გამოცხადებული სახელმწიფო გადატრიალების ქრონიკა: გაფრთხილდით, წამზომი ჩართულია, ბატონო ნიკოლ!
გამოცხადებული სახელმწიფო გადატრიალების ქრონიკა: გაფრთხილდით, წამზომი ჩართულია, ბატონო ნიკოლ!
სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები დიდი კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე რომანს: "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" მახსენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დღევანდელ პრემიერობას და შესაძლოა, მომავალ პოლიტიკურ კარიერასაც (იმედია, თავად უვნებელი დარჩება), დიდი საფრთხე ემუქრება. ღია საინფორმაციო სივრცეში არსებული მასალის ანალიზიც საკმარისია, რომ დავასკვნათ: ნ. ფაშინიანის ბედი გადაწყვეტილია. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, როდის და როგორ?

თითქმის ორი წელია, რაც მიმდინარეობს მასირებული შეტევა ნ. ფაშინიანზე: ქვეყნის შიგნით არსებული ობიექტური
პრობლემები (ეკონომიკური და "კოვიდ 19") სულ უფრო მწვავდება, ქვეყნის გარედან კი - წაგებული ომი აზერბაიჯანთან და რუსეთის ღია თუ ფარული ოპერაციები ნ. ფაშინიანის წინააღმდეგ ცაიტნოტში ამყოფებს სომხეთის პრემიერ-მინისტრს. მისმა მოკრძალებულმა ცდებმა, სომხეთში დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა, კორუფცია აღეკვეთა, საგარეო-პოლიტიკური ვექტორი უფრო დაბალანსებული გაეხადა (ევროკავშირთან და აშშ-ისთან
ურთიერთობის მცირედი გაფართოების ხარჯზე), რუსეთის ხელისუფლებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მასმედიის უსწრაფესი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში აღძრულმა სისხლის სამართლის საქმეებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის - რობერტ ქოჩარიანის და ოდკბ-ის გენერალური მდივნის - იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, "ჯიუტი ნიკოლი" უფრო შორს წავიდა და 2018 წლის 21 აგვისტოს დსთ-ის ფარგლებში საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიქაელ არუთიუნიანზე. კრემლი ღიად თუ მის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტების მეშვეობით ბრალს დებს სომხეთის მთავრობას რუსეთის ბიზნესის შევიწროებაშიც. აქცენტი კეთდება "რუსეთის რკინიგზის" კუთვნილ "სამხრეთ-კავკასიის რკინიგზის სამმართველოში" ფინანსურ შემოწმებაზე.

სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ უმძლავრესი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია რუსეთის სპეცსამსახურებშია დაგეგმილი. შეტევის ავანგარდში კი რუსული სატელევიზიო არხები, პირველ რიგში კი კრემლის "ჯიბის ტელევიზია" - "რაშა თუდეია". ეს ტელეკომპანია, რომელსაც ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალული აქვს მაუწყებლობა, სომხეთის ხელისუფლებას, უპირველესად კი - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ღიად უპირისპირდება. საინტერესო ფაქტია, რომ "რაშა თუდეის" ხელმძღვანელი სომხური წარმომავლობის ქალბატონი, მარგარიტა სიმონიანია.

"პოლიტიკანები" - ასე აფასებს მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას. "რუსეთმა ამდენი სიკეთე გაგიკეთათ და თქვენ ყირიმი არ აღიარეთ... პოლიტიკური მიზნების გამო დააპატიმრეთ რობერტ ქოჩარიანი - რუსეთის მუდმივი მოკავშირე, ჩასვით სპეციალურად და დემონსტრაციულად... და ამით რუსეთს პირდაპირ სახეში მიაფურთხეთ... თქვენ გახდით ანტირუსული ძალების პლაცდარმი კავკასიაში" - ეს მ. სიმონიანის სიტყვებია. "რაშა თუდეის" გენერალურმა დირექტორმა სომხეთის ხელისუფლებას (ფაქტობრივად, პირადად ნ. ფაშინიანს) ბოლოს ასე მიმართა: "შეჩერდით! უბრალოდ შეჩერდით, სანამ გვიან არაა!"
მარგარიტა სიმონიანი
ამას კი სომხეთის ხელისუფლების მხრიდან XXI საუკუნისთვის კურიოზული გადაწყვეტილება მოჰყვა: მ. სიმონიანს სომხობა ჩამოართვეს (?!). და ოფიციალური ცერემონიალი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა - გარეგინ მეორემ ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერი ნ. ფაშინიანი და მთავრობის სხვა წევრები. ცერემონიალის დასრულების შემდეგ მარგარიტა სიმონიანის პორტრეტი მდინარე არაქსში გადააგდეს (?!).

მარგარიტა სიმონიანის მიმართვა: "შეჩერდით, სანამ გვიან არაა!" - სიტყვასიტყვით იმეორებს სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის, არტურ ვანეციანის მიმართვას - ვითომ უბრალო დამთხვევაა? ხომ არ ყალიბდება ნ. ფაშინიანის გადაყენების "საბრძოლო სლოგანი" - "შეჩერდით, სანამ გვიან არაა!"
სომხეთის ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა 2020 წლის ივნისის დასაწყისში, როდესაც ნ. ფაშინიანმა დიდი "საკადრო წმენდა" მოაწყო. მაშინ უშიშროების უკვე მოხსნილმა შეფმა, არტურ ვანეციანმა ასე მიმართა სომხეთის მოსახლეობას: "დაე, ჩემი გადადგომა იყოს გამომაფხიზლებელი მოწოდება: "შეჩერდით! ... ნუ ანადგურებთ ყველაფერს ირგვლივ!"

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არტურ ვანეციანმა ახალი პარტია - "მამული" შექმნა, რომელიც ჯერ მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა გახდეს, შემდეგ კი - ხელისუფლების სათავეში მოვიდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილ სომეხ "ჩეკისტს" ზურგს რუსეთი უმაგრებს, ეს გასაკვირი არც იქნება. არტურ ვანეციანი პუტინის ხელისუფლების გულის მოგებას ხმამაღალი განცხადებებითაც ცდილობს: "ჯორჯ სოროსი სომხეთის მტერია" - მისი ეს შეფასება, ბუნებრივია, კრემლში აღფრთოვანებით იქნა მიღებული.

ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ბევრი პრობლემა თავად ფაშინიანმაც "გამოუჩხრიკა" საკუთარ თავს. მაგალითად, სომხეთის რეალური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობას ისეთი პოპულისტური დაპირებები მისცა, რომ მათი შეუსრულებლობა შესაძლებელია, საბედისწეროც გახდეს მისთვის. ზოგადად, პოპულისტური მმართველობისთვის დამახასიათებელია მასებზე გათვლილი "ეფექტური" (და არა ეფექტიანი) ღონისძიებები.
არტურ ვანეციანი
ნ. ფაშინიანის საკადრო პოლიტიკაც, უპირველესად, სპეცსამსახურებსა და სამართალდამცველ უწყებებში, ხშირად მისი მხარდამჭერებისთვისაც კი, გაუგებარია. უკანასკნელ პერიოდში სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორის სავარძელი ნამდვილად "დაწყევლილია". თავად განსაჯეთ: 2016-2020 წლებში ოთხი ხელმძღვანელი შეიცვალა. ფაშინიანის პოლიტიკური მდგომარეობა ძალზე არასტაბილურია. ვის უნდა ეყრდნობოდეს ის? წესით და რიგით, ე.წ. ძალოვან მინისტრებს! თუმცა, თუ ამ მინისტრებს, ფაქტობრივად, პირდაპირ "მთავარი სტრატეგიული პარტნიორი" ანუ რუსეთი გინიშნავს, მაშინ გასაგებია ნ. ფაშინიანის შიშები და მყიფე პოლიტიკური მომავალი.

ნიკოლ ფაშინიანმა 2020 წლის ივნისში, დიდი საკადრო წმენდის შემდეგ, ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორად 29 წლის აგიშტი კიარამიანი წარადგინა, რომელსაც ამ სფეროში არავითარი გამოცდილება არ აქვს. ცნობილია, რომ ყველა ქვეყანაში ეს უწყება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია: ახალგაზრდა აგიშტიმ რა რჩევები უნდა მისცეს პრემიერ-მინისტრს? ეს, ალბათ, მხოლოდ ფაშინიანმა იცის. ამ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილების კომპენსირება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სხვა "ფრონტზე" სცადა: ქვეყნის პოლიციის უფროსად თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი ვაგე კაზარიანი, ხოლო გენერალური შტაბის უფროსად კი - ასევე მეგობარი, ონიკ გასპარიანი წარადგინა. მიმდინარე წლის თებერვალში კი სწორედ ონიკ გასპარიანი განუდგა ფაშინიანს და მისი გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი ვერანაირად ახერხებს გასპარიანის გათავისუფლებას.

რუსეთის ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, თუ ვის უჭერს მხარს. 2018 წლის 31 აგვისტოს სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს 64 წელი შეუსრულდა და ეს "საიუბილეო" თარიღი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა - ვლადიმერ პუტინმა მიულოცა. ხოლო მილოცვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამით ვ. პუტინმა პირდაპირი გაფრთხილება გაუგზავნა ნიკოლ ფაშინიანს: რობერტი ჩემი მეგობარია და გაითვალისწინეო! ერთი წლის შემდეგ პუტინის "პოლიტიკური სილის გარტყმა" გაიმეორა მისმა "პატარა მოწაფემ", ჩეჩნეთის ერთპიროვნულმა მმართველმა რამზან კადიროვმა.
რობერტ ქოჩარიანი
2019 წლის 8 დეკემბერს თანამდებობიდან უკვე მოხსნილ არტურ ვანეციანს ორმოცი წელი შეუსრულდა და ბევრი მილოცვაც მიიღო. განსაკუთრებით საგულისხმო იყო რამზან კადიროვის სიტყვები: "ჩვენს ძმას იუბილე აქვს... ის რუსი ხალხის დიდი მეგობარია". სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დაპირისპირებული სომეხი "ჩეკისტის" და აწ უკვე პოლიტიკური მოღვაწის ღია მხარდაჭერა ისეთი ოდიოზური პიროვნებისგან, როგორიც რამზან კადიროვია, პირდაპირი გაფრთხილება იყო ნ. ფაშინიანისთვის. დღეს, როცა ბევრი რუსი პოლიტიკოსი და ექსპერტი ნ. ფაშინიანს ანტირუსული პოლიტიკის დამკვიდრებაში ადანაშაულებს, ა. ვანეციანის რუს ხალხთან დიდი მეგობრობის ხაზგასმა სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი ღია მუქარაა: ფრთხილად იყავი, "რუსი ხალხის დიდ მეგობარს" ყოველთვის ექნება მხარდაჭერა კადიროვისგანო.
2020 წლის 31 აგვისტოს სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს - რობერტ ქოჩარიანს 66 წელი შეუსრულდა და რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა კვლავ საჯაროდ მიულოცა იუბილარს: "ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სულის სიმტკიცე" უსურვა. წელს პუტინი უფრო შორს წავიდა და "მტრების გულის გასახეთქად" რობერტს ტელეფონითაც ესაუბრა. ფაქტია, რომ ორ წელიწადში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმდენი მოახერხა, რომ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ყველა გადაიმტერა: კორუფციაში მოფუთფუთე სომეხი ჩინოვნიკ-პოლიტიკოსები; "რუსული სკოლის" სამხედროები და უშიშროების სტაჟიანი თანამშრომლები; კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილი ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები. ამას დაემატა სასტიკი მარცხი აზერბაიჯანთან ომში. თუმცა ამ პრობლემებს ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება და მოქალაქეები დემოკრატიული გზით, არჩევნების საშუალებით გადაჭრიდნენ. სამწუხაროდ, სომხეთი სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში არსებობს: უკვე ათწლეულებია ჩვენი მოძმე ერის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიერ განისაზღვრება. საინტერესოა, სომხეთისთვის მზე მუდმივად ჩრდილოეთიდან უნდა ამოდიოდეს?

რუსეთის ფარული ხელშეწყობით, სომხეთში უკვე სახეზეა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება - "ყველა ერთის წინააღმდეგ". ასე რომ, წამზომი ჩართულია, ბატონო ნიკოლ! ახლა მთავარია, თუ რა ფორმით მოხდება მისი ჩამოშორება ხელისუფლებიდან: "ხავერდოვანი გზით" თუ "ჩეკისტური" მეთოდებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები