მოწამლული სიგარა ფიდელ კასტროსთვის: რა ოპერაციებს გეგმავდა აშშ-ის დაზვერვა კუბის დიქტატორის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

მოწამლული სიგარა ფიდელ კასტროსთვის: რა ოპერაციებს გეგმავდა აშშ-ის დაზვერვა კუბის დიქტატორის წინააღმდეგ

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე "სტაჟიანი" დიქტატორი, თითქმის ორმოცდაათი წლის მანძილზე კუბის ერთპიროვნული მმართველი, ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ის აშშ-ის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ იყო.

ალბათ, გახსოვთ - ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ კომედიაში პატარა წრუწუნამ ისე გააწამა მამის მემკვიდრეობით გახარებული ორი ძმა, რომ დიდი წვალებით დაჭერილი თაგუნა ყუთში ჩასვეს, შეფუთეს და ფოსტით კუბის ლიდერს - ფიდელ კასტროს გაუგზავნეს. თან, ალბათ, გაიფიქრეს - "შენც ისე დაგაქციოს, როგორც ჩვენ გაგვამწარაო". შეიძლება ეს იყო ამერიკელთა ყველაზე ალალი ხუმრობა, რადგანაც 1959 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის სპეცსამსახურებს არაერთი უფრო "მწარე ხუმრობა" დაუგეგმავთ კუბის წვეროსანი დიქტატორის ლიკვიდაციის ან მისი კომპრომეტაციის მიზნით. ზოგი მათგანი კუბის ლიდერის დაცვის სამსახურმა აიცილა თავიდან, ზოგი კი - თავად ამერიკელებს ჩაუფლავდათ. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობა სისტემატურად გეგმავდა ფიდელ კასტროზე ფიზიკური ზემოქმედების ოპერაციებს.

თავიდან აშშ-ში ფიდელს ნაკლებად სერიოზულ საფრთხედ განიხილავდნენ და მხოლოდ მის მსუბუქ კომპრომეტირებას ცდილობდნენ. ამ მიზნით 1960 წლის მარტში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (ცსს) შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ფიდელის, როგორც ახალგაზრდა და მთელ ლათინურ ამერიკაში უკვე ძალზე ქარიზმული (გარეგნობითა და ორატორობით) ლიდერის, სახალხო პოპულარობის გაქარწყლების ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია დაევალა. ამერიკელი მზვერავების ფანტაზიას მართლაც, რომ საზღვარი არ ჰქონდა, მათ ცსს-ის ტექნიკურ სამსახურთან ერთად წარმოადგინეს ფიდელის "მსუბუქად დაჩმორების" სამი გეგმა: პირველი ითვალისწინებდა სპეციალური ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებას ფიდელის რადიოთი გამოსვლის წინ. კერძოდ, რადიოსადგურის ის სტუდია, საიდანაც კუბის ლიდერს ხალხისთვის უნდა მიემართა, დამუშავდებოდა ფსიქოტროპული აეროზოლებით და თანდათან "ჩანირვანებულ" ფიდელს თავისი მრავალსაათიანი გამოსვლის ბოლოს "ენა ჩაუვარდებოდა" ან ისეთ სისულელეებს წამოროშავდა, რომ მეორე დღეს გამარჯობასაც არავინ ეტყოდა. მაგრამ ეს გეგმა დაიწუნეს, რადგანაც ქიმიკოსები ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ეს პრეპარატები ფიდელს, პირიქით - ენერგიას არ შემატებდა და ლაპარაკის მადას არ გაუხსნიდა. მეორე გეგმის მიხედვით, ფიდელ კასტროს შეურაცხად მდგომარეობამდე მისაყვანად უნდა მოეხდინათ მისი საყვარელი ჰავანური სიგარების ბოტულოტოქსინით დამუშავება. "მოხალისეებზე" (პატიმრებზე) ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ამ იდეის რეალურობა დაამტკიცა. გაამზადეს და ლამაზად შეფუთეს მოწამლული სიგარებით სავსე ყუთი, მოიფიქრეს მისი ფიდელისთვის საჩუქრად გადაცემის ლეგენდაც... მაგრამ ბოლო მომენტში, იმის შიშით, რომ ფიდელს შესაძლოა ეს სიგარები თვითონ კი არ გაებოლებინა, არამედ - სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის საჩუქრად გაეგზავნა, ამ გეგმის რეალიზებაზეც უარი თქვეს.

მესამე გეგმა, ალბათ, ყველაზე ფანტასტიკური იყო და მიზნად ისახავდა ფიდელის "სავიზიტო ბარათის"- წვერების განადგურებას. ცსს-მ შეიტყო, რომ კუბის ლიდერი ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზიტით მიემგზავრებოდა. საჭირო იყო მის ტანსაცმელში ან ფეხსაცმელში შეუმჩნევლად სპეციალური ქიმიური ფხვნილი ჩაეყარათ, რომ მეორე დილას მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელს ოფიციალურ მოლაპარაკებებზე "წვერა" ფიდელ კასტრო რუსი კი არა, "ფანტომასი" შერჩენოდა ხელში. ცსს-ს ხელმძღვანელობა დიდ საერთაშორისო სკანდალს მოერიდა და ეს გეგმაც დაბლოკა. ცსს-ს ეს "მახვილგონივრული" ჩანაფიქრები ისტორიისთვის საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა აშშ-ის სენატის საგამოძიებო კომისია (ე.წ. ჩერჩის კომიტეტი), რომელიც 1975-1976 წლებში იძიებდა ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაშვებულ კანონდარღვევებს.

კუბის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებს ფიდელ კასტროზე თავდასხმის შვიდასამდე მცდელობა ჰქონდათ. გამოდის, რომ ამერიკის დაზვერვას მსოფლიოში სხვა საქმე არ ჰქონია და მხოლოდ ფიდელზე თავდასხმაზე ფიქრობდა. ბუნებრივია, ეს ციფრი არასწორია და "მოუხელთებელი ფიდელის" ვაჟკაცობის გაპიარებას ემსახურება. გასული საუკუნის 60-იან წლებში ცსს-ს ლათინური ამერიკის განყოფილების უფროსი ბრაიან ლათელი ამტკიცებს, რომ ფიდელის წინააღმდეგ სულ 2-3 ოპერაცია დაიგეგმა და მათ განხორციელებამდე საქმე არც მისულა, ხოლო აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა საერთოდ აგვიკრძალა ფიდელის ლიკვიდაციის ოპერაციების დამუშავებაო. ფიდელ კასტრო და რუსი ბალერინები

"ჩერჩის კომიტეტმა" ფიდელზე თავდასხმის რვა ოპერაციის მომზადების შესახებ განაცხადა, თუმცა აქტიურ ფაზაში არც ერთი მათგანი არ გადასულა. სხვა სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიდაციის ოპერაციის შესრულებაზე სანქცია აშშ-ის პრეზიდენტს უნდა გაეცა, როგორც ჩანს, არავის უნდოდა ამ უმძიმესი პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება.

თავის მხრივ, ფიდელ კასტრო ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და პირადი დაცვის საკითხებს თავადვე აკონტროლებდა. ფიდელი არავის ენდობოდა. თავად მისი მთავრობის წევრებმაც კი ხშირად არ იცოდნენ, თუ ესკორტის რომელ ავტომობილში იჯდა "წვერა დიქტატორი". 1979 წლამდე ფიდელ კასტრო საბჭოთა წარმოების შავი ლიმუზინით, მძიმე და მოუხერხებელი დაჯავშნილი "ზილით" გადაადგილდებოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის მეთაურის, ლეონიდ ბრეჟნევის საჩუქარი იყო. 1979 წლის სექტემბერში ჰავანაში ვიზიტით ჩასულმა "კოლეგა დიქტატორმა" ერაყიდან, სადამ ჰუსეინმა ფიდელს მართლაც რომ "მეფური საჩუქარი" - დაჯავშნილი ლიმუზინი "მერსედეს ბენზ 560 სელ" მიართვა. სამშობლოში ავტომობილით გადაადგილებისას ფიდელი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავდა. მისი ერთ-ერთი პირადი მცველი იხსენებს, რომ ლიმუზინში ფიდელს ფეხებთან ყოველთვის ედო საბჭოთა ავტომატი "აკ-74-მ" რამდენიმე მჭიდით. ავტომობილის საბარგულში კი ყოველთვის ეწყო: სამედიცინო ჩანთა, სამხედრო კომუფლიაჟის ერთი კომპლექტი, სპორტული ტანსაცმელი, კალათბურთის ბურთი და... ფიდელის საყვარელი და განუყრელი ავტომატი "აკ-47".

"სოციალისტური პიარის" დიდოსტატი ფიდელ კასტრო ყოველთვის ცდილობდა, ხალხში უშიშარი რევოლუციონერის იმიჯი განემტკიცებინა, ამიტომ ხშირად ავტომობილიდან გადმოდიოდა და ქუჩაში შეკრებილ ხალხთან კონტაქტს არ ერიდებოდა. ფერდაკარგულ პირადი დაცვის წევრებს კი გაბრაზებული ეუბნებოდა: "თქვენ რა გინდათ, რომ საწოლში მოვკვდე? მე, როგორც რევოლუციონერი ბრძოლაში, ისე უნდა დავიღუპო, თქვენი მოვალეობა კი ისაა, რომ ეს რაც შეძლება გვიან მოხდეს". 2016 წლის 25 ნოემბერს ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში მართლაც საკუთარ საწოლში გარდაიცვალა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს