კანონისა და უკანონობის ზღვარზე: რა უნდა ვიცოდეთ ფარული სატელეფონო მოსმენების შესახებ - კვირის პალიტრა

კანონისა და უკანონობის ზღვარზე: რა უნდა ვიცოდეთ ფარული სატელეფონო მოსმენების შესახებ

საზოგადოების ინტერესი ამ თემისადმი ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი - ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის გამო აგორებული სკანდალია. საეჭვოა, სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის პრობლემები ამით დამთავრდეს: შიდა და საგარეო პოლიტიკური მოვლენების დაძაბვის კვალობაზე, ახალ ფარულ ჩანაწერებს უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ ეს საკითხი უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს პრობლემადაა ქცეული. უსმენენ ყველას: ცოლებს, ქმრებს, შვილებს, საყვარლებსა და საყვარლის საყვარლებს, ბიზნესკონკურენტებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას - მოკლედ, მტერ-მოყვარეს.

განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ უსმენს და - როგორ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურები კრიმინალთან და ჯაშუშებთან საბრძოლველად ოპერატიულ ტექნიკას იყენებენ. სხვა საკითხია, კანონიერად თუ ხდება ამ ტექნიკის გამოყენება. ამიტომ უნდა გავაცალკევოთ კანონიერი და უკანონო ფარული მოსმენების შემთხვევები. რამდენი მოთამაშეა "ფარული მოსმენების მოედანზე"? - დღეისათვის ამ "მოედანზე" ერთადერთი კანონიერი და ოფიციალური მოთამაშე სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებია. სასამართლოს ან პროკურატურის სანქციით მოსმენის უფლება აქვთ ადგილობრივ სამართალდამცავებსა და სპეცსამსახურებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ფარული მოქმედებების გარეშე არ არსებობს. დღეისათვის კანონიერი ფარული მოსმენების (ასევე, სხვა ოპერატიული ღონისძიებების) ჩატარებას არეგულირებს საქართველოს კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ". ამ კანონში ჩამოთვლილია ის სახელმწიფო სტრუქტურები (სპეციალური სამსახურები), რომელთაც აქვთ ამგვარი საქმიანობის ჩატარების უფლება. გაწერილია შესაბამისი პროცედურებიც. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. კანონმდებლობით, ასევე, გაწერილია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები. კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობაა, თუ უკანონო ფარულ მოსმენებს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში უკანონო გზებითა და საშუალებებით ინფორმაციის მიღების სურვილი შემდეგ "მოთამაშეებს" შეიძლება ჰქონდეთ:

  • ადგილობრივ სპეცსამსახურებს;

  • ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებს;

  • სხვა ქვეყნის სპეცსამსახურს;

  • კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს;

  • პარტიის შიგნით - კონკურენტებს.

"ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ბატონობს სხვებზე"- ესაა ჭეშმარიტება, რომელსაც ყავლი არ გასდის და ინფორმაციის მოპოვების ცდუნება იმდენად დიდია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, ტერორისტებისა და ნარკომაფიის ორგანიზაციების წევრობასა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებთან ერთად, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებსაც დიდი სიამოვნებით უსმენენ. 1990-იანი წლების დასაწყისში დიდი სკანდალი "გასკდა", რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა: აღმოჩნდა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები, პირველ რიგში კი - ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, წლების მანძილზე ტოტალურად უსმენდა მოკავშირე ქვეყნების ყველა მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რისთვისაც მოქმედებდა საიდუმლო პროგრამა კოდური სახელწოდებით - "ეშელონი". თუმცა არსებობს პოზიტიური მაგალითებიც. კერძოდ, ნორვეგიის კრიმინალური პოლიცია მრავალი წელია, წარმატებით იყენებს მობილური ტელეფონების კონტროლს დანაშაულის გასახსნელად. ბევრი ცრუ ალიბი "დამსხვრეულა" მობილურიდან განხორციელებული ზარების გადამოწმებით. ამ ოპერაციების უკეთ ორგანიზებისათვის ნორვეგიის კრიმინალურ პოლიციაში შეიქმნა სპეცჯგუფი - პოლიციელთა და მობილური კავშირის ექსპერტთა შემადგენლობით.

XX-ე საუკუნის ბოლომდე ფარული სატელეფონო მოსმენები, ძირითადად, საქალაქო ქსელის ტელეფონებიდან ხორციელდებოდა. ამ დროს სამი არჩევანი იყო: სატელეფონო სადგურიდანვე ჩართვა, სატელეფონო კაბელზე ფარული მიერთება და სპეცმოწყობილობის დამონტაჟება და ბოლოს - თვით ტელეფონოს აპარატში "ჟუჩოკის" ჩადგმა. ყველა ამ მეთოდის თავისებურება ისაა, რომ ტექნიკურად მაინც შესაძლებელია სატელეფონო ხაზზე ან კაბელზე მექანიკური მიერთების აღმოჩენა. საბჭოთა კავშირის დროს კა-გე-ბე და შსს უსმენდნენ ყველას და თუ "კრემლის" სანქცია იყო, თვით რესპუბლიკებისა და ოლქების პირველ პირებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიული მუშაკის მოსმენა იკრძალებოდა, მაგრამ თუ ის მეგობრობდა ბაზრის დირექტორთან, ცნობილ მეცნიერთან ან მსახიობ ქალბატონთან, მაშინ კა-გე-ბე ერთ ხერხს იყენებდა - ის მოსმენაზე რთავდა არა უშუალოდ ოპერატიული დაინტერესების ობიექტს, არამედ - მის სამეგობროსა და სანათესაოს, რომელთანაც ობიექტს სისტემატური სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა. ამ მეთოდით, ბუნებრივია, ადრე თუ გვიან ამ პარტიულ მუშაკზეც დაიდებოდა კომპრომატი, რომელსაც საჭირო დროს აუფრიალებდნენ ცხვირწინ. სავარაუდოდ, ასევეა დღესაც. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც პირადად პარლამენტის ან მთავრობის წევრის ტელეფონი აიყვანონ მოსმენაზე, სავსებით საკმარისია მოუსმინონ მის ახლო წრეს და კომპრომატიც ხელთ ექნებათ. ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სატელეფონო მოსმენები ძალზე გაიოლდა. მობილური ტელეფონების შექმნის დღიდან სატელეფონო მოსმენები ყოველდღიურად ადვილდება. მობილურიდან გასული ან შესული ზარების მეშვეობით იოლია მფლობელის ადგილმდებარეობის დადგენა, ხოლო თვით საუბრის მოსმენას სპეციალური, საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა სჭირდება.

თუმცა ამ სახის ოპერაციის ჩატარება ტექნიკურად და ორგანიზაციულად საკმაოდ ადვილია ოპერატორი კომპანიების მონაწილეობით. თვით კომპანიები კი სპეცოპერაციებში მონაწილეობისაგან არანაირ სიხარულს, ბუნებრივია არ განიცდიან. პირიქით, ამ ამბების გახმაურება მათ პრესტიჟს სერიოზულ ზიანს აყენებს. თუმცა ზოგჯერ კანონის დარღვევის ცდუნება თავად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიას აქვს.

2002 წლის შემოდგომაზე ფინეთში დიდი სკანდალი გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ ცნობილი ტელესაკომუნიკაციო ფირმა "სონერას" (შემდეგში "ჯეოსელის" ერთ-ერთი მფლობელი) მაღალი რანგის მენეჯერები ფარულად უსმენდნენ როგორც კონკურენტებს, ასევე - საკუთარ თანამშრომლებსაც. უნდა ითქვას, რომ არც დღეს ვართ სრულიად დაცული მსგავსი დანაშაულისგან. თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა: ხომ არ ხდება ფიჭური ოპერატორების მონაცემთა ბაზებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევა? როგორც ბევრი მაგალითი გვიჩვენებს, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ხშირად ვერ უძლებს ცდუნებას და ჯაშუშებისა და კრიმინალური სამყაროს ნაცვლად პოლიტიკურ ოპოზიციასა და ჟურნალისტებს (ასევე, მათი ოჯახის წევრებსაც) მოსმენაზე რთავს. რამდენიმე წლის წინ მაკედონიაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ ქვეყნის შსს-ს ყოფილი მინისტრის - დოსტა დიმოვსკაიას მიმართ. პროკურატურის ბრალდებით, წლების მანძილზე მისი ბრძანებით უკანონოდ ისმინებოდა ოპოზიციური პარტიების, ცნობილი ჟურნალისტების, ბიზნესმენების და დიპლომატიური კორპუსის (სულ, დაახლოებით, 100 პირის) მობილური ტელეფონი. თავის დროზე "ვარდოსანმა" ძალოვნებმა საქართველოში უამრავი ჩინური წარმოების მოსასმენი სპეცტექნიკა "შემოყარეს" და, როგორც ამბობდნენ, მთელ საქართველოს უსმენდნენ. მაგრამ ტექნიკურად, უბრალოდ, შეუძლებელია, რომ ყველას მუდმივად მოუსმინო. უპირატესობა ენიჭებოდა პოლიტიკური (მათ შორის იყვნენ საკუთარი პარტიის ლიდერები და აქტიური წევრები), ეკონომიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური წრეების უკანონო ფარულ მიყურადებას. პერიოდული ფარული მოსმენების კონტიგენტი კი იცვლებოდა კონკრეტული დავალების შესაბამისად. დღეს ამ ჟურნალისტს (პოლიტიკოსს, მსახიობს და ა.შ.) უსმენდნენ (ხშირად ფარულ ვიდეოცანაწერსაც აკეთებდნენ), ხვალ - სხვას. გააჩნია, თუ რა დავალება წამოვიდოდა "ზემოდან".

"ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში უკანონო ფარული ჩანაწერები და მათი მონტაჟის საფუძველზე აგებული "ტელეშოუები" ლამის ერთადერთი მტკიცებულება იყო სასამართლო პროცესებზე. საერთოდ, ოპერატიული ტექნიკა სახიფათო "სათამაშოა". ხშირად ჩვენი სპეცსამსახურები და ძალოვანი უწყებები კომპრომატებს ერთმანეთზე აგროვებდნენ. ყველა ოპერატიულ დანაყოფს ჰქონდა თავისი ოპერატიული ტექნიკა და ისინი წლების განმავლობაში, პირადი ინტერესებისა და კლანური დაპირისპირებისთვის გამოიყენებოდა. არაა გამორიცხული, ეს დღესაც გრძელდებოდეს და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის რესურსი რეალური მტრების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იხარჯებოდეს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსაც თავისუფლად შეუძლიათ, რაშიც სამწუხაროდ ჩვენი კონტრდაზვერვის "ასები" ხელს ვერ უშლიან.

დამტკიცებული ფაქტია, რომ ყველა ქვეყნის საელჩო და დიპლომატიური მისია აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის თანამედროვე აპარატურით და ცდილობს, მისთვის საინტერესო სატელეფონო ზარები აკონტროლოს და ისე მოახდინოს "მართვადი ქაოსის" რომელიმე სცენარის ოპერატიული კოორდინირება. სატელეფონო საუბრების მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე სახლსა თუ სამუშაო კაბინეტში მოსასმენი ტექნიკის დამონტაჟება. არსებობს პორტატიული მოწყობილობები, რითაც, სავსებით შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა. ამგვარი მოსასმენი აპარატურის ფასი მერყეობს რამდენიმე ათასი დოლარიდან ასეულ ათასობით დოლარამდე. ეს პორტატიული მოსასმენი ტექნიკა შეიძლება ჰქონდეთ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსაც. შეუძლიათ თუ არა მათ ფარული მოსმენა? შეუძლიათ და ამის მაგალითიც მრავალია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს გარანტია, რომ ზემოჩამოთვლილი "მოთამაშეები" უკანონოდ არ ახორციელებდნენ ფარულ მოსმენებს. ამიტომ კანონმდებლობით კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს საზოგადოებრივი კონტროლი სპეცსამსახურების როგორც მთელ საქმიანობაზე, ასევე - განსაკუთრებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებაზე.

თუმცა ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში და ნუ გვეგონება, რომ ყველაფერი უცებ შეიცვლება. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვისმენენ? რეალურად ამას მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როდესაც წინ დაგვხვდება ჩვენივე ნასაუბრები. საჯარო მოსამსახურეებმა (საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის მიხედვით), პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ დღეს გლობალურ მსოფლიოში უკანონო ფარული მოსმენებისგან თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება შემდეგია: ნაკლები ისაუბრეთ ტელეფონით კონფიდენციალურ თემებზე და იქნებით დაცული!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს