ბულგარეთი რუსეთის ჯაშუშებს წარმატებით ებრძვის: ჩვენ რას ვაკეთებთ?
ბულგარეთი რუსეთის ჯაშუშებს წარმატებით ებრძვის: ჩვენ რას ვაკეთებთ?
ფოტო:ბოიკო ბორისოვი
რუსეთის ხელისუფლება ხშირად ქართულ მასმედიას უტევს: თქვენი ბრალია ყველაფერი, რუსეთისგან "მტრის ხატს" თქვენ ქმნითო. თუმცა უფრო საინტერესო და დამაფიქრებელია ის, რომ თვით სლავური სახელმწიფოები პირველი შესაფერისი სიტუაციისთანავე თავქუდმოგლეჯილი "გარბიან" რუსეთისაგან.

ვინმემ არაობიექტურობაში რომ არ დამადანაშაულოს (რატომღაც ბოლო დროს ჩვენთან მოუმრავლდნენ "ფანები" ვ. პუტინს), ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის სიტყვებს გავიმეორებ, რომელმაც 21 მარტს რუსეთის ხელისუფლებას ასე მიმართა: თუ მეგობრობა გინდათ, ნუ ჯაშუშობთ ჩვენს წინააღმდეგო!

საქმე ისაა,
რომ ამ განცხადებამდე სამიოდე დღით ადრე ბულგარეთის ეროვნული უშიშროების სააგენტომ, რუსეთის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ბულგარეთის მოქალაქენი არიან და თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურში მაღალი თანამდებობები ეკავათ. 2020 წლის დეკემბერში ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხა
და და ქვეყნიდან გააძევა რუსეთის სამხედრო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ატაშე, პოლკოვნიკი ვასილი საზონოვიჩი. ის 2017 წლიდან აგროვებდა საიდუმლო ცნობებს ბულგარეთის სამხედრო ძალებისა და ნატოს შესახებ, ასევე, ცდილობდა ბულგარეთის მოქალაქეების გადაბირებას. იგი მეექვსე (!) რუსი "დიპლომატია", რომელსაც ბოლო 18 თვის მანძილზე ჯაშუშობის ბრალდებით ბულგარეთის დატოვება მოუწია. ბულგარეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (გე-რე-უ) ერთად ძალზე აქტიურობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიც (ეს-ვე-ერი), რომლის ოფიცრებიც, როგორც წესი, რუსეთის დიპლომატიური მისიების პოლიტიკურ წარმომადგენლობებში არიან ხოლმე თავშეფარებული. თუმცა ბულგარელებმა აქაც იყოჩაღეს და 2019 წლის ოქტომბერში გამაოვლინეს რუსი ჯაშუში, რომელიც საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობით ინიღბებოდა. სავარაუდოდ, სწორედ მასთან იყო კავშირზე ბულგარეთის მოქალაქე, "ბულგარეთის ნაციონალური მოძრაობა რუსოფილების" თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტის წევრი - ნიკოლაი მალინოვი. 2019 წლის სექტემბერში ბულგარეთის პროკურატურამ ნ. მალინოვის კაბინეტის ჩხრეკისას აღმოაჩინა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები რუსულ ენაზე, სადაც მოცემული იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბულგარეთის პროდასავლური გეოპოლიტიკური კურსი. კერძოდ კი, აღნიშნული იყო ახალი ინტერნეტსაიტების, ტელევიზიისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობა, რათა ბულგარეთის მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადათ რუსეთი. ამისთვის ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო საერო სლავურ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობაზე. რაც ყველაზე მთავარია, ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს "რუსოფილების" დაფინანსების ძირითადი წყაროები და კვალს კვლავ კრემლისკენ მივყავართ. ძალზე ნაცნობი სურათია, ხომ?
ნიკოლაი მალინოვის დაჯილდოება
საბჭოთა სპეცსამსახურების "უხილავ მებრძოლებს", რომლებიც უცხოეთში, საბჭოთა საელჩოებში განლაგებულ რეზიდენტურებში პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით იღვწოდნენ, ევალებოდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაბირების ოპერაციების ჩატარება და მათ ხელმძღვანელ ორგანოებში საბჭოთა კავშირის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების გაყვანა. აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. "მშვიდობის მსოფლიო საბჭოს" დაფინანსების 90% საბჭოთა კავშირზე მოდიოდა, ამიტომაც ცნობილი ჭეშმარიტება - "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს", ამ შემთხვევაშიც წარმატებით მოქმედებდა. დაფინანსების სანაცვლოდ საბჭოთა სპეცსამსახურები მაქსიმალურად იყენებდნენ ამ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერატიულ რესურსებს. რუსეთის სპეცსამსახურები კა-გე-ბეს მიერ გაკვალული გზებით მოქმედებენ.

ჯერ კიდევ 2007 წლის თებერვლის დასაწყისში ბულგარეთის პარლამენტმა ოთხი პარლამენტარი "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის" წევრად აირჩია. ამ ფაქტში ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მაშინ ბულგარეთის დაზვერვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა ათანას ათანასოვმა ეს "ასამბლეა" ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევად დაასახელა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ "ასამბლეა" რუსეთის ინტერესებს ატარებს და ამ გზით რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს ევროპულ კურსზეო. მან რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლირებად ორგანიზაციად მოიხსენია, ასევე, "სლავი ხალხების ერთობის ფონდი", რომელიც რუსეთის დიდი მონდომებით შეიქმნა. საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ბულგარეთს ეს ორგანიზაციები სასწრაფოდ დაეტოვებინა, რათა გამოსულიყო რუსეთის გავლენიდან. როგორც დავინახეთ, ძალიან კარგად მუშაობენ ბულგარეთის სპეცსამსახურები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენზე მეტი ობიექტური პრობლემა აქვთ "მეხუთე კოლონის" სახით, ასე რომ: "თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა".

რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოშიც აქტიურად მოქმედებენ. ერთ ავად მოსაგონარ ამბავს გაგახსენებთ და დასკვნა თავად გააკეთეთ.
2019 წლის 19-22 ივნისს საქართველო "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის" 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. ეს ღონისძიება უფრო "გავრილოვის ღამის" სახელითაა ჩვენთან ცნობილი. ჩემი აზრით, "გავრილოვის ღამე" საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა. ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ საქართველოში შიდა სიტუაცია დაძაბულიყო, რასაც, სამწუხაროდ, მიაღწიეს კიდეც. 20 ივნისის ღამეს მოჰყვა სწორედ დაპირისპირების გაძლიერება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს, ჩვენი ქვეყნისთვის დამამგრეველი პროცესი, დღესაც გრძელდება.

რუსეთის სპეცსამსახურები ხანდახან პირველ სვლას აკეთებენ, შემდეგ უკვე "უჩინარდებიან" და შორიდან მართავენ პროცესებს. მოვლენის პროვოცირება რომ მოხდება, შემდეგ მოვლენები უკვე თავისი დინებით მიდის. წარმოიდგინეთ, ზვავისებური რეაქცია - ზვავს რომ მივცეთ ჩამოშლის ბიძგი მერე უკვე აღარ არის საჭირო ჩვენი ჩარევა, ის თავისით გააგრძელებს დამანგრეველ მოქმედებას. რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა ჩვენი ხალხის ხასიათი, მენტალიტეტი კარგად იციან, კარგად იციან ისიც, სად შეიძლება "აგვაგდონ" ჩვენი ყოყოჩობისა და ემოციების გამო. ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს დაემთხვა ოპოზიციის სურვილები, ხელისუფლების შეგნებული "დოყლაპიობა" თუ უუნარობა და, სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ ქვეყანა დადგა დაპირისპირების ზღვარზე. ფაქტია, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს რატომღაც გამორჩათ "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან" დაკავშირებული სკანდალები და განსაკუთრებული სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს.

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა" 1993 წელს შეიქმნა, ევროპარლამენტის ეგიდით. მასში მონაწილეობენ 25 ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტს ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. ერთი შეხედვით ძალზე მშვიდობიანი და კეთილი მიზნებით შექმნილი ორგანიზაციაა, თუმცა, როგორც ზემოთ დავინახეთ, ყველაფერი ასე "ლამაზად" არ არის: "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა" რუსეთის უმძლავრესი გავლენის ქვეშაა. მომხდარის შემდეგ ისმის ლოგიკური კითხვა: სად იყვნენ, სად არიან და რას აკეთებენ ჩვენი სპეცსამსახურები? სუს-ს უნდა გაეთვალა შესაძლო საფრთხეები და "ასამბლეის" 2019 წლის 20 ივნისის ღონისძიებები ისე უნდა დაგეგმილიყო, რომ გავრილოვის პროვოკაციები თავიდან ყოფილიყო აცილებული. ერთი წლის შემდეგ სუს-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგებიო. მანამდე სად იყავით, მეგობრებო? სუს-ში მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენებმა დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო და მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელი გახდა, რაც, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვისო. ეს ყველაფერი უკვე სახეზეა და ახლა გვიანია "თითზე კბენანი". ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურის მუშაობის ეფექტიანობის შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმითაა შესაძლებელი: გამოვლენილი აგენტურითა და ქვეყნის სტაბილურობით.
ჩვენთან კი რა ხდება? სუს-ის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, ასევე, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ასეული ოპერატიული აღრიცხვის საქმეზე, თურმე, აქტიურად მიმდინარეობდა როგორც ოპერატიული, ასევე - კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. ქართული ანდაზისა არ იყოს: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო".

როგორ დასრულდა "რამდენიმე ასეული ოპერატიული აღრიცხვის საქმე", ამაზე სუსი არაფერს გვეუბნება. ამ დროს კი, სწორედ ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ მოხდა ამ საქმეების რეალიზაცია და რა შედეგი მივიღეთ. თუმცა პასუხის გაცემა თავადაც შეგვიძლია: რამდენი უცხო ქვეყნის აგენტი გამოვლინდა ბოლო წლებში? ოფიციალურად - არც ერთი. არაოფიციალურადაც - იგივე.
ჩვენი ქვეყნის მთავარი სპეცსამსახური მიმდინარე რეალიებს სერიოზულად ჩამორჩა. ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ, თურმე, 2019 წელს კვლავ გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა, რაც მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, ასევე, მმართველობის ფორმების, ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას. უფრო მეტიც, თურმე, ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ, არასანდო პარტნიორად, ხოლო აღნიშნული გამოეყენებინათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად და ქვეყნის განვითარების შესაფერხებლად. კი ბატონო, მაგრამ რა გაკეთდა მტრების ბოროტი განზრახვების აღსაკვეთად?

წელიწადზე მეტი გავიდა და ჩვენს ქვეყანას ეტყობა რამე სტაბილურობის? საერთაშორისო დონეზე კი თავი ისე მოგვეჭრა, რომ მეტი აღარ შეიძლება! სიანტერესოა, მეტი რაღა უნდა მტერს? რასაც მიზნად ისახავდა ამ ეტაპზე, ყველაფერს მიაღწია!

სუს-ის მთავარი ფუნქცია, თუ მერიის თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების დაკავებაა (წარმოიდგინეთ, ამ დროს რამდენი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსი იხარჯება ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე), სწორედ ეს უნდათ ჩვენ მტრებსაც! მერამდენე წელია, სუს-ის ანგარიშები მხოლოდ ზოგადი ფრაზების შემცველია და "კეთილი სურვილების" ჩამონათვალს ვერ ცდება. გაურკვეველია, ეს მსჯელობები სტუდენტური აუდიტორიებისთვისაა განკუთვნილი თუ ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის მიერ შესრულებელ სამუშაოს ასახავს. ქაღალდზე ლამაზი ანგარიშების წერით მტერს ვერ გავანეიტრალებთ. . . . .
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ძალზე ბევრი პრობლემაა, რომლებზეც სხვა დროს ვისაუბროთ... და ვისაუბროთ სიმართლე: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ვახტანგ
25 მარტი 2021 20:01

ჩვენებს მარტავენ როგორც რუსები, ასევე თურქები, ასევე აზერები, ასევე სომხები, ასევე ირანი, ასევე დასავლეთი. მოკლედ ვინც ფულს გადაუხდით ყველაზე მუსაობენ :). 30 წლის განმავლობაში ერთი აგენტი არაა გამოვლენილი ხელისუფლებებში.
მახრჩობელა
24 მარტი 2021 10:42
ხელისგულზე არიან რუსეთის ჯაშუშები შევეგუეთ სამწუხაროდ ნაცების პარპაშს.
23 მარტი 2021 13:42
100%

რუბრიკის სხვა სიახლეები