ჯაშუშები სანტექნიკოსის უნიფორმით: ასრულებდა თუ არა ინაურის დავალებებს ქართველი "სანტექნიკოსი ბესტი"? - კვირის პალიტრა

ჯაშუშები სანტექნიკოსის უნიფორმით: ასრულებდა თუ არა ინაურის დავალებებს ქართველი "სანტექნიკოსი ბესტი"?

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში იმართება. ფორუმი ყოველთვის წარმომადგენლობითია: ასზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, მინისტრი, ბიზნესმენი და ცნობილი მეცნიერი, მოკლედ, ნამდვილი "კლონდაიკია" სპეცსამსახურებისთვის. აგენტურის გადაბირება, ფარული მიყურადებისა და გადაღების აპარატურის დამონტაჟება ან უკვე მოქმედ აგენტთან შეხვედრა - ეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის აუცილებელი ატრიბუტებია.

2020 წლის დავოსის ფორუმის დაწყების წინ ერთ-ერთმა შვეიცარულმა გაზეთმა ძალზე საინტერესო ისტორია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2019 წლის აგვისტოში შვეიცარიის ფედერალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დავოსში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც თავი სანტექნიკოსებად გაასაღეს. რაოდენ დიდი იყო შვეიცარიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელების გაოცება, როდესაც "სანტექნიკოსებს" დიპლომატიური პასპორტები აღმოაჩნდათ. ეჭვებს აძლიერებდა ის გარემოებაც, რომ რუსეთის მოქალაქეები დავოსში ოცი დღით დარჩენას აპირებდნენ. თუ გავითვალისწინებთ დავოსში ცხოვრების სიძვირეს, მაშინ რუსი "სანტექნიკოსები" ან მილიონრები იყვნენ, ან სახელმწიფოს (ანუ სპეცსამსახურების) ფულს ხარჯავდნენ. რუსეთის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს და მათ უპრობლემოდ დატოვეს შვეიცარია. რუსი "სანტექნიკოს-დიპლომატების" მიზანი შესაძლოა, ყოფილიყო ფარული მისაყურადებელი და ვიდეოსათვალთვალო აპარატურის წინასწარ, ფორუმის დაწყებამდე დამონტაჟება დავოსის სხვდასხვა სასტუმროში. საინტერესოა, თუ რატომ ირჩევენ სპეცსამსახურები საფარად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან, სანტექნიკოსის პროფესიას? პასუხი მარტივია: "სანტექნიკოსად" გადაცმულ ჯაშუშებს ადვილად შეუძლიათ ნებისმიერ ოფისსა და კაბინეტში შესვლა, იქ კი ფარული მიყურადებისა და გადაღების აპარატურის დამონტაჟება.

ზემოთ მოყვანილი ფაქტი ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სპეცსამსახურების თანამშრომლები "სანტექნიკოსებად" ინიღბებიან. აშშ პრეზიდენტს 1969-1974 წლებში, რიჩარდ ნიქსონს, "სანტექნიკოს-ჯაშუშების" გამო მოუწია თანამდებობის "ნებაყოფლობით" დატოვება. ჯერჯერობით ის ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. "უოთერგეითის სკანდალის" სახელით ცნობილი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი ვაშინგტონში 1972 წლის 17 ივნისს დაიწყო და 1974 წლის 9 აგვისტოს დასრულდა: რიჩარდ ნიქსონის გადადგომითა და მისი რამდენიმე თანაშემწის დაპატიმრებით. ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1972 წლის 17 ივნისს, ღამით, ვაშინგტონში, სასტუმრო "უოთერგეითის" კომპლექსში განლაგებულ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში "სანტექნიკოსების" ფორმაში გადაცმული ხუთი ადამიანი ფარულად შეიპარა. რამდენიმე მათგანი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი იყო. პოლიციის მიერ მათი დაკავების შემდგომ გაირკვა, რომ ისინი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბის თანამშრომლები იყვნენ და "სანტექნიკოსების" მიზანი ფარული მიყურადების აპარატურის დამონტაჟება იყო. რიჩარდ ნიქსონი

როგორც ირკვევა, არც ქართველი "ჩეკისტი-სანტექნიკოსები" ყოფილან გულხელდაკრეფილი და შესაძლოა, ლონდონშიც კი ასრულებდნენ კა-გე-ბეს დავალებებს. ინგლისში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ლონდონში სანტექნიკური სამუშაოების პატარა ფირმა ჰქონდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერატიული დამუშავების ობიექტი გახდა და მის გადაბირებას თავად მთავარი ქართველი "ჩეკისტი" - ალექსი ინაური გეგმავდა. გადამდგარი პოდპოლკოვნიკი ვლადიმერ ლუტიძე, რომელიც თითქმის ორმოცი წელი იყო საქართველოს სსრ სუკ-ის კონტრდაზვერვის განყოფლების თანამშრომელი, ავტორია მცირე მოცულობის მემუარული ხასიათის წიგნისა: "კონტრდაზვერვის ოფიცრის მოგონებები", რომელიც თბილისში 2002 წელს დაიბეჭდა. როგორც ირკვევა, ვ. ლუტიძე არაერთგზის იყო მივლინებული საზღვარგარეთ ქართველი სპორტსმენებისა და ხელოვნების მუშაკების დელეგაციების შემადგენლობაში. მიზანი ორი იყო: კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა (ანუ დელეგაციის წევრებზე მეთვალყურეობა, რათა არავინ დარჩენილიყო "კაპიტალისტურ ქვეყანაში") და, პარალელურად, ქართველ ემიგრანტ-საბჭოთა აგენტებთან ოპერატიული კავშირის დამყარება ან აღდგენა.

ვ. ლუტიძე მოგვითხრობს ერთ ეპიზოდზე, როდესაც თავად საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარე ალექსი ინაური იყო ჩართული ქართველი ემიგრანტის გადაბირების ოპერაციაში. ალექსანდრე ბესტი ცხოვრობდა ინგლისში, მუშაობდა სანტექნიკოსად (საკუთარი მცირე ფირმაც ჰქონდა) და მას ხშირად იძახებდნენ დიდი ბრიტანეთის სამთავრობო სტრუქტურებში, ინგლისის არისტოკრატიულ ოჯახებში და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში სანტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად. საბჭოთა დაზვერვას ეს ფაქტი არ გამოეპარა და გადაწყდა ა. ბესტის ოპერატიული დამუშავება. გაირკვა, რომ ა. ბესტი (ალექსანდრე ბესტავაშვილი) ალექსი ინაურის ბავშვობის მეგობარი ყოფილა და საქმეში უკვე "მძიმე არტილერია" ჩაერთო. საჭირო გახდა მათი "შემთხვევითი" შეხვედრის ორგანიზება. ა. ბესტავაშვილის პირველ მოგზაურობას საქართველოში ვ. ლუტიძე ამგვარად გადმოსცემს (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): "მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბესტავაშვილი საქართველოში არ დაბრუნდა. იგი ცხოვრობდა ინგლისში, მუშაობდა სანტექნიკოსად. ასეთი სპეციალობა მას აძლევდა საშუალებას, ყოფილიყო მიწვეული სანტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად ინგლისის სამთავრობო ხელისუფლების ორგანიზაციებში და, აგრეთვე, ინგლისის მაღალი ელიტური საზოგადოების ოჯახებშიც. ბესტავაშვილის მიმართ საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურს გარკვეული დაინტერესება ჰქონდა... მისი საქართველოში ჩამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა. თავის თბილისელ ახლობლებთან საუბარში უხსენებია, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ალექსი გენერალი გამხდარაო. როდესაც გენერალ ინაურს მოხსენდა მისი ბავშვობის პერიოდის კავშირზე იმჟამად უცხოელთან, მან მოისურვა შეხვედრა ბესტავაშვილთან. ამ შეხვედრის ორგანიზება მე დამევალა. ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მათ მოიგონეს ბავშვობა, ომის წლები და დაშორდნენ, როგორც ბავშვობის მეგობრები. დაშორებისას გენერალმა ინაურმა ბესტავაშვილს სამახსოვროდ სიმბოლურად აჩუქა ქართული ხმალი".

კარგად ჩანს, რომ ვ. ლუტიძე "ჩეკისტურად" ცდილობს კვალის არევას. ჯერ კიდევ 2001 წლის 3 აგვისტოს "დილის გაზეთში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ალექსანდრე ბესტავაშვილთან (ავტორი: მანანა სალაძე), სადაც თავად ა. ბესტავაშვილის მონათხრობიდან ირკვევა, რომ ის 1907 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ატენში. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, სამი წელი კი თბილისის უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე. მოულოდნელად მან 1929 წელს მიატოვა სწავლა და ფარულად თურქეთში სამ მეგობართან ერთად გადავიდა. იქიდან კი საფრანგეთში, ქართული ემიგრაციის ცენტრში, ჩავიდნენ. ინტერვიუში ა. ბესტავაშვილი აცხადებს: "ცოტაოდენი ფრანგული ვიცოდი . . მაშინ 3-4 წლით ვაპირებდი საზღვარგარეთ დარჩენას, რომ მერე ჩემი ცოდნა სამშობლოსთვის მომეხმარებინა." ასე, რომ ა. ბესტავაშვილმა საქართველო ჯერ კიდევ 1929 წელს დატოვა და არა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ამას ვ. ლუტიძე წერს.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს უკვე ასე მარტივი არ იყო საბჭოთა კავშირის დატოვება (თანაც ფარულად, სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე) და სამი-ოთხი წლის შემდეგ უკან დაბრუნება. თუმცა ა. ბესტავაშვილის მონათხრობის შემდეგ ბევრი სხვა საინტერესო ფაქტიც ირკვევა. 1930 წლის ოქტომბრიდან ის აქტიურად ებმება ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, კონტაქტი აქვს, როგორც ნოე ჟორდანიას მომხრეებთან, ასევე - "თეთრი გიორგისა" და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან. მას აუცილებლად ექნებოდა შეხვედრები სპირიდონ კედიას ნათესავთან, ქართველ ემიგრანტ და საბჭოთა აგენტ გიორგი გეგელიასთან, რომელიც ლავრენტი ბერიას დავალებით ჯერ კიდევ 1925 წელს ვითომდა "სასწავლებლად" გააგზავნეს საფრანგეთში ს. კედიას გარემოცვაში დამკვიდრების მიზნით. ა. ბესტავაშვილს ურთიერთობა ექნებოდა, აგრეთვე, მეორე საბჭოთა აგენტ შალვა ბერიშვილთან, რომელიც ნოე ჟორდანიას დიდი ნდობით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ა. ბესტავაშვილის კონტაქტები ქართული ემიგრაციის ლიდერებთან დააინტერესებდა საბჭოთა სპეცსამსახურებს და "ახალგაზრდა გორელის" ბიოგრაფიასაც დაწვრილებით შეისწავლიდნენ (თუ თავიდანვე მათი დავალებით არ მოქმედებდა). ის საბჭოთა საგარეო დაზვერვის პარიზის რეზიდენტურის "ოპერატიული დამუშავების ობიექტი" და გადაბირების კანდიდატიც იქნებოდა. ასე რომ, ა. ბესტავაშვილის პირადი საქმე ჯერ კიდევ 1930-იან წლებიდან უნდა ყოფილიყო საბჭოთა უშიშროების ოპერატიულ არქივებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ა. ბესტავაშვილი ჯერ ბელგიაში, ხოლო შემდეგ ინგლისში ცხოვრობდა. ა. ბესტავაშვილი ინტერვიუში იხსენებს: "...1940-დან 48-მდე, რაკი მოგზაურობის უფლება არ მქონდა, საფუძვლიანად გავეცანი ლონდონს. ომის დამთავრების შემდეგ . .. გათბობის გაყვანილობის საკუთარი ფირმა ჩამოვაყალიბე. მაშინ გადავწყვიტე ჩემი გრძელი ქართული გვარის ცოტა შემოკლება და "ბესტი" დავირქვი".

ჟურნალისტის პირდაპირ კითხვაზე: "პირველად 1963 წელს ჩახვედით საქართველოში. როგორ მოახერხეთ ეს იმ პერიოდში? მოგეხსენებათ, ქართველი ემიგრანტი კი არა, "ჩიტი ვერ გადააფრინდებოდა" საბჭოთა კავშირის საზღვრებს..." ა. ბესტავაშვილი პასუხობს: "ამის გამო ბევრი აქაური ქართველი ეჭვის თვალითაც მიყურებდა. გამგზავრების წინ არც ერთმა არ მომხედა და ჩემი მცირეწლოვანი შვილები ჩვენს ერთ ინგლისელ მეგობარს დავუტოვეთ.

სამი თვე ვებრძოლე საელჩოს, ბოლოს ათი დღის ვიზა მომცეს, ოღონდ მითხრეს: გორში სასტუმრო არ არის და პირდაპირ თბილისში უნდა წახვიდეო. ცოლიც თან გამომყვა - შენი იქ დატოვება თუ დააპირეს, მე ინგლისის მოქალაქე ვარ და ჩემთან ერთად ისე იოლად ვერ მოგკიდებენ ხელსო.

. . შემდეგ წელს მთელი ოჯახით ჩავედი საქართველოში, რათა შვილებსაც ენახათ მამის სამშობლო. მაშინ გორში მთელი ექვსი კვირა გავატარეთ".

ჩემი აზრით, ა. ბესტავაშვილის საქართველოში სტუმრობა სინამდვილეში სუკ-ის ინიცირებული და ორგანიზებული იქნებოდა, რათა მასთან კონტაქტი დაემყარებინათ (ან აღედგინათ). ასრულებდა თუ არა ინაურის დავალებებს ქართველი "სანტექნიკოსი ბესტი"? მე ვფიქრობ, რომ ა. ინაურის მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლიდა და ქართველი "სანტექნიკოსი ბესტი" საბჭოთა უშიშროების დავალებებს წარმატებით შეასრულებდა (რაც ამჟამად გამქრალ საქართველოს სსრ სუკ-ის არქივებში სათანადოდ იქნებოდა დოკუმენტირებული). წინააღმდეგ შემთხვევაში ა. ბესტს საბჭოთა ვიზას აღარ მისცემდნენ.

იხილეთ ასევე: "გულში სულ ქართულად ვლაპარაკობ, სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს რატომ გავაკეთე, როგორ დავტოვე დედა მარტო-მეთქი?"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს