რთული გზა განწმენდისკენ: როდესაც ეკლესიამ მაგალითი თავად უნდა მისცეს მრევლს - კვირის პალიტრა

რთული გზა განწმენდისკენ: როდესაც ეკლესიამ მაგალითი თავად უნდა მისცეს მრევლს

საათი თორმეტს გადაცდა... უკვე ახალი დღე იწყება... რამდენი ხანია, საქართველოს მართლმადებელ ეკლესიაში მიმდინარე არასასურველი მოვლენები, როგორც ბევრს, მეც მაფიქრებს. არ მასვენებს აზრი - დავწერო თუ - არა? ვიცი ბევრს არ მოეწონება, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას? უკვე რამდენიმე წელია, მთელი ქვეყანა, ერი და ბერი ფორიაქობს. არნახული ამბის მომსწრენი გავხდით - დედაეკლესია სამეზობლოს ჭორიკანა დედაკაცების თავშეყრის ადგილს დაემსგავსა. ეკლესიის მსახურნი, თითქოსდა პოლიტიკოსებს ეჯიბრებიანო, კომპრომატებს არ იშურებენ ურთიერთის გასაშავებლად. არნახული ღვარძლი და ბოღმა მოსჩქეფს სრულიად საქართველოში... ეს დიდი სირცხვილია ჩვენი, ეს დიდი ტკივილია ჩვენი... ჩემი უახლოესი ნათესავის მეზობლად მღვდელი, მამა ლევანი ცხოვრობდა, წვრილშვილთან ერთად... მამაო უკვე რამდენიმე წელია, რაც გარდაიცვალა. სამეზობლოში ყველა გაურბოდა მასთან შეხვედრას - ბევრი ლაპარაკი იცისო, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, მასთან პირისპირ საუბრისა ეშინოდათ - პირდაპირი კაცი იყო მამაო, ძალზე პირდაპირი. რბილად, საღვთო ენაზე და ლამაზი შედარებებით ალესილ სიმართლეს ლაპარაკობდა. ამიტომ ეშინოდათ და გაურბოდნენ.

ყოველთვის მიჭირდა მღვდელმსახურებთან ლაპარაკი, უფრო მეტიც - არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი მისალმებისა და დამშვიდობებისას, როგორ მიმემართა, როგორ მესაუბრა. ჩემი სათქმელი ისე როგორ მეთქვა, რომ რაღაც უხილავი ზღვარი უნებლიეთ არ გადამეთელა... რას ვიზამთ, საბჭოთა იმპერიის პირმშოებს ბევრი კომპლექსები დაგვრჩა. ალბათ, თქვენც - მკითხველო... ჰოდა, ერთხელაც ჩემი ნათესავის სტუმართმოყვარე ოჯახში, მოკრძალებულ სადილზე გავიცანი მამა ლევანი. ეს 90-იანების დასაწყისი იყო, ავბედითი დრო: უშუქობა, უპურობა, უფულობა - მაგრამ უფრო მეტი კაცობა და თანადგომა. მამა ლევანი სუფრასთან თითქმის არაფერს ეკარებოდა. ლაპარაკობდა ძალზე ბევრს, ტკბილი ხმით... დაუფარავად, მხოლოდ სიმართლეს, ქვეყანაზე, ერზე და ბერზე, წარსულსა და მომავალზე... ვაღიარებ: მაშინ ძლივს გავუძელი, უფრო იმ საღვთო-ფილოსოფიური ანალიზის ნიაღვარს, რაც ამ ქართლელი გლეხკაცის სახისა და ვეებერთელა, მძიმე ფიზიკური შრომისგან ერთიანად დაკოჟრილი ხელების მქონე შუა ხნის კაცისგან მოსჩქეფდა. ეს იყო და ეს, ორი-სამი წელი მამაოს აღარ შევხვედრივარ...

ერთხელაც დიღმის ტრასაზე მანქანით ჩქარა მივქრივარ... ასე ჩავუქროლე გზისპირას გაჩერებულ წითელ, მოძველებულ "ჟიგულის" და მასთან მდგომ ანაფორიან კაცს. გავცდი და მერე მივხვდი: მამა ლევანი იყო. დავბრუნდი. დახმარება შევთავაზე. ესიამოვნა და თვალებში სითბო ჩაუდგა: "გმადლობ, მაგრამ მე თვითონ ვუწამლი ამ ერთგულ "რკინის რაშსო", - მომიგო. ორი-სამი წლის შემდეგ, კვლავ მომიწია მამაოსთან შეხვედრა. მაშინაც შემთხვევით. შეზარხოშებული, ნათესავის სახლიდან გამოვედი თუ არა, დავინახე: აღმართს მიუყვებოდა, მძიმედ... მაღალი... ხმელ-ხმელი... მოკრძალებით მივესალმე... პირველად მაშინ გამაჩერა. ერთი საათი მელაპარაკებოდა... მე ვდუმდი და მის დაკოჟრილ, ვეებერთელა ხელის მტევანს დავცქეროდი, კვერთხზე დაყრდნობილს. თავად დაღლილი ბრძანდებოდა, მე - ნაქეიფარი, არ ვიცოდი, სიტყვა როგორ ჩამეგდო, რომ გავქცეულიყავი. ერთი მახსოვს: ამპარტავნობაზე მესაუბრებოდა, კაცს თავში არ უნდა აუვარდესო მიღწეული, ყველაფერი წარმავალიაო... წლები გავიდა და მერე მე თავად ვეახლე ძველი თბილისის ერთ-ერთ, "არწივების ბუდეს" შეფარებულ ეკლესიაში, სადაც საპატრიარქოს მიერ დასჯილ-"გაციმბირებული", მრევლით იყო გარშემორტყმული. უნდა ითქვას: ერთგული მრევლი ეკლესიიდან ეკლესიაში, თან დაჰყვებოდა ხშირად შერისხულ და დასჯილ, ურჩ მამაოს, თუმცა ამაზე კიდევ ვიტყვი... თბილად შემომხედა. მივხვდი, ეამა კიდევ ერთი "გზააბნეული შვილის" დანახვა... მხარზე მორიდებულად ვეამბორე. - "რამ შეგაწუხა?" - მკითხა.

- "მამაო, ცხვარი მყავდა შეთქმული და მანქანის საბარგულში გვყავს, მძღოლს ვეტყვი, ამოიყვანს და მინდა, თქვენი ეკლესიის ეზოში გავუშვა", - მივუგე. ჩაიცინა თავისებურად. -"ხედავ იმ მამაოს"? - ჩასუქებულ, თვითკმაყოფილებით აღსავსე, ჩამრგვალებული სახისა და ტანის მღვდელზე მიმითითა, -"შენი ცხვარი მისი ჩაქაფული გახდება უმალ. ისე კი შენი გადასაწყვეტია",- მითხრა ღიმილით. დავიბენი.

-"აბა, რა ვქნა მამაო, შეთქმულს უკან ხომ არ წავიყვან?" - ვკითხე. "მე ვიცი, როგორ გავაკეთოთ, რომ ეგ ცხვარი ღატაკებსა და ქვრივ-ობლებს შეხვდეს", - მომიგო დინჯად. მერე, წლების შემდეგ, შეწუხებული სულ მეუბნებოდა: შენი შეწირული ცხვარი ისე დავკალი და დავურიგე სამეზობლოს, რომ შენ ერთი ნაჭერიც კი არ შეგხვდაო. იცოდა, მე არ მიჭირდა, მაგრამ მაინც წუხდა: ეს უყურადღებობა როგორ მომივიდაო. შემდეგ დამჩემდა: სული რომ მეწვოდა, ცოდვილს, მამა ლევანთან უნდა ავსულიყავი "არწივების ბუდეში" და მისთვის მომესმინა.

თანდათან ვხვდებოდი, რომ მამა ლევანის სახით დედაეკლესია სიკეთის გზაზე მაყენებდა. დამაინტერესა მამაოს განვლილმა ცხოვრებამ. გავიკითხე. ჯარის შემდეგ ვახტანგი ( მამა ლევანის სახელი ერისკაცობაში) სრულიად ახალგაზრდა ჩამოსულა ქართლის ერთ-ერთი სოფლიდან თბილისში, დიდ ქარხანაში დაუწყია მუშაობა... ფიზიკურად ძლიერს, "შავი", მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა კაი ხანს. თანდათან შეჩვევია ქუჩასა და უბანს... "ბირჟაზე" გასულა, ძველბიჭობაც დაუწყია... ერთი-ორიც გაულახავს... მერე სასაკლაოზე ("ბოინს" რომ ეძახიან ხშირად) მოწყობილა ახლობლების დახმარებით. იმ დროის სასაკლაოს ცალკე აღწერა სჭირდება, იქ კი რაც ხდებოდა, პირადად ნანახი მაქვს. უსაშინლესი და უსასტიკესი გარემო იყო, სადაც ადამიანის სული ქვავდება, ხოლო სხეული - მხეცდება. დაახლოებით ისეთი, გურამ დოჩანაშვილის "ვატერ(პო)ლოოში" რომაა აღწერილი... ვახტანგის ფული ბლომად ჰქონია და ამქვეყნიურ სიამოვნებას არ იკლებდა, თურმე. მერე რა მოხდა, არავინ იცის. დაოჯახებულა და ეკლესიაში წასულა. მღვდლად უწმინდესმა აკურთხა, თავისი აღსაყდრებიდან ერთი წლის შემდეგ. მათი სულიერი მეგობრობა მამა ლევანის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელებულა, თუმცა ამ გარემოებას არასოდეს დაუცვია მამაო დაუმსახურებელი დევნისგან... მამა ლევანი იმდენად მკაცრი იყო, სახლში კაი ხანს ტელევიზორიც არ ჰქონდათ - "ეშმაკის ყუთიაო", - ღიმილით ამბობდა. ოჯახის წევრი ქალები და გოგონები თავსაფრის გარეშე სახლიდან არ გამოსულან.

მოკრძალებული, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა მამა ლევანი, თუმცა ქაშუეთშიც ყოფილა და დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაშიც გამწესებული, მღვდლად. მის ოჯახს ეს არასდროს დატყობია. ეს შევიტყვე და უფრო დიდი პატივისცემით განვეწყე მისდამი. XXI საუკუნე იწყებოდა, როცა მრავალნაწვალები აგარაკის მშენებლობა დავასრულე, თბილისთან ახლოს. სახლი დამილოცეთ-მეთქი, მამაო, - ვთხოვე. უარი არ უთქვამს. დათქმულ დროს მობრძანდა. სწორედ იმ დღეს, დილით, ჩემი გაზრდილი ქართული ძუ ნაგაზი დავკარგე. მშიერი, შვიდი სამდღიანი ლეკვი, განწირულად წკავწკავებდა. რა მექნა, არ ვიცოდი და ეს ამბავი უდიდეს განსაცდელად წარმომედგინა. მამა ლევანი უცბადვე მიხვდა ჩემ უხასიათობას. მკითხა. მოვუყევი. ეტყობა, ძალზე ემოციურად. შუბლი შეიკრა. დამამშვიდა. თან მიწაზე ჩამომიყვანა: "განსაცდელი ისაა, ამდენი გაჭირვებული ქვრივ-ობოლი და ღარიბ-ღატაკი რომ დადის ირგვლივ. ძაღლი ცოდოა, თუმცა ჯერ ადამიანი უნდა შევიცოდოთ... ყველაფერი კარგად დასრულდება და იპოვი შენ "ბოლასო" - ოდნავი გაღიზიანებით მითხრა. სახლი და კარ-მიდამო დალოცა, კეთილი ხმით. ბაღში გაშლილ მცირე სუფრას მივუსხედით.

სულ რამდენიმე ნათესავი და უახლოესი მეგობარი იყო. ერთ-ერთმა (ახლახან გარდაიცვალა... უფალმა აცხონოს) თავის მამაოზე, თბილისში ცნობილ და ძალზე პოპულარულ (?!) მღვდელზე ჰკითხა: "ხომ იცნობთ, რა დიდებული ადამიანიაო"... მამა ლევანი შეყოვნდა, თავი ჩაღუნა, შემდეგ ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ჩემ მეგობარს. - ეს და ეს კაციაო თქვენი მამაო, ესე და ესე ცხოვრობს, ორ პისტოლეტს არ იცილებსო ქამრიდანო, - მიუგო დინჯად. ახლა ჩვენ ჩავღუნეთ თავები..."ბოლა" მეორე დილას ვიპოვეთ, უვნებელი. ლეკვებიც გადარჩნენ... მამა ლევანის უჩვეულოდ პირდაპირი და მართალი სიტყვები კი დღემდე მახსოვს: თავად ეკლესიის მსახურნმა უნდა მისცენო მაგალითი მრევლს.

იხილეთ მეორე ნაწილი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს