რატომ ქმნიდა კა-გე-ბე ნეოფაშისტურ ორგანიზაციებს და რა პროვოკაციებია მოსალოდნელი რუსეთის სპეცსამსახურებისგან - კვირის პალიტრა

რატომ ქმნიდა კა-გე-ბე ნეოფაშისტურ ორგანიზაციებს და რა პროვოკაციებია მოსალოდნელი რუსეთის სპეცსამსახურებისგან

საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებში შორიდანაც კარგად ჩანს "ჩრდილოელი დათვის ყურები". საქართველოში მოქმედი საბჭოთა აგენტურა მემკვიდრეობით მიიღეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, შემდგომ წლებში თავადაც ბევრი დაამატეს და დღეისთვის ბევრ პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს, მასმედიის საშუალებასა და ჟურნალისტს აკონტროლებენ. რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ საქართველოში სიტუაციის იმგვარად დაძაბვას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდაპირისპირების იმ დონემდე გამწვავებას, რომ შესაძლებელი გახდეს ხალხის დიდი მასების ქუჩაში გამოყვანა და "მართვადი ქაოსის" პროცესის ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნება. "მართვადი ქაოსის" კლასიკური სცენარი კი ამგვარია: სპეცსამსახური რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური, ეროვნული, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და ა.შ. დაპირისპირების გასამწვავებლად აგენტურას ნერგავს ორივე მოწინააღმდეგე მხარესთან და სრულად აკონტროლებს მათ მოქმედებას: საჭიროების შემთხვევაში, უმატებს ან უკლებს "დაძაბულობის ტემპერატურას". ჩვენს რეალობასთან ხომ ძალზე ახლოსაა?

მცირე ისტორიული ანალიზიც ადასტურებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მემკვიდრეობით მიღებული გეგმებით მოქმედებენ.

საბჭოთა სპეცსამსახურები მიზნის მისაღწევად არაფერს თაკილობდნენ. პოლიტიკური მკვლელობები, დივერსიები, სხვადასხვა ეროვნების (არაბი, იტალიელი, გერმანელი და ა.შ. ) ტერორისტების მომზადება, სეპარატისტული რეჟიმების შექმნა და ა.შ. თუმცა ამ ბინძური საქმიანობის "მარგალიტების გვირგვინში" ცალკე, "გამორჩეული" ადგილი უკავია საზღვარგარეთ და საბჭოთა კავშირში ნეოფაშისტური ორგანიზაციების შექმნას და ეროვნებათაშორისი შუღლის პროვოცირებას.

საბჭოთა დაზვერვა ფიქტიურ ნეონაცისტურ ორგანიზაციებს, პირველ რიგში, დასავლეთ გერმანიასა და ლათინურ ამერიკაში ქმნიდა, სადაც ყველაზე ბევრი ფაშისტური იდეოლოგიის თაყვანისმცემელი ცხოვრობდა და ცხოვრობს. ამ, სრულიად საიდუმლო ოპერაციებს პირადად კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი უწევდა კონტროლს. ერთ-ერთი პირველი ნეონაცისტური ორგანიზაცია 1971 წლის ბოლოს შეიქმნა მიუნჰენში და მას ყოფილი "ვერმახტის პოლკოვნიკი", "ბარონი ფონ ჰოენშტაინი" ხელმძღვანელობდა. სინამდვილეში კი, ამ გვარით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წლების მანძილზე ფარულად ცხოვრობდა და მოქმედებდა საბჭოთა არალეგალური დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იური დროზდოვი. ამ, ვითომდა "ნეოფაშისტური" ორგანიზაციის ძირითადი წევრებიც გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ეროვნების საბჭოთა მზვერავები იყვნენ. ისინი გერმანელ ახალგაზრდებში და მესამე რეიჰის ყოფილ ოფიცრებში ფარულ აგიტაციას ეწეოდნენ და ორგანიზაციის წევრობას სთავაზობდნენ. ბევრი თანხმდებოდა და შედეგად მთლიანად ებმებოდა კა-გე-ბეს მახეში. ფაშისტური გამოსვლები, ებრაელთა სასაფლაოების დარბევები და ბევრი ამგვარი "გმირობა" ნეონაცისტური ორგანიზაციების სავიზიტო ბარათი იყო. ამის პარალელურად, საბჭოთა "დეზინფორმაციული მანქანა" სასწრაფოდ ავრცელებდა ინფორმაციას "გერმანელი ფაშისტების" ახალი ვანდალური მოქმედებების შესახებ.

ამ ოპერატიული კომბინაციით საბჭოთა დაზვერვა ერთდროულად ოთხ "კურდღელს იჭერდა": ნეონაცისტური მოძრაობის გააქტიურებით საერთაშორისო საზოგადოების თვალში კომპრომეტირებას უკეთებდა დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებას; ახდენდა ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის უაღრესად დაძაბვას; უკიდურესად აღვივებდა ეროვნებათაშორის შუღლს და ბოლოს - ამ ორგანიზაციების წევრები თანდათანობით კა-გე-ბეს სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.

ქვეყნის შიგნით ანალოგიური ლეგენდარული "ფაშისტური" ორგანიზაციების შექმნას საბჭოთა კონტრდაზვერვა ხელმძღვანელობდა. ამ ოპერატიულ სპეცოპერაციებს "პროფილაქტიკური ღონისძიებები" ერქვა და ამ გზით ცდილობდნენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში (უპირატესად, ახალგაზრდებში) ნაცისტური სიმბოლიკის და იდეების მიმდევრების გამოვლენას, შემდეგ კი, შანტაჟის გზით მათ "დავერბოვკებას" არაფერი აბრკოლებდა.

ქვეყნის შიგნით პროვოკაციების ორგანიზება და ეროვნული შუღლის გაღვივებაც საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების "სავიზიტო ბარათია".

ისტორიული გამოცდილება კი მართლაც შთამბეჭდავი აქვთ - ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი, სუმგაითი, ბაქო, ვილნიუსი, რიგა, აფხაზეთი, ცხინვალი... - აი, კა-გე-ბე - გე-ერ-უსა და რუსეთის სპეცსამსახურების სისხლიანი პროვოკაციების მცირე ჩამონათვალი.

ბუდაპეშტი, 1956 წლის ოქტომბერი. მაშინდელი კა-გე-ბეს თავმჯდომარის, ი. სეროვის ბრძანებით, საბჭოთა კავშირიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამოგონილი გვარებით სხვადასხვა ეროვნების 20-ზე მეტი სუკის აგენტი ჩავიდა. ისინი ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პროკლამაციებს და თავს ესხმოდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს. ყველაფერი ეს კი მიმართული იყო იქითკენ, რომ გაემართლებინათ საბჭოთა სამხედრო ჩარევა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ.

პრაღა, 1968 წლის აგვისტო. კა-გე-ბეს 30-ზე მეტი არალეგალური აგენტი სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტის ლეგენდით ჩავიდა ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში. ღამღამობით ისინი ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პლაკატებს, ლოზუნგებსა და პროკლამაციებს, სადაც... კომუნისტების ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ პრაღელებს. კა-გე-ბე და გე-ერ-უ ამას არ სჯერდებოდა - ჩეხოსლოვაკიის მთელ ტერიტორიაზე აწყობდნენ იარაღის სამალავებს, სადაც ყუთებით ალაგებდნენ იარაღს, საბრძოლო მასალებს და შემდეგ თავადვე "პოულობდნენ". მეორე დღესვე საბჭოთა პრესაში (უპირველესად, გაზეთები "პრავდა" და "იზვესტია" აქტიურობდნენ) იბეჭდებოდა სტატიები, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში კონტრევოლუციური ძალების გააქტიურებასა და მათ მიერ სამხედრო აჯანყების მომზადებაზე გაჰყვიროდა.

საბჭოთა კავშირი კარგა ხანია, "მიიცვალა", მაგრამ ამჟამად მისი სპეცსამსახურების საქმიანობის "ღირსეულ" მემკვიდრეებად რუსეთის სპეცსამსახურები გვევლინებიან, რომლებიც იმავე მეთოდებით ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას: პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვა, რელიგიური და ეროვნული შუღლის ჩამოგდება, ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავება - ესაა მათი მთავარი მიზანი.

შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს 1990-იანი წლების ბოლოს თბილისში ებრაელთა სასაფლაოს შეურაცხყოფის რამდენიმე შემთხვევა. მაშინ ეს დანაშაულებები გაუხსნელი დარჩა, არავითარი ხელჩასაჭიდი კვალი არ იყო დატოვებული და ჩანდა, რომ პროფესიონალების ნამოქმედართან გვქონდა საქმე. შემდეგ კი ახალციხესა და ახალქალაქში გავრცელებული პროვოკაციული პროკლამაციებით ქართველებისა და სომხების დაპირისპირებას ცდილობდა საქართველოს მტერი. სამწუხაროდ, ეს ფაქტებიც სათანადო რეაგირების გარეშე დარჩათ ჩვენ სპეცსამსახურებს.

ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა კიდევ უფრო გაახშირებს პროვოკაციებს. ამიტომ განსაკუთრებული მობილიზება სჭირდებათ საქართველოს სპესამსახურებს. რამდენად არიან ისინი ამისთვის მზად? დღევანდელ ეტაპზე კონტრდაზვერვითი მუშაობა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების "აქილევსის ქუსლია". მათი მთავარი ამოცანა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტურის გამოვლენა-განეიტრალება, ხოლო კონტრდაზვერვის საქმიანობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი - ქვეყნის სტაბილურობა უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება მცირერიცხოვანი და ეფექტიანი კონტრდაზვერვის სტრუქტურა, დღეს კი ამისგან ძალზე შორს ვართ. მხოლოდ ორ პრობლემას შევეხები: დაფინანსებასა და პროფესიონალი კადრების მომზადებას. სპეცსამსახურების დაფინანსება უნდა მოხდეს არა საშტატო შემადგენლობის (როგორც, მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო ფინანსდება), არამედ - მიზნობრივი პროგრამების: ცალკეული ოპერაციებისა და ოპერატიული ღონისძიებების მიხედვით. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობის განსაზღვრა, თორემ, დღეს რა გამოდის: მათი ყოველწლიურად მზარდი დაფინანსების პირობებში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დონე კატასტროფულად ეცემა!

მეორე პრობლემა კადრებს ეხება. უკანასკნელ წლებში საქართველოს სპეცსამსახურებში გამოუცდელ, მაგრამ პირადი ერთგულების საფუძველზე შერჩეულ ადამიანებს გაეხსნათ გზა. გულგრილობა და აჩქარება სპეცსამსახურების კადრების შერჩევისა და მომზადების პროცესში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემების შემცველია. სპეცსამსახურების თანამშრომელთა მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება (დაწინაურება, რეზერვში გადაყვანა ან დათხოვნა) საკმაოდ რთული საკითხია და ძალზე ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს უნდა ახსოვდეთ, რომ თანამშრომელი, რომელიც ყველაზე სახიფათო დავალებებს ასრულებს, უნდა გრძნობდეს მაქსიმალურ მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას ქვეყნისა და ამ ორგანიზაციისგან.

სამწუხაროდ, კადრების შერჩევისა და მომზადების დღეს არსებული სისტემა შედეგს არ მოგვიტანს, თუ სასწრაფოდ არ შემუშავდა და განხორციელდა სპეცსამსახურების (დაზვერვის, კონტრდაზვერვის, ანტიტერორისტული და ოპერატიულ-ტექნიკური მიმართულებით) კადრების შერჩევის, მომზადებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების ერთიანი პროგრამა, რაც მთავარია - მოწინააღმდეგის აგენტურისგან სრულიად დაცული! ასე რომ, დრო არ ითმენს. გასაკეთებელი საკმაოზე ბევრია და ძნელი სათქმელია, ამ ურთულეს პირობებში რამდენად შეძლებენ ჩვენი სპეცსამსახურები მოწინააღმდეგის მიერ ორგანიზებულ "მართვად ქაოსთან" გამკლავებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს