ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების ყველაზე საიდუმლო იარაღი?
ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების ყველაზე საიდუმლო იარაღი?
ფოტო:ინგო სუანი, ჯუნა დავითაშვილი, ჰაროლდ პუტჰოფი
ტელეპათია - (ბერძნულად ტელე-შორს, მანძილს ხოლო პატჰოს-გრძნობას ნიშნავს). ესაა მოვლენა, რომელიც გამოიხატება ერთი პირის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მეორე პირისთვის შორ მანძილზე გადაცემაში ან საგნების დისტანციურ ხედვაში.
მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, მრავალი ლეგენდა არსებობს ჩე-კა - ენ-კა-ვე-დე - კა-გე-ბეს მიერ ტელეპათიისა და პარაფსიქოლოგიის სფეროში ექსპერიმენტების ჩატარებისა და "კონკრეტული შედეგების" მიღწევის შესახებ (თუნდაც გურჯიევისა და მესინგის შესახებ გავრცელებული ლეგენდები გავიხსენოთ), თუმცა ამ მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტების (მით უმეტეს - მიღწეული
შედეგების) შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურების საარქივო მასალებმა დღის სინათლე 100 წლის(!) შემდეგაც ვერ იხილეს.
უფრო დემოკრატიულად მოიქცა აშშ-ის ხელისუფლება, რომელმაც აღნიშნულ სფეროში მიმდინარე ექსპერიმენტების მასალები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს ტელეპათიისა და პარაფსიქოლოგიის კონკრეტული სადაზვერვო მიზნებით გამოყენების შესახებ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევების თაობაზე მოგითხრობთ.

1972 წლის დასაწყისში კვანტური ბიოლოგიის სპეციალისტი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაროლდ პუტჰოფი მცენარეებსა და მარტივ ორგანიზმებში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა. ამის ამსახველი პუბლიკაციები შემთხვევით წაიკითხა ნიუ-იორკელმა მხატვარმა ინგო სუანმა და პუტჰოფს საკუთარი ტელეპათიური შესაძლებლობების შესახებ აცნობა, თან ამ მიმართულებით ერთობლივი გამოკვლევების ჩატარება შესთავაზა. მეცნიერმა სტენფორდში მიიწვია მხატვარი და ლაბორატორიის სარდაფში წინასწარ დამალული სხვადასხვა ხელსაწყოს მოძებნა სთხოვა. უნდა გენახათ მეცნიერთა გაოცებული სახეები, როცა სუანმა ჯერ დახატა ეს ხელსაწყოები, ხოლო შემდეგ იოლად მიაგნო კიდეც.
ინფორმაცია ტელეპათიის წარმატებული ცდების შესახებ პუტჰოფმა სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში გამოაქვეყნა. სამი კვირის შემდეგ კი მას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ორი თანამშრომელი ეწვია. ამ პერიოდისთვის ამერიკის დაზვერვას გააჩნდა დადასტურებული აგენტურული ცნობები საბჭოთა კავშირში პარაფსიქოლოგიის სფეროში სწრაფი ტემპებით მიმდინარე საიდუმლო კვლევების შესახებ. პუტჰოფს წინადადება მისცეს, ცსს-ს დაფინანსებით გაეგრძელებინა კვლევები. მას მხოლოდ ორი პირობა უნდა შეესრულებინა: პირველ რიგში, ცდები ცსს-ს ექსპერტების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა (მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა დაფინანსება) და მეორეც - კვლევები სრულიად საიდუმლო უნდა ყოფილიყო. რამდენიმე საკონტროლო ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარების შემდეგ ცსს-მ პუტჰოფს რვათვიანი კონტრაქტი გაუფორმა და იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა – 50 ათასი დოლარი ჩაურიცხა.
ამის შემდეგ ცდები თანდათან რთულდებოდა. ჯერ იყო "დისტანციური ხედვა" - სუანს კონვერტსა და ყუთებში შენახული წერილები და ნივთები უნდა ამოეცნო. შემდეგ ცდები ლაბორატორიის გარეთ გადაიტანეს. 1973 წლის ზაფხულში სუანს აშშ-ის რუკაზე უჩვენეს კოორდინატები, სადაც ობიექტი "X" მდებარეობდა, მას კი კონკრეტულად უნდა დაეხასიათებინა ეს ნაგებობა. ინგო სუანმა არა მარტო ძირითადი და დამხმარე ნაგებობების ზუსტი სქემები დახაზა, არამედ - მათი შიდა ინტერიერიც დაასახელა.

რამდენიმე თვის შემდეგ ცსს-მ "შემსრულებლებს" უკვე სერიოზული სადაზვერვო ამოცანის შესრულება დაავალა. ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში სწრაფი ტემპებით მიდიოდა ატომური პოლიგონის მშენებლობა. სუანს მიახლოებით მაინც უნდა მოეძებნა ეს ადგილი. მან რამდენიმე ცდის შემდეგ სემიპალატინსკს დაადო თითი და მშენებარე ობიექტის სქემა დახაზა, სადაც დიდი ხიდურა ამწის აღნიშვნაც არ დავიწყებია. ეს ყველაფერი აგენტურული და კოსმოსური დაზვერვის წყაროებით დადასტურდა. გარდა ამ თემატიკისა, ცსს-ს აინტერესებდა შიფრმანქანების და შიფრკოდების "დისტანციური ხედვა", დაშიფრული წერილების წაკითხვა და მრავალი სხვა საკითხი. ცსს-ს ექსპერტები ტელეპათიის ყველა ცდას ესწრებოდნენ, რათა ექსპერიმენტები გაყალბების გარეშე ჩატარებულიყო. სავარაუდოა, რომ საერთო შედეგები იმ ეტაპზე აკმაყოფილებდა ამერიკის ხელისუფლებას, რადგანაც 1975 წლის ბოლოს სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევის მიმართულებები და დაფინანსება უფრო გაიზარდა, გაფართოვდა პუტჰოფის ლაბორატორიის შტატიც. ინგო სუანის გარდა, მიიწვიეს სხვა, ამგვარი ნიჭით დაჯილდოებული პირები. მათი ექსპერიმენტების "მომხმარებელთა" რიცხვში, ცსს-ს გარდა, უკვე სამხედრო დაზვერვა, გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ის სხვა სპეცსამსახურებიც იყვნენ. ამის გამო ნაწილობრივ შეიცვალა ტელეპათიური კვლევების სპეციფიკა და დაზვერვითი სახის ამოცანებთან ერთად ეს ამოუცნობი ფენომენი კონტრდაზვერვითი ოპერაციების დროსაც გამოიყენებოდა. უპირველესად კი - შესაძლო საბჭოთა "პარაფსიქოლოგიური შეტევების" გასანეიტრალებლად.

ბუნებრივია, ეს კვლევები და მიღწეული შედეგები მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, 1995 წლის სექტემბერში, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ატლანტის უნივერსიტეტში გამოსვლისას გაკვრით გაიხსენა შემთხვევა, როცა ზაირში ჩამოვარდნილ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს ტელეპათის დახმარებით მიაკვლიეს. აშშ-ში გამოქვეყნდა ამ კვლევების მონაწილეთა, მათ შორის - ჰაროლდ პუტჰოფის მემუარები. საინტერესოა, რომ დღის სინათლეზე მხოლოდ აშშ-ში 1990 წლამდე ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების და ექსპერიმენტების მასალებია გამოტანილი. საბჭოთა ანალოგიური არქივები კი ისევ რუსეთის ხელისუფლების "ცხრაკლიტულში" დევს.
ბორის რატნიკოვი
თუმცა ბოლო წლებში გამოჩნდა მრავალი საყურადღებო ინფორმაცია, რის შემდეგადაც ადამიანის ცნობიერებაში შეღწევის და მისი "გარედან მართვის" საკითხები გაცილებით სერიოზულ და სახიფათო პრობლემად ისახება.
ფაქტია, რომ უკანასკნელ წლებში არსებობს დადასტურებული ცნობები აშშ-ში და რუსეთში პარაფსიქოლოგიის სფეროში სწრაფი ტემპებით მიმდინარე საიდუმლო კვლევების შესახებ. ასე, მაგალითად, საბჭოთა კა-გე-ბეს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი ბორის რატნიკოვი (1944- 2020) ამტკიცებდა, რომ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი აქტიურად მუშაობდა ადამიანის ცნობიერების მართვის საკითხებზე.

დადასტურებულია, რომ საბჭოთა კავშირში ყველა ადამიანი (თუნდაც იგივე ჯუნა დავითაშვილი), რომელიც პარაფსიქოლოგიური თვისებებით გამოირჩეოდა, მალევე კა-გე-ბეს დაინტერესების ობიექტი ხდებოდა. სპეცსამსახურები ცდილობდნენ მათ გამოყენებას ადამიანის ფსიქიკაზე დისტანციური ზემოქმედების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. თავად კა-გე-ბეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში კი შექმნილი იყო შესაბამისი დანაყოფები.

"ცივი ომის" პარალელურად მიმდინარეობდა ფარული "ტვინების ომი".
წლების მანძილზე ნაწილობრივ შეიცვალა ტელეპათიური კვლევების სპეციფიკა და დაზვერვითი სახის ამოცანებთან ერთად, ეს ამოუცნობი ფენომენი უკვე კონტრდაზვერვითი ოპერაციების დროსაც გამოიყენებოდა. უპირველესად კი - მოწინააღმდეგის შესაძლო "პარაფსიქოლოგიური შეტევების" გასანეიტრალებლად. თავდასხმის და დაცვის ობიექტი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამგვარი კვლევები რუსეთის სპეცსამსახურებში გაგრძელდა.

ფე-ეს-ბე და დაცვის ფედერალური სამსახური აფინანსებდნენ სამეცნიერო კვლევებს, რომელიც მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო. 1992 წელს შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც, მისი ხელმძღვანელის, ბორის რატნიკოვის სიტყვებით, რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების: ელცინის, გაიდარის, ბურბულისის და კოზირევის ცნობიერებას და ტვინს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დისტანციური ზემოქმედებისგან იცავდა. თუ რატნიკოვს დავუჯერებთ, მათ თავიდან აიცილეს პრეზიდენტ ელცინის ცნობიერების გარედან მანიპულირების მრავალი მცდელობა.

ბ. ელცინის "ტვინში შეჭრის" ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაციის მიზანი, 1992 წელს, იაპონიაში ვიზიტის დროს კურილიის კუნძულების პრობლემის იაპონელთა სასარგებლოდ გადაწყვეტა ყოფილა. ამჟამად ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, ელცინი ქართული კონიაკის თუ იაპონელი "სამურაი-ტელეპათების" ზემოქმედების შედეგად აპირებდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ელცინს იაპონიაში უსაფრთხოების გარანტიები ვერ ან არ მისცეს და ვიზიტიც იმ წელს არ შედგა. მომდევნო წლებში კი რუსეთის პრეზიდენტს ტვინი ისე შეუტრიალეს, რომ ერთ დროს დემოკრატი ელცინი, რუსეთის იმპერიული მიზნების პირველი დამცველი და გამტარებელი გახდა. სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია რუსეთის მიერ.
საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობდნენ მოწინააღმდეგის, უპირველესად კი - ამერიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ცნობიერებაში შეღწევას. მათი მთავარი სამიზნე ამერიკის პრეზიდენტი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, აშშ-ის ელჩი მოსკოვში და სხვ. იყვნენ. თუ ბ. რატნიკოვს დავუჯერებთ, განსაკუთრებით წარმატებული იმ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ცნობიერებაში ფარული "შეპარვა" ყოფილა. რა დახვდათ რუს "სამხრეებიან პარაფსიქოლოგებს" ქალბატონი მადლენის ცნობიერებაში? რატნიკოვის სიტყვებით: პათოლოგიური ზიზღი რუსებისადმი და შური რუსეთის სტრატეგიული ნედლეულის უზარმაზარი მარაგების გამო.

ტელეპათიით, ოკულტიზმითა და პარაფსიქოლოგიური კვლევებით განსაკუთრებით დაინტერესებული ყოფილა რუსეთის პრეზიდენტის - ბორის ელცინის დაცვის უფროსის, ალექსანდრე კორჟაკოვის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი როგოზინი (1942-2014). ბ. ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში როგოზინს კრემლის მთავარ ასტროლოგს და "მუდამ ფხიზელი ბორისის" პირად "შამანს" ეძახდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა ელცინის ოჯახზე, პირველ რიგში კი - მის მეუღლეზე, ნაინა ელცინაზე ჰქონია, რომელიც მისი რჩევების გარეშე, თურმე, სახლიდანაც არ გადიოდა.

ადამიანის ცნობიერების დასამორჩილებლად სპეცსამსახურების მუშაობა კვლავ გრძელდება, თანაც - მაქსიმალურად გასაიდუმლოებულ რეჟიმში, რადგანაც ზოგადად ადამიანის, კონკრეტულად კი - პარაფსიქოლოგიისა და ტელეპათიის შესაძლებლობები ბოლოდე შეუსწავლელია. ზოგიერთი ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში ამ კვლევებს ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის სპეციალური სამსახური, სადაც, ძირითადად, ყოფილი კა-გე-ბეს ოფიცრები მოღვაწეობენ.

ვინ არის მათი მთავარი სამიზნე? ბუნებრივია, ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ორბიტიდან თავის დაღწევას.
ნათელმხილველების და მკითხავების ბევრს არ სჯერა, ალბათ - სამართლიანადაც.

არ დაგიმალავთ და ამ სტრიქონების ავტორიც რეალური და სანდო დოკუმენტური მასალების არ არსებობის გამო, სკეპტიკურად იყო და არის განწყობილი ამგვარი ფენომენის მიმართ. თუმცა ისიც ჭეშმარიტებაა: "კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო", ასე რომ, ვისაც გჯერათ, ეს თქვენი ნებაა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ვისაც არ გჯერათ, გაგატარებთ...
18 მაისი 2021 21:31
ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რადგან ვხედავ, რომ მე თვითონ მაქვს ეს უნარი... თუმცა მას არასოდეს მიზანმიმართულად არ ვიყენებ.
kaxa
16 აპრილი 2021 16:44
ტყუილად ხართ სკეპტიკურად განწყობილები არსებობს და თანაც როგორ იცით ადამიანთა დაზომბირება ხდებოდა და ეხლაც მიმდინარეობს 90 იან წლებში როცა სსრკ დაიშალა გეხსომებათ კაშპიროვსკი შუმაკი და მსგავსნი სპეც სამსახურების დავალებით ახდენდნენ მაშტაბურ ადამიანთა გიპნოზს რომლის დანიშნულება ადამიანის ტვინის უჯრედების შეცვლა იყო და მიღწიეს კიდევაც შედეგს მოხდა მასების გიპნოზი დღესაც ვერ გამოსულან ამისგან ხალხი პლიუ მერე დაემატა ადილობრივი სპეც სამსახურებისა მხრიდან სხვადასხვა ხერხებით დაგიპნოზება აი ერთერთი სახეობას წარმოადგენს მასმედია რეკლამები და ასე შემდეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები