებულობის იაპონური გაკვეთილები: რატომ პარავდნენ იაპონელები საბჭოთა კავშირს "შავ ქვიშას"

სანამ ძირითად თემაზე ვისაუბრებ, მინდა, მცირე ეკონომიკური ანალიზი შემოგთავაზოთ. იაპონია მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელსაც უმთავრესი სტრატეგიული რესურსები არ გააჩნია. ის მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტზე. იაპონიას სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს: ნავთობის საერთო მოხმარების - 99,8%; თუთიის მადნის -100%; სპილენძის - 95%; ნიკელის მადნის - 100%; რკინის მადნის - 99%; ხეტყის - 95%; ქვანახშირის - 93%; ბუნებრივი აირის - 91% და ა.შ.

თავად იაპონელები ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ორი სტრატეგიული რესურსი აქვთ: ზღვა და ტვინი. ფაქტია, რომ ისინი ერთსაც წარმატებით იყენებენ და მეორესაც. პროფესიონალიზმი, თავდადება, გამჭრიახობა და აღმოსავლური ეშმაკობა, დიდ პატრიოტიზმთან ერთად - აი, რა ახასიათებს იაპონიის სახელმწიფო სტრუქტურებს, უპირველესად კი - სპეცსამსახურებს.

ათწლეულების მანძილზე იაპონიის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიული რესურსების იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდებოდეს. ამ მიზნით, საყოველთაოდ აღიარებულ და ტრადიციულ საგარეო-სავაჭრო მეთოდებთან ერთად, იაპონელები უდიდეს გამომგონებლობას იჩენენ და ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის სხვადასხვა ეშმაკობას მიმართავენ.

მინდა, მკითხველს ორი რეალური ისტორია მოვუთხრო, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის ჩურჩულით, როგორც წესი, სამზარეულოში ვრცელდებოდა და ღრმა შურნარევი ამოოხვრით მთავრდებოდა. ერთ-ერთი, ყველაზე გამბედავი, სამზარეულოს ჭერს და კედლებს შიშით შეავლებდა თვალს და ჩუმად იტყოდა: "რა მაგრები არიან ეს იაპონელები, ჩვენ კი დიდი .. ". ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ისტორიები იმდენად კურიოზული იყო, რომ ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდნენ. 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა საგარეო დაზვერვის არქივების მცირე ნაწილის დღის სინათლეზე გამოტანის შემდეგ კი, ყველაფერი დადასტურდა. 1976 წელს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს ნახევრადსახელმწიფო იაპონური კომპანია "იკებუკოს" დირექტორმა საბჭოთა კავშირში სავიტრაჟე მინების საკმაოდ დიდი პარტიის შეძენის წინანადებით მიმართა. იაპონელები მზადყოფნას გამოთქვამდნენ, დიდი დანახარჯების მიუხედავად, მინა შეეძინათ ერთბაშად, დიდ პარტიებად. ასეთი შეთანხმება საბჭოთა კავშირისთვის ძალზე მომგებიანი იყო, რადგან ასეთი მინების წარმოება იმხანად სახელმწიფოს კაპიკები უჯდებოდა, გაყიდვით კი დოლარზე გაყიდდა. კონტრაქტი გაფორმდა და ასობით მინით დატვირთული სარკინიგზო ვაგონი დაიძრა ნახოდკას პორტისკენ, სადაც ისინი შემდგომში იაპონურ გემებზე უნდა ჩაეტვირთათ.

საბჭოთა უშიშროებამ მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეიტყო, რომ ამ მოცულობის სავიტრაჟე მინის შეძენა იაპონელების ეშმაკობა იყო. აგენტურული მონაცემებით გაირკვა, რომ როგორც კი გემები დატოვებდნენ ნახოდკას პორტს და ღია ზღვაში გავიდოდნენ, მთელი ეკიპაჟი კონტეინერების მტვრევას იწყებდა. ხის ჩარჩოებს აცალკევებდნენ მინისაგან და დიდი სიფრთხილით ათავსებდნენ გემის სატვირთო ნაწილში, ხოლო მინას კი ამსხვრევდნენ და სხვა კონტეინერებში ჰყრიდნენ. ეს ოპერაცია მხოლოდ ღამით, პროჟექტორების შუქზე და მცირე სიჩქარით მოძრაობის დროს ტარდებოდა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მინების შეძენის რეალური მიზეზი დაეფარათ ახლო-მახლო გავლილი გემების ეკიპაჟებისგან ისევე, როგორც საბჭოთა მესაზღვრეების ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისგან.

კონსპირაციის მიზნით "იკებუკოს" ადმინისტრაცია ქირაობდა ეკიპაჟს მხოლოდ ერთი რეისის განმავლობაში. ეს ეკიპაჟი შედგებოდა ინდონეზიელი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების დაბალი კვალიფიკაციის მუშებისგან, რომლებიც სიამოვნებით თანხმდებოდნენ ამ სამუშაოს. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი 20-კაციან ჯგუფს მიზერულ გასამრჯელოს აძლევდნენ და "გამოსამშვიდობებელ" ვახშამს უმართავდნენ. მთელი საიდუმლო ის იყო, რომ ეს სავიტრაჟე მინები მოთავსებული იყო უზარმაზარ ხის კონტეინერებში, რომლებიც დამზადებული იყო ისეთი ძვირფასი ხის მასალისგან, როგორიც იყო მუხა, ფიჭვი და ა.შ. პირველ რიგში, სწორედ ხის კონტეინერები აინტერესებდათ იაპონელებს და შემდეგ - მინა. საბჭოთა დაზვერვის ინფორმაციით, მარტო ერთი ასეთი რეისის დროს გემების ქარავანს იაპონიაში შემოჰქონდა 10 ათასამდე კუბური მეტრი ხის მასალა.

ასეთი სპეცოპერაციების შედეგად, საკუთარი ბუნებრივი ხეტყის რესურსების არმქონე იაპონიამ XX-ე საუკუნის ბოლოს მესამე ადგილი დაიკავა (ესპანეთისა და იტალიის შემდეგ) ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ავეჯის წარმოებით.

ასეთი, ფაქტობრივად, უფასოდ მიღებული ხის მასალისგან "იკებუკო" ამზადებდა შესანიშნავ ავეჯს, რომლის მომხმარებლებიც იყვნენ არაბი შეიხები, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 1982 წელს "იკებუკომ" სწორედ ამგვარი ხის კონტეინერების მასალისგან დამზადებული ავეჯი მიჰყიდა საბჭოთა კავშირს - სსრკ-ის მინისტრების საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი ტიხონოვის კაბინეტის დასამშვენებლად.

მეორე ფაქტიც არანაკლებ კურიოზულია. 1978 წელს იაპონურმა ფირმა "ასაჰარიმ" საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს მიმართა თხოვნით, რომ რამდენიმე წლით იჯარით გადაეცათ დაბა ოზერნოვსკსის (მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში) მახლობლად მდებარე უკაცრიელი სანაპირო ზოლი.

იაპონური ფირმის განცხადებით, ის აპირებდა, ამ რაიონში აეშენებინა დასასვენებელი ბაზა იმ თევზმჭერი გემების ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ამ საქმიანობას ოხოტის ზღვის ნეიტრალურ წყლებში მისდევდნენ. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ შენობა-ნაგებობები საბჭოთა კავშირს დარჩებოდა.

საბჭოთა ხელისუფლება სიხარულით დასთანხმდა ამ ხელსაყრელ წინადადებას. იაპონელებმაც ჩვეული პედანტურობითა და მონდომებით დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. გადიოდა დღეები, თვეები და იაპონელებს საბჭოთა მესაზღვრეების თვალწინ გულმოდგინეთ გაჰქონდათ სანაპირო ზოლის შავი ქვიშა, ხოლო დასასვენებელი ბაზის მშენებლობის დაწყებას არ ჩქარობდნენ.

გატანილი ქვიშის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა მესაზღვრეები ხუმრობდნენ: ისე შეუსვენებლივ მიმდინარეობს ოზერნოვსკი-ტოკიოს მეტროპოლიტენის ხაზის მშენებლობა, რომ მალე ექსკურსიაზე წავალთ იაპონიაშიო.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგა ხანი არწმუნებდა ოდნავ შეშფოთებულ საბჭოთა ხელისუფლებას: მიმდინარეობს მეზღვაურთა დასასვენებელი კოტეჯების მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო გატანილ ქვიშას პირდაპირ ზღვაში ვყრითო.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ძალზე გვიან ამოქმედდა. მისი შეფის, იური ანდროპოვის მითითებით, იაპონური გემების (რომლებსაც ქვიშა გადაჰქონდათ) მარშრუტის შესასწავლად კოსმოსური დაზვერვაც კი ჩართეს. აღმოჩნდა, რომ ქვიშას ზღვაში კი არ ჰყრიდნენ, არამედ - მას ათავსებდნენ სპეციალურ სათავსებში და იაპონიაში მიჰქონდათ.

ანდროპოვის ბრძანებით, სუკ-ის სპეცლაბორატორიებში გააკეთეს ამ შავი ქვიშის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ქვიშა, რომელსაც ადგილობრივები "შავს" უწოდებდნენ, წარმოადგენდა პერიოდულად მოქმედ ვულკან მაიონის ვულკანურ ფერფლს. ეს ვულკანი მდებარეობს ფილიპინებზე, კუნძულ კატანდუანესთან ახლოს.

დადგინდა, რომ ვულკანი მაიონი ამოფრქვევისას ფილიპინების ზღვის მიმდებარე წყლებში გადაისვრის ვულკანურ ფერფლს, რომელიც შემდგომში წყნარი ოკეანის დინებას მიუყვება და ილექება კამჩატკის სანაპიროზე, კერძოდ კი - დაბა ოზერნოვსკის რაიონში.

ლაბორატორიულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვულკანური ფერფლი შედგება იშვიათი ქიმიური ელემენტებისგან (სკანდიუმი, იტრიუმი, ლანტანი და ლანტონიდები). ამის გარდა, შავ ქვიშაში არის ისეთ ძვირფასი ელემენტები, როგორიცაა ოქრო და პლატინა. ოზერნოვსკის მიმდებარე ტერიტორია იშვიათი ადგილია დედამიწაზე, სადაც ღია მეთოდით შეიძლება ზემოაღნიშნული ელემენტების მოპოვება. ამ ელემენტებს იყენებენ ელექტრონიკაში, ლაზერულ და ოპტიკურ ტექნოლოგიებში.

იაპონიის საგარეო დაზვერვის უწყებებმა (მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა საინფორმაციო-კვლევითმა ბიურომ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და კვლევების სამმართველომ) ადრევე დაადგინეს "შავი ქვიშის" უნიკალური შემადგენლობა და ღრმა ანალიზის შემდეგ სათანადო რეკომენდაციები მოუმზადეს იაპონიის პრემიერ-მინისტრს.

1979 წლის ბოლოს ხელშეკრულება იჯარის თაობაზე გაუქმდა, სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტით მიმართა იაპონურ მხარეს, ხოლო სუკ-ის კაბინეტიდან ცენტრალური კომიტეტისადმი მიმართულ წერილში ნათქვამი იყო: "იაპონური რადიოელექტრონული მრეწველობა მნიშვნელოვნად განვითარდა კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონიდან მოტყუებით გატანილი შავი ქვიშის დახმარებით..." თუმცა უკვე გვიან იყო "თითზე კბენანი".

ნებისმიერ ქვეყანას, მით უფრო - პატარას, სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურების (უპირველესად, საგარეო დაზვერვის, დიპლომატიური სამსახურის, საფინანსო და ეკონომიკური უწყებების) კოორდინირებული მოქმედება ეკონომიკური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ეკონომიკა ოდითგან საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელია და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების ვალია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე დღენიადაგ ფიქრი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება.

ქართველი ჩინოვნიკების (ყველა სფეროს ეხება) საყურადღებოდ: ქალბატონებო და ბატონებო! იქნებ, ყურადღებით გაეცნოთ "ამომავალი მზის ქვეყნის" სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალებით ჩატარებულ, თითქმის დაუჯერებელ სპეცოპერაციებს, რომლებიც იაპონიის ეკონომიკის გასაძლიერებლად იყო მიმართული. ამის შემდეგ დაფიქრდით: შეესაბამებით კი დაკავებულ თანამდებობას?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს