"ზავოდობა" კრემლში ბორის ელცინისთვის და რაისა გორბაჩოვას ხუშტურები - კვირის პალიტრა

"ზავოდობა" კრემლში ბორის ელცინისთვის და რაისა გორბაჩოვას ხუშტურები

ყველა ქვეყანაში და ყველა დროს პირადი დაცვა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ცალკეული პიროვნებების სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რეალურად, დაცვა დასაცავი პირის ოჯახის წევრი და ამიტომაც მათი ყველა საიდუმლოების მცოდნეც ხდება. განსაკუთრებით დაფარული საოჯახო და ფინანსური საქმეები არა მარტო "დაცვის" თვალწინ ხდება, არამედ - ხშირად ამასაც სწორედ "დაცვის ბიჭები" აკვარახჭინებენ.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში სახელმწიფო მოღვაწეების და ობიექტების დაცვას კა-გე-ბეს სტრუქტურაში არსებული მე-9 მთავარი სამმართველო ახორციელებდა. რესპუბლიკებში კი ამ დანაყოფს სამმართველოს ან განყოფილების სტატუსი ჰქონდა. სახელმწიფო (ე.წ. სამთავრობო) დაცვის სამსახურში მუშაობა მხოლოდ შორიდან ჩანს რომანტიკული და პრესტიჟული. დაცვის თანამშრომელი, მით უმეტეს, თუ ის სახელმწიფოს სათავეში მყოფ პიროვნებას ან მის ოჯახის წევრებს იცავს, მუდმივ ნერვულ სტრესში იმყოფება. პროფესიულ დაძაბულობას ხშირად დასაცავი ობიექტის ოჯახის წევრების ხუშტურების ატანაც ემატება. მიდი და - გაუძელი!

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვა კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული პროცესია და როგორც წესი, ამ საქმეში მოულოდნელობები და სიურპრიზები არასასურველია. თუ დაცვის სამსახურს ექსპრომტად უხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს მისი სისუსტის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე სიძლიერის. ამ სფეროში მოქმედებს მრავალი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი, რომელსაც უკვე ათწლეულების ტრადიცია აქვს. განვლილ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ხელწერის, ერთგვარი, "სახელმწიფო მოხელეთა დაცვის სკოლებიც" კი შეიქმნა. ამ დროს კონკრეტული ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი და ა.შ. წარუშლელ კვალს ტოვებს დასაცავი პერსონების ქცევაზე და, აქედან გამომდინარე, დაცვითი ღონისძიებების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ტოტალიტარული, დიქტატორული და ზოგადად განვითარებადი ქვეყნების ხელმძღვანელების დაცვა ძალზე განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლების პირველი პირების დაცვისგან. პირველ შემთხვევაში, მთავარი საფრთხე სამხედრო ამბოხი და სახელმწიფო გადატრიალებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში - რელიგიური ფანატიკოსები ან ფსიქიკურად შეშლილი პიროვნებებია სახიფათო.

საბჭოთა კავშირში კი დაცვის თანამშრომლებს დაქირავებული მკვლელის ტყვიაზე მეტად იმის ეშინოდათ, ავადმყოფ და დავრდომილ საბჭოთა ლიდერებს (ბრეჟნევს, ანდროპოვს, კოსიგინს, ჩერნენკოს, შემდგომ წლებში - რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს) კიბეზე ფეხი არ დასცდომოდათ და იატაკზე არ გაშხლართულიყვნენ. განსაკუთრებით ბევრი კურიოზი ლეონიდ ბრეჟნევისა და ბორის ელცინის დაცვის ისტორიას უკავშირდება. ლეონიდ ბრეჟნევი

ცნობილია ფაქტი, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვიზიტად ჩასული ლეონიდ ბრეჟნევი და ერიხ ჰონეკერი მოსახლეობას ღია ლიმუზინიდან ესალმებოდნენ და საბჭოთა ლიდერი რომ არ წაქცეულიყო, მას ავტომობილის სალონის იატაკზე ჩამალული დაცვის თანამშრომელი იჭერდა ხელით.

ერთხელაც სოჭში დასასვენებლად მყოფი ბრეჟნევი სასურსათო მაღაზიაში შესულა - აინტერესებდა, თუ როგორ იკვებებოდნენ "ბედნიერი" საბჭოთა მოქალაქეები. ეს ის დროა, საბჭოთა კავშირში ყველაფერი ტალონებზე რომ იყო. როგორც ხდებოდა ხოლმე, მაღაზია დილიდან სპეციალურად გაეძეძგათ ყველაზე დეფიციტური საქონლით და შერჩეული "მყიდველ-გამყიდველებიც" (ბუნებრივია, კა-გე-ბეს მე-9 მთავარი სამმართველოს გოგო-ბიჭები) მოუთმენლად ელოდნენ ბრეჟნევის მოსვლას. ისიც მალევე გამოჩნდა. მისალმების ნიშნად ხელი ძლივს ასწია და გაუგებრად რაღაც ჩაილუღლუღა, შემდეგ მაღაზიის სექციებს ჩამოუარა, თან კმაყოფილებას ვერ მალავდა - საწყალს უხაროდა, რომ ასე კარგად ცხოვრობდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე. თავადაც "ივაჭრა" - რამდენიმე შებოლილი ძეხვის "ბატონი" აიღო და პირადი დაცვის წევრებს გადასცა. მათ კი სასწრაფოდ გადამალეს "ნავაჭრი" - შეუმოწმებელი სურსათის მოხმარება სასტიკად ეკრძალებათ (ახლაც ასეა) მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეებს. რეზიდენციაში დაბრუნებულმა ბრეჟნევმა ძეხვი მოითხოვა, დაცვამ კი ხელი გაასავსავა - არ ვიცით, სად არისო. გაბრაზებული გენსეკი ყველას სამსახურიდან გაყრას შეჰპირდა. მისი მრისხანება მხოლოდ პოლიტბიუროს "მთავარმა ექიმმა", აკადემიკოსმა ევგენი ჩაზოვმა დააცხრო, რომელმაც სიტუაცია განუმარტა ბრეჟნევს. მიჩნეულია, რომ საბჭოთა ლიდერებიდან ყველაზე რთული დასაცავი ობიექტი საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, უფრო ზუსტად, მისი მეუღლე იყო. თავად "პერესტროიკის მამა" უსიტყვოდ ემორჩილებოდა უსაფრთხოების ინსტრუქციებს, აი, რაისა მაქსიმოვნა კი ნამდვილად სისხლს უშრობდა დაცვის თანამშრომლებს. მათ უამრავი დამცირებების ატანა უხდებოდათ საბჭოთა კავშირის "პირველი ლედისგან", რომელსაც გამორჩეულ ინტელექტსა და გემოვნებაზე ჰქონდა პრეტენზია.

ქვემოთ მოგითხრობთ განსაკუთრებით კურიოზულ ფაქტებს, რომელიც აბსოლუტურად სარწმუნოა, რადგანაც კა-გე-ბეს მე-9 მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლების მოგონებებს ეყრდნობა.

1985 წელს, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივნად "აირჩიეს", მისი ოჯახი შავი ზღვის ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკ ფოროსზე (რომელიც ისტორიაში უფრო 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ შევიდა) გაემგზავრა. პირველივე დღეს გორბაჩოვის ერთ-ერთ ქალიშვილს, რომელიც ფანჯრის გაღებას ცდილობდა ხის კარნიზი დაეცა ხელზე, შიშით კი შეეშინდა, მაგრამ ტრავმა არ მიუღია. ეს უმნიშვნელო ფაქტი გახდა საბაბი იმისა, რომ რაისა გორბაჩოვას მოთხოვნით, მე-9 სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც სამთავრობო მშენებლობას კურირებდა, ბაიკონურის კოსმოდრომის ერთ-ერთი მშენებელი, მეორე დღესვე სამსახურიდან დაეთხოვათ. მას კიდევ 15 თანამშრომელიც მიაყოლეს. რაისა გორბაჩოვა

რაც დრო გადიოდა, რაისა მაქსიმოვნას კაპრიზები დაცვის თანამშრომლების მიმართ უფრო მატულობდა. აშშ-ში ერთ-ერთი ვიზიტის დროს რაისა ისე მოიხიბლა ნენსი რეიგანის ორმეტრიანი აფრო-ამერიკელი მცველებით, რომ მოსკოვში დაბრუნებულმა სასწრაფოდ პირადი დაცვის თანამშრომლებად რუსი "რემბოები" მოითხოვა. "კვადრატული" "ვანია" რომ მიჰგვარეს, ერთხანს ძალზე იხალისა, მაგრამ მალევე დაიწუნა - ინგლისურის გამოთქმა არ უვარგაო. უცხო ენებს უკავშირდება რაისა გორბაჩოვას კიდევ ერთი ხუშტური. ცნობილია, რომ, წელიწადის რა დრო და როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ცოლ-ქმარი გორბაჩოვები ძილის წინ აუცილებლად ფეხით სეირნობდნენ რეზიდენციის ბაღში. ერთხელაც წვიმდა, მაგრამ ისინი მაინც გავიდნენ სასეირნოდ. ცოტა ხნის შემდეგ რაისა მაქსიმოვნამ სველ ბუჩქებში ჩამალული, პოსტზე მყოფი დაცვის ოპერატიული თანამშრომელი შეამჩნია და თავისთან მოუხმო:

- რა ენები იცით, ახალგაზრდავ? - დაინტერესდა "პირველი ლედი".

- სკოლაში ინგლისურს ვსწავლობდი, - უპასუხა სიცივისგან ერთიანად აკანკალებულმა მე-9 სამმართველოს თანამშრომელმა.

რაისამ სეირნობა გააგრძელა. სამაგიეროდ, სახლში დაბრუნების შემდეგ ქმარს დაატეხა გრიგალი - როგორ დაიცავენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს, როცა უცხო ენები არ იციანო. მეორე დღესვე ბუჩქებში ორ უმაღლესდამთავრებული და სამი უცხო ენის მცოდნე ოპერატიული თანმშრომელი იჯდა, რომელიც ანალიტიკური განყოფილებიდან წამოიყვანეს და ახლა ისინი კანკალებდნენ სიცივისგან, თუმცა -  უფრო "ინტელექტუალურად".

უცხოეთში ოფიციალური ვიზიტების დროს რაისა მაქსიმოვნა არად დაგიდევდათ უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნების დაცვას: ხან ქუჩაში ხალხთან გასაუბრება მოუნდებოდა, უცბად, ხანაც მძღოლს მოულოდნელად რომელიმე მოდური "ბუტიკის" წინ გაჩერებას უბრძანებდა (ამაში მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი ძალზე ჰგავდა. თავად ვარ შემსწრე თუ რა დღეში აგდებდა დაცვის თანამშრომლებს). ფერდაკარგული პირადი დაცვის თანამშრომლები ექსპრომტად ცდილობდნენ "პირველი ლედის" უსაფრთხოების ორგანიზებას, თან გულში "ლამაზ-ლამაზ" ეპითეტებს უძღვნიდნენ ჭირვეულ ქალბატონს.

გამორჩეულად კურიოზული მაინც რუსეთის პირველი პრეზიდენტის - ბორის ელცინის პიროვნება იყო. მართლაც საკვირველია, ამგვარი "ინტელექტის" და პიროვნული თვისებების კაცი როგორ იყო ათი წლის მანძილზე რუსეთის პრეზიდენტი (თუმცა, შესაძლოა, ესეც კანონზომიერებაა). ეს ისტორია პირველწყაროდან რომ არ იყოს ცნობილი, შეიძლება ბევრს მოგონილიც კი ეგონოს. ამ შემთხვევაში ჩვენ თავად ელცინის პირადი დაცვის უფროსის, გენერალ ალექსანდრე კორჟაკოვის მემუარებს დავეყრდნობით.

რუსეთში ლოთობით ვის გააკვირვებ? თუმცა აქაც შესაძლებელი ყოფილა "გინესის წიგნში" შესატანი რეკორდების მოძიება, მით უფრო, თუ რეკორდსმენი თავად ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო. მისი სამუშაო დილა ჭიქა არყით და "მომპასის" კამფეტით იწყებოდა. ასე იყო ჯერ კიდევ იმ დროდან, როდესაც ელცინს ცალკე კაბინეტი ეღირსა. ჯერ მარტო სვამდა. მას შემდეგ, რაც პოლიტბიუროს წევრი გახდა და დაცვა დაენიშნა, მისი თანამეინახე ყოველთვის დაცვის უფროსი იყო. ისინი ერთ ბოთლ არაყს 100-გრამიანი ჭიქებით სწრაფად, ყოველგვარი მისაყოლებლის გარეშე სცლიდნენ. ცარიელი ბოთლის დამალვის "სპეცოპერაციას" კი თავად დაცვის უფროსი, კორჟაკოვი ატარებდა. ელცინს ეშინოდა "მშრალი კანონის" მოქმედების პერიოდში ვინმეს ცარიელი ბოთლები არ ენახა და ეს ამბავი გორბაჩოვის ყურამდე არ მისულიყო. ბორის ელცინი

1991 წლის შემდეგ ელცინის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა. ის უკვე ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი იყო და ერთი დღეც ვერ ძლებდა არყის გარეშე. ექიმების მოთხოვნით ელცინის საპრეზიდენტო აპარტამენტებიდან ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი გაიტანეს. მაშინ ელცინმა მარტივ ეშმაკობას მიმართა. დაუძახებდა პირადი დაცვის თანამშრომელს, მისცემდა 100-დოლარიანს და მოღუშული სახით უბრძანებდა: "ახლა ჩაირბენ "კრემლის" პირდაპირ რომ გასტრონომია და "პოლლიტრას" ამოარბენინებ! გასაგებია?!"

შეშინებული ოფიცერიც კისრისტეხით მირბოდა... ელცინის პირადი დაცვის უფროს ალექსანდრე კორჟაკოვთან. აი, ამ დროს კი იწყებოდა ნამდვილი ტრაგიკომიკური სცენა, ისეთი, როგორიც მხოლოდ რუსეთში თუ მოხდება. კახური "ზავოდობა" ვის არ გაუგია: როდესაც არყის გამოხდის პროცესს უგემრიელესი ღორის მწვადის თანხლებით "აკონტროლებ", დაახლოებით, ამგვარი "ზავოდობა", რუსული სპეციფიკით, ჰქონდა მოწყობილი კრემლში კორჟაკოვს. პრეზიდენტის დაცვის უფროსი წინასწარ მომზადებულ ეტიკეტიან ბოთლებში, სადაც ნახევარზე მეტი ონკანის წყალი ესხა, არაყს ამატებდა და შემდეგ ბოთლს მოხერხებული მოძრაობით, სპეციალური აპარატით ხუფავდა. კარებში კი დაცვის ოფიცერი იდგა და მოუთმენლად ელოდა "არაყს". მოღუშული ელცინი ჯერ ხურდას დათვლიდა გულმოდგინედ, შემდეგ კი მოსასვენებელ ოთახში მიბრძანდებოდა არყის დასაგემოვნებლად.

კორჟაკოვი იხსენებს, რომ გულზე შუნტირების ოპერაციის გაკეთების მეორე დღესვე ელცინმა სასმელი მოითხოვა, რაც მისმა მეუღლემ უსიტყვოდ შეასრულა და პალატაში ფარულად ქართული კონიაკი შეუტანა.

კორჟაკოვის სპირტის არალეგალური საამქროს ამბავი კი იმით დასრულდა, რომ ერთხელაც არყის დაბალი გრადუსით დაეჭვებულმა რუსეთის პრეზიდენტმა ყველა ოთახი შემოიძუნძულა, სანამ სახუფავ აპარატს და წყლით ნახევრადსავსე ბოთლებს არ მიაგნო. განრისხებულმა ელცინმა დაცვის ყველა თანამშრომელი, კორჟაკოვის გარდა, გაყარა სამსახურიდან. აი, ამგვარია ეს რეალური ისტორია. ლეონიდ ბრეჟნევის და ბორის ელცინის მსგავსი "ლიდერები" წყვეტდნენ მსოფლიოს ბედს. ამაზე იტყვიან, სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოსო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს