თბილისის საავიაციო ქარხანა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ყურადღების ობიექტია: ჯერ ისტორია... - კვირის პალიტრა

თბილისის საავიაციო ქარხანა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ყურადღების ობიექტია: ჯერ ისტორია...

თბილისის საავიაციო ქარხანა, რომელიც საბჭოთა პერიოდში კონსპირაციის მიზნით ყოველთვის "31-ე ქარხანად" მოიხსენიებოდა (თუმცა ყველამ იცოდა, რომ იქ სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავებს აწყობდნენ), ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს სამრეწველო-ტექნოლოგიური პოტენციალის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც დაცვა და დიდი გაფრთხილება სჭირდება. ისტორია კი, მოკლედ, ამგვარია: 1941 წლის ბოლოს, საბჭოთა ჯარების კატასტროფული მარცხის გამო, განხორციელდა ტაგანროგისა და სევასტოპოლის საავიაციო ქარხნების თბილისში ევაკუირება და ადგილზე მოიერიშე თვითმფრინავების საწარმოს მშენებლობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო პირველი საბჭოთა რეაქტიული, მოიერიშე (იაკ-15, იაკ-17, იაკ-23, მიგ-15 და მიგ-17) და ორადგილიანი, საწვრთნელი, რეაქტიული იაკ-23 თვითმფრინავების გამოშვება. იმ პერიოდიდან თბილისის საავიაციო ქარხანა იქცა მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერატიული დაინტერესების ობიექტად. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ამერიკელები, რომლებმაც 1950-იანი წლების დასაწყისში თურქეთში განლაგებული სარადარო სადგურების მეშვეობით დააფიქსირეს უახლესი რეაქტიული თვითმფრინავების ფრენები თბილისის მახლობლად.

დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ამერიკის დაზვერვამ თავის აგენტს დაავალა, განსაზღვრულ დროს თბილისის დასავლეთით რეაქტიული გამანადგურებლების გადაფრენის ზუსტი დრო და კოორდინატები დაედგინა.

...ზაფხულის უღრუბლო და ცხელი დღე იწყებოდა, როცა ჯვრის მონასტერთან ავტომობილი შეჩერდა, საიდანაც ორმოცდაათ წელს მიტანებული წყვილი გადმოვიდა. ქართველი გიდი რუსულად უხსნიდა უძველესი მონასტრის ისტორიას, სტუმრებიც ყურადღებით უსმენდნენ. თუმცა მამაკაცი ხშირად იყურებოდა საათზე და ოდნავ შესამჩნევად ნერვიულობდა. სტუმრების გარეგნობა, ჩაცმულობა, აქცენტი და მხარზე გადაკიდებული ფოტოაპარატები მეტყველებდა, რომ ისინი უცხოელები იყვნენ და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. ექსკურსია გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე გიდი ვარაუდობდა. სტუმრებს, მისდა გასაკვირად, ყველა წვრილმანი აინტერესებდათ და მრავალ კითხვას სვამდნენ, თითქოსდა, დრო გაჰყავთო. მათ განსაკუთრებით დიდხანს დაჰყვეს იმ ადგილას, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავის მშვენიერი ხედი იშლება. ქართველი გიდის გაკვირვება კიდევ იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ამ ექსკურსიაზე, როგორც ადრე ხდებოდა, მეორე "გიდი" კა-გე-ბედან მეთვალყურედ არ მიუჩენიათ. უცხოელი სტუმრები, რომლებსაც ასე აინტერესებდათ ჯვრის მონასტრის მიდამოები, საბჭოთა კავშირში შვედეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტიგ ვენერსტრომი (1906-2006) და მისი მეუღლე იყვნენ. სტიგი შვედეთისა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების აგენტი იყო და იმ დღესაც სადაზვერვო ოპერაციას ასრულებდა - უნდა დაედგინა თბილისში დამზადებული ახალი რეაქტიული გამანადგურებლების საცდელი ფრენების ზუსტი დრო და ხანგრძლივობა, რაც წარმატებით შეასრულა და ამერიკელებისაგან კუთვნილი ანაზღაურებაც მიიღო. შვედი პოლკოვნიკი მომავალშიც ასეთივე წარმატებით აწვდიდა აშშ-ის დაზვერვას "საიდუმლო ინფორმაციას" საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შესახებ, თუმცა არც თავის პირდაპირ მოვალეობას ივიწყებდა და აგენტურულ ცნობებს შვედეთის თავდაცვის სამინისტროსაც უგზავნიდა.

ამ რთულ საქმეში მას ეხმარებოდა... საბჭოთა სამხედრო დაზვერვა (გე-ერ-უ), რომლის აგენტიც ბატონი სტიგი 1948 წლიდან იყო (ოპერატიული ფსევდონიმი - "ორიოლი"). თბილისში შესრულებული "მძიმე" სამუშაოსთვის (ამერიკელთათვის დეზინფორმაციის მიწოდებისათვის) მან ანაზღაურება გე-ერ-უსგანაც მიიღო, რისთვისაც მოსკოვში საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი. სტიგ ვენერსტრომი 14 წლის მანძილზე იყო საბჭოთა აგენტი და მოსკოვს აწვდიდა სრულიად საიდუმლო სამხედრო-პოლიტიკურ დოკუმენტებს ნატოსა და შვედეთის შესახებ. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის დახურული ბრძანებით მას მიანიჭეს საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დააჯილდოვეს ორდენებით. გარდა ამისა, ამ პერიოდში მან გე-ერ-უსგან "ჰონორარის" სახით 600 000 შვედური კრონა მიიღო, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. 1963 წლის 20 ივნისს სამმაგი აგენტი, მაშინ უკვე შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 1973 წელს სასჯელი 20 წლით პატიმრობით შეუცვალეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - საერთოდ გაათავისუფლეს. აი, ასეთი გულჩვილები იყვნენ "საზიზღარი კაპიტალისტები". ანალოგიური დანაშაულისთვის "დემოკრატიულ" საბჭოთა კავშირში კი, რამდენი კაცი დახვრიტეს, ზუსტი ციფრი ჯერაც უცნობია. სტიგ ვენერსტრომი 2006 წლის 21 მარტს, 99 წლის ასაკში (საუკუნემდე სულ რამდენიმე თვე დააკლდა) მოხუცთა სახლში გარდაიცვალა.

თბილისის საავიაციო ქარხანა, ამჟამად უკვე "თბილავიამშენი" ("თამ"), დღესაც უცხოეთის სპეცსამსახურების (ირანის, რუსეთის, ჩინეთის, ისრაელის და სხვ.) ოპერატიული დაინტერესების ობიექტად რჩება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს