რთული გზა განწმენდისკენ: როდესაც ეკლესიამ მაგალითი თავად უნდა მისცეს მრევლს
რთული გზა განწმენდისკენ: როდესაც ეკლესიამ მაგალითი თავად უნდა მისცეს მრევლს

გავიდა რამდენიმე წელი და მამა ლევანს შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. გაეხარდა. ფეხით მოდიოდა, როგორც ყოველთვის. დაღლა ეტყობოდა. ცოტა მოტეხილიც მეჩვენა. საუბარი პირდაპირ დაიწყო: "შენ რომ გიყურებ, ვხედავ, ეშმა გებრძვის შიგნიდანო". ეგრევე მომახალა. თან მოხუცის თბილი თვალები მიმზერდნენ. გავშრი. მართალი იყო. თუმცა როდის ყოფილა სიმართლე სასიამოვნო მოსასმენი? შემატყო შეცბუნება. "ეგ არაფერი, თავად მღვდელმსახურებიც მუდმივად ამ შინაგან ბრძოლაში ვართ ცდუნებებთან და ცოდვებთანო",  - დამამშვიდა. იმ დღეს განსაკუთრებულად გულახდილი იყო. მომიყვა: "მისი
უწმინდესობის მიერ ახლად ნაკურთხი ვარ მღვდლად. თბილისის ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში გამამწესეს. ერთ დღესაც მეუბნებიან: რელიგიის საქმეთა სამმართველოში უნდა მიხვიდე, გიბარებენო. წავედი. ესა და ეს (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ - ბ.ა.) დამხვდა და პირდაპირ მითხრა: თუ გინდა დაწინაურდე და კარგ ეკლესიაში გაგამწესონ, უცხოეთშიც ხშირად იარო, ჩვენთან,
უშიშროებასთან უნდა ითანამშრომლოო. რა მქონდა დასაკარგი და, მეც პირდაპირ მივახალე: ჩამშვები და აგენტი არასდროს გავხდები, მაგისთვის კი არ მივედი ეკლესიაში-მეთქი, და წამოვედი. ამის შემდეგ იყო, რომ სანამ კომუნისტები არ ჩამოაგდეს, თბილისი-სოფელი იყო ჩემი მარშრუტი. სხვებმა კი მსოფლიო მოიარეს... უფალმა განსაჯოს... ბევრი კი იყვნენ ეგ ოხრებიო", - ასე დაასრულა მამაომ. მისახვედრს - მივხვდი.

აქ ოდნავ გადავუხვევ სათქმელს და არც ისე შორეულ წარსულს გაგახსენებთ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ყოველთვის მტრული იყო, თუმცა ბოლშევიკ-კომუნისტებმა რამდენჯერმე შეცვალეს ეკლესიისა და მორწმუნეთა წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა. 1920-1930-იან წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების საგარეო და საშინაო მტრების დამხმარე ძალად ჰყავდათ წარმოჩენილი. ამიტომაც დაუნდობლად ანგრევდნენ და აუქმებდნენ ეკლესიებს, დაუფარავად ავიწროებდნენ მორწმუნეებს. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1917 წელს (რუსეთის იმპერიის ფაქტობრივი დაშლის შემდეგაც კი) და შემდგომ წლებში, 1943 წლის სექტემბრამდე, სასტიკი წინააღმდეგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა.

ამაზე მეტყველებს საქართველოს საპატრიარქოს საარქივო დოკუმენტები. 1917 წლის 29 აგვისტოს ახლადარჩეულმა სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა ტიხონმა წერილით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს და მოსთხოვა, რომ წარმდგარიყვნენ რუსეთის საეკლესიო კრებაზე, როგორც დამნაშავენი და მოენანიებინათ თავიანთი "შეცოდებანი". საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ ე.წ. რევკომმა (რევოლუციურმა კომიტეტმა) 1921 წლის 15 აპრილის საგანგებო დეკრეტით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციად, ფაქტობრივად, კანონგარეშედ გამოაცხადა. დაიწყო საეკლესიო ქონების დატაცება, ეკლესია-მონასტრების რბევა, სასულიერო პირების დაპატიმრება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფასეულობა, რომელიც ემიგრაციაში იქნა გარიდებული, გადაურჩა ბოლშევიკების რეჟიმს. ცნობილია, რომ 1920-იან წლებში საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილმა საბჭოთა ხელისუფლებამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი ხატები და ძვირფასი საეკლესიო ნივთები მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონზე გაყიდა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად. იმ ავბედით წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მეთაურობით, შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ რეჟიმს.

თუნდაც ის რეზონანსული ფაქტი გავიხსენოთ, როდესაც 1922 წლის აპრილში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ბოლშევიკების მამხილებელი წერილი გაგზავნა. შემდგომ წლებში საბჭოთა ხელისუფლება აგრძელებდა მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროების პოლიტიკას. 1921 წელს საქართველოში 1450 მოქმედი ეკლესია იყო, 1937 წელს მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა 187-მდე, ხოლო სასულიერო პირთა რიცხოვნობა 200-მდე შემცირდა. სამი წლის შემდეგ, 1940 წელს, საქართველოში მოქმედი ეკლესიები 15-მდე, სასულიერო პირები კი - 128-მდე შემცირდა. ამ გარემოებამ აიძულა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (1866-1952), კომპრომისული გზები ეძებნა საბჭოთა რეჟიმთან და, უპირველესად, "დიდი ბელადის" გული მოეგო. თუმცა სტალინს სენტიმენტალური გრძნობები ნაკლებად აწუხებდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ღია და ფარული მოქმედებები კვლავ გაგრძელდა. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, სვეტიცხოვლისა და სიონის, როგორც მოქმედი ტაძრების, დახურვა. 1941 წლის 3 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს კომუნისტების ხელმძღვანელს - კანდიდ ჩარკვიანს მიღება სთხოვა, რათა პირადად აეხსნა საქართველოს ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემები, მაგრამ - უარი უთხრეს.

საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიისადმი რადიკალურად შეიცვალა 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ ანუ მაშინ, როდესაც თავად საბჭოთა იმპერიის ბედი ბეწვზე ეკიდა. სწორედ მაშინ გაახსენდათ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მნიშვნელობა და საოცრად ყურადღებიანები გახდნენ. სტალინმა გადაწყვიტა, ეკლესია ქვეყანაში პატრიოტული გრძნობების გასაძლიერებლად გამოეყენებინა. მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაობის შემდეგ, რომელიც უშუალოდ სტალინის მითითებებით ხორციელდებოდა, საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუშაობის განახლებას და სრულიად რუსეთის ახალი პარტრიარქის არჩევას გულისხმობდა. შეგახსენებთ, რომ 1925 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც პატრიარქი ტიხონი გარდაიცვალა, თითქმის ოცი წლის მანძილზე, საბჭოთა ხელისუფლება უფლებას არ იძლეოდა, შეკრებილიყო სინოდი და რუსეთის ახალი პატრიარქი აერჩია. ამ გარემოების გათვალიწინებით, სრულიად მოულოდნელი იყო ინფორმაცია, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის რუპორმა - გაზეთმა "პრავდამ" 1943 წლის 5 სექტემბერს დაბეჭდა. გაზეთი იტყობინებოდა, რომ საბჭოთა მთავრობის მეთაური იოსებ სტალინი შეხვდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს, რა დროსაც მიტროპოლიტმა სერგიმ სტალინს განუცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში წმინდა სინოდის ჩამოსაყალიბებლად და სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის ასარჩევად დანიშნული იყო ეპისკოპოსთა კრება. "საბჭოთა მთავრობის მეთაური თანაგრძნობით მოეკიდა ამ წინადადებას და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან არ იქნებოდა არანაირი ხელის შეშლა", - ასე მთავრდებოდა ეს სენსაციური ინფორმაცია. ნათელია, რომ საბჭოთა ბელადი ფარისევლური მოქმედებებით ცდილობდა იმ მორწმუნეთა გულის მოგებას, რომლებიც მეოთხედი საუკუნე საშინელ რეპრესიებში ჰყავდა. არაა გამორიცხული, გაზეთ "პრავდაში" გამოქვეყნებული ინფორმაცია თავად სტალინის ხელით იყო რედაქტირებული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბელადის ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებმა "ჩათრევას ჩაყოლა" ამჯობინეს. მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ წლებში ისინი გულმხურვალედ გამოხატავდნენ საბჭოთა ბელადისადმი დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას "საერთო მტრის წინააღმდეგ" ბრძოლაში. 1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა რა, ჰქონოდა სრული ინფორმაცია ეკლესიის შიგნით არსებულ განწყობაზე და მიმდინარე პროცესებზე, თანდათან აძლიერებდა ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობას ეკლესიაში, რისი დამადასტურებელი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ბუნებრივია, ეს გარემოება ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ეროვნული პოზიცია ეკავა და ღიად თუ ფარულად ხელს უწყობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას...

მამა ლევანი შევარდნაძე-სააკაშვილის დროსაც არაერთხელ დასაჯეს. ერთი ისტორია ფართოდ გავრცელდა მაშინ. მამა ლევანი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, როცა მაშინაც და ახლაც ცნობილი ხელოვანი-პოლიტიკოსი ქალბატონი წირვაზე დასასწრებად შეგოგმანდა შარვლითა და უზარმაზარი დეკოლტეთი. მამაო უსწრაფესად მასთან მიჭრილა და მკვახე სიტყვებით (დაახლოებით: "ხორცი დაიფარე დედაკაცოო!") ეკლესიიდან დაუთხოვია დიაცი. ისიც ქუჩის გადაღმა, პირდაპირ პარლამენტში გაქცეულა, თავის მეგობარ-მესაიდუმლე და თანაც - პარლამენტის თავმჯდომარესთან. მომენტალური სატელეფონო ზარი საპატრიარქოში და მამა ლევანი სწორედ იმ "არწივების ბუდეს" შეფარებულ ეკლესიაში "გააციმბირეს", სადაც ასზე მეტი ქვაში გამოთლილი კიბეა ასავლელი, თუმცა ერთგული მრევლი მაინც არ მოკლებია მამაოს. 2006 წელი იწყებოდა, მამა გარდამეცვალა და მისი ზიარება მამა ლევანს ვთხოვე, მით უფრო, რომ კარგად იცნობდა მიცვალებულს. წესი აუგო სულგანათლებულს, თუმცა მამაომ იქაც არ უღალატა ჩვევას: მკაცრად გადახედა და თვალები უბრიალა შარვლიან ქალბატონებს, თან მკვახე სიტყვაც მიუგდო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ წელს საოცრად ცივი თებერვალი იდგა და ჭირისუფალ ქალბატონებსაც თავისი გამართლება, ალბათ, ჰქონდათ...

მამა ლევანი სამი წლის შემდეგ, 2009 წელს ვნახე უკანასკნელად ცოცხალი. ესეც განგების ნება იყო. მეტროსადგურის ამოსასვლელში შევხვდით შემთხვევით. უკვე შესამჩნევად მობერებულ-გატეხილიყო. ადრე მხნე, ანაფორაში იყო ჩაკარგული. ჩანდა, უკურნებელი სენი დარეოდა მთელ სხეულს, თუმცა სული კვლავ მებრძოლი შერჩენოდა. შეწუხებული იყო ძალზედ. "დაგვიბერდაო უწმინდესი, ავადააოო უკვე კაიხანს და ამით კიდევ უფრო მოძლიერდნენ უღირსი მღვდელთმთავრებიო", - თითქოსდა თავისთვის ჩაილაპარაკა. "უწმინდესი ყველასთან განსაკუთრებულად კეთილი და მიმტევებელი იყო ყოველთვის, თუმცა უღირსი თუ არ მოიკვეთა და დაისაჯა, ცუდად დამთავრდებაო ყველაფერი", - წუხდა მამა ლევანი. "საპატრიარქოში ფარული დაპირისპირება ჩვეული ამბავია, თუმცა ამჟამად უკვე ღიად მიდის ბრძოლა. ჯერ კიდევ ცოცხალი პატრიარქის ირგვლივ რაღაცებს ხლართავენ ეს “ნაცებიო“ (ვერ იტანდა "ნაცებს", ამიტომ იყო, მათაც სამაგიერო გადაუხადეს ბევრჯერ - ბ.ა.). "უწმინდესის კეთილი ხასიათით უფრო და უფრო სარგებლობენო ბოროტი ძალები. საკვირველად იმძლავრა საპატრიარქოში მომხვეჭელობის სენმა. მღვდელმსახური ისე უნდა ცხოვრობდეს, ისე უნდა ულხინდეს და უჭირდეს, როგორც მის მრევლსო", - ასე დაასრულა სათქმელი.

არასდროს ყოფილა ასე გულახდილი. თითქმის საათი გასულა. ქუჩაში, წვიმაში ვიდექით, ორივე - კარგად დასველებული. რა უცნაური სანახავი ვიქნებოდით უცხო თვალისთვის. ასე დავცილდით. მალევე შევიტყვე: უკურნებელი სენით გარდაცვლილა მამა ლევანი. "არწივების ბუდის" ეკლესიაში გადაუხადეს პანაშვიდი. უწმინდესს დაუვალებია: "ყველანაირად დაეხმარეთო ოჯახს". დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრეთ მამა ლევანის მეუღლეს და შვილებს. მერე კი ცალკე შევსვით მართალი და მეამბოხე მღვდლის, მამა ლევანის შესანდობარი. ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს მამა ლევანის თანადგომა მაკლდა...  არ მეგონა თუ ამ სტრიქონების დაწერა ოდესმე მომიწევდა. თუმცა დღეს დედაეკლესიაში მიმდინარე პროცესებმა მაიძულა მამა ლევანის სული შემეწუხებინა. ერთია: უფლის ნებით, ის დღევანდელ აპოკალიფსს ვერ მოესწრო. მჯერა: არა ერთი მამა ლევანი მსახურობს საქართველოს მთა-ბარს მოფენილ ეკლესია-მონასტრებში, რომლებიც თავმდაბლად იხდიან თავის ვალს უფლისა და ერის წინაშე. მჯერა და ეს მაძლიერებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
??????????????????????
16 მარტი 2021 18:01
რაც მართალია მართალია.ცხოვრებაშიც ის წინაურდება, ვისაც ჩაშვება ხელეწიფება. ერთი საწყალი სამოსანი სწავლობდა ჩემს დროს,მაგრამ დღემდე ყველა საფეხურზე იმუშავა, ყველა ბოთლს მოერგო როგორც პრობკა.

რუბრიკის სხვა სიახლეები