ტერორისტული თავდასხმები სახელმწიფოს მეთაურებზე: პირადი დაცვის შეცდომა თუ ბედისწერა?
ტერორისტული თავდასხმები სახელმწიფოს მეთაურებზე: პირადი დაცვის შეცდომა თუ ბედისწერა?
ფოტო:ვლადიმერ ლენინი, ჯონ კენედი, ინდირა განდი
ვინ და როგორ იცავს სახელმწიფოს მეთაურებს? ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, რომ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების სიცოცხლე მხოლოდ იმ კუნთმაგარ, "გაზის ბალონივით" პირადი დაცვის ბიჭებზეა დამოკიდებული, რომლებიც, როგორც ამბობენ, დიდი ინტელექტით შეიძლება არ ბრწყინავენ, თუმცა ასეულობით ადამიანში შავი სათვალით, ყურში გარჭობილი მინიატურული სასმენი აპარატითა და "კაცისმკვლელი" სახეებით გამოირჩევიან. ეს ხუმრობით. ისე კი, ეს ბიჭები უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ, რადგანაც მათი სიცოცხლე მუდმივ საფრთხეშია და მათ თავგანწირვაზეა დამოკიდებული "დასაცავი ობიექტის" (ასე ჰქვია დასაცავ პიროვნებას, პრეზიდენტი
იქნება თუ ოლიგარქი) უსაფრთხოება.

პრეზიდენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა არც მხოლოდ იმ პიროვნებაზეა დამოკიდებული, რომელიც მას შეყვარებულივით სულ თან დასდევს - ის პირადი დაცვის უფროსია და ობიექტის დაცვის რთული გეგმის ადგილზე შესრულების კოორდინირება ევალება.

ამ გეგმას კი ის ხალხი ადგენს, რომელიც არასდროს ჩანს და სახითაც
მათ მხოლოდ მეგობრები და მოწინააღმდეგე სპეცსამსახურების თანამშრომლები ცნობენ. ეს "უჩინარი" ხალხი კარგა ხნით ადრე გეგმავს "ობიექტი #1"-ის მეზობელ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტს თუ რეზიდენციის გვერდით, ქუჩაზე ხალხთან შეხვედრას. ოპერატიულმა თანამშრომლებმა ზეპირად უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მეთაურის კორტეჟის მოძრაობის მთელ მანძილზე რამდენი "ბომჟი" თუ საეჭვო პირი ცხოვრობს, რამდენი გადამკვეთი ქუჩა და საკანალიზაციო ჭაა "ტრასაზე". საბჭოთა "ბელადების" კორტეჟის გავლის დროს საკუთარ აივანზე გამოსვლაც კი სასტიკად იკრძალებოდა.

თუ პირად დაცვას დასაცავი ობიექტისთვის სიცოცხლის გაწირვა დასჭირდა, ეს ნიშნავს, რომ ცუდად იმუშავეს სახელმწიფო თუ კერძო დაცვის სამსახურის სხვა სტრუქტურულმა დანაყოფებმა - ოპერატიულმა, ანალიტიკურმა, სპეციალური კავშირის, ელექტროსიგნალების ჩახშობის და ა.შ. ამიტომ დაცვის სამსახურის (სახელმწიფო იქნება თუ კერძო სტრუქტურა) ეფექტიანობა კომპეტენტური, თავდადებული და ერთგული ხალხის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

ქვეყნის პირველი პირების სიცოცხლე ყოველთვის და ყველგან მუდმივ საფრთხეშია. პრეზიდენტზე თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეიძლება მოაწყონ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და რელიგიურმა ფანატიკოსებმა, ადგილობრივმა ნაციონალ-ორთოდოქსებმა თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა, კრიმინალურმა სამყარომ და ა.შ. სამწუხაროდ, მსოფლიოს უახლეს ისტორიას ზემოჩამოთვლილი ყველა სახის თავდასხმა ახსოვს. უმრავლესობა ლეტალური შედეგით დასრულდა, რა იყო ამის მიზეზი, დაცვის სამსახურის შეცდომა თუ ბედისწერა? ალბათ, ხშირად გაგიგონიათ: თუ კარგად დაგეგმეს, ყველას ლიკვიდაციაა შესაძლებელიო. საინტერესოა, მართლაც ასეა?

1918 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში საბჭოთა მთავრობის მეთაურ ვლადიმერ ლენინზე "ესერებმა" მოაწყეს თავდასხმა. ფანი კაპლანმა "ბრაუნინგიდან" რამდენჯერმე ესროლა ლენინს. კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ რომელიღაც ქარხანაში, მიტინგზე მიბაკუნე "ბელადს" არავინ იცავდა. თითქოსდა ბოლშევიკებმა ეს შეცდომა გაითვალისწინეს, თუმცა უფრო გასაოცარი ფაქტი მოხდა 1919 წლის იანვრის დასაწყისში. ლენინი და მისი და - მარია, კრუპსკაიას მოსანახულებლად მიდიოდნენ, რომელიც საავადმყოფოში იწვა. ავტომობილში მძღოლის გარდა ლენინის პირადი მცველი, ვინმე ჩაბანოვიც იჯდა და ხელში "ბელადის" მეუღლისთვის განკუთვნილი რძის ბოთლი ეჭირა. მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე ლენინის ავტოს წინ რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი გადაუდგა და გააჩერა. ლენინმა სასწრაფოდ პირადობის მოწმობა "დააძრო", თუმცა თავდამსხმელებმა "ქსივა" ირონიულად მოისროლეს თოვლში და მგზავრების ძარცვას შეუდგნენ. პირადი მცველი კი ბოთლჩაბღუჯული გაუნძრევლად იჯდა. ბანდიტებმა ფულთან და მგზავრების ნივთებთან ერთად, ლენინის პირადი "ბრაუნინგიც" წაიღეს და მიიმალნენ. "რევოლუციის ბელადი" საოცრად გახარებული იყო და თავისთვის ბუტბუტებდა: "ხომ შეიძლება მოვეკალით, ხომ შეიძლება მოვეკალით . . . ".

თუმცა ამგვარი კურიოზები სხვა, გაცილებით განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდებოდა. ასე მაგალითად, როცა აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი 1865 წლის 14 აპრილს თეატრში რევოლვერიდან გასროლით მოკლეს, მის გვერდით მხოლოდ ერთი სამხედრო პიროვნება - მაიორი რატბონი იმყოფებოდა, რომელსაც პირადი მცველის მოვალეობების არაფერი გაეგებოდა. საინტერესოა, რომ თავდასხმის დღეს პრეზიდენტი ლინკოლნი თავად ესტუმრა სამხედრო სამინისტროს და დაცვის გაძლიერება მოითხოვა, თუმცა... უარი უთხრეს. იმ პერიოდში აშშ-ში არ არსებობდა ცალკე სახელმწიფო დაცვის სტრუქტურა. ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, მალევე, 1865 წლის 5 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში (?!) ამ მიზნით შეიქმნა "საიდუმლო სამსახური". მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტებზე თავდასხმები კვლავ გაგრძელდა. 1881 წლის 2 ივნისს ვაშინგტონის რკინიგზის სადგურზე სასიკვდილოდ დაჭრეს პრეზიდენტი გარფილდი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. 1901 წლის 6 სექტემბერს პირადი მცველებით გარშემორტყმულ პრეზიდენტ მაქკინლის პოლონელი ანარქისტი ლეონ ჟოლგოში მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. პრეზიდენტის დაცვამ ვერ შესძლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სიცოცხლის გადარჩენა.
რამდენიმე წამი საბედისწერო გასროლამდე
1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, ალბათ, ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალებით მოსილი მკვლელობა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია ყველა პრეზიდენტისგან მკაცრად მოითხოვს დაცვის სამსახურის ინსტრუქციების აუცილებელ შესრულებას, იმ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი არ დაემორჩილა მათ და ღია ლიმუზინიდან მოინდომა დალასელების მისალმება. პრეზიდენტის მარშრუტი ქალაქის ქუჩებში გადიოდა და კორტეჟს 20 000-ზე მეტი ფანჯრის წინ უნდა გაევლო. პოტენციური საფრთხე სახეზე იყო. პრეზიდენტის დაცვამ ლიმუზინის ტენტით გადაფარვა ითხოვა, მაგრამ კენედიმ ამაზეც უარი განაცხადა. ალბათ, ბედისწერაა, თორემ აშშ-ის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი მაშინ გადარჩებოდა. თუმცა დაცვის სამსახურსაც მეტი სიმტკიცე უნდა გამოეჩინა.

გაძლიერებულმა დაცვამ ვერ უშველა ეგვიპტის პრეზიდენტს - ანვარ სადათსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს - იცჰაკ რაბინს.
თავდასხმა ანვარ სადათზე
1981 წლის 6 ოქტომბერს, დილის 11 საათზე ეგვიპტის პრეზიდენტი სამხედრო აღლუმს იბარებდა. სამხედროების საზეიმო სვლა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც სამთავრობო ტრიბუნის წინ მოულოდნელად სამხედრო სატვირთო ავტომობილი შეჩერდა, საიდანაც რამდენიმე შეიარაღებული სამხედროფორმიანი გადმოხტა და ტრიბუნისკენ გაიქცა. ერთ-ერთმა მათგანმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ტრიბუნას ცეცხლი გაუხსნა, სხვებმა კი ხელყუმბარები ისროლეს. სადათი, რომელსაც ჯავშანჟილეტი არ ეცვა, სასიკვდილოდ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პრეზიდენტის დაცვა იმდენად იყო დაბნეული, რომ ვერ შეძლო დასაცავი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თავდასხმა იცჰაკ რაბინზე
არანაკლები დანაშაულებრივი დაუდევრობა გამოიჩინეს საქვეყნოდ ცნობილმა ისრაელის სპეცსამსახურებმა, კერძოდ კი - "შაბაქმა" (კონტრდაზვერვა) 1995 წლის 4 ნოემბერს. იმ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცჰაკ რაბინი თელ-ავივში გამართული მიტინგის დამთავრების შემდეგ ავტომობილისკენ წავიდა, დაცვამ კარი გაუღო, რაბინის ირგვლივ 7-8 მცველი იდგა და მაინც ფანატიკოსმა ორთოდოქსმა ებრაელმა იგალ ამირმა მოახერხა და პრემიერ-მინისტრს ზურგში ორჯერ ესროლა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი 1984 წლის 31 ოქტომბერს საკუთარი დაცვის წევრებმა: ბეანთ სინგჰმა (რომელიც ათი წელი მსახურობდა პრემიერ-მინისტრის დაცვაში) და სავნათ სინგჰმა მოკლეს. ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი გახდა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით პირადი დაცვის ყველა წევრი შეცვალა და ერთგული ხალხი სადესანტო-მოიერიშე საჯარისო ნაწილებიდან შეარჩია. თუმცა ვერც ამან უშველა - დედის მსგავსად რაჯივ განდიც ტერორისტის მსხვერპლი გახდა. ის 1991 წლის 21 მაისს მოკლეს "თამილელი ვეფხვების" ტერორისტული ორგანიზაციის "ბოევიკებმა": ერთ-ერთი საჯარო შეხვედრის დროს რაჯივ განდის ყვავილებით ხელდამშვენებული ახალგაზრდა სიმპათიური ქალი მიუახლოვდა. პრემიერ-მინისტრის პირადმა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ქალს დასაცავ ობიექტთან ახლოს მისვლის საშუალება მისცა. ამ ქალს კი თურმე "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ახალგაზრდა "კამიკაძემ" თავიც აიფეთქა და რაჯივ განდიც იმსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 14-ს მიაღწია.
თავდასხმა რაჯივ განდიზე
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შემდგომ კი ოპოზიციის ლიდერი ბენაზირ ბჰუტოც ტერორისტების მსხვერპლი გახდა. მასზე თავდასხმა გამხორციელდა 2007 წლის 27 დეკემბერს. ტერორისტმა ჯერ რამდენჯერმე ესროლა და მძიმედ დაჭრა ბჰუტო, ხოლო შემდეგ კი - თავი აიფეთქა. გარდაიცვალა 20 ადამიანი - დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები. მიუხედავად თავდასხმის მუდმივი მოლოდინისა, პოლიტიკოსის პირადი დაცვა ამ შეთხვევაშიც უძლური აღმოჩნდა. (პირველი ნაწილის დასასრული)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
კოსტას
05 აპრილი 2021 19:08
პაპებზე თავდასხმა? ძაან საინტერესო რუბრიკაა.მადლობა!!!
leo
04 აპრილი 2021 11:40
კარგი რუბრიკაა

რუბრიკის სხვა სიახლეები